რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიულ სასწავლებლებში გერმანული მოდელის დანერგვა, რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ მასწავლებლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე დღეს, 10 დეკემბერს ახალციხეში იმსჯელეს.
შეხვედრა „პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
მოდულური სწავლების დროს, რომელიც უკვე ერთი წელია ხორციელდება რამდენიმე პროფესიულ კოლეჯში, სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების წერაში თავად დამსაქმებელია ჩართული.
„პროფესიული სტანდარტი როცა იქმნება, დამსაქმებელი კარნახობს თუ რა ცოდნა- უნარების ადამიანი სჭირდება მას“, -განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
დუალური სწავლების მიდგომებით პროფესიული პროგრამების პილოტირება კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
„ეს ნიშნავს სტუდენტი თან სწავლობს და თან პარალელურად არის დასაქმებული კონკრეტულ კომპანიაში. ამ შემთხვევაში კომპანიები თუ სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართული,ახლა უკვე სწავლების პროცესშიც ერთვებიან. დამსაქმებელის ჩარულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა დუალურ სწავლებაზე ვსაუბრობთ“, - განმარტა თამარ მახარაშვილმა.
პროფესიული კოლეჯი „ოპიზარის“ დირექტორის ბელა ავალიშვილის განმარტებით, სწავლების ახალი მიდგომები სტუდენტის დასაქმების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
„სტუდენტი თეორიულ სწავლებასთან ერთად ეუფლება პრაქტიკულ ნაწილსაც. პროგრამა მოდულების მიხედვით არის დაყოფილი. მაგალითად, მეცხოველეობის დარგში სტუდენტს შეუძლია ცხოველთა დაკვლის ან ხელოვნურად განაყოფიერების მოდულს დაეუფლოს.ეს ყველაფერი არის ორიენტირებული იმაზე, რომ სტუდენტმა უკეთესად აითვისოს და შეუხამოს ერთმანეთს პრაქტკიული და თეორიული ცოდნა“, -ამბობს ბელა ავალიშვილი.
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ პროფესიული განათლების რეფორმაა.
„ოპიზარში“ დუალური სწავლება მეცხოველეობის კუთხით მიმდინარეობს. უკვე ნანახია კომპანია რომელიც სწავლების პარალელურად, სტუდენტს დაასაქმებს. პილოტირების პროცესში სტუდენტის ანაზღაურებას საერთაშორისო ორგანიზაცია დაფარავს, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ ხელფასის გადახდას თავად დამსაქმებელი ურზუნველყოფს.
„სახელმწიფოს სჭირება ჩვენი აქტური მონაწილეობით,რაც შეიძლება მეტი კომპანია წამოვიდეს ურთიერთობაზე. გვაქვს გამოხმაურება და ვიცით, რომ მომავალ წელს უფრო მეტი მიმართულებით მოხდება დუალურ პროგრამაზე გადასვლა. ეს იქნება ძალიან კარგი სტუდენტისთვისაც და დამსაქმებლისთვისაც, რადგან დამსაქმებელი თვითონ გამოზრდის თავის მომავალ კადრს“, - განმარტავს თამარ მახარაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით სასაწვლებლებში 46 მოდულური პროგრამაა ჩაშვებული, ხოლო დუალურის 4 , რომლის პილოტირება 3 პროფესიულ სასწავლებელში მიმდინარებს, მათ შორისაა კოლეჯი „ოპიზარი“.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]