
ტიგრანი ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში სწავლობს.იგი საშუალო სიმაღლის, შავთვალება, მორცხვი და სიტყვაძუნწი ბიჭია. კითხვებზე მოკლედ და მკაფიოდ გვპასუხობს.
ტიგრანის სახლში შესვლისთანავე თვალში გვხვდება კედელი, რომელიც სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე მის მიერ მოპოვებული ჯილდოებითა და მედლებითაა გაფორმებული. უმცროსი ვაჟის მიღწევებით მგდესიანების ოჯახი ძალიან ამაყობს.
ტიგრანი კარატეს დაახლოებით ხუთი წელიწადია ვარჯიშობს. ამ დროის განმავლობაში არაერთი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ტიგრანს გამარჯვებები ახარებს, თუმცა, თბილისში, კავკასიის პირველობაზე მიღებულ ოქროს მედალზე საუბრისას მის თვალებში განსაკუთრებული სიამაყე მაინც არ ჩანს. სპორტულ შეჯიბრებში ტიგრანს გამარჯვებისთვისაც მიუღწევია და დამარცხებულა კიდეც, თუმცა მისთვის გამარჯვება მიზანი არაა. ამბობს, რომ მთავარი მონაწილეობაა და კიდევ ის, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩეს: `მთავარია, კარგად გამოვიდე, პირველი ადგილი არც ისეთი მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესი წარმატებულად მონაწილეობაა~.
ტიგრანის კარატეს წრეზე სიარული ტიგრანის მამის იდეა იყო. ამბობს, რომ როდესაც პირველად წაიყვანა ვაჟიშვილი კარატეს ჯგუფში, არ ფიქრობდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ იგი სახლში ოქროს მედლით დაბრუნდებოდა. ახლა ვაჟიშვილით ძალიან ამაყობს.
`მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი იყოს, ჯანსაღად და სულის სიმხნევით გაიზარდოს. რა მნიშვნელობა აქვს, წარმატებას მიაღწევს თუ არა~, - ამბობს სერგეი მგდესიანი.
სპორტთან ერთად ტიგრანმა ძალები მუსიკაშიც მოსინჯა. რამდენიმე წელი სინთეზატორზე უკრავდა, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. თუმცა სინთეზატორზე დაკვრის ყველა საიდუმლოს ამოხსნის შემდეგ ეს საქმიანობა აღარ გააგრძელა. კარატეს ტიგრანი ახლაც ვარჯიშობს, მაგრამ ცხოვრების ძირითადი მიმართულება და მოწოდება მან ორი წლის წინ, უბრალოდ ტელევიზორის ყურებისას აღმოაჩინა.
`მთელი ოჯახი ვისხედით და სომხურ არხ `შანტ~-ზე პროგრამა `დუდუკისთვის მიძღვნილებს~ ვუყურებდით. მან უყურა, შემდეგ შემოგვხედა და უცებ მთხოვა, რომ მისთვის დუდუკი მეყიდა. დავპირდი, რომ ამას გავაკეთებდი და მოვნახე ოსტატი, ჰარუთიუნ მურადიანი. მან საკუთარი დუდუკი მოიტანა, რათა ბიჭს მოესინჯა, მასაც კარგად გამოუვიდა და ახალი დუდუკი ვუყიდე~, - გვიამბობს ტიგრანის მამა.
`ვუყურებდი, როგორ უკრავდნენ, მომეწონა და მომინდა, მეც დამეკრა~, - ამბობს ტიგრანი.
ნათესავები ტიგრანის სურვილს დასაწყისში არასერიოზულად მოეკიდნენ. ფიქრობდნენ, რომ ეს უბრალოდ მისი მორიგი ახირება იყო. თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ დუდუკი მისი სერიოზული გატაცება გახდა.
დუდუკზე დაკვრის ორი წლის განმავლობაში ტიგრანმა სხვადასახვა ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა და დუდუკზე არაჩვეულებრივ შემსრულებლად წარსდგა ხალხის წინაშე.
ტიგრანმა გადაწყვიტა, რომ დუდუკზე დაკვრას პროფესიონალურად მოეკიდოს, თუმცა, აქ ამას ვერ შეძლებს. მშობლები ვაჟიშვილის სურვილს სერიოზულად მოეკიდნენ და იპოვეს შესაფერისი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სომხეთში, გიუმრიში მდებარეობს.
მე-9 კლასის შემდეგ ტიგრანს სკოლიდან გამოიყვანენ და გიუმრიში, ჯივან გასპარიანის სახელობის სკოლაში სასწავლებლად წაიყვანენ. მშობლები გიუმრიში ბინას უქირავებენ, იპოვიან სტუდენტებს, ვინც ჩვენი ქალაქიდან იქ მიდის სასწავლებლად, ვაჟიშვილს ხშირად მოინახულებენ. მართალია, საკმაოდ ფულის დახარჯვა მოუწევთ, მაგრამ ამას მაინც გააკეთებენ, რადგან თავიანთი შვილის, მისი მიზანსწრაფულობისა და მიზნის მიღწევის შესაძლებლობის მტკიცედ სჯერათ.
ტიგრანი თავისი ოცნების ასრულებისკენ ისრაფვის. მას სურს ცნობილი და აღიარებული მედუდუკე გახდეს და გიორგი მინასოვს დაემსგავსოს.
ტიგრანი მშვიდი და მორცხვია. ხმაური არ უყვარს კი. დედის მარინა პეტროსიანის თქმით, პატარა ტიგრანი საბავშვო ბაღში არ წავიდა, რადგან იქ ხმაური იყო და ბავშვები ერთმანეთთან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
მეგობარი გოგონა ჯერ არ ჰყავს. ამბობს, რომ მისთვის მთავარი გოგონას გარეგნობაა, შემდეგ ხასიათი, თუ გოგონა მოეწონა, ხასიათი კი მთლად მისაღები არ აღმოჩნდა, უკან არ დაიხევს, `აღვზრდით~, - ამბობს ტიგრანი.
იგი ოჯახში ყველაზე პატარაა და ორი და ჰყავს. თუმცა ტიგრანს უნდა, რომ უფროსი იყოს და დები მას უჯერებდნენ.
თავისუფალ დროს ტიგრანი გარეთ, მეგობრებთან ერთად ან სახლში, კომპიუტერის წინ ატარებს. მეგობრებში ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს. სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულია, მაგრამ იშვიათად შედის და ამბობს, რომ იქ მისთვის საინტერესო არაფერია.
14 წლის მოზარდს ადამიანების შეცვლა უნდა, იმისათვის რომ ისინი უფრო კეთილები გახდნენ და არავისი შურდეთ. ამბობს, რომ უგრძვნია, მისი როგორ შურდათ, მაგრამ ამ ადამიანებისადმი არაფერს განიცდიდა, არც სიბრალულს და არც ზიზღს, უბრალოდ, უნდოდა, არ შეშურებოდათ. საშუალება რომ ქონდეს, ტიგრანი თავის ქალაქს გაალამაზებდა.
[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]