დღეს, 3 ივლისს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს მერაბ ბერიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. დღესვე უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა, თუმცა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა.
არჩევნებში კენჭს მხოლოდ
ორი კანდიდატი იყრიდა: მოქმედი რექტორი მერაბ ბერიძე და ყოფილი რექტორი თინა გელაშვილი. საკმარისი ოთხი ხმა, ვერცერთმა მათგანმა ვერ დააგროვა.
აკადემიური საბჭოს შვიდი წევრიდან ოთხმა მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა, ანუ ოთხი ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი. დარჩენილი სამი ხმიდან ერთი გელაშვილმა მიიღო, ორი კი მერაბ ბერიძემ.
„გარკვეულ ლოგიკას ვეძებ ხოლმე ყველაფერში, როგორც ჩანს საბჭოს თავისი დამოკიდებულება აქვს პრობლემისადმი. რაღაცეები კიდევ უფრო უკეთაა შესასწავლი, თითოეული ჩვენგანია შესასწავლი. კონკრეტულ აზრს ვიტყვი და ძლიან ჩემეულს – იქნებ გასამრავალფეროვნებელია ეს კანდიდატები“, – განაცხადა მერაბ ბერიძემ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
კანდიდატების მრავალფეროვნებაზე გელაშვილს აქცენტი არ გაუკეთებია.
„ასე ალბათ იმიტომ მოხდა, რომ უხერხული ვითარება შევქმენით ორივემ, ორივე რექტორები ვართ და გვიცნობენ, ამიტომ გადაწყვიტეს თავი შეეკავებინათ“, – ამბობს თინა გელაშვილი.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობამ სასწავლებელი კომენტარის გარეშე დატოვა. ერთ–ერთმა მათგანმა გიორგი ბარბაქაძემ კი ღიად განაცხადა, რომ ფარული კენჭისყრის დროს მან ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა.
აკადემიური საბჭოს მდივანი ირმა ქურდაძე კი ფიქრობს, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობას არჩევანის გაკეთება გაუჭირდა: „ორივე კანდიდატი არის ძალიან ღირსეული, ორივეს დიდ პატივს ვცემ“.
რეალურად რატომ არ აირჩია საბჭომ არცერთი კანდიდატი უცნობია. თუმცა, იმისთვის რომ საბჭო მომავალში რექტორის ხელახლა ასარჩევად შეიკრიბოს, მან ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლი უნდა აირჩიოს. ამისთვის კი წესდებაში ცვლილებები უნდა შეიტანოს. ეს იმიტომ რომ სასწალვებელი სამართელბრივ ჩიხში შევიდა, ვითარება რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა, არც განათლების შესახებ კანონით და არც სასწავლებლის წესდებით არ რეგულირდება. ამიტომ აკადმიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ რაც შეიძლება სწრაფად რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. შემდეგ კი ორივე საბჭომ ერთად წესდებაში შესატანი ცვლილებები ჩამოაყალიბოს და განათლების სამინისტროს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს.
„სარჩევნო კოლეგიის მუხლით, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონშია მითითებული, ვერ ვისარგებლებთ, ვინაიდან ეს მუხლი განკუთვნილია ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც რექტორი ვადამდე ადრე მიდის“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის იურისტი თამარ ჟუჟუნაძე.
მისივე თქმით, რადგან სასწავლებელი რექტორის გარეშე დარჩა, ისეც ვეღარ მოხდება, რომ რექტორმა დელეგირება მის მოადგილეზე, ან სხვა თანამშრომელზე განახორციელოს. ანუ იგი მის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ვერ დანიშნავს: „დარჩა ერთადერთი გზა, მოვალეობის შემსრულებელი საბჭომ უნდა აირჩიოს. თუმცა სასწავლებლის დღეს მოქმედი წესდებით, საბჭოს ამის უფლება არ აქვს. ამიტომ ამისთვის წესდებაში ცვლილება უნდა შევიტანოთ. მას შემდეგ კი რაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვეყოლება, მომავალი არჩევნებისთვის ყველა შესაბამისი პროცედურა რიგის მიხედვით გაიწერება“.
რა დროში იქნება ეს ყველაფერი შესაძლებელი, უნივერსიტეტში არ იციან. თუმცა ფიქრობენ, რომ წესდებაში ცვლილებების შეტანას მისი სავალდებულო პრცედურებიდან გამომდინარე ორი თვე მაინც დაჭირდება.
იყო თუ არა არჩევნები ლეგიტიმური?
„რა იქნება არ ვიცი, მაგრამ დღეს ამ არჩევნებში გამარჯვებულიც რომ გამოვლენილიყო, მაინც არალეგიტიმური იქნებოდა. ეს იმიტომ რომ საბჭო არ იყო სრული შემადგენლობით წარმოდგენილი. მას ორი წევრი იურიდიული ფაკულტეტიდან არჩევნებამდე გამოაკლდა. ამიტომ არ დავუჭირე მხარი არცერთ კანდიდატს“, – განაცხადა მოგვიანებით საბჭოს წევრმაა გოგი ბარბაქაძემ.
საბჭოს არალეგიტიმურობაზე საუბრობს თინა გელაშვილიც. იგი გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობას გარკვეულ წილად ამითაც ხსნის: „საბჭოს წევრებმა იცოდნენ, რომ ზემდგომ ინსტანციაში ამ არჩევნების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში მოუწევდათ პასუხის გაცემა კითხვაზე, იყო თუ არა ეს საბჭო ლეგიტიმური. ამიტომაც არჩიეს ალბათ ბიულეტენების გადახაზვა“.
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში აკადამიური საბჭოს ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეს მას შემდეგ დადგა, რაც ორმა არჩეულმა წევრმა იურიდიული ფაკულტეტიდან, ბაკურ ლილუაშვილმა და პეტრე დაუთაშვილმა, საბჭო დატოვა. ეს კანდიდატების მიერ საბჭოს წინაშე საარჩევნო პროგრამების წარდგენის დღეს,
21 ივნისს მოხდა. საბჭოს უკვე ყოფილმა წევრებმა ამ სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ აკადემიური თანამდებობები სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც უკავიათ, ამიტომ კანონით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში საბჭოს წევრობის უფლება აღარ აქვთ და უფლებამოსილება შეუწყდათ.
შეკითხვაზე, ვისი კომპეტენცია იყო ის, რომ არაუფლებამოსილი პირების არჩევა თავიდანვე არ მომხდარიყო საბჭოში, სასწავლებელში სხვადასხვა პასუხი აქვთ.
„ჩემი უფელბამოსილების არიალი არ ითვალისწინებს ამის გადამოწმებას“, – გვითხრა აკადემიური საბჭოს მდივანმა ირმა ქურდაძემ.
ასევ საბჭოს წევრი და რექტორობის ერთ–ერთი კანდიდატი თინა გელაშვილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ ორ წევრს აკადემიური თანამდებობები სხვა სასწავლებლებიც ეკავათ, თუმცა რეაგირება შეგნებულად არ მოხდა: „როგორ შეცდომა გაეპარა თვითონ იურიდიულ ფაკლუტეტს, სასწავლებლის იურისტს და რექტორს?! ყველას როგორ გამორჩა!“.
უნივერსიტეტის იურისტი თამარ ჟუჟუნაძე კი ირმწუნება, რომ მას იურიდიულად არა ქვს უფლება აკადემიური საბჭოს კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტების ნუსხა დაადგინოს: „ეს ადამაინები არიან ფაკულტეტზე არჩეული პროფესორები. აქედან გამოდმიანრე არ გვაქვს უფლება, რომ არჩევნებზე ვინმეს შრომის წიგნაკი მოვთხოვოთ. არც მათ აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ“.
თავად საბჭოს უფლებამოსილებამოხსნილი წევრები, ბაკურ ლილუაშვილი და პეტრე დაუთაშვილი მიიჩნევენ, რომ სწორედ სასწავლებლის იურისტის კომპეტენცია იყო შეცდომის დაშვების თავიდან აცილება.
„იურისტები ვართ მაგრამ ყველა კანონი ხომ ზეპირად არ ვიცით, ყველაზე მეტად ეს იურისტის კომპეტენცია იყო, მას არ უნდა გაპარვოდა ეს შეცდომა. ამის შესახებ ჩვენ თვითონ როცა აღმოვაჩინეთ, განვაცხადეთ და საბჭოდან წამოვედით კიდეც“, – განაცხადეს მათ.
ორი აზრი
აკადემიური საბჭო იურიდიული ფაკულტეტიდან ორი წევრის შესარჩევად არჩევნებს ხელახლა გამოაცხადებს, თუმცა მანამდე სასწავლებელში ამავე საბჭოს მიერ 3 ივლისს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაზე დაობენ.
„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცალსახად წერია, რომ არჩევნები თანასწორობის საფუძველზე უნდა ჩატარდეს. სასწავლებლის წესდებაში კი წერია, რომ ეს თანაბრობა და თანასწორობა ყველა ფაკულტეტიდან ორ–ორი კანდიდატის წარმოდგენით უნდა იყოს დარეგულირებული. დღეს კი იურიდიულ ფაკულტეტს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია“, – აცხადებს თინა გელაშვილი.
რექტორის არჩევნების არალეგიტიმურობაში მას არც აკადემიური საბჭოს მდივანი და არც უნივერსიტეტის იურისტი არ ეთანხმებიან.
„საარჩევნო დებულების თანახმად თუ არჩენვებში მონაწილეობას იღებს საბჭოს წევრების სიითი უმრავლესობა, ის ლეგიტიმურად ითვლება“, – ამბობს ქურდაძე.
ზოგადად კი იურისტებში აზრი იმის შესახებ, ლეგიტიმური იქნებოდა თუ არა დღეს ჩატარებული არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული რექტორი გამოვლინდებოდა, ორად იყოფა.
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმური იქნებოდა: „რადგან თავიდანვე წერია წესდებაში, რომ ყველა ფაკულტეტიდან უნდა იყოს საბჭოში ორი წევრი, მაგრამ საბჭო ისე მუშაობს, რომ ეს ორი წევრი არ არსებობს, მაშინ ის არალეგიტიმურია. წარმოიდგინეთ პარლამენტში 150 დეპუტატის ნაცვლად 100 რომ შევიყვანოთ, ის პარლამენტი ლეგიტიმური იქნება?!“.
თუთბერიძის თქმით, სავსებით შესაძლებელი იყო რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში იმ ორ ხმას, რომელიც საბჭოში არ არსებობდა, შედეგი შეეცვალა: „ამიტომ სიითი შემადგენლობის საკმარისობა არ ცვლის არაფერს, თუ თავიდანვე საბჭო არასწორად დაკომპლექტდა“.
საპირისპიროს აცხადებს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე: „უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ამდენად დღეს რომ გამარჯვებული კანდიდატი გამოვლენილიყო, ის ლეგიტიმური იქნებოდა“.
ისევე როგორც თუთბერიძე, მშვენიერაძეც ფიქრობს, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს, თუმცა მშვენიერაძის განცხადებით, მანამდე გადაწყვეტილებები საბჭომ იმ შემადგენლობით უნდა მიიღოს, რა შემადგენლობითაც წარმოდგენილი დღეს არის: „სანამ საბჭოს წევრებს არ აირჩევენ, რა მანამდე რექტორი არ უნდა აირჩიონ?! ეს არ იქნება სწორი. როცა გადაწყვეტილებას იღებს სიითი უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში საბჭოში თუ შვიდი წევრია, გადაწყვეტილების მიღებისას სხდომაზე უნდა იყოს შვიდის ნახევარზე მეტი. ქვორუმის ნაწილში იმ ორი წევრის საკითხი პრობლემას ვერ შექმნიდა“.
როდის ჩატარდება აკადემიური საბჭოს არჩევნები ეს ჯერ უცნობია, პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულების არჩევის საკითხი აქვთ გადასაწყვეტი. სასწავლებლის იურისტის თქმით, მოვალეობის შემსრულებლების კანდიდატებს თავად საბჭო დაასახელებს: „შესაძლოა ვინმემ თავადაც გამოხატოს სურვილი, ამას კანონი არ არეგულირებს“.
რაც შეეხება რეექტორის არჩევნებს ამ თარიღის სავარაუდოდ განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განათლების სამინისტრო უნივერსიტეტს წესდებაში შეტანილ ცვლილებებს დაუმტკიცებს, თუმცა ჯერ ამ ცვლილებების შესახებ სასწავლებელში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უნდა შეთანხმდნენ.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]