FM97.5 / LIVE

წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 30.10.2014
უყურადღებოდ მიტოვებული პაციენტები თუ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგი. წინუბანსა და გურკელში მცხოვრებ მოსახლეობას ამბულატორიამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ
ამბულატორია აგარაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანსა და გურკელში 150 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახის ექიმის მომსახურებით ხშირად ვერ სარგებლობენ, რადგან ამბულატორია, სადაც მათი სოფლის ექიმი ზის, 4 კილომეტრის მოშორებით, სოფელ აგარაშია.

„მოხუცები და ბავშვები გვყავს სოფელში და ამხელა გზაზე ფეხით ჩასვლა ყველას არ შეუძლია. რეცეპტი გვჭირდება და ხშირად ვერ ვნახულობთ ექიმს. მოსახლეობა ითხოვს თვეში ერთხელ მაინც ამოვიდეს სოფელში“, - ამბობს სოფელ გურკელში მცხოვრები ნინო მახათაძე.

მისივე თქმით უბნის ექიმს სოფელში ამოსვლა არაერთხელ სთხოვეს: „გვეუბნება, თუ გინდათ სოფელში ამოვიდე, ტრანსპორტი გამომიგზავნეთო“.

იგივე პრობლემაა სოფელ წინუბანშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ექიმი აგარაში კვირაში მხოლოდ ორი დღე მიდის, რამდენიმე საათით და ჩასვლას ვერ ასწრებენ.

„ხან მარშუტკა არ არის და წვიმაში თუ ქარში ამდენი ბავშვი ფეხით დაგვყავს აგარაში. თვეში ერთხელ მაინც ამოვიდეს ექიმი, რომ რეცეპტი მაინც დაგვიწეროს. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი, გრიშა პაპა ცხოვრობს, რომელსაც სოფელში არავინ ჰყავს. სისტემატიურად სვამს წნევის წამალს, აქამდე მე ვყიდულობდი, ახლა რეცეპტის გარეშე არ გვაძლევენ და წამლის გარეშეა დარჩენილი“,– ამბობს ნათია გელაშვილი.

აგარის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ ხუთ სოფელს: წინუბანს, გურკელს, აგარას, ზიკილიას და საყუნეთს ექიმი ეთერ მერაბიშვილი ემსახურება. მას პაციენტები სოფელ ანდრიაწმინდაშიც ჰყავს, რაც ამ სოფლებისგან სრულიად სხვა მხარესაა და გარდა ამისა, „ალდაგი ბი–სი–აის“ ოჯახის ექიმია.

მერაბიშვილი ამბობს, რომ ამბულატორია სოფელ აგარაშია, პაციენტებს კვირაში ორჯერ ამ სოფელში ღებულობს და წინუბანში და გურკელში ასვლას ვერ შეძლებს: „ვინ დაგირეკათ თქვენ? მითხარი კონკრეტული გვარი და მივალ იმ ოჯახში. თუ გამოძახება არ მაქვს, კარდაკარ სად ვიარო? 500 ოჯახია. ამბულატორია მაქვს აგარაში, სადაც დღეში 30–40 პაციენტს ვღებულობ, მათ შორის წინუბნიდან და გურკელიდანაც. ახლომდებარე სოფლებში მწოლიარე პაციენტებთან ფეხით დავდივარ, წინუბანი და გურკელი შორს არის და ვერ წავალ. როცა გამოძახებაა, მაშინ ყველგან მივდივარ. 1989 წლიდან ვმუშაობ ამ სოფლებში და ჩემთან პრობლემა არავის ჰქონია“.

კითხვაზე, ბოლოს როდის იყო წინუბანსა და გურკელში პაციენტის გასასინჯად, ეთერ მერაბიშვილი ვერ იხსენებს: „რამდენიმე თვის წინ“.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ სოფლებში პაციენტებს ადგილზე ვერ გასინჯავს, პირობების არ არსებობაა: „პირველი დახმარების წამლები აგარაში მაქვს. ასევე მაცივარიც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო, სადაც ვინახავ ასაცრელ მასალას. გადამზადებული პერსონალიც აგარაში გვყავს. ეს საკითხი სხვა სოფელში ვერ მოგვარდება. წინუბანში რომ ავიდე, სად დავჯდე?“

სოფელში მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ სოფელში პაციენტის გასასინჯად „პუნქტი“ არსებობს და იქ ექთანიც ზის, თუმცა მას რეცეპტის გაცემის უფლება არ აქვს.

„ამიტომ ვითხოვთ თვეში ერთხელ ამოვიდეს“, – ამბობს ნინო მახათაძე. მას ეთანხმება ნათია გელაშვილიც.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრში „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყვეს. საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილს ლუიზა იოსელიანის განმარტებით, ექიმს ნამდვილად ეკუთვნის ხუთივე სოფელში მისვლა და პაციენტების გასინჯვა, თუმცა რადგან სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული, ექიმის მოძრაობა რთულია. ამიტომ, ამბულატორია სადაც აქვთ, პაციენტებიც იქ მიდიან, ასეა სხვა სოფლებშიც და აქამდე პრობლემა არ შექმნილა.

„მესმის მოსახლეობის წუხილი. ექიმს ევალება, რომ მიხედოს უბანს. მითუმეტეს, თუ ბევრი მოხუცი, მწოლიარე და ბავშვია, მაშინ ერთი დღე უნდა გამოიყოს ამ სოფლისთვის“, – ამბობს იგი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 ექიმი და 28 ექთანია. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2.000 კომლზე ერთი ექიმია მიმაგრებული. თოთოეულ ექიმს მუშაობა რამდენიმე სოფელში ერთდროულად უწევს.

„ექიმებს ყოველდღიურად ევალებათ სოფელში ყოფნა, მაგრამ ვინაიდან კადრების პრობლემაა და ამის შესახებ სამინისტროც საქმის კურსშია, ექიმებს უწევთ რამდნიმე ადგილზე მუშაობა და ვერ ვთხოვთ ყოველ დღე იარონ სოფლებში. ჩვენ დავუკავშირდებით ამ ექიმს და პრობლემას მოვაგვარებთ", – ამბობს ლუიზა იოსელიანი.

მისივე თქმით, რადგან სოფლები ასე შორსაა, დახმარება ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვეს: „იქნებ ტრანსპორტი გამოგვიყონ, ან რამით დაგვეხმარონ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმოკლეს დროში ექიმებთან შეხვედრა იგეგმება: „ვისაუბრებთ სოფლებში მათი ტრანსპორტირების პრობლემებზე, შევჯერდებით გრაფიკზე და შევთანხმდებით ტრანსპორტით მომსახურე კომპანიებთან, გრაფიკის გადანაცვლების ან დამატების თაობაზე. ექიმებმა უნდა შეძლონ ხელსაყრელ დროს სოფლებში ასვლა“.

მოუგვარდება თუ არა ორი სოფლის მოსახლეობას პრობლემა უახლოეს მომავალში გაირკვევა. ექიმი ეთერ მერაბიშვილი, რომელიც წინუბანსა და გურკელში ასვლას კატეგორიულად გამორიცხავდა, მოგვიანებით სოფელში ასვლას და პაციენტების გასინჯვას დათანხმდა: „ხუთშაბათს აგარაში ჩამოვიდნენ და დღეზე შევუთანხმდები“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბანსა და გურკელში უბნის ექიმის ასვლას კვლავ უშედეგოდ ელიან
ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება
მაღალმთიან სოფლებში პირველადი ჯანდაცვა ისევ მიუწვდომელია
წინუბანსა და გურკელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება
ნინოწმინდის  ექვს სოფელში ამბულატორია აშენდება