FM97.5 / LIVE

სკოლები ექიმის გარეშე

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 09.02.2018
"სანამ სასწრაფო მივა, 20–25 მასწავლებელს შორის როგორ არ იქნება ვინმე, ვინც პირველად დახმარებას აღმოუჩენს“, – სამცხე–ჯავახეთში, 206 სკოლიდან, ექიმი ან ექთანი, მხოლოდ 30–მდე სკოლაში მუშაობს და 10–მდე სკოლას ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

სკოლები ექიმის გარეშე

გასულ კვირას, ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევში, სკოლაში, შესვენებაზე მეორეკლასელი გოგონა დაშავდა. მას თანასკოლელმა დერეფანში ხელი ჰკრა და კედელს მიაჯახა. გოგონას ლოყა დაუზიანდა. მას დამრიგებელმა სველი ხელსახოცი დაადო და სახლში გაუშვა უფროსკლასელ ბიძაშვილთან ერთად.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში ექიმი არ ჰყავთ, სასწრაფო დახმარება კი არ გამოიძახა, ვინაიდან ამის საჭიროება არ იყო. საპირისპირო მოსაზრება აქვთ უფლებადამცველებს. მათი აზრით, სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა, ექიმი თუ არ ჰყავდათ, აუცილებლად უნდა გამოეძაებინათ სასწრაფო დახმარება.

ნაქალაქევის სკოლა გამონაკლისი არ არის. ასპინძის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო სკოლაა და ამათგან, უმეტეს სკოლებში ექიმი არ მუშაობს.
ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ექიმის შტატის დაშვების უფლება მხოლოდ იმ სკოლებს აქვთ, სადაც 100 მოსწავლეზე მეტი სწავლობს. ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ ოთხი სკოლაა, სამ მათგანში ექიმი უკვე მუშაობს, ერთში კი კადრს რამდენიმე თვეა უშედეგოდ ეძებენ.

„ჩვენთან 70 მოსწავლეა, რომც მოვითხოვოთ, საშტატო არ დაამტკიცებს“, – გვეუბნება ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი კობა ადეიშვილი.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროსგან ნებართვა რომც ჰქონდეს, სკოლის ბიუჯეტიდან ექიმისთვის ხელფასის გადახდას ვერ შეძლებს: „თუ დაგვჭირდა [ექიმის დახმარება. ს.კ.], სასწრაფოში დავრეკავთ, მაგრამ ჯერ არ დაგვჭირებია. გვყავს პედაგოგები, რომლებსაც შეუძლიათ მოსწავლეს პირველადი დახმარება გაუწიონ. ზოგს დიპლომიც აქვს ამ კუთხით“.

სოფელ ოშორის სკოლაში, სადაც 106 მოსწავლეა, ექიმი შარშან აიყვანეს.

„ხშირად გვჭირდება. აქამდე 112–ზე ვრეკავდით და სასწრაფოს ვიძახებდით. ახლა თავად ექიმი წყვეტს მოსწავლე გადასაყვანია თუ არა. მედიკამენტებიც გვაქვს. სკოლა ამ მხრივ მომზადებულია“, – ამბობს სკოლის დირექტორი დავით კობერიძე.

ასპინძის მსგავსად, ექიმის გარეშეა სამცხე–ჯავახეთის სკოლების უმეტესობა. რეგიონის 206 საჯარო სკოლიდან ექთნის ან ექიმის დანიშვნის შესაძლებლობა მხოლოდ 40 სკოლაში აქვთ და აქედანაც, ეს კადრი ჯერ ყველას არ ჰყავს.

ახალციხის 39 სკოლიდან, 4 სკოლას ექიმი დ 2–ს ექთანი ჰყავს, 4 სკოლაში კი ვაკანსიაა გამოცხადებული; ბორჯომში 20 საჯარო სკოლიდან ექიმი 5 სკოლაშია და ერთში ახლა არჩევენ; 25 სკოლიდან 3 სკოლას ჰყავს ექიმი ადიგენში და აქაც, ერთ სკოლას ვაკანსია აქვს გამოცხადებული; 65–დან დაახლოებით 10 სკოლაში იმუშავებს ექიმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მას შემდეგ, რაც კონკურსები დასრულდება; ნინოწმინდაში კი 38 საჯარო სკოლიდან ექიმი მხოლოდ ქალაქის 3 სკოლაში ჰყავთ, სოფელ განძის სკოლაში კონკურსია გამოცხადებული, ხოლო სამედიცინო კაბინეტის მოწყობის შემდეგ დიდი გონდრიოს სკოლაც გამოაცხადებს კონკურსს.

მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ამბობენ, რომ ხშირად სკოლები საჭირო კადრს ვერ არჩევენ, კადრების სიმწირის, ან დაბალი ხელფასის გამო. უწყებებში ირწმუნებიან, რომ სკოლებს მოსწავლეებისთვის პირველადი დახმარების გაწევა თავად შეუძლიათ.

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ტრისტან მურადაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებით აქვთ. გარდა ამისა, სკოლის თანამშრომლები გაფრთხილებული არიან და მათ მასწავლებლის ეთიკის კოდექსიც ავალდებულებთ, რომ დაშავებულ მოსწავლეს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახონ: „ამის ხარჯები გაწერილი აქვთ. ექიმი არ არის, მაგრამ ბავშვი რომ ცუდად გახდება, პირველადი დახმარების გასაწევი ყველა მედიკამენტი აქვთ. სანამ სასწრაფო მივა, 20–25 მასწავლებელს შორის როგორ არ იქნება ვინმე, ვინც პირველად დახმარებას აღმოუჩენს“.

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ექიმის კაბინეტების მოწყობა 2014 წლიდან დაიწყო. 2014–2017 წლებში, ქვეყნის 1580 სკოლიდან, 500–მდე სკოლაში შევიდა ექიმი, პარალელურად კი მოეწყო და აღიჭურვა სამედიცინო ოთახები.

ვიდრე სკოლები თავად გამონახავენ ექიმის დაქირავების სახსრებს, ან სამინისტრო მიდგომებს შეცვლის, ქვეყნის 1000–ზე მეტ სკოლაში მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება კვლავ მასწავლებლების მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული.

ამავე თემაზე ნახეთ:


გამოკითხვა: ვინ უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სკოლებში [Video]

გადაცემა საფეხური: ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება სკოლებში [Audio]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლები უექიმოდ [Video]
ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა
სკოლებში ექიმები არაა, ბავშვების ექსკურსიებზე მათი წაყვანა კი აუცილებელი ხდება
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება
საფეხური: ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება სკოლებში [Audio]
გამოკითხვა: ვინ უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სკოლებში [Video]
ექიმი გვირჩევს: სანამ სასწრაფო დახმარება მოვა...[ვიდეო]