FM97.5 / LIVE
24 წლის გოგონა ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს

24 წლის გოგონა ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს

მთავარისაზოგადოება 26.11.2012
გაუსაძლისი ცხოვრება მეუღლესთან და იძულებით გადადგმული ნაბიჯი. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

24 წლის გოგონა ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს
10-წლიანი, კონფლიქტური თანაცხოვრება

დაახლოებით ერთი თვეა, ორი შვილის დედა, 24 წლის თ. ა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, მშობლებთან აფარებს თავს.

იგი ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. 10 წლის განმავლობაში მეუღლისა და დედამთილისგან დამცირებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ითმენდა.

”14 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ოჯახში ურთიერთობა თავიდანვე დაგვეძაბა. დედამთილი გარეთ გასვლის უფლებას არ მაძლევდა, არ მქონდა მუშაობის უფლება. ყველაფერთან ერთად, ხშირად მეუღლეც და დედამთლიც მცემდნენ”, - გვიამბობს იგი.

მისივე თქმით, ოჯახური კონფლიქტი ხშირად დედამთილის გამო ხდებოდა. ერთერთი ჩხუბის შემდეგ თავის მოკვლაც სცადა.

შოლავერიდან ბათუმში

არაერთი კონფლიქტის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მცხოვრებმა წყვილმა საცხოვრებლად ცალკე გასვლა გადაწყვიტა.

”ბინა ბათუმში ვიქირავეთ, მეგონა ცალკე უკეთესად ვიცხოვრებდით, მაგრამ შევცდი. მეუღლე ხშირად სვამდა და რასაც იღებდა ძმაკაცებს ახარჯავდა. სახლში დაბრუნებული კი მეც მცემდა და ბავშვებსაც”, - ამბობს იგი.

ერთერთი ცემის შემდეგ ფეხმძიმე გოგონამ ბავშვიც დაკარგა.

”სახლში ნასვამი მოვიდა და ჩხუბი დამიწყო, მაშინ ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი. მცემა და სახლიდან ისევ მეგობრებთან საქეიფოდ წავიდა. ცოტა ხანში, მუცელში ძლიერი ტკივილებისგან გონება დავკარგე. მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს და გადამარჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვი დავკარგე”, - იხსენებს იგი.

ბათუმში კიდევ რამდენიმე თვე დარჩნენ. იმის გამო, რომ მეუღლე მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, ხშირად მშიერები რჩებოდნენ: ”ბევრჯერ დამიძინებია მშიერი ბავშვები. ჩაი რომ დაგველია, ისიც კი არ გვქონდა. იძულებული გავხდით, ისევ სოფელში დავბრუნებულიყავით”.

მეუღლის ბრალდებას აფრიამაშვილის ქმარი მ. შ. უსაფუძვლოს უწოდებს. იგი მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

”მსგავსი არაფერი ყოფილა, ყველაფერი მაგის მოგონილია. მეუღლეზე და შვილებზე ხელს როგორ ავწევდი?”- გვარწმუნებს იგი.

დახმარების მოლოდინი

დახმარებისთვის გოგონამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადიგენის განყოფილებას მიმართა. გამგეობას საცხოვრებელ ფართს და დახმარებას სთხოვდა, სოციალურ სამსახურს კი დახმარების დანიშვნას.

”სააგენტოში მითხრეს, რომ ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბავშვების დაბადების მოწმობები იყო საჭირო, რომ ჩემთან სოციალური აგენტი გამოეგზავნათ. მე კი ყველა საბუთი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში დამატოვებინეს, რადგან ბინის ქირა ვერ გადავიხადე”, - ამბობს იგი.

გამგეობაში ამბობენ, რომ გოგონა აღრიცხვაზე აიყვანეს და ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდებიან. ბინით დაკმაყოფილების საშუალება კი გამგეობას არ აქვს.

”რადგან მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საბინაო ფონდი, ამიტომ საცხოვრებელი ფართით ვერ დავაკმაყოფილებთ. ასევე პრობლემაა დასაქმება, ერთს თუ დაასაქმებ, მეორე უნდა გაუშვა. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ ფირმას დავაკავშიროთ. დაასაქმებს თუ არა, ეს უკვე ფირმის გადასაწყვეტია”, - განმარტავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

იურისტები დაზარალებულს საქმის აღძვრას ურჩევენ

გოგონა ამბობს, რომ მეუღლესთან განქორწინებას გეგმავს. თუმცა, რადგან ადვოკატის მომსახურება ფასიანია, ჯერ პროცესის დაწყებას ვერ ახერხებს.

იურისტების განმარტებით, ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი ქმედებაა და ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”ამ შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. ამ ქალბატონს შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. მისი განცხადების საფუძველზე დაიწყება გამოძიება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოძალადე ქმარს ბრალი აღნიშნული მუხლით წარედგინება,-ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი და ამატებს, რომ იმდენად შეძრა გოგონას მდგომარეობამ, რომ მზად არის მას იურიდიული კონსულტაცია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გაუწიოს, - მზად ვარ სასარჩელო განცხადების მომზადებაში დავეხმარო. განქორწინების გარდა მას აქვს ქონებრივი დავის და ასევე ბავშვებზე ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნის უფლება. ყოველგვარი დოკუმენტაციის მომზადებაში დავეხმარები”.

რეგიონში ძალადობის შემთხვევები გახშირდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 2012 წელს, სექტემბრის ჩათვლით, საიას ოჯახური ძალადობის 112 საქმე აქვს წარმოებაში.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახური ძალადობა ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემაა და ჩარევა დაუშვებელია. სინამდვილეში კი ეს საზოგადოებრივი პრობლემაა და საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.
ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ამ გოგონას მდგომარეობაში რეგიონში ბევრი ქალია, თუმცა, ამბის გახმაურებას ერიდებიან: ”ჩვენი მხარის მანდილოსნები განსაკუთრებული მომთმენობით გამოირჩევიან. უმრავლესობა გასაჯაროებისგან თავს იკავებს, შვილების და ოჯახის რეპუტაციას უფრთხილდებიან”.

ძალადობის ფაქტების დამალვის ერთ-ერთ მიზეზად სამარჯიშვილი სამოქალაქო ცნობიერების დაბალ დონესაც ასახელებს. მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლმა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მას კანონი იცავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს, გასული წლის დეკემბერში, 126-ე პრიმა მუხლი დაემატა, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცვლილებებია შესული ადმინისტრაციულ სამართალდაღვევეთა კოდექსშიც, რომლის თანახმად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს.

თავშესაფარი მხოლოდ ოთხი თვით

თ. ა. დროებით მშობლებთან და ძმასთან ცხოვრობს. მაგრამ, იმის გამო, რომ ოჯახს არც შემოსავალი აქვს და არც საკმარისი საცხოვრებელი ფართი, მალე აქ გაჩერებას ვეღარ შეძლებს. იგი ამბობს, რომ დროებითი თავშესაფარი მეზობელს სთხოვა, რომელიც სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის.

”გაზაფხულამდე ვთხოვე ბინის დათმობა და უარი არ მითხრეს. ოთხი თვის შემდეგ ისევ ღია ცის ქვეშ დავრჩები და არ ვიცი რა მეშველება”,- ამბობს იგი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა
‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი
რა კუთხით დაირღვა ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებები 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში
პასიური საზოგადოება და დაუცველი ბავშვები
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ორწლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა