FM97.5 / LIVE

‘წართმეული’ მიწები – საპატრიარქოს ნაკვეთების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.03.2017
ახალციხეში, აბის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილი საპატრიარქოს მათი კუთვნილი მიწის მისაკუთრებაში ადანაშაულებს. აბელები ნაკვეთებს ამუშავებენ, თუმცა, მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, რომ მათი მიწები, ოფიციალურად, საპატრიარქოს კუთვნილებაშია.

‘წართმეული’ მიწები – საპატრიარქოს ნაკვეთების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

იური სარქისიანი ახალციხეში, სოფელ აბის დასახლებაში, ქუთაისის N5–ში ცხოვრობს. იგი ამბობს, მის საკუთრებაში არსებული 75 მეასედი სახნავ–სათესი ფართიდან, 30 მეასედი საპატრიარქომ მიისაკუთრა.

ეს ამბავი იურიმ სამი წლის წინ გაიგო და დღემდე მიწა ოფიციალურად, საკუთრებაში, ვეღარ გაიფორმა: „ყველა ძველი საბუთი მაქვს, რომ მიწა ჩემია. 1992 წელს გადმოგვცეს, მაშინ ელექტრონული რეგისტრაცია არ იყო. სამი წლის წინ ნაკვეთი მეგობარს ვათხოვე რამდენიმე წლით, რომ დაემუშავებინა და იმან მითხრა, შენი მიწა საპატრიარქოს აქვს რეგისტრირებულიო. წავედი საჯარო რეესტრში, საბუთები ახალად გავაკეთე, მაგრამ თბილისიდან უარი მომივიდა“.

მსგავსი პრობლემით მომართა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჭყონდიდელის N42–ში მცხოვრებმა ვენერა ივანიძემაც. ივანიძეებმა მიწის ელექტრონულად რეგისტრაცია 2014 წელს გადაწყვიტეს და მაშინ აღმოაჩინეს, რომ ფართი, რომელსაც დღემდე ამუშავებენ, ოფიციალურად, მათი აღარ არის. ვენერა ამბობს, რომ მის გარშემო, მსგავსი პრობლემა, 12 ოჯახს აქვს. თავად სცადა მიწა „დაებრუნებინა“, მაგრამ უშედეგოდ.

„არავინ გამიკარა საპატრიაროში, ვისთანაც მივედი, ჩვენ არ გვეხებაო. ბოლოს მითხრეს, ხელს ხომ არავინ გიშლით დამუშავებაში, ნებისმერი დროს შეგიძლიათ გამოიყენოთო“, – გვეუბნება ვენერა ივანიძე, რომელმაც, აღნიშნული ნაკვეთი ადგილობრივი მცხოვრებლის, ერიქნაზ სეროფიანისგან, 2007 წელს იყიდა.

„ყველა საბუთი მაქვს, მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტიც და ნასყიდობის ხელშეკრულებაც, მაგრამ, საპატრიარქოს გამო ელექტრონულად ვერ ვიკანონებ“, – გვეუბნება ვენერა და დოკუმენტებით სავსე სქელ საქაღალდეს გვაჩვენებს. საქაღალდეში მიღება–ჩაბარების აქტები, ნახაზები და რეესტრიდან ელექტრონულ რეგისტრაციაზე მიღებული უარის წერილებია.

მეზობლების მსგავსად, პრობლემა აქვთ აბის დასახლებაში, გორის N1–ში მცხოვრებ ყურმაშვილებსაც. ყურმაშვილებმა აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ოჯახის უფროსი წევრი გარდაიცვალა და სახლის და ნაკვეთების გადაფორმება მემკვიდრეზე გადაწყვიტეს.

„1993 წელს დაგვირიგდა. ტყის პირას მაქვს, „ბასეინების დაბლა“, 20 მეასედია. შარშან ჩემს შვილს დისკზე უნდა აეყვანა, მივიყვანეთ ამზომველები, მაგრამ გვითხრეს, სადავოა, სამღვდელოებას აქვს, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, იდავეთ და დაიბრუნეთო“, – გვიყვება თამარ ყურმაშვილი.

როგორც ახალციხის მიწის მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი (სამსახური გაუქმდა 2004 წელს) გიორგი ბუცხრიკიძე გვიყვება, აბის დასახლებაში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები სარგებლობაში 1992–93 წლებში გადაეცა. ეს მოხდა მიწის რეფორმის ფარგლებში, 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით. (შემდგომ ეს დადგენილება შეავსო 7 თებერვლის N128 დადგენილებამ და 10 მარტის N290 დადგენილებამ. სამივე დადგენილება სრულყოფდა ვის როგორ უნდა მიეღო მიწის ნაკვეთი, ამის საფუძველზე დაიწყო საქართველოში მთლიანად მიწის რეფორმა).

მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილს, მათ, ვისი ოჯახის წევრიც სოფლის მეურნეობის, განათლების ან მედიცინის სფეროში მუშაობდა, 0.57 ჰექტარი გადაეცა, დანარჩენს კი 0.50 ჰექტარი. მოგვიანებით, 1996 წლის 22 მარტს პარლამენტმა მიიღო კანონის, რის საფუძველზეც, ის მიწები, რომლებიც მოსახლეობამ რეფორმით მიიღო, მათ კერძო საკუთრებად გამოცხადდა. ამ კანონის საფუძველზე მოსახლეობას გადაეცა მიღება–ჩაბარების აქტები, ე.წ „პასპორტები, როგორც ამას თავად მოსახლეობა უწოდებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ დროს მიღებული მიწები მიისაკუთრა საქართველოს საპატრიარქომ.

აბის დასახლების მიმდებარედ, იქ სადაც მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები აქვს, 751.7 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო მიწა, 10–წლიანი იჯარით, ახალციხის რაიონის გამგეობამ საქართველოს საპატრიარქოს 1997 წელს გადასცა. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი აღნიშნული ფართობი საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცა. 2007 წელს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“, საქართველოს კანონის მე–4 მუხლის და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის „კოსტიტუციური შეთანხმების“ საფუძველზე, 751.7 ჰექტარი საჯარო რეესტრში საპატრიარქოს საკუთრებად დარეგისტრირდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ იმ დროს შესაძლოა, მიწების „გადაფარვა“ მოხდა.

სხვაგვარად ფიქრობს გიორგი ბუცხრიკიძე. მისი თქმით, საპატრიარქო ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწებს არ მიისაკუთრებდა, რადგან 1997 წელს მას ის მიწები გადაეცა, რაც მიწის რეფორმის შემდეგ თავისუფალი იყო.

„თუ ეს ასე არ არის, აქამდე რატომ არ მოედავნენ?! ხომ შეიძლება მოქალაქეს სხვაგან ქონდა გამოყოფილი ადგილი და სხვაგან დაიკავა?! თუმცა, შეიძლება დაშვებული იყოს შეცდომა,ზუსტად ამისთვის არსებობს სასამართლო“, – ამბობს გიორგი ბუცხრიკიძე და ამატებს, რომ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, მოქალაქემ პირველ რიგში საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს, შემდეგ კი საპატრიარქოს: „თუ დაამტკიცებს, რომ ნამდვილად მისი ნაკვეთია, შესაძლებელია საპატრიარქომ გადასცეს კიდეც, სხვა გზა არ არსებობს, მიწის მართვის სამსახური, რომელიც არეგულირებდა სადავო საკითხებს, 2004 წლიდან აღარ არსებობს“.

გივი ბუცხრიკიძს მსგავსად, მინაძის საპატრიარქო მეურნეობის უბნის უფროსი ვალიკო მურვანიძე (აბის დასახლლების მიწები მინაძის მეურნეობაში შედიოდა) ამბობს, რომ აბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრიარქოს 24 ჰექტარი სახნავი და 9 ჰექტარი სათიბი მიწა გადაეცა, ის ნაკვეთები, რაც მიწის რეფორმის შემდეგ, გაუცემელი დარჩა.

იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რაიმე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი: „მოიტანონ საბუთები (დაზარალებულმა მოსახლეობამ. ს.კ.) და თუ შეცდომაა დაშვებული, საპატრიარქო უკან დაუბრუნებს მიწას“.

საქართველოს საპატრიარქოში იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მოსახლეობის მიწის ნაწილი, მათ ჰქონდეთ დარეგისტრირებული, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ისინი მოსახლეობას მათთან დაკავშირებას ურჩევენ.

„საქართველოს საპატრიარქოს მოგვმართონ, რადგან ეპარქიის ქონებები ჩვენს საკუთრებაშია. თუ რამე მტკიცებულება აქვთ, ვიხილავთ და შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენ ვაკმაყოფილებთ. დავინიშნავთ შეხვედრას და განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე მოსახლეობას სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს.

„ვფიქრობ ეს გაუგებრობა იმით არის გამოწვეული, რომ თავის დროზე ახალციხის გამგეობამ მოსახლეობის მიღება–ჩაბარების აქტები არ გაითვალიწინა და იჯარით საპატრიარქოს სხვისი საკუთრება გადასცა. ის საბუთები, რომელიც მოსახლეობას აქვს (მიღება–ჩაბარების აქტი. ს.კ) არის მიწის რეგისტრაციაზე მოთხოვნის საფუძველი. მათ უნდა მიმართონ სასამართლოს“,– ამბობს შოთა თუთბერიძე და ამატებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვდების ინსტიტუტი“ ჩაერთვება: „მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ახალი რეგისტრაციის გაუქმება, რაც სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან საპატრიარქო, ამ შემთხვევაში, კეთლისინდისიერი მფლობელია. ის მესამე პირია, ეს სახელმწიფოს ბრალია, ამიტომ მიწის დაბრუნება პირდაპირი გზით, ცოტა რთული იქნება, მაგრამ, ამ ადამიანებს აქვთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება“.

რამდენად მივა სასამართლომდე აბის მიწების საქმე, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. აბის დასახლებაში ვარაუდობენ, რომ მსგავს მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადგილობრივი იქნება, რომლებმაც ამის შესახებ შესაძლოა არც იციან. მიუხედავად იმისა, რომ აბელების ნაკვეთების ნაწილი, როგორც თავად ამბობენ საპატრიარქოს აქვს საკუთრებაში დარეგისტრირებული, აბში მცხოვრებლები მიწებს ყოველწლიურად ამუშავებენ. თუმცა, ისინი, ვინც ეს ამბავი უკვე შეიტყო, შიშობენ, რომ ოფიციალურად წართმეულ მიწებს, მალე არაოფიციალურადაც წაართმევენ და ნაკვეთების დამუშავებასაც ვეღარ შეძლებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბის სადავო ნაკვეთების შესწავლას საპატრიარქო იწყებს
რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში
აბის დასახლებაში მიწის მესაკურთეები საპატრიარქოდან პასუხს  მეექვსე თვეა ელოდებიან
აბის მიწების საქმეს საია სწავლობს
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა