FM97.5 / LIVE

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება – სილამაზის სალონების გამოწვევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2016
სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. ოქტომბრიდან კი კონტროლი დაიწყება. რას გულისხმობს ცვლილებები და რამდენად გააძვირებს ეს მომსახურებას;

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა

ახალციხეში მოქმედ 20-მდე სალონში, უახლოეს ხუთ თვეში, მუშაობის წესის, ინსტრუმენტების, ავეჯის, ნარჩენების გატანის, სტერილიზაციის და სხვა პროცედურების შეცვლა მოუხდებათ. თუმცა, მანამდე სალონები „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებად“ უნდა დარეგისტრირდნენ. ახლა აქ დასაქმებული 90–მდე მემანიკურე, სტილისტი და კოსმეტოლოგი ინდმეწარმედაა რეგისტრირებული. რეგისტრაციის შეცვლილი წესი კი სამუშაო ველში საქმიანობის მითითებასაც გულისხმობს.

ცვლილებები სალონების მუშაობაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№473) შედის. „ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შესახებ“ 2015 წლის 14 სექტემბერს დაამტკიცეს.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა ახალი დოკუმენტი მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა. მის მიხედვით, თუ აქამდე დეზინფექცია გაკეთებულ იარაღებს, არასტერილურის გვერდით, ან არასტერილურ ზედაპირზე დებდნენ, ასე ვეღარ გააკეთებენ. ოთახში არა მხოლოდ კედლები და იატაკი, ავეჯიც ისეთი გლუვი უნდა იყოს, რომ ადვილად ირეცხებოდეს. თუ აქამდე მათ მხოლოდ წყლით წმენდნენ, ახლა სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება მოუწევთ.

ოპერატორები ვალდებულები ხდებიან ყველა იარაღის სტერილიზაციის შესახებ სპეციალურ ჟურნალში ასახონ. ის კი, რასაც ვერ გაასტერილებენ, ერთხელ გამოიყენონ. ყველა პროცედურის წინ ხელი დაიბანონ და ასევე, რიგ შემთხვევებში ხელთათმანით იმუშაონ. გარდა ამისა, ნარჩენებისთვის სპეციალური ურნები შეიძინონ. რეგლამენტის მიხედვით, სალონებში დაგროვილი ნარჩენი ისევე უნდა გაუნებელყოფდეს, როგორც სამედიცინო.

რას ამბობენ სალონებში ცვლილებებზე

ახალციხის სალონებში დასაქმებულების ნაწილი ცვლილებებს მიესალმება.

„მედი პლუსის“ კოსმეტოლოგი და ასევე, მესაკუთრე მედეა მამუკაშვილი ფიქრობს, რომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და სალონებს აქამდეც ასე უნდა ემუშავათ. ცვლილებების საწინააღმდეგო არც „ნატალის“ მემანიკურეს ჟენია მინასიანს აქვს, თუმცა, ამბობს, რომ ხელთათმანით მანიკურის გაკეთება გაუჭირდება: „პედიკურის დროს, ყოველთვის ვიყენებ, მაგრამ მანიკურზე შეუძლებელია მთელი დღე ხელთათმანი გეცვას, მითუმეტეს სიცხეში“.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა მემანიკურეებზე მეტად, ხელთათმანით მუშაობას სტილისტები აპროტესტებენ.

„შეღებვის დროს, მით უფრო გაღიავებისას კანი ღიზიანდება, შეიძლება სისხლი წამოუვიდეს. სახიფათო მხოლოდ ეს შემთხვევაა. მაგრამ როცა ვღებავთ, ხელთათმანი ყოველთვის გვიკეთია“, – ამბობს „ნატალის“ სტილისტი მაკა ჭილაძე.

ხელთათმანით თმის შეჭრის აუცილებლობას ვერ ხედავს „ელეგანტში“ დასაქმებული ნარინა ტონაკანიანი: „რა დაავადება უნდა გადავდო?! ან რა უნდა გავუჭრა ამ ქალს, ყურები თუ კისერი?! ადრე თუ ტილიანები მოდიოდნენ, დღეს ესეც დეფიციტია“.

რაც შეეხება სტერილიზაციასა და დეზინფექციას, სალონებში აცხადებენ, რომ ჰიგიენის ნორმებს ახლაც იცავენ: სავარცხელებს რეცხავენ და შესაბამისი ხსნარებით ამუშავებენ, მემანიკურეები ინსტრუმენტებს ასტერილებენ, ასევე წმენდენ ავეჯს, იატაკსა და კედლებს, თუმცა, არა შესაბამისი ხსნარებით, უბრალოდ წყლით რეცხავენ. მაგრამ რაც შეეხება, იმ ნივთებს, რომლებიც არ სტერილდება, ყველაფერი ერთჯერადი არაა.

ჯანდაცვის სამინისტრო: „სალონებში ვითარება სავალალოა“

დღეს სალონებში არსებული ვითარება რომ არადამაკმაყოფილებელია, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მონიტორიგნმა აჩვენა. ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობისას ყველა მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული კითხვარით სალონებში არსებული ვითარება შეისწავლა.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა „დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა არსად არ არის“, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე სანიტარული ღონისძიებების გატარების დარგში თემურ ზაქროშვილი.

სალონებში ინფექციური კონტროლის თვალსაზრისით ვითარება რომ სავალალოა, ამაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელიც საუბრობს: „უმრავლეს შემთხვევებში დარღვევები აღმოჩნდა როგორც მომსახურე პერსონალის მხრიდან ჰიგიენური ნორმების დაცვის, ასევე, გამოყენებული ინსტრუმენტების დეზინფექციისა და გაუნებელყოფის წესების თვალსაზრისით“.

ახალციხეში არსებულ სალონებში რომ მძიმე ვითარებაა, ამაზე ანი ბექაურიც საუბრობს. ის სალონებში კოსმეტიკისა და ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებებს ყიდის: „ხშირად ვარ სალონებში, ნამდვილად სახიფათო მდგომარეობაა. ეს მეპატრონეებმა უნდა მოაგვარონ. აქ ვინც მუშაობს, ის ქირას იხდის, ხოდა ამ ქირაში უნდა შედიოდეს ყველაფერი“.

ვის მოუხდება სალონების გადაიარაღება, დასაქმებულებს თუ მესაკუთრეებს

ვინ უნდა იყიდოს შესაბამისი სტერილიზაციის აპარატები, რომელთა ღირებულებაც მინიმუმ 1000 ლარიდან იწყება, ამაზე დღეს სალონებში აქტიურად მსჯელობენ.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა ჟენია მინასიანი ფიქრობს, რომ სტერილიზაციის აპარატის ყიდვა საკუთარი სახსრებით მოუწევს, ეს მინიმუმ 1500 ლარი დაუჯდება, ამის დასაფარად მუშაობა კი ალბათ მთელი წელი მოუწევს: „გარდა ამისა, მოგვიხდება ისეთი ინსტრუმენტების ყიდვა, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაციას გაუძლებს“.

ავტოკლავებს, ანუ სტერილიზაციის აპარატებს რომ მემანიკურეები ვერ შეიძენენ, ამაზე სალონ „ფეშენის“ კოსმეტოლოგი ნაზი გასპარინი საუბრობს: „ძალიან ძვირია, ნორმალური აპარატი რომ იყიდო 3 000 ლარი მაინც გინდა. ამას ახალციხეში ვერცერთი „მანიკურშა“ ვერ შეძლებს. ეს სალონების მეპატრონეებმა უნდა შეიძინონ, თორემ ვერ იმუშავებენ“.

გასპარიანს ეთანხმება სალონ „ელეგანტში“ დასაქმებული მემანიკურე არუსია გრიგორიანი: „სტერილიზატორი ახლაც მაქვს, ხსნარებიც, მაგრამ ის აპარატი 2500 ლარი ღირსო და ყიდვას ვერ შევძლებ“.

სალონების მესაკუთრეების ნაწილი ტექნიკური რეგლამენტის შესახებ ინფორმირებული არ არის. ის, ვინც ახალ მოთხოვნებში ერკვევა, ფიქრობს, რომ შესაბამის აპარატებს თავად უნდა ყიდულობდნენ და არა მათთან დასაქმებულები.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა „აპარატი მესაკუთრემ უნდა შეიძინოს, დასაქმებული მოვა და წავა, თან ძალიან ძვირი ღირს და ვერ მოვთხოვ რომ იყიდოს. ერთს შეიძენ, დადებ და იქ ყველა საჭირო ნივთს ერთად გაასტერილებენ“, – ამბობს „მედი პლუსის“ მესაკუთრე მედეა მამუკაშვილი.

რაც შეეხება ხსნარებს, მამუკაშვილი მიიჩნევს, რომ ის სალონში დასაქმებულებმა ერთად უნდა შეიძინონ: „უკვე ვიყიდეთ და 26 ლარი დაგვიჯდა. ალბათ სამ თვეს გვეყოფა“.

გაძვირდება თუ არა მომსახურება სალონებში

სერვისის ხარისხის გაუმჯობესება რომ მომსახურების ღირებულებაზე აისახება, ამაზე თითქმის ყველა სალონში ერთხმად თანხმდებიან.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა „ბუნებრივია ყველაფერი გაგვიძვირდება, თუნდაც ელექტროენერგია, რადგან 24 საათი სტერილიზატორი ჩართული უნდა გვქოდნეს. ასევე მოგვიწევს დამლაგებლისთვის თანხის დამატებაც, მას დალაგება და დაწმენდა შესაბამისი ხსნარებით მოუწევს“, – აცხადებს მამუკაშვილი.

იგივეს ამბობს ჟენია მინასიანიც: „ახლა თუ სამი–ოთხი ლარი ღირს, მერე შეიძლება ოთხი– ხუთი გახდეს. იგივე ფასში მომსახურება შეუძლებელი იქნება“.

მომხმარებლები ფასის მატებას არა, თუმცა სანიტარული ნორმების დაცვას მიესალმებიან.

„ცუდია თუ მოიმატებს ფასი, მომხმარებლის ეკონომიური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ ახლა თუ „მანიკურშიცას“ სინდისზე ვართ დამოკიდებული რამდენად უსაფრთხოდ გაგვიკეთებს ფრჩხილებს, მერე ნორმების დაცვა სავალდებულო გახდება და ასე უფრო დაცულები ვიქნებით“, – გვითხრა ანამ, რომელიც მანიკურს „ნატალიში“ იკეთებს.

მაყვალა მაჭარაშვილი თმას „ელეგანტში“ იჭრის. ამბობს, რომ სალონს ხშირად არ სტუმრობს და თუ ღირებულებაც გაიზრდება, აქ მოსვლას კიდევ უფრო იშვიათად შეძლებს: „რაც არ უნდა იყოს, მაინც სჯობს დაცული იყო, რომ არაფერი გადაგედება და ღირებულებაც გაზარდონ“.

კონტროლი

რამდენად დაცული იქნება სალონში როგორც მომხმარებელი, ასევე მომსახურე პერსონალი, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები წელიწადში ერთხელ გადაამოწმებენ. შერჩევით კონტროლს იმ სალონებში ჩაატარებენ, რომლებშიც დარღვევის რისკი მაღალი იქნება.

ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა „ასევე შევლენ იმ სალონებში, საიდანაც მომხმარებლის მიერ საჩივარი შემოვა“, – ამბობს რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი.

მისი თქმით, შერჩევითი კონტროლის მექანიზმები ჯერ ამოქმედებული არ არის: „კანონის მიღებას ველოდებით. ეს ყველაფერი ოქტომბრამდე მოგვარდება და ალბათ პირველი ოქტომბრიდან კონტროლი დაიწყება“.

ნოღაიდელის განმარტებით, სალონში აღმოჩენლი დარღვევისას, პირველ ეტაპზე დაჯარიმება არ მოხდება: „მისცემენ რეკომენდაციას და თუ შესაბამის დროში არ გაითვალისწინებს, მერე დააჯარიმებენ. რა თანხა იქნება, ეს ჯერ არ ვიცით. ამ მიმართულებით კანონში ცვლილებები ჯერ ისევ მუშავდება“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სალონებს ტექნიკური რეგლამენტის შესასრულებლად საკმაო დრო აქვთ: „რეგლამენტი გასული წლის 15 სექტემბერს მივიღეთ, 2016 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა. ოქტომბრიდან კი კონტროლი დაიწყება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს
ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
ჯანდაცვის ცენტრმა ახალციხის სალონები შეამოწმა
ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა