FM97.5 / LIVE

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]

მთავარი 25.09.2017
ასპინძის 23 სოფელს 6 ექიმი 17 ექთანი ემსახურება, ამბულატორია კი მხოლოდ 7 სოფელშია და ამათგან, კეთილმოწყობილი მხოლოდ ერთი.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]
თმოგვის ამბულატორია


სოფლები ექიმის გარეშე

56 წლის ჯამბულ ქამაშიძე ასპინძაში, სოფელ მირაშხანში ცხოვრობს. ამბობს, რომ დაახლოებით 20 წელია, სოფელში არც სამედიცინო პუნქტი აქვთ და არც ექიმი და ექთანი ჰყავთ.

„1997 წელში, როცა მოიშალა და დაინგრა საბჭოთა წყობილება, 3–4 წელი კიდევ კუპონებზე ფუნქციონირებდა და 1997 წლიდან უკვე აღარ გვაქვს ამბულატორია. რა თქმა უნდა, უბნის ექიმი გვყავს, რომელიც კვირაში ერთხელ თუ რამდენჯერ არ ვიცი, ამოდის ნაქალაქევში. ნაქალაქევი აქედან არის 17 კილომეტრში. ამბულატორია მანდ არის, ვექვემდებარებით მათ. ექთანიც თმოგვიდან მუშაობს თუ გამოივლის თვეში ერთხელ, ან 15 დღეში ერთხელ. თუ გახდა საჭირო, დამოკიდებული ვართ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე“, – ამბობს სოფელ მირაშხანის მკვიდრი ჯამბულ ქამაშიძე.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]


ჯამბულის ოჯახს ხშირად არა, მაგრამ, მის თანასოფლელ, ასევე, ქამაშიძეების ოჯახს, სადაც 12 წევრია, ექიმის დახმარება ხშირად სჭირდება.
ამ ოჯახში ორი მცირეწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და მათ ეზოში, კვირაში ორჯერ მაინც, სასწრაფო დახმარების მანქანა დგას.

„ექიმი არ გვყავს, ერთი ექთანია თმოგველი, რომელიც ორ–სამ თვეში ერთხელ გამოირბენს რა გიჭირთო გვეკითხება. გვჭირს და ექიმი იმიტომ გვინდა, თუ არა, არ გვიჭირდეს რათ გვინდა ექიმი. რატომ არ უნდა იყოს აფთიაქი აქ მოწყვეტილი ადგილია. წამალი გვინდა, შაქრის წამალი მინდა, ერთი დღე უნდა დააღამოს ჩემმა გოგომ, რომ ჩავიდეს და მომიტანოს“, – ამბობს სოფელ მირაშხანში მცხოვრები ქეთო ქამაშიძე.



ლელა გორგაძეც სოფელ მირაშხანში ცხოვრობს. ლელას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პატარები ავად ხშირად ხდებიან. შვილებისთვის წამალი რომ იყიდოს, ლელას უბნის ექიმის რეცეპტი სჭირდება, ამისათვის კი მეზობელ სოფელს, ნაქალაქევს უნდა ესტუმროს, ნაქალაქევის ამბულატორიაშიც ექიმი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მიდის.


მირაშხანი ასპინძის რაიონული ცენტრიდან ყველაზე მოშორებული სოფელია. აქ 70 ოჯახი ცხოვრობს.

მირაშხანი ნაქალაქევის თემში შედის, სადაც ოთხი სოფელი: მირაშხანი, თმოგვი, ნაქალაქევი და ფია ერთიანდება. ამ სოფლებს ერთი ექიმი მაია ლეკიშვილი და ორი ექთანი მზია ანთაძე და ია ბერიძე ემსახურებიან. ამ თემის ერთი ამბულატორია სოფელ ნაქალაქევშია, მეორე კი თმოგვში.

მირაშხნელებს ექიმი ნაქალაქევში ჰყავთ, ექთანი კი თმოგვში.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]
თმოგვის ამბულატორია


სოფელში ამბობენ, რომ ექიმი თვეში ერთხელ მიდის, რაც შეეხება ექთანს, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უფრო მალე მიდის დაბა ასპინძიდან, ვიდრე უბნის ექთანი თმოგვიდან.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]


ექთანს, ია ბერიძეს, მირაშხნელების უკმაყოფილება უკვირს და ამბობს, რომ მირაშხანში ხშირად დადის.

ექთანი სხვა პრობლემაზე, ამბულატორიის მოუწესრიგებულობაზე საუბრობს. თმოგვის ამბულატორიაში, წვიმიან ამინდში, შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ.უბნის ექთანი ამბობს, რომ აქ პ ციენტების მიღება რთულია, ამიტომ პირველადი დახმარების ნივთებსა და წამლებს სახლში ინახავს, პაციენტებს კი ბინაზე ემსახურება.

„ეს იყო პუნქტი. მუშაობდა ადრიდანვე პუნქტად. ეხლა ძველია ძალიან გამოსულია მდგომარეობიდან, მაგრამ მაიც ვიყენებთ. ასე, რომ ორი ოთახი გვაქვს. ავარიულ მდგომარეობაშია მაგრამ მაინც ვზივართ და მაინც ვმუშაობთ. ცენტრია, გზა ადგილია თუნდაც ექსკურის მოდის თუნდაც ტურისტია, ვიღაც ცუდად ხდება, ვიღაც ხელს იჭრის. რომ შემოვიდეს, ხომ ყველაფერი მინდა, რომ იყოს ნორმალურად გაკეთებული. არ არის არც იმდენი ხელფასი, არც ჯიბეში თანხა, რომ თუნდაც „პოლი“ შეღებო. რამდენადაც შევეცდებით, ფარდაა თუ რაღაც, ჩვენი გაკეთებულია, მივხდეთ მაგრამ ეს არ ყოფნის“, – ამბობს ია ბერიძე.



ამბულატორიები


ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]

რუსთავის ამბულატორია

მირაშხანი გამონაკლისი არ არის. ასპინძის მუნიციპალიტეტის 23 სოფლიდან ექიმი მხოლოდ 6 სოფელს ჰყავს, ექთანი კი 17–ს.

უკეთესი მდგომარეობა არც ამბულატორიების კუთხითაა. მუნიციპალიტეტის 23 სოფლიდან ამბულატორია მხოლოდ შვიდ სოფელშია და ამათგან, გარემონტებული და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მხოლოდ ერთია – სოფელ ხიზაბავრის ამბულატორია.

დანარჩენი ექვსი – ტოლოშის, ზველის, დამალის, ოშორის, თმოგვისა და ნაქალაქევის ამბულატორიები ავარიულია, უმეტესობას არ აქვს წყალი, ელექტროენერგია და საჭირო ინვენტარი.

ამბულატორიების უმეტესობაში, პირობების არარსებობის გამო, მხოლოდ პაციენტების ისტორიასა და აღრიცხვის ჟურნალებს ინახავენ.

მაგალითად, სოფელ ოშორაში ამბულატორია ისეთ მიუვალ ადგილზე დგას, რომ იქამდე მისასვლელად ან მდინარე ოშორულაში უნდა გაცურო, ან საცალფეხო ხიდით ისარგებლო. ამბულატორიამდე სამანქანო გზა არ მიდის.

„კომუნისტების დროინდელი შენობაა, ამორტიზებულია თქვენც თვითონაც ხედავთ აგერ ჩავარდნის საშიშროებაც არის. ბევრ ხალხს ვერ ვღებულობთ. ამოსასვლელი კიბეები დანგრეულია თითმის, ბავშვების ამოყვანა და ჩაყვანა ყოველთვის საშიშია, რომ არ გადავარდნენ. ძალიან პატარა შენობაა, ცოტა ბევრი ხალხი რომ არის ვერანაირად ვერ ვღებულობთ, ყოველთვის ვცდილობთ ეზოში დაგველოდნონ და რიგ–რიგობით ამოვიდნენ“ , – ამბობს რუსუდან შაინიძე.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]
იდუმალის ამბულატორია


სოფელ ოშორაში, 60 წლის წინ აშენებულ ამბულატორიაში წლების განმავლობაში დევნილები ცხოვრობდნენ. აქ არც წყალია და არც ელექტროენერგია. შენობის მხოლოდ ორი ოთახია გარემონტებული. მაშინ როდესაც აცრები ტარდება, უბნის ექთანს, რუსუდან შაინიძეს ელექტროენერგია და წყალი მეზობელი ოჯახიდან გამოჰყავს.

„თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ რა მდგომაროებაშია ჩვენი ამბულატორია. ყველაფერი არის თავიდან გასაკეთებელი. ხელიც არ შეუვლიათ, ნახეთ კიბეები რა დღეშია. უპატრონობით არის ეს ყველაფერი. გვესაჭიროება ყველაფერი, გზა არ მოდის. მანქანით ვერ მოდიან. ერთეულებს ყავს ის ორხიდიანი მანქანა, რომელიც გამოდიან. დანარჩენები ფეხით წვალობს. საცალფეხო ხიდია ისიც გასაკეთებელია. ათეული წლებია იძახიან დღეს გავაკეთებთ,ერთმა მთავრობამ,მეორემაც მესამემაც, მაგრამკაციშვილმა ყური არავინ შეიბერტყა. გლეხი კაცისთვის არავინ არ არის“ , – ამბობს სოფელ ოშორაში მცხოვრები იასონ ბუცხრიკიძე.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]
ოშორის ამბულატორია


ჯანდაცვის სამინისტრო


სოფლებში პირველადი ჯანდაცვა რომ სერიოზული პრობლემაა, არამხოლოდ უექიმო და უამბულატორიო დასახლებების მაგალითიდან ჩანს. უკეთესი მდგომარეობა არც უბნის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების კუთხითაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ქეთევან გოგინაშვილის განმარტებით, 2008 წლიდან სოფლის ექიმები ფიზიკურ პირებად ჩამოყალიბდნენ. 2014 წლიდან მათი ხელფასები 20%–ით გაიზარდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისინი ვალდებული არიან იმ თანხით, რაც პირად ანგარიშზე ერიცხებათ, პირველადი დახმარების მედიკამენტები შეიძინონ და კომუნალური ხარჯები გადაიხადონ.

„რეცეპტის ფორმებს, ჟურნალებს და აღრიცხვის ფორმებს მათ უფასოდ სამინისტრო აძლევს. ერთჯერადად შევუძინეთ ჩანთები, რომელშიც პირველადი დახმარების მედიკამენტები ინახება, შემდგომში მათი შევსება მათ ევალებათ“, – აცხადებს ქეთევან გოგინაშვილი.

უბნის ექიმების ხელფასი დარიცხვით 650 ლარია, ხოლო ექთნების 455 ლარი. მაგალითად, ექთანი ნანა ბერიძე ხელზე 364 ლარს იღებს. დაახლოებით 50 ლარი წამლების შესაძენად აქვს განსაზღვრული, 10 ლარს კი სამედიცინო ნარჩენის გატანისთვის იხდის. დარჩენილი თანხიდან მანვე უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის გადასახადიც.


უბნის ექიმისა და ექთნის ხელფასი


უბნის ექიმების ხელფასი დარიცხვით 650 ლარია, ხოლო ექთნების 455 ლარი.

ნანა ბერიძე 455 ლარიდან ხელზე 364 ლარს იღებს, აქედან დაახლოებით 50 ლარი პაციენტების პირველადი დახმარებისთვის წამლების შესაძენად აქვს განსაზღვრული, ხოლო 10 ლარს სამედიცინო ნარჩენების გატანისთვის იხდის. გარდა ამისა მასვე ევალება კომუნალური გადასახადების გადახდაც. ასევე საჭიროების თემთხვევაში უნდა იყიდოს წნევის გადაზომი და თერმომეტრიც.



ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში არსებული ამბულატორიები დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის ექიმის თხოვნით, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადავდა, რაც გამგეობას უფლებას აძლევს შენობის შეკეთებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფული გამოყოს.

ასე, ასპინძაში, მხოლოდ ერთ, სოფელ ხიზაბავრის ამბულატორიას გაუმართლა, იმ ერთ ამბულატორიას შვიდს შორის, რომელიც გარემონტებულია. ხიზაბავრის ამბულატორიის გასარეონტებლად გამგეობამ 10 000 ლარი დახარჯა.

ვინაიდან ამბულატორიები მათ ბალანსზე არ არის, შესაბამისად, გამგეობას მათთვის ფულის გამოყოფა არც ევალება.

ასპინძის ბიუჯეტში, რომლის ოდენობა, 8 931 000 ლარია, ჯანდაცვას 266 000 ლარი ხმარდება და ეს თანხა სხა ტიპის მომსახურებებზე იხარჯება.

ასპინძის ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწერილი თანხები


ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ამჟამინდელი ბიუჯეტი 8 931 000 ლარს შეადგენს, აქედან ჯანდაცვის კუთხით 266 000 ლარია გამოყოფილი.

თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:



ასპინძის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბულატორიების პრობლემის შესახებ იციან. გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველბამ 2014 წლის არჩევნების შემდეგ პრიორიტეტად გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა დაისახა, მომავალ ოთხ წელს კი ასპინძის სოფლებში ე.წ „სოფლის სახლების“ რეაბილიტაციას დაიწყებენ, სადაც ერთი ოთახი ამბულატორიასაც დაეთმობა.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]
რუსთავის ამბულატორია


„პირველადად ჩვენი თანხები გაიწერა ამ ოთხი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან სოფლის მისასვლელ გზებზე და სხვა უფრო საჭირ–ბოროტო საკითხებზე, ვინაიდან ასე თუ ისე მეტ–ნაკლებად მოგვარებული იყო ამბულატორიების პროლემა. თუმცაღა მომავალ გეგმებში ჩადებულია არის ე.წ სოფლის სახლების მშენებლობა, სადაც არ არის, ხოლო სადაც არის, არსებულის გარემონტება და გაკეთება იმგვარად რომ ეს სოფლის სახლები მოიცავდეს ამბულატორიებსაც", – ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.



გამგებლის მოადგილის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი, 2021 წელს უკავშირდება, თუმცა, ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, რადგან, გამგეობას მხოლოდ ოთახის მოწყობა შეუძლია, ექიმის დანიშვნა, მისი ხელფასი და მედიკამენტები მის კომპეტენციას სცდება.
და, თუ ამ ოთხ წელიწადში, სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის მოწესრიგების სხვა მოდელი არ ამუშავდა, მაშინ ქამაშიძეების ოჯახი, და არამხოლოდ ქამაშიძეების, ისევ სასწრაფო დახმარების იმედზე დარჩება – რომელიც ასპინძის სოფლებში, გამოძახების შემთხვევაში, დაბა ასპინძიდან მიდის.

ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები [Photo/Video]
სოფელი მირაშხანი

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი, ასპინძა]

*********************************************************************


მასალა მომზადებულია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეული 9 მედია მონაწილეობს და ეს მედიები ამზადებენ მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯია პლიუსი”. პროექტს ახორციელებს “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად.


პროექტის ფარგლებში "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ მომზადებული მასალები

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან
ადამიანები ბიუჯეტს მიღმა
ქალაქი ძაღლების ტყვეობაში
სოფელი წყალზე
ახალციხის დაბერებული სოფლები
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში
23 წლის ქველმოქმედი;
მესხი მეღვინე
შვიდი სოფლის ექიმი
ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება
მაღალმთიან სოფლებში პირველადი ჯანდაცვა ისევ მიუწვდომელია
ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
სამი სოფელი ერთი ექთნის იმედად [Video]
წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ
სკოლები ექიმის გარეშე
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან