FM97.5 / LIVE

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]

მთავარიარჩევნები, მე ვირჩევ 16.09.2016
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, მედიკამენტების გაიაფება, სოციალური დახმარებებისა და პენსიის გაზრდა, გზებისა და ხიდების მოწესრიგება, გაზიფიცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმება და სოფლებში მიგრაციის შეჩერება – ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რის მოგვარებასაც ადგილობრივები პოლიტიკური პარტიებისგან ელიან.

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სექტემბრის დასაწყისში, 10 დღის განმავლობაში, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებმა სამცხე–ჯავახეთის 60 დასახლებულ პუნქტში, ადგილობრივებისგან პოლიტიკური პარტიების მისამართით დასმული კითხვები შეაგროვეს.

კითხვების დიდი ნაწილი, თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა და ხშირად, მათი ადრესატი არ იყო პოლიტიკური პარტია, ან მაჟორიტარობის კანდიდატი. მიუხედავად ამისა, რედაქციამ ყველა კითხვა შეაგროვა, დააჯგუფა და შეეცადა მათზე პასუხები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოეძებნა.

პასუხებისთვის ის პოლიტიკური პარტიები შევარჩიეთ, რომელთა რეიტინგი, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, შედარებით მაღალია.

გთავაზობთ კითხვებსა და პასუხებს.

კითხვა: მედიკამენტები არის ძალიან ძვირი. რას აპირებენ პარტიები იმისთვის, რომ წამლების ფასმა დაიწიოს და მასზე ხელი ყველას მიუწვდებოდეს


N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: ბლოკი, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერ რეგულაციის შემოღებას ეწინააღმდეგება. პარტიაში ფიქრობენ რომ შემოიღებენ სადაზღვეო პაკეტს მოსახლეობისათვის სადაც მედიკამენტებიც იქნება განსაზღვრული და სწორედ ეს სადაზღვეო კომპანიები დაარეგულირებენ ფასებს.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ მეტი სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა, წამალი შეხვდეს პაციენტს, რომლიც ამას საჭიროებს.ეს გამოწვევა ცალსახად გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესებას. სამედიცინო დახმარების ფასწარმოქმნის მოწესრიგებას, სამკურნალო საქმის წარმოებასა და წამლის ხარისხის სრულყოფას.
სამედიცინო კადრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ქსელის რაოდენობრივი და ხარისხობრივი განვითარების მოწესრიგებას.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კუთხით თავიანთ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაგროვებული გამოცდილების გამოყენებას აპირებს და ფიქრობს, რომ ბაზარზე ბევრი ფარმაცევტული კომპანია გააჩინონ, რათა კონკურენცია მაღალი იყოს და მედიკამენტებზე ფასებმა დაიწიოს.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: „რესპუბლიკელები“ პირველ რიგში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლს გაამკაცრებენ, რის შემდეგაც მონოპოლიზებული წამლის ბაზრების შემცირებას გეგმავენ, რომლის მეშვეობითაც თვითნებურად მაღალი ფასები აღარ დადგინდება და მოსახლეობისათვის წამლები ბევრად ხელმისაწვდომი გახდება.

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „პატრიოტთა ალიანსს“ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუმცა რეცეპტით გაყიდვის სისტემას შეინარჩუნებენ. სახელმწიფოს რესურსებიდან გამომდინარე კი წამლებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უფასოდ მიიღებს.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: პარტიაში წამლების ფასწარმოქმნაში ან ზღვრული ფასის დაწესებაში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგნი არიან, თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გეგმავენ სახელმწიფო საავადმყოფოების ე.წ. ესენციური მედიკამენტებით (აუცილებელი პრეპარატების ნუსხა: ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკები, სხვ.) მომარაგებას, რათა საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმმა ისინი პაციენტს უფასოდ მისცეს.

N41 „ქართული ოცნება": „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ მედიკამენტების ფასები უკვე დაწიეს, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამენ იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო შეუმცირდეს მედიკამენტებზე დანახარჯი. ეს კი გამოიხატება კომპლექსურ ღონისძიებებში, რომელიც უნდა განხორციელდეს როგორც მედიკამენტების ჭარბად - არარაციონალურად მოხმარების შემცირების, ასევე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში წამლების გაერთიანებული შესყიდვებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნის კუთხით.

კითხვა: თუ ფიქრობენ პარტიები ექიმების გადამზადებაზე ან პროფესიონალი კადრების მოძიებაზე? საქართველოში ჯანდაცვის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა...

N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: პროგრამაში რამე მსგავსი ჩანაწერი არ იძებნება.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: ჯანდაცვის სისტემაში განსაკუთრებით აუცილებელია პროფესიონალი კადრები და მათი მაღალი კვალიფიკაცია. ამისათვის აუცილებელია სათანადო ყურადღება და ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან – თანამედროვეობის მოთხოვნათა შესაბამისი საბაზისო და შემდეგ უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღების საშუალება, დღევანდელობის შესაბამისი სამუშაო გარემო და ანაზღაურება, რომელიც, ელემენტარულად სხვისი სატკივარის გაზიარებისა და ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს მედიკოსებს.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით (მოქალაქეზე წელიწადში საშუალოდ 178 ლარის ოდენობით), როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს.

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული უნდა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები მძიმე ტვირთად არ აწვებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტს. საჭიროა, არსებული ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურ და ინვესტიციებისათვის მიმზიდველ სფეროდ ტრანსფორმაცია.

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: უნდა განვითარდეს ფასიანი კლინიკები და კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა. ამავე დროს, უნდა გავაძლიეროთ უფასო მუნიციპალური კლინიკები და საავადმყოფოები მთელი ქვეყნის მასშტაბით. უფასო მუნიციპალური კლინიკები და საავადმყოფოები მოსახლეობას მოემსახურება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: პროგრამაში რამე მსგავსი ჩანაწერი არ იძებნება.

N41 „ქართული ოცნება“: ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად: შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი, დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუშაობა. ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით, რაც უზრუნველყოფს მაღალი კომპეტენციის მქონე სამედიცინო პერსონალის აღზრდას.

კითხვა: სკოლების უმეტესობაში ცუდი მდგომარეობაა; დაბალია მასწავლებლის ხელფასები; ბავშვები ვერ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში კერძოდ მომზადების გარეშე; რა ეშველება განათლების სისტემას?


N1 „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“: პარტიას საარჩევნო პროგრამაში განათლების მიმართულებით ჩანაწერი არ აქვს.

N3 „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“: სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ორწლიანი პროფესიული კოლეჯები, რომლებშიც ახალგაზრდები პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ. უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფომ განათლებაში საყოველთაო გადამზადება უნდა განახორციელოს და ამუშავდეს პროგრამა „არცერთი მოქალაქე – პროფესიის გარეშე“.

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: უმნიშვნელოვანესია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და ქვეყნის გადასვლა საკონტრაქტო არმიაზე. ეს მრავალ ათას ახალგაზრდას დაუზოგავს სიცოცხლის ორ წელს, რომელსაც საკუთარ განათლებას მოახმარს. ხარისხიანი საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად, გავაუმჯობესებთ ბიუჯეტის მიზნობრიობას, რის შედეგადაც 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით; ასევე, გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, მინიმუმ 650 ლარამდე;

N6 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“: სახელმწიფომ უნდა გაზარდოს განათლების დაფინანსება. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5 % განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე უნდა იხარჯებოდეს. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს კერძო სექტორის მონაწილეობა ამ საქმეში. მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს დღეს არსებულ 360 ლარზე მეტი. საჭიროა დაწესდეს მასწავლებლის იერარქია, რომელიც იქნება მინიმუმ სამ საფეხურიანი, გრადაციის განმსაზღვრელი უნდა იყოს პედაგოგის შრომის შედეგი.

N8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: სკოლამდელი და სასკოლო განათლება უნდა იყოს სავალდებულო და უფასო თითოეული მოქალაქისთვის. ზოგადი უმაღლესი განათლებისთვის სამწლიანი საფეხური უნდა განისაზღვროს და ესეც სავალდებულო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების დაცვა კი მათ ვისაც ამის სურვილი ექნებათ, ამ სამწლიანი სავალდებულო სწავლების შემდეგ უნდა შეეძლოთ. უნდა აღდგეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მასწავლებლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული აქ.

N27 „თავისუფალი დემოკრატები“: ცივილიზებული სამყაროს ცხოვრებაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი განვითარება. მაგრამ შეუძლებელია იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მხოლოდ მომხმარებელი ისევე, როგორც შეუძლებელია იყო დემოკრატიის მხოლოდ მომხმარებელი. ის საზოგადოება, ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულ მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიისა და დემოკრატიის განვითარების გლობალურ პროცესში, აუცილებლად გახდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი.

N41 „ქართული ოცნება“: საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო; გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი, რომელსაც არ ექნება ფორმალური ხასიათი, არამედ რეალურად უზრუნველყოფს მაღალი მოთხოვნების შესრულებას; გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები საქართველოს ძლიერ, რეგიონულ სამეცნიერო ცენტრად გადაქცევისთვის; დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების ხარისხის მართვისა და დაფინანსების ახალი, ეფექტური მოდელები;

[თიკო ზაზაძე, ახალციხე]

რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]
სამხრეთის კარიბჭეს" პროექტი,
'ინფორმირებული არჩევანი – დემოკრატიის საფუძველი'
ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ რას ჰპირდება მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში
რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი I]
პარტიების ხედვა განათლების სფეროში
ვინ რას გვპირდება ჯანდაცვის სფეროში – პარტიების საარჩევნო პროგრამა
ვისთვის არის და ვისთვის არა განათლება პრიორიტეტი – პარტიების საარჩევნო პროგრამა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]