
2000 წლის 18 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში დაიბადა. ხატვისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე შეამჩნიეს და ოჯახმა საცხოვრებლად ახალციხეში გადასვლა გადაწყვიტა.
”მონდომებული ბავშვი იყო, სოფელში კი გასაქანი არ გვქონდა, ამიტომ ახალციხეში წამოვედით და მას შემდეგ ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო განვითარებაში”, - გვეუბნება გვანცას დედა.
საუბარს გვანცა აგრძელებს. იხსენებს, რომ საბავშვო ბაღში მისი ნახატები პირველი ეკიდა: ”კარგად ვხატავდი და ბაღში ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახატები”.
ხატვისადმი სიყვარული არც სკოლის პერიოდში განელებია. პირველკლასელი გოგონა ხატვასთან ერთად, კარგადაც წერდა. გამორჩეული კალიგრაფიის გამო სიგელიც აქვს მიღებული.
ამბობს, რომ სამყაროსადმი დამოკიდებულება ხშირად ეცვლება და შესაბამისად, ნახატების თემაც იცვლება: ”თავიდან ბავშვებს ვხატავდი, ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი მუზა არაერთი ბავშვი გამხდარა”.
გვანცა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში, მე-7 კლასში სწავლობს. ამბობს, რომ კარგი მოსწავლეა. მესამე კლასიდან ახალციხის სამხატვრო სკოლაში დაიწყო სიარული: ”იქ მივხვდი, რომ თურმე რასაც მანამდე ვხატავდი, დაბალი დონის ყოფილა. ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ სკოლამ”.
ამბობს, რომ აქ სწავლის პერიოდში ბევრჯერ შეეცვალა გემოვნება და ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია: ”ერთადერთი ზეთებში არ დამიხატავს და ამ ზაფხულს მაგასაც ვაპირებ. ყველაფერში მოვსინჯე ჩემი თავი. ვხატავ პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს და ვცდილობ თითოეულ მათგანში ჩემი სამყარო ჩავაქსოვო”.
ამბობს, რომ ნამუშევარს მხატვრის ხასიათი ემჩნევა: ”რაც არ უნდა მხიარულ ფერებში ვხატო, თუ ცუდ განწყობაზე ვარ, მაინც ცუდი ნახატი გამომდის. ხშირად კარგ ხასიათზე მყოფს, მუქ ფერებშიც არაჩვეულებრივი ნახატი დამიხატავს”.
ფერები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ”ჩემი საყვარელი მხატვრები პიკასო და ვინსენტ ვან გოგი არიან. სწორედ იმის გამო, რომ ისინი კარგად ახერხებდნენ მრავალი ფერის ერთ ფერად ქცევას. სათქმელს ფერებით გამოხატავდნენ”.
საუბარს გვანცას ხასიათზე ვაგრძელებთ. ამბობს, რომ დადებით თვისებად პასუხისმგებლობის გრძნობას მიიჩნევს, უარყოფითად კი ემოციურობას. სუბარში გვანცას დედა ერთვება: ”ბავშვობაშიც ძალიან ემოციური იყო. 2-3 წლის ასაკშიც კი დიდების პრობლემებს ძალიან განიცდიდა. სულ ვფიქრობდი, თავისი ემოცია სადმე თუ არ გადაიტანა, არ შეიძლება მეთქი”. დედა არ შემცდარა. გოგონამ საკუთარი ემოციები ფურცლებს გაანდო.
ამბობს, რომ ჩარჩოებს ვერ ეგუება: ”როდესაც მეუბნებიან, ეს უნდა დახატო ან დაწეროო, ვერ ვაკეთებ ისე. მიყვარს თავისუფლება და როდესაც თავისუფლებას მანიჭებენ, უფრო კარგად გამომდის ყველაფერი”.
მის ყველა ნამუშევარს ინდივიდუალიზმი ემჩნევა. დედა იხსენებს, რომ ერთხელ სამხატვრო სკოლაში მისულმა საოცარი რამ ნახა: ”ბავშვები რაღაც ნატურმორტს ხატავდნენ, წინ ედგათ და ყველა იმის მიხედვით ხატავდა. ხატვა რომ დაასრულეს, ყველა ნახატი ერთნაირი იყო, მარტო გვანცასი იყო განსხვავებული”.
”არ მიყვარს, როდესაც ჩემი ნამუშევარი ვიღაცისას ემსგავსება. ყოველთვის ვცდილობ ჩემი შტრიხი ჩავდო”,- საუბარში ერთვება გვანცა.
საუბრის პარალელურად, მის ნახატებს ვათვალიერებ. ნახატებიდან მომზირალ ადამიანებს კეთილი ცისფერი თვალები აქვთ. ერთ-ერთ პორტრეტს გვანცას დას ვამსგავსებ, არც შევმცდარვარ. ”ეს ჩემი დაა. სიურპრიზი გავუკეთე და დაბადების დღეზე ვაჩუქე მისი პორტრეტი, ძალიან მოეწონა”, - გვიხსნის ღიმილით გვანცა.
მისი სხვა ნახატებიც ყველასთვის სიურპრიზია: ”არავინ იცის რას ვხატავ. როდესაც დავასრულებ, მაშინ ვაჩვენებ ხოლმე ყველას”.
ასევე ყველასათვის უცნობია გოგონას სამყაროც: ”უამრავი მეგობარი მყავს, თუმცა მაინც საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი. ჩემს ემოციებს ადამიანებს ვერ ვუზიარებ. ნახატებით ვამბობ ყველაფერს”.
მხატვრობის პარალელურად, პოეზიითა და მუსიკითაც არის გატაცებული. ლექსების წერა ორი წლის წინ დაიწყო. მისი ლექსები მისი ოცნებისა და ფანტაზიის ერთგვარი გამოძახილია. ვთხოვეთ, რამდენიმე ლექსი ჩვენთვის წაეკითხა. ლექსებში ხატვისადმი სიყვარულიც შეიმჩნევა: ”ხშირად ლექსიც და ნახატიც ერთ თემატიკას ეძღვნება. მაგალითად, ერთ ლექსზე მოგვიანებით ნახატი დავხატე” .
მუსიკისადმი სიყვარულითაც პატარა ასაკიდან გამოირჩევა: ”მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობ. ძალიან მიყვარს მუსიკაც. რამდენჯერმე მუსიკის შექმნის მცდელობაც მქონდა”.
ცოტათი დაბნეული ვეკითხები ხელოვნების რომელ სფეროში ხედავს საკუთარ თავს. კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.
”ჯერ არ ვიცი სად ვიქნები მომავალში, თუმცა ზუსტად ვიცი, ხატვას არასოდეს დავანებებ თავს”, - მტკიცედ გვეუბნება გვანცა.
[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]