
ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან [38 საჯარო, 1 კერძო] არცერთ სკოლაში ფსიქოლოგი არ ჰყავთ. ერთადერთი სკოლა, სადაც ფსიქოლოგის შტატი არსებობდა, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა იყო, თუმცა, ახლა აქაც აღარ ჰყავთ.
მეხუთე საჯარო სკოლაში ფსიქოლოგი ნინო ბლუაშვილი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ ფსიქოლოგი ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს.
- ”ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური და სოციალური პრობლემები უჩნდებათ, ამიტომ, მათთან მუდმივად მუშაობაა საჭირო”, - ამბობს იგი.
სკოლებში ფსიქოლოგის შტატის დაშვებას მოსწავლეების მშობლებიც ეთანხმებიან. ისინი ამბობენ, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაციები მათ შვილებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებათ.
- ”მართალია, მშობელს ძალიან დიდი ფუნქცია აქვს და შვილისთვის ნომერ პირველი ფსიქოლოგი უნდა იყოს, მაგრამ ფსიქოლოგი მაინც საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი პატაარაა, ხანდახან მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაციები”, - გვეუბნება მარი გიორგაძე.
მოსწავლეთა უმეტესობა ამბობს, რომ მასწავლებლები ცხადია ეხმარებიან, მაგრამ ისე ვერა, როგორც მათ კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქოლოგი დაეხმარებოდათ. ბავშვების თქმით, მათ სჭირდებათ მეგობარი, რომელიც დაეხმარებათ და გაუგებთ.
- ”ძალიან ხშირად მდომებია ვინმე უფროს დავლაპარაკებოდი. მასწავლებელი როგორც პედაგოგი ისე შეხედავს საკითხს და არა როგორც მეგობარი. ამიტომ მასწავლებლისთვის არასოდეს მიმიმართავს. არის მდგომარეობა, როდესაც მეგობარს ვერ ველაპარაკები და მგონია, რომ ფსიქოლოგთან უფრო გავიხსნები. ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში ფსიქოლოგი გვეყოლება”, - ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ნათია ზაზაძე.
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა გობიანიძე მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგის როლი მასწავლებელმაც უნდა შეითავსოს, თუმცა, გარემო პირბებოიდან გამომდინარე ეს არც ისე ადვილი და პედაგოგები ხშირად ვერ ახერხებენ მოსწავლესთან გულახდილად საუბარს.
- ”გაკვეთილზე გაკვეთილებს ვატარებთ. ძნელია მუდმივად აკონტროლო მოსწავლეები. ამიტომ, თუ სკოლას ფსიქოლოგი ეყოლება, ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება”, - ამბობს იგი.
ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებს ფსიქოლოგიური პრობლემები გარდატეხის ასაკში უჩნდებათ, ამიტომ, ამ პერიოდში მათ ცხოვრებაში მესამე პირი უნდა ჩაერთოს, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ნინო ბლუაშვილი ამბობს, რომ ფიქოლოგმა მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდულურად, ასევე ჯგუფურადაც უნდა იმუშაოს.
- ”არის შემთხვევები, როდესაც მშობლის ავტორიტეტი უკანა პლანზე გადადის, ამიტომ ფსიქოლოგის ჩარევა ძალიან მნიშვენლოვანია. შეიძლება გარეშე პირის ერთმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალოს”, - ამბობს იგი.
მოსწავლეთა აზრით ფსიქოლოგის კონსულტაციები არამხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც სჭირდებათ.
- ”არასოდეს გამჩენია სურვილი ფსიქოლოგთან მივსულიყავი. ჩემს პრობლემებს თავად ვაგვარებ. მაგრამ არიან მოსწავლეები და არამარტო მოსწავლეები, ზოგ მასწავლებელსაც სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება”, - ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ბეჟან მანუკიანი.
მოსწავლეები ამბობენ, რომ დღეს ძალიან ბევრი მათი მეგობარი გახდა ეკლესიური და ხშირად გამოსავალს მოძღვართან საუბარში პოულობენ. მოძღვარი ჩვენი რესპონდენტი მოსწავლეების ნაწილსაც ჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ მოძღვარი მათ იმ დახმარებას უწევს, რასაც ალბათ ფსიქოლოგისგან მიიღებდნენ. თუმცა, ნაწილი ამ მოსაზრებას არ თანხმდება.
- ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლაში ადრე ფსიქოლოგი იყო არასოდეს მიმიმართავს, ჩემს პრობლემებს ყოველთვის მოძღვარს ვუყვებოდი და ვუყვები და ის მეხმარება”, - გვეუბნება მეხუთე სკოლის მოსწავლე ნინო გოგნაძე.
ნატალია მაზაშვილს კი გოგნაძისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაცია და აღსარების ჩაბარება სრულიად განსხვავდება და არის საკითხები, რომელზეც შეიძლება ვერ დაელაპარაკო მოძღვარს, მაგრამ დაელაპარაკო ფსიქოლოგს: ”ვფიქრობ, რომ ეკლესიას ადამიანის ცხოვრებაში სხვა ფუნქცია აქვს, ფსიქოლოგს კიდევ სხვა”.
ფსიქოლოგი ყველა სკოლას რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეს, ამაზე სკოლების დირექტორებიც თანხმდებიან.
- ”ბავშვებთან ურთიერთობა ფაქიზი თემაა, ამიტომ საჭიროა, რომ ყველა სკოლას ფსიქოლოგი ჰყავდეს. კარგი იქნება ჩვენც თუ გვეყოლება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ სკოლაში ფსიქოლოგის მოყვანას. ამის ფინანსები დღეს სკოლას არ გააჩნია”, - ამბობს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სკოლები განათლების სამინისტროსგან ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ. სკოლა თანხებს საჭიროებისამებრ თავად განკარგავს. თ ფინანსებს გამოძებნის, მას შეუძლია დაუშვას ფსიქოლოგის შტატი, რომელიც საბოლოოდ განათლების სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს. თუმცა, დირექტორების თქმით, ამ ეტაპზე მათ არც ფსიქოლოგის და არც
მეორე საჭირო შტატის, ექიმის დანიშვნა, ფინანსების ნაკლებობის გამო არ შეუძლიათ.
[ნინო ბერიძე, ახალციხე]