FM97.5 / LIVE

სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივები

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2018
ჭვინთაში გზის იმ მონაკვეთის მოხრეშვას ითხოვენ, რომელიც სოფელს ყანებთან და ტყესთან, სამ ოჯახს კი საცხოვრებელ სახლებამდე აკავშირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა მთელ სოფელში მოიხრეშა, განსაკუთრებით მიუვალი ადგილი კი დატოვეს.

სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივები

ახალციხეში, სოფელ ჭვინთაში შიდა და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ სოფელში ყველა ქუჩა მოაწესრიგა, გარდა იმ 250–მეტრიანი მონაკვეთისა, რომლის გავლაც წვიმიან ამინდში თითქმის შეუძლებელია.

„წლის განმავლობაში ამ გზით მხოლოდ ორი თვით ვსარგებლობთ, მაშინ როცა გვალვებია და გზა მშრალია. 10 თვე ტალახი და თოვლია. სამხიდიანი მანქანების გარდა აქ სხვა ვერაფერი დადის“, – ამბობს ჭვინთაში მცხოვრები თემურ გელაშვილი, რომელიც ამ უბანში 30 წელია ცხოვრობს. მასთან ერთად ავარიული გზა სოფელთან კიდევ ორ ოჯახს აკავშირებს – „მაინტერესებს თუ სამართალია, რატომ დაგვტოვეს ეს სამი ოჯახი მხოლოდ?!“

გზის მოხრეშვას ითხოვს გელაშვილის მეზობლად მცხოვრები მათე გელაშვილიც: „43 წლის ვარ და სულ ასეა ეს გზა. მამას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და სასწრაფო ვერ მოვიყვანე. ოთხი ცეფი გავუკეთე „უაზს“ და ცენტრში ისე ავიყვანე“.

სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივებიადგილობრივები ამბობენ, რომ გზის მოხრეშვა სოფელში მერის წარმომადგენელს და იმ კომპანიის თანამშრომლებს სთხოვეს, რომლებმაც სამუშაო შეასრულეს, თუმცა უარი მიიღეს: „პრარაბს ვუთხარით, გრეიდერის მძღოლსაც და გვითხრეს ეს მონაკვეთი არ არის პროექტშიო. ხვეწნა–მუდარის მერე სოფლის გამგებელმა დაახლოებით 40 მეტრზე დიდი ქვები მოატანინა და ჩააყრევინა, ამისთვის მადლობლები ვართ, მაგრამ ეს საკმარისია?!“
იმ სამი მოსახლიდან ვინც გზის მოხრეშვას ითხოვს, ერთ–ერთი 85 წლის ლიანა გელაშვილია: „ორი დღის პარასკევი მაქვს, ვინ გამიტანს ამ ტალახში?! რაიმე ტვირთი რომ გქონდეს, სოფლამდე ვერაფრით აიტან“.

გზის ამ მონაკვეთით, გარდა სამი ოჯახისა, სოფელი სახნავ–სათეს ფართობებს და ტყესაც უკავშირდება.

„გამგებელს უთქვამს მე სატყეოს გზებს ვერ გავაკეთებო და ეს სატყეოს გზა როგორ არის?! გარდა ამისა მოსავალი მეზობლებს ამ გზით ამოაქვთ. ტყიდან წამოსული მანქანებიც ამ გზით სარგებლობენ, შეშა სოფლამდე ყველას ამ გზის გავლით მოგვაქვს“, – გვიყვება მათე გელაშვილი.

წვიმიან და თოვლიან ამინდში გზა გაუვალია და ამიტომ ადგილობრივები იძულებულები ხდებიან მეზობლის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე იარონ, ეს კი ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება: „სახლამდე მანქანა რომ ვერ მოდის, ყანებზე დავდივარ. ბოტებით დაგვყავს ბავშვები, სირცხვილია!“

ახალციხეში, სოფელ ჭვინთაში ცენტრალური და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „არალმა“ 864 781 ლარად შეასრულა. ამ თანხით ჭვინთა–ელიაწმინდის ცენტრალური გზის ნაწილი მოაასფალტა და ჭვინთის შიდა გზები მოხრეშა.

სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივებიშპს–ს დირექტორის მოადგილის ოთარ თათეშვილის განმარტებით გზის ის მონაკვეთი, რომლის მოხრეშვასაც ითხოვენ, პროექტით გათვალისწინებული არ იყო: „სოფელში იმაზე მეტი სამუშაო შევასრულეთ, ვიდრე გვეკუთვნოდა. მაგალითად, რიტუალების სახლთან, დაახლოებით, 200 მეტრი მოვაასფალტეთ. ასე რომ სოფელს ჩვენი მხრიდან არაფერი დაკლებია“.

შეკითხვაზე, რატომ დააგო გზა იქ, სადაც არ ევალებოდა და რისთვისაც არც თანხა იყო გათვალისიწნებული, თათეშვილმა გვიპასუხა: „მე ვიზარალე თქვენ ხომ არა?! იმ გზის გამოტოვება არ შეიძლებოდა, ხალხი ფეხით ვერ ჩადიოდა. სულ 7–8 ათასი ლარის სხვაობა იყო მეტი კი არა“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სადავო მონაკვეთის მოხრეშვა პროექტში იმიტომ არ მოხვდა, რომ ეს ადგილი 2016 წელს მოწესრიგდა: „გზების მოვლა–პატრონობის ფარგლებში გავაკეთეთ, საერთოდ გაუვალი იყო. 100 რეისზე მეტი ქვიშა–ხრეში ჩავყარეთ. მანქანა ვერ მიდიოდა საერთოდ ისეთი ცუდი გზა იყო და მომავალში კიდევ შევაკეთებთ“.

ჭვინთაში მერის წარმომადგენლის კახა გელაშვილის თქმით, მაშინ ამ გზისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა: „ქვა ჩავყარეთ და მოვხრეშეთ, ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული, ფოტოებსაც გაჩვენებთ“.

სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივებიმერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, სამუშაოების ამსახველი ფოტოები მართლაც მოგვაწოდა. მათი თქმით, ფოტოებზე ასახული 2016 წელს ჭვინთაში, სწორედ სადავო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებია. თუმცა, ამ ფოტოებზე რთულია გაარჩიო ნამდვილად იმ მონაკვეთშია გადაღებული ისინი, თუ არა.

ჭვინთაში კი ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ამ გზაზე ათეული წლებია არაფერი გაკეთებულა, ნაწილის თქმით, კი წლების წინ აქ მხოლოდ ქვები ჩაყარეს და ეს საკმარისი არაა.

„ქვა დაყარეს და მოასწორეს, მაგრამ მალევე დაზიანდა და ხელახლაა გასაკეთებელი“, – ამბობს მათე გელაშვილი.

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით 2019–2020 წლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური გზების რეაბილიტაცია დასრულდება შემდეგ კი შიდა გზების მოასფალტება დაიწყება: „ჭვინთაში მთლიანად გაუვალი გზები იყო.
შეძლებისდაგვარად რაც მოგვცა სატენდერო პირობებმა შესაძლებლობა გავაკეთეთ. მესმის თოთოეული მოქალაქის ტკივილი, რომ მის სახლთან ათეული წლები ვერ მიდის სამანქანო გზა, ამას ეტაპობრივად მივხედავთ. ჩვენ რომ ყველა სოფელში ერთდროულად შიდა გზები გავაკეთოთ ეს შეუძლებელია“.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან არსებობს შიდა გზების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია, რომელიც სოფლებში ქუჩების მოხრეშვას აწარმოებდა: „ამ ეტაპისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილია და ახალ ტენდერს ვაცხადებთ, რის შემდეგაც გაგრძელდება სოფლების შიდა გზების რეაბილიტაცია“, – ამბობს მელიქიძე, თუმცა ვერ აკონკრეტებს თუ როდის მოიხრეშება ჭვინთაში 250–მეტრიანი ავარიული გზა.

სადავო გზის მონაკვეთი ჭვინთაში – რას ითხოვენ ადგილობრივები

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ
ახალციხის მერიამ გზის პროექტი ჩაიბარა, თუმცა  მისი  ნაწილი ისევ დაზიანებულია
ახალციხის მერია დაპირებული გზის მოხრეშვაზე: ‘არ ვიცით წელს გაკეთდება თუ არა’
ელიაწმინდაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვენ [Video]
ჭვინთა-ელიაწმინდის ახლადმოასფალტებული გზა უკვე დაზიანდა
‘მისაყვედურეს ჟურნალისტები სოფელში შენ ამოიყვანეო’ – რატომ გაუგზავნეს მერს სამადლობელო  წერილი ელიაწმინდელებმა
წინუბანში გზის მოასფალტება იწყება