ახალციხის თემში 32 საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით შტატში ჰყავდათ ჩასმული, ხელშეკრულებებზე გადაიყვანეს. თვითმმართველობაში საჯარო მოხელეების სტატუსებიც რანგირების ახალი წესის მიხედვით განსაზღვრეს; ეს იმიტომ, რომ პირველი ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის და ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.
ახალი კანონის მიხედვით, იმ საჯარო მოხელეებს, რომელთა ფუნქცია–მოვალეობებიც გამგებლის კომპეტენციიდან არის გასული, პროფესიონალი საჯარო მოხელის სტატუსი ენიჭებათ.
"მაგალითად, შესყიდვების სპეციალისტი არ შეიძლება ერთ გამგებელს მოსწონდეს და მეორეს არა, ის ფუნქციური დატვირთვით მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ მას პროფესიონალი საჯარო მოხელის სტატუსი მიენიჭება", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე.
პროფესიონალი საჯარო მოხელის სტატუსები ენიჭებათ ახალი კანონით სამსახურების უფროსებს, განყოფილებების უფროსებს, მათ მოადგილეებსა და სპეციალისტებს.
"აქამდე სამსახურების უფროსებს გამგებელი ნიშნავდა, ახლა ასე აღარ იქნება", – აცხადებს მელიქიძე.
ახალი კანონის მიხედვით, გამგეობაში მხოლოდ პოლიტიკური თანადებობის პირები, გამგებლები და მისი მოადგილეები შეიცვლებიან. გარდა ამისა, გამგებელს საკუთარი სურვილით პირადი მდივნის, მძღოლის, მრჩევლებისა და კონსულტანტების, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მისი წარმომადგენლების შერჩევა შეეძლება.
ამიტომ პირველ ივლისისთვის ამ პოზიციებზე მყოფი პირები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი კონკურსის წესითაა შტატში ჩასმული, ხელშეკრულებით აჰყავთ. ასეთი ახალციხის გამგეობაში სულ 32 შტატია, მათ შორის არიან გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტარციულ ერთეულებში, პირადი მდივანი, მრჩეველი ინფრასტრუქტურის საკითხებში და კონსულტანტი საფინანსო–საბიუჯეტო საკითხებში.
"ისინი პროფესიული საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი ნათია ნადიბაიძე.
ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული 100 საშტატო ნუსხა 68–მდე შემცირდა.
თუმცა, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ხელშეკრულებით აჰყავთ, არც ხელფასის ოდენობა და არც ფუნქცია–მოვალეობები ეცვლებათ.
რაც შეეხებათ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა ხუთკაციანმა კომისიამ ისინი რანგების მიხედვით გაანაწილა.
"სულ ოთხ რანგია და ამ რანგებში სხვადასხვა კატეგორიები შედის. პირველ რანგში სამსახურების უფროსები გადიან, მეორეში განყოფილებების უფროსები, მესამეში განყოფილებების უფროსების მოადგილეები, თუმცა ჩვენ ასეთი შტატი არ გვაქვს. ამიტომ მესამე რანგი ჩვენთან მთავარმა და წამყვანმა სპეციალისტებმა დაიკავეს. მეოთხე რანგს კი უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები მიეკუთვნებიან", – გვიხსნის ნათია ნადიბაიძე.
ახალციხის გამგეობის მსგავსად, თემის საკრებულოში შტატიდან ხელშეკრულებაზე არავინ გადაუყვანიათ. აქ შტატით სულ 6 თანამშრომელი ირიცხება, ხელშეკრულებით აყვანილი კი ერთი ჰყავთ. ახალ კანონთან შესაბამისობის მიზნით, ექვს საჯარო მოხელეს რანგი განუსაზღვრეს მხოლოდ, ერთი ხელშეკრულებით აყვანილი კი ისევ სახელშეკრულებო პირობებით დარჩა.
თემის საკრებულოში აპარატის უფროსი, სამი მთავარი სპეციალისტი და ორი წამყვანი სპეციალისტია. მათთვის რანგირების მინიჭების მიზნით საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აპარატის უფროსი პირველ რანგში გადაიყვანა.
"აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქცია–მოვალეობებს იურიდიული საკითხებში მთავარი სპეციალისტი შეასრულებს. ამიტომ ეს იურისტი მესამე რანგის პირველ კატეგორიაში გადავიყვანეთ", – გვიხსნის ახალციხის თემის საკრებულოს იურისტი თამარ გოგინაშვილი.
მისი განმარტებით, მეორე კატეგორიაში გადაყვანილ იქნა წამყვანი სპეციალსიტი კადრებისა და წერილების საკთხებში: "ეს იმიტომ, რომ მთელი ჩვენი საქმის წარმოება კადრებსა და წერილებზეა აგებული. ასევე მეორე რანგის, ოღონდ მესამე კატეგორია საორგანიზაციო საკითხებში წამყვან სპეციალისტს მიენიჭა. ვინაიდან საორგანიზაციო საკითხებში ორი სპეციალისტი გვყავს, უფროსი მეორე კატეგორიაში და წამყვანი მესამე კატეგორიაში გავიყვანეთ".
თემსა და საკრებულოში განხორციელებული ცვლილებები ამ ეტაპზე არც ხელფასებსა და არც ფუნქცია–მოვალეობებს ეხება.
"სახელფასო განაკვეთების სხვანაირად დადგენა თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, იანვრიდან მოხდება, მანამდე ყველაფერი უცვლელი რჩება", – აცხადებს გოგინაშვილი.
საშტატო ნუსხაში ცვლილებებს კენჭი დღეს, 29 ივნისს გამართულ საკრებულოს რიგით მეშვიდე სხდომაზე უყარეს.
გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების უმრავლესობა ახალ კანონს დადებითად აფასებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან საჯარო მოხელეების ცვლილება გამგებლების შეცვლაზე დამოკიდებული აღარ იქნება.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]