FM97.5 / LIVE

გათავისუფლებული პედაგოგები სკოლაში დაბრუნებისთვის იბრძვიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2013
ახალციხის პირველი საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ; პირადი ანგარიშსწორება, დევნა პოლიტიკური ნიშნით თუ ცილისწამება რეაბილიტაციის მიზნით; სკოლიდან სასამართლოში გაგრძელებული დავა; რაში ადანაშაულებენ გათავისუფლებული პედაგოგები დირექტორს და რას პასუხობს ყოფილ კოლეგებს სასწავლებლის ხელმძღვანელი.

გათავისუფლებული პედაგოგები სკოლაში დაბრუნებისთვის იბრძვიან
ორწელიწადნახევრის წინ ახალციხის პირველი საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული 14 პედაგოგიდან შვიდი სამსახურში დაბრუნებას ელოდება. მათ სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშილი, სკოლაში მიღებას იანვარში, სწავლის დაწყებამდე დაჰპირდა, თუმცა, ამ დრომდე არცერთი მათგანი სასწავლებელში არ დაბრუნებულა.

”პროკურატურას მივმართავ, არ გავჩერდები!”

2011-2012 სასწავლო წელს სკოლიდან გათავისუფლებულმა პედაგოგებმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დირექტორს მას შემდეგ მიმართეს, რაც განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სკოლიდან გათავისულფებულ პედაგოგებსა და მასწავლებლებს სასწავლებელში აღდგენასთან დაკავშირებით საკითხი თავად, ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაეწყვიტათ.

დაწყებითი კლასების ყოფილმა პედაგოგმა ზოია ბალიაშვილმა ჯანაშვილს სკოლაში დაბრუნების შესახებ წერილობით მიმართა.

”სკოლის დირექციისა და პედაგოგების კეთილი ნების გათვალისწინებით, თქვენი საათებით დაკმაყოფილება მოხდება 2013 წლის იანვრიდან ”, - ნათქვამია სკოლიდან მოსულ პასუხში (#67. 12. 11. 2010).

იგივე პასუხი მიიღო განცხადებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილმა პედაგოგმა ხათუნა ყურმაშვილმაც: ”დირექტორმა შემომითვალა, რომ შეიძლებოდა იანვრიდან სკოლაში დავბრუნებულიყავი, თუ მაგალითად ახალი პარალელი გაიხსნებოდა. ამის შემდეგ განცხადება სკოლაში აღარ შემიბრუნებია”.

სკოლაში განცხადების შებრუნებას არც ბალიაშვილი აპირებს, იგი ამჯერად პროკურატურას მიმართავს: ”არ გავჩერდები! ყველაფერს რომ თავი დავანებო, ჯანაშვილი კანონს ამ წერილის შემდეგ კიდევ ერთხელ არღვევს”.

6 წლის წინ დაწყებული დავა

ყველაფერი კი უფრო ადრე, 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბალიაშვილი სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ჯანაშვილმა ჩაანაცვლა.

”სკოლაში ჩემი დირექტორობა ზოგზოგიერთებს აღარ აწყობდათ, ამიტომ მოიყვანეს ჯანაშვილი, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების დამცველი და გამტარებელი იყო. მან მოისყიდა ყველა სამეურვეო საბჭოს წევრი, მათ მიღალატეს და დირექტორად ჯანაშვილი აირჩიეს”, - ამბობს ბალიაშვილი.

ჯანაშვილი სამეურვეო საბჭოს მოსყიდვას ცილისწამებას უწოდებს: ”მოვედი სკოლაში, რომელშიც არ ვმუშაობდი. სამეურვეო საბჭო იყო მისი, თვითონ დირექტორი იყო და მე გარედან შევაშინე ეს ხალხი?! ეს ხომ აბსურდია! ვერავის ვერ გაუგია, რომ შეიძლება ცოდნით გახვიდე ადამიანი. რეგიონის მასშტაბით გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულა მივიღე”.

პოლიტიკური დევნა თუ დიპლომი

მიუხედავად დაძაბულობისა, ჯანაშვილის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, ბალიაშვილი სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დარჩა. აქ იგი 1988-1989 წლებშიც მუშაობდა.

”2012 წელს გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი. რადგან მაშინ დაწყებითში 4 მასწავლებელი და სამი პირველი კლასი გაიხსნა, ერთი პირველი კლასი მე და ლალი პაპუაშვილმა გავიყეთ. 11 საათი მქონდა და უკმაყოფილო არ ვიყავი, -აცხადებს ბალიაშვილი და ამატებს - თუ ჯანაშვილი იტყვის, რომ სპეციალისტი არ ვიყავი და იმიტომ გამათავისუფლა, ტყუის. დაწყებითის კლასები მაშინ ავიღე, თვითონ რომ დირექტორად დაინიშნა და მერე გავხდი არასპეციალისტი?!”

ყოფილი პედაგოგი ამბობს, რომ იგი არც მცირე საათების მქონე მასწავლებელი იყო: ”ჯანაშვილმა სკოლაში დატოვა 8-9 საათიანები და თან ისეთები, დიპლომები რომ არ ჰქონდათ, ასევე პენსიონერები”.

ბალიაშვილი სპეციალობით ფილოლოგია, ამიტომ, ჯანაშვილი ამბობს, რომ მას ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შესთავაზა, პაპუაშვილს კი მათემატიკისა და დანარჩენი საგნების ჩატარება სთხოვა: ”შემდეგ სასწავლო ნაწილს უნდა მოეწესრიგებინა ეს ყველაფერი. თითქოს სამინისტროში დავდექი ფაქტის წინაშე და სერიოზული შენიშვნაც მივიღე. მითხრეს, რომ ფილოლოგი მათემატიკას არ უნდა ატარებდეს. ასევე მკითხეს თუ რატომ დავათმობინე საათები დაწყებითის სპეციალისტს და მივეცი ფილოლოგს”.

ჯანაშვილის თქმით, არცერთი პედაგოგი სკოლიდან საკუთარი შეხედულების გამო არ გაუთავისუფლებია: ”მთავარი კრიტერიუმები იყო სტაჟი, დიპლომი და ის, იყო თუ არა პედაგოგი სერტიფიცირებული. ბალიაშვილი სერტიფიცირებული პედაგოგი არ არის. სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილება იყო, რომ უნდა დაგვესაქმებინა და შეგვევსო კვალიფიციური პედაგოგები”.

ბალიაშვილი კი აცხადებს, რომ მის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული უდევს: ”11 წელი ვასწავლე დაწყებითებს, გოგებაშვილის მედლით ვარ დაჯილდოებული და ახლა გავხდი არაკვალიფიციური?! არ ვაწყობდი სკოლაში და გამომიშვეს. ჩემი ოჯახი ყოველთვის ზეწოლას განიცდიდა, შვილიც სრულიად უკანონოდ დაიჭირეს”.

ჯანაშვილი სკოლიდან პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს: ”საარჩევნოდ არაერთი თანამშრომელი გვყავდა, ისეთი ოცნების შტაბის წევრები რომ იყვნენ, მაგრამ მათთვის სიტყვაც კი არ მითქვამს არასდროს გადაკრული. 14 პედაგოგის შემცირება იმიტომ მოგვიხდა ერთად, რომ ბოლომდე ვცდილობდით კადრების შენარჩუნებას, სხვა სკოლებში კი ნაწილ-ნაწილ უშვებდნენ”.

”თავს მოტყუებულად და უკანონოდ გათავისუფლებულად მივიჩნევ”

ასევე გათავისუფლებული პედაგოგი ხათუნა ყურმაშვილი ამბობს, რომ მის სკოლიდან გამოშვებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იგი თავს მოტყუებულად და უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნევს: ”არასდროს გვიკამათია, შეიძლება ვიღაცამ ჩააწყო და მე აღმოვჩნდი ზედმეტი, მიზეზს ვერ ვპოულობ. შენიშვნაც კი არასდროს მიმიღია. საფუძვლად დამიდო ის, რომ დაბალსაათიანი ვიყავი და გამომიშვა”.

ჯანაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ყურმაშვილი სასერთიფიკაციო გამოცდას ჩააბარებდა, სკოლაში დარჩებოდა. ყურმაშვილმა გამოცდის ჩაბარება სცადა, თუმცა, 2 ქულა დააკლდა.

”ეს არ იყო გათავისუფლების მიზეზი. 2015 წლამდე მქონდა ჩაბარების ვადა. არსად კანონში არ წერია, რომ ვინც ვერ ჩააბარა და ქულა დააკლდა, სამსახურიდან უნდა გაეშვათ”, - ამბობს ყურმაშვილი.

სკოლიდან სასამართლოში გაგრძელებული დავა

გათავისუფლებული პედაგოგებიდან სასამართლოს მხოლოდ ბალიაშვილმა მიმართა, თუმცა, პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოშიც წააგო და თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. პედაგოგი ამბობს, რომ მაშინ სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რადგან იმ პერიოდში ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც ეს ”ნაციონალურ მოძრაობას” აწყობდა.

ბალიაშვილის ადვოკატი ლალი ბერიძე დღეს საქმის დეტალებს, ვერ იხსენებს, თუმცა, ამბობს, რომ სასამართლო ტენდენციური იყო: ”დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი საქმის ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტაში, ხელს არ მოვკიდებდი”.

ჯანაშვილი ამბობს, რომ ბალიაშვილს არაცერთ სასამართლო პროცესზე, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე ერთი სიტყვაც კი არ უხსენებია.

ბალიაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლამდე ხმის ამოღების ეშინოდა: ”მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ აქამდე ხმას ვერ ვიღებდი. მას შემდეგ რაც თავისუფლად ვსუნთქავთ და ვლაპარაკობთ, გადავწყვიტე სამართალდამცავ ორგანოებს კიდევ ერთხელ მივმართო”.

გამოსავალი

ჯანაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნიშნით სკოლიდან არავინ გაუთავისუფლებია, მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მასწავლებლებს ეხებოდა, დათხოვნილი პედაგოგების სკოლაში დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი ისევ თავად გადადგა.

”ვთხოვე, ვისაც რამდენი საათის დათმობა შეეძლო დაეთმოთ, მაგრამ შემდეგ ისეთი სიტუცია შეიქმნა, რომ ყველა პედაგოგი ვინც კი საათებს თმობდა, თმობდა ერთი კონკრეტული პედაგოგის სასარგებლოდ, - ამბობს ჯანაშვილი და ამატებს, რომ ეს არაკანონიერია - დაეთმოთ ვისაც რისი საშუალება ჰქონდა და მერე გადაგვენაწილებინა მობრუნებულ პედაგოგებზე”.

მისი განცხადებით, პედაგოგების სკოლაში დაბრუნება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ეროვნული სასწავლო გეგმით საათების რაოდენობა მოიმატებს: ”უნდა მოიმატოს ვაუჩერმა, რომ სკოლაში თავისუფალი თანხა გაჩნდეს. ასევე უნდა შემეძლოს, რომ თუ ბავშვების რაოდენობა მოიმატებს გავხსნა ახალი პარალელი, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, 7 კი არა მეტი პედაგოგი დაგვჭირდეს”.

წერილები გამგებელს და სამინისტროს

მანამდე კი გათავისუფლებულმა პედაგოგებმა განათლების სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს მიმართეს.

ხითარიშვილის თქმით, მას შეუძლია პედაგოგოებს შესაბამის სტურქტურებთან უშუამდგომლოს, თორემ პედაგოგოების სკოლაში დაბრუნების საკითხი მისი კომპეტენცია არაა.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, პრესსამსახურის წარმომადგენელი თიკო ფეიქრიშვილი გვიხსნის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კომისია მუშაობს. მას მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს და 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლითაა დაკომპლექტებული: ”კომისიას განსახილველი 830 განცხადება აქვს. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად სწავლობენ. ამიტომ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. განხილვის შემდეგ პასუხი ყველას დაეგზავნება”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის #1 სკოლიდან გათავისუფლებული  პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ
რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს
ვალეს სკოლაში გათავისუფლებულ პედაგოგებს აბრუნებენ
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს