
დღეს, 14 ივნისს, სტრასბურგში, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დოკუმენტს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც საკუთარი ინტერპრეტაციებით ხსნის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად ცნო და ახლა მის მიერ ციხეში გატარებული ყოველი წუთი უკანონოა. „ქართულ ოცნებაში“ კი ირწმუნებიან, რომ სასამართლოს მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს და ეს მხოლოდ ოპოზიციის სპეკულაციაა.
მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტიმოშენკოსა და ლუცენკოს ადარებს: „სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი პატიმრობიდან. მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის უაღრესად დამაზიანებელი საქართველოს სახელმწიფოსთვის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლედეს მერაბიშვილი ციხიდან“.
სახელმწიფოს იმიჯისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რომ დამაზიანებელია, ამაზე ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ყოფილი პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ლაქა ჩამოირეცხოს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაათავისუფლოს მერაბიშვილი ციხიდან: „მის უკანონო წინასწარ პატიმრობას, მერე უკანონო განაჩენის მიღებაც დაემატა. ახლა ვანოს, როგორც უკანონო პატიმრის ვადამდელი გათავისუფლება შეიძლება. ან შეიძლება ისე გაათავისუფლონ, როგორც მაშინ 200 პოლიტპატიმარი გამოუშვეს ციხიდან. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია შეწყალებით გამოუშვას“.
ადვოკატისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებას, ქვეყნის იმიჯის შელახვის კონტექსტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოშიც“ იზიარებენ. რაც შეეხება მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას, ამბობენ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ორი რამ თქვა, ერთი ის, რომ მაშინ როცა ქუთაისის სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ისე დაეყრდნო, რომ არ შეუმოწმებიაო, ანუ სტრასბურგმა მიიჩნია, რომ არასათანადოდ განიხილა“, – ამბობს „საერთაშორის გამჭვირვალობა– საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი გია გველია.
რაც შეეხება მეორე საკითხს, იგი ყურადღებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–18 მუხლის დარღვევაზე ამახვილებს.
„სწორედ ამ მუხლზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. არადა სასამართლოს არ უთქვამს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური პატიმარია. არც ტიმოშენკოსა და ლუცენკოს საქმეებთან აქვს მის საქმეს პირდაპირი მსგავსება“, – ამბობს გველია.
მისი თქმით, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ეს მე–18 მუხლი დარღვეულია იმიტომ, რომ წინასწარი პატიმრობა მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის არ იყო: „სასამართლომ თქვა, რომ რადგან ციხიდან გაიყვანეს მერაბიშვილი, პროკურატურას მისი პატიმრობაში ყოფნისთვის სხვა მიზნებიც ჰქონდაო. სტრასბურგმა პატიმრის ციხიდან გაყვანის საკითხზე იმსჯელა და გაიზიარა კიდეც. იქ მოყვანილი ფაქტები დადასტურებულად ჩათვალეს და მიიჩნიეს, რომ ამით მერაბიშვილზე ზეგავლენის მოხდენა უნდოდათ, ოღონდ სხვა საქმეებისთვის“.
გველია აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა: „პოლიტპატიმრის სტატუსი შეიძლება არ აქვს მერაბიშვილს, მაგრამ ფაქტია, სასამართლომ მე–18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაშიც იგულისხმება ის, რომ მისი პატიმრობა არალეგიტიმური მიზნებისთვის სჭირდებოდათ“.
მისი თქმით, მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლება დღეს სასამართლებრივად შეუძლებელია: „სტარსბურგის სასამართლოს მის ბრალზე არ უმსჯელია, ამიტომ ვერაფერს შეცვლიან. მერაბიშვილის ავტომატურად ციხიდან გათავისუფლებას, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არ ნიშნავს. კომპენსაციას გადაუხდიან“.
ხელისუფლებაში უკვე განაცხადეს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გველია კი დარწმუნებულია, რომ გასაჩივრება არაფერს შეცვლის: „სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება“.
კომენტარის გაკეთებაზე თავს იკავებენ მერაბიშვილის ოჯახში.
„არ ვიცი რა უნდა ვთქვა, არ ამქვს რაიმეს თქმის უფლება, მადლობა რომ დამიკავშირდით“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ვანო მერაბიშვილის დედამ ჟენია მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 14 ივნისს, სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი
ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]