FM97.5 / LIVE

რატომ არ აკეთებს მერია ცენტრალური ქუჩის მოსათიბ ტროტუარს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 14.06.2017
ვის ბალანსზეა ახალციხის ცენტრალური ქუჩის ტროტუარი, რომელსაც ექვსი წელია თიბავენ; რატომ არ აკეთებს მას ტურისტული ქალაქის თვითმმართველობა, რით იმართლებს თავს ახალციხის მერი და რას ამბობს საკადასტრო გეგმა;

რატომ არ აკეთებს მერია ცენტრალური ქუჩის მოსათიბ ტროტუარს

ქალაქში, რომლის გამწვანებაზეც ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ, ერთი ქუჩა, მუდამ მწვანეა. ტურისტული ქალაქის ერთ–ერთ მთავარ ნაწილში, რომელიც ცენტრს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტთან აკავშირებს, ტროტუარი მინდვრადაა ქცეული. ამიტომ მას „კეთილმოწყობის“ სამსახური წლის განმავლობაში ორ–სამჯერ თიბავს.

გაზაფხულზე მერიამ ქალაქში ყვავილების დარგვა დაიწყო. უფრო მეტიც, ქალაქის მერს ვლადიმერ ზედგინიძეს ცენტრალურ ქუჩებში ყვავილების ქოთნების დადგმასთან და ერთად, აივნების გამწვანების იდეაც ჰქონდა, ის ვინც საკუთარ აივანზე ყვავილებს დარგავდა მიწასა და ნერგებს უფასოდ მიიღებდა. ეს იმიტომ რომ მისივე თქმით, „2017 წელი მთავრობის მიერ ტურისტულ წლად არის გამოცხადებული და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანია“.

თუმცა, რუსთაველის ქუჩზე, მინდვრად ქცეული ტროტუარი 2017 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ვერ მოხვდა. მისი „გალამაზებაც“ ცოტა დაუგვიანდათ. აქ ბალახი „კეთილმოწყობის“ სამსახურმა დროულად ვერ გათიბა.

შეკითხვაზე, როგორ მოხდა ისე, რომ ტურისტული ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გაიწერა, ვლადიმერ ზედგინიძემ გვიპასუხა: „ვერ გავწერდი, რადგან ეგ ტროტუარი ქალაქს არ ეკუთვნის. ზუსტად გზამდეა ჩვენი. იქ ხეებიც არის გადასაჭრელი, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება“.

ტროტუარი, რომელზეც ფეხით გადაადგილება ბალახის გამო შეუძლებელია, რუსთაველის N124-ში მდებარე ყოფილი სასაზღვრო რაზმის ტერიტორიას გასდევს. დასახლებისგან ქუჩა, სქელი კედელი ყოფს. ის რაც კედლის შიგნითაა მოქცეული ეკონომიკის სამინისტროს ბალანზეა და ამჟამად მისი მოსარგებლე შინაგან საქმეთა სამინისტროა. ამ ტერიტორიისა და ზედ შემორჩენილი ნახევრად დანგრეული შენობების გადმოცემას ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა წლებია ითხოვს.

„ოთხი წერილი მაქვს გაგზავნილი. გუშინ კიდევ მივწერე. ეს ამბავი ამ დროისთვის სასაზღვრო სამმართველოს დეპარტამენტშია გაჩერებული“, – გვითხრა ზედგინიძემ.

ტერიტორიის გადმოცემის საკითხი არა, თუმცა იმის გარკვევა, რამდენად აქვს ახალციხის მერიას კედელს გარეთ მოქცეული ტროტუარის რეაბილიტაციის უფლება, მოსარგებლეს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ ქვეუწყებას სასაზღვრო პოლიციას ვკითხეთ. თუმცა, მათ პასუხის მისაღებად ინფორმაციის გამოთხოვა წერილობით გვთხოვეს.

ვიდრე შსს–დან რედაქცია პასუხს მიიღებს, ამჯერად იმის გარკვევა, თუ ვის ეკუთვნის ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარი, მესაკუთრესთან, ანუ ეკონომიკის სამინისტროში ვცადეთ.

„შენობა ჩვენია, გზა კი აღწერილობის მიხედვით ახალციხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის“, – გვითხრეს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.

მათ აღწერილობაში ის საკადასტრო გეგმა (კოდი: 62.09.60. 130) იგულისხმეს, რომელიც 2017 წლის 24 აპრილსაა შესრულებული: „წითლად დახაზული გზები თვითმმართველობას ეკუთვნის“.

რატომ არ აკეთებს მერია ცენტრალური ქუჩის მოსათიბ ტროტუარს


გეგმაზე წითლად დატანილ გზებში, რამდენად იგულისხმება ტროტუარი, ანუ ფეხით სავალი ნაწილები, ამის გადამოწმება მიწის იმ ამზომველებთან და გეოდეზიის სპეციალისტებთან ვცადეთ, რომლებმაც ამ საკადასტრო ნახაზის შედგენაზე იმუშავეს.

„გაზი უნდა შემოსულიყო და მაგისთვის გავაკეთეთ. რამდენად სრული სიზუსტითაა დახაზული არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ღობის აქეთ ტროტუარი ქალაქისაა და ღობის შიგნით სამხედროების, ზუსტად ვიცი“, – აცხადებს ერთ–ერთი მათგანი.

კოლეგას ეთანხმება, იურისტი, გეოდეზიის სპეციალისტი და „კადასტრი რეესტრი პლუსის“ დირექტორი დათო გოგოლაძე: „გზასთან ერთად, ამ წითელ ხაზებში აუცილებლად იგუსხმება ტროტუარიც. როცა რეგისტრაცია ხდება და რეგისტრირდება ქუჩა, ქუჩაში იგუსლიხმება სამანქანო გზაც და ფეხით სავალი ნაწილიც“.

მისი თქმით, ნახაზში იმ შემთხვევაში თუ ის ორთოფოტოთია გაკეთებული შესაძლებელია ცდომილება იყოს: „ასეთ დროს ეს აპარატითაა გადასამოწმებელი. მაგრამ თუ არ შედის ტროტუარი, ეს მერიის პრობლემაა და საკადასტრო ნახაზი უნდა გაასწოროს, რედგან ქუჩაში, ანუ ნახაზზე დატანილ წითელ ზოლში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგულისხმება გზა ფეხით სავალი ნაწილიანად“.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 47–ე მუხლის პირველ ნაწილში წერია, რომ „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.“

„თუ ეგ ქუჩა მერიას არ ეკუთვნის, ეგეც მაგის პრობლემაა, კანონით ვალდებულია თავისი ქონება დაარეგისტრიროს და უპატრონოს მას, რადგან ის ქალაქის და მოსახლეობის საკუთრებაა“, – აცხადებს დათო გოგოლაძე.

მერიამ რომ მისი საკუთრების რეგისტრირების საკითხი თავად უნდა გაარკვიოს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც საუბრობს. მისი თქმით, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა იმისთვის, რაც თვითმმართველობას არ ეკუთვნის, კანონით დასჯადია: „მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოდუგენელია, რომ გზაზე ტროტუარი ქალაქს არ ეკუთვნოდეს. აქ უფრო ნების პრობლემას ვხედავ, მონდომება არ არის რომ ეს საკითხი გაირკვეს“.

ისე რომ საკითხი არც გარკვეულა და უფრო სწორად კი, მერიის საკუთრებად არ დარეგისტრირებულა, ახალციხეში თვითმმართველობამ ზარზმელის ქუჩა მოაწესრიგა.

„აძინაცატებს“ რომ ვეძახით, არც ეგ ტერიტორია მეკუთვნის, მაგრამ მაინც გავიყვანეთ იქ ასფალტი და არხებიც გავაკეთეთ, ისე, რომ ტერიტორია ჩვენი არაა“, – აცხადებს ვლადიმერ ზედგინიძე.

შეკითხვაზე, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა, რომ საკუთრებაში რეგისტრირების გარეშე ასფალტი ამ ქუჩაზეც დაეგოთ, ზედგინიძემ გვიპასუხა: „არაფერი არ მოუვა მაგას, ეგრე უნდა დატოვო, რომ დაინახოს ვიღაცამ“.

ვის „დასანახად“ ითიბება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე წლების განმავლობაში ტროტუარი, რომლის სიგრძეც გუგლის რუკის მონაცემების მიხედვით 450 მეტრია, უცნობია. მშენებლები გვიხსნიან, რომ აქ ასფალტის დაგება, დღგ–ს ჩთვლით, მაქსიმუმ 32 ათასი ლარი დაჯდება: „ეს იმ შემთხვევაში, თუ სიგანეში ორ მეტრს ვიგულისხმებთ და ბორდიულებსაც გავუკეთებთ“.

ზედგინიძე ამბობს, რომ თუ მას ტერიტორიას გადასცემენ, ამ გზაზე ზრუნვას შეძლებს. ვის მოუწევს მოახლოებული ადგილობრივი თივთმმართველობის არჩევნების შემდეგ, მიტოვებულ ტროტუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ეს გვიან შემოდგომით გვეცოდინება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსათიბი ტროტუარი ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე [Photo]
კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა
ვისაც აივანზე ყვავილების დარგვა სურს, მიწასა და ყვავილებს ახალციხის მერია მისცემს
შეკეთებული ტროტუარი სანიაღვრეს გარეშე
ორი თვეა თამარაშვილის ქუჩაზე ტროტუარი გადათხრილია [ფოტო]
ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა ისევ საშიშია
ახალციხის მერიამ,  სამხედრო დასახლების საკუთრებაში გადაცემაზე უარი მიიღო