FM97.5 / LIVE

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა

მთავარიეკონომიკა 03.12.2012
მშენებელმა კომპანიამ ფარავნის ჰესი დატოვა; კონტრაქტსა და გარემოს დაცვის შეფასებაში დაშვებული შეცდომები, რომლებიც ახლა გამოვლინდა; დატბორილი ბაღები, გამხმარი ხეები, სოფელი სასმელი წყლის გარეშე და საძოვრების პრობლემა

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
მტკვარი ჰესის შემდეგ, რეგიონში მშენებარე მეორე დიდი ჰესის მშენებლობაც შეჩერდა. მტკვარი ჰესიდან ინვესტორები გავიდნენ, ფარავნის ჰესი კი ერთ-ერთმა თურქულმა მშენებარე კომპანიამ „ილ ჯიმ“ დატოვა, ამიტომ ჰესის მშენებლობა გაჩერდა. გვირაბისთვის გასათხრელი 14 კილომეტრიდან 13 გაყვანილია, თუმცა, აქედან დაბეტონებული მხოლოდ ერთი კილომეტრია.

„ილ ჯის“ მშენებლობის მენეჯერი ვაჰაპ ჰადიგიუზლი აცხადებს, რომ საქართველოდან მიდის: „ზარალზე წავედით. ნიადაგი სხვანაირი აღმოჩნდა, ტექნიკა გაგვიფუჭდა. თანხა რაც იყო გათვლილი, იმაზე მეტი დაგვჭირდა, დამატებით ხარჯს დამკვეთი კომპანია არ გვინაზღაურებს. ვერ მოვრიგდით და მშენებლობას ვწყვეტთ“.

დამკვეთ კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯიში“ მშენებელ კომაპანიასთან უთანხმოების შესახებ არ საუბრობენ.

„ეგ ჩვენი საქმე არაა, რა ვიცით მათ რატომ იზარალეს?!“ - ამბობს „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ თანამშრომელი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

საპროტესტო გამოსვლები კუთვნილი თანხის მისაღებად

ჰესის მშენებლობა 9 ნოემბრის შემდეგ შეჩერდა. ამ დროიდან მოყოლებული აქ დასაქმებული მუშახელი და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები გლეხები, კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლებს აწყობდნენ.

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა როინ ხმალაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ფტენიდან, 4 თვის ხელფასს ელოდა. ხმალაძე „ილ-ჯიში“ საკუთარი „კამაზით“ მუშაობდა: „ დღე-ღამეში 200 ლარს გვიხდიდნენ, 24 ათასი ლარი აქვთ დავალიანება“.

თანხის მიღებას ელოდნენ გლეხებიც ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. ჩუნჩხაში მცხოვრებმა ნოდარ შამანაძემ „ილ-ჯის“ სასადილოს ხუთი ძროხა ჩააბარა, ასპინძელმა ჯემალ მარკოიძემ - ორი ტონა კარტოფილი, ჩუნჩხელმა სოლომონ ზვიადაძემ - სამი ძროხა და 3 900 ლარი ჰქონდა ასაღები. შამანაძე, მარკოიძე და ზვიადაძე, ისე როგორც „ილ-ჯიში“ დასაქმებულები, შიშობდნენ, რომ კომპანია საქართველოდან გავიდოდა და ვალს არ დაფარავდა.

„ილ-ჯის“ კემპის ბოსის მემედ ტოპლუს თქმით, კომპანიას 6 ათას ლარამდე კარტოფილის, 33 ათასი კი ხორცის ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. ხელფასების მიღება კი მხოლოდ 20-მდე ადამიანს დაუგვიანდა.

„ილ-ჯიმ“ დავალიანება ნოემბრის ბოლო კვირაში დაფარა. თუმცა, ჩუნჩხაში მცხოვრები რაულ შამანაძე აცხადებს, რომ მას ამ დრომდე ხელფასი არ მიუღია: „დარაჯად ვმუშაობდი 20 დღე, მანქანებს ვდარაჯობდი, მაგრამ ანაზღაურების გარეშე დამტოვეს“.

ჰესის მშენებლობის გამო ამ დრომდე კომპენსაციის მიღებასაც ელიან.

ხერთვისში მცხოვრები ალეკო ციხელშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ციხელაშვილის დედა, ლიზა ციხელაშვილი გვიხსნის, რომ ფარავნის ჰესის მშენებლობის დაწყებისას 7-დან 10-მეასედამდე ფართობი მიითვისეს: „ორ წელზე მეტია ველოდებით ანაზღაურებას. პასუხი მაინც გვითხრან აპირებენ თუ არა გადახდას. ვერც ფული მივიღეთ და ვერც პასუხი, ამიტომ, ადვოკატი ავიყვანეთ“.

დატბორილი ბაღები და გამხმარი ხეები


ჰესის მშენებლობის გამო დაზარალებულები მხოლოდ ციხელაშვილები არ არიან. ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლებში ფარავნის ჰესის გამო არაერთი პრობლემა გაჩნდა. იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობდა, დროდადრო ჩუნჩხელების 18 ჰექტარზე გაშენებეული ბაღ-ბოსტნები იტბორება.

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა

ჩუნჩხელების განმარტებით, ვიდრე მშენებლობა დაიწყებოდა, იმ მთიდან ჩამოსული წყლებით, სადაც ახლა გვირაბი გაჰყავთ, ბაღებს რწყავდნენ.

„გვირაბი, რომ გათხარეს წყლები გვირაბში ჩაიჟონა, იქ ბეტონი და ათასი ნივთიერება ერეოდა, შემდეგ მოდიოდა და ნარგავებს ტბორავდა“, - ამბობს სოლომონ ზვიადაძე.

აქ ჩუნჩხელებს ხეხილთან ერთად სხვა კულტურებიც მოჰყავთ. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ რაც ბაღები ბეტონნარევი წყლით იტბორება, ხეები გახმა, მოსავლის რაოდენობა კი შემცირდა.

„აღარც კარტოფილი მოდის იმდენი, რამდენიც მოგვყავდა და აღარც ხორბალი. ამის გამო ბევრი აღარაფერს თესავს“, - გვთხრა ჯემალ მარკოიძემ.

ზვიადაძის თქმით, ბოლო ორი წელია სოფელში აღარც ჭანჭური ისხამს და აღარც კაკალი: „ბევრი ხე გახმა“.

ჩუნჩხელები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობის გამო სოფელში სასმელი წყალიც დაწყდა.

საძოვრების პრობლემა

ჩუნჩხელების განმარტებით, ტერიტორია, სადაც ახლა დამბას აშენებენ, მათ სოფელს ეკუთვნოდა.

„მანდ მიმდინარეობს ძირითადი სამუშაოები, ბეტონს ასხამენ. აქ საძოვრების ადგილი ააფეთქეს და ახლა კარიერია. ერთია, რომ ამ ადგილს საძოვრებისთვის ვეღარ ვიყენებთ, მეორე კი ისაა, რომ აფეთქებების შედეგად მტვერი და სუნი გადადიოდა ბალახზე იქ, სადაც საქონელს ვაძოვებთ. ამის გამო ძროხა, რასაც ადრე იწველიდა, ახლა იმდენს ვეღარ იწველის“, - გვიყვება მარკოიძე და ამატებს, რომ მას შემდეგ რაც ბეტონის ჩამოსხმა დაიწყეს, საქონელი მოიწამლა კიდეც.

საძოვრების პრობლემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის მოსახლეობისთვისაც ანალოგიურია. საძოვრები, რომლითაც სოფელი ჩუნჩხა სარგებლობდა, პტენასაც ეკუთვნოდა. ჩუნჩხაში 80, პტენაში კი 75 კომლი ცხოვრობს. დაზარალებული სოფლების რიცხვს ხერთვისიც ემატება, სადაც 50 ოჯახი ცხოვრობს.

„სადაც ჩვენი სოფლის საქონელი ძოვდა, იქ მთა ჩამოიღეს, ამიტომ ძროხების გარეკვა 4-5 კილომეტრის მოშორებით გვიწევს. კარიერთან ახლოს საქონლის გატარებასაც გვიშლიან, ძროხას რომ ქვა მოხვდეს, პასუხისმგებლობას ჩვენ არ ავიღებთო“, - ამბობს ციხელაშვილი.

სოფელში ამბობენ, რომ რადგან პირუტყვს საძოვრებამდე მისასვლელად კილომეტრების გავლა უწევს, მათმა პროდუქტიულობამ იკლო. ციხელაშვილების ორი ძროხა აქამდე გაცილებით მეტს იწველიდა, ვიდრე ახლა მათი სამი ძროხა იწველის.

ხერთვისიც დაიტბორება

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
ხერთვისელები მალე შესაძლოა უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ. მას შემდეგ, რაც ფარავანს მიმართულებას შეუცვლიან, მტკვარი ადიდდება და მათი ბაღები დაიტბორება.

„ჯერ წყალი არ შემოუშვიათ, რომ შემოუშვებენ, ფარავანს დააკლდება და მტკვარს მოემატება. ამბობენ ჯებირები უნდა ააშენონო და არ ვიცით მართლა ააშენებენ თუ არა“, - გვითხრა სპირიდონ ხოსიაშვილმა.

ხერთვისელებთან ამ დრომდე ფარავნის ჰესის მშენებლობის გამო გამოწვეული პრობლემების შესახებ არავის უსაუბრა.

მამუკა გუმბათაშვილის ნაკვეთი ორივე მდინარეს ესაზღვრება: „30 მეასედზე ყველაფერს ვთესავ, რაც მოდის. ხშირად მეტბორება ბაღი და ჰესის ამოქმედების შემდეგ თუ ჯებირი სათანადოდ არ გაკეთდა, სულ წყლით დაიფარება“.

მდინარე ფარავანი დაშრება

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი აცხადებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სოფლებში გაჩნდა, არაფერი წერია: „რადგან ახლა გამოვლინდა პრობლემები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შესახებ, არ არის ნაჩვენები გზშ-ში. მაგრამ, შესწავლილი რაც აქვთ, ისიც არასათანადოდაა მოცემული“.

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
ჭიპაშვილის თქმით, ფარავნის ჰესის მშენებლობა არაერთ ეკოლოგიურ საფრთხეს აჩენს: „ფარავანში ეკოსისტემის მხოლოდ 10 პროცენტი რჩება, რაც მდინარის დაშრობას ნიშნავს. ეს მთელ ეკოსისტემაზე იმოქმედებს. ეს ადგილი შეიცვლება ვიზუალურ ლანდშაფტურად, უარყოფითი ზემოქმედება ექნება ტურისტული თვალსაზრისითაც, მაგალითად, აქ ჯომარდობა შეუძლებელი გახდება“.

„ილ-ჯისა“ და „ჯორჯიან ურბან ენერეჯის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას მიმდებარე სოფლებისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. დამკვეთ კომპანიაში გვიხსნიან, რომ საძოვრების, წყლის დაწყვეტის და ან ნაკვეთების დატბორვის ჩივილით მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

„როცა სამუშაოები მიმდინარეობდა, გვირაბიდან გამოსულ წყალს ფილტრები ჰქონდა, არაფერი ერეოდა, ეს წყალი იწმინდებოდა და აუზებში გადიოდა. ახლა მუშაობა შეჩერებულია და შესაბამისად, წყალიც სუფთა გამოდის“, - გვითხრა ვაჰაპ ჰადიგიუზლმა.

კონტრაქტში გაპარული შეცდომა

გვირაბის მშენებლობის შეჩერების მიზეზი, როგორც „ილ ჯის“ ბუღალტერი და პროფესიით მშენებელი დარეჯან ქოიავა გვიხსნის, კონტრაქტში გაპარული შეცდომაა: „აფეთქებითი სამუშაოების დროს ტყდებოდა იმაზე მეტი ქვის ქანი, ვიდრე უნდა მოტეხილიყო იმ ნორმით, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა. ცდომილება მოდიოდა ქანის გამო, თავიდან ფხვიერი ნიადაგი იყო, შემდეგ კი კლდოვანი გახდა“.

მისივე თქმით, დამკვეთი კომპანია თავადვე ზომავდა ლაზერით და ეთანხმებოდნენ, რომ ნამდვილად მეტი ტყდებოდა, თუმცა იხდიდნენ ზუსტად იმდენი სანტიმეტრისას, რაც კონტრაქტში იყო ჩადებული. ამის გამო „ილ ჯი“ ზარალზე წავიდა.

ქოიავა მიიჩნევს, რომ ორივე მხარე მართალია. უბრალოდ, კონტრაქტში ჩადებული იყო მუხლი, რომელიც შეცდომით დაიწერა. არაცერთმა მხარემ ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ამ მიმართულებით გამოცდილება არცერთ მათგანს ჰქონდა. გაუთვალისწინებელი ხარჯები კი მშენებლობის შეჩერების საფუძვლად იქცა.

„ჯორჯიან ურბან ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა ახალწლამდე განახლდება. მოლაპარაკებები მშენებლობის გაგრძელების შესახებ კვლავ თურქულ კომპანიასთან, სტამბულში მიმდინარეობს.

მდინარე ფარავანზე 85.774 მვტ სიმძლავრის ჰოდროელექტროსადგურის მშენებლობა 2009 წლის 24 ივლისს დაიწყო და მისი დასრულება მომავალი წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარავნის ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებმა უხელფასობა გააპროტესტეს

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს
„ფარავან ჰესის“  მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს
ნაპირსამაგრი მოეწყო, თუმცა, ხერთვისს დატბორვის საფრთხე მაინც ემუქრება
ფარავნის ჰესი
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა