FM97.5 / LIVE

'ოცნებიდან' მოსული საკრებულოს თავმჯდომარე 'ოცნებას' უპირისპირდება

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 11.06.2014
„ოცნებიდან“ მოსული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩევნებში კენჭს ზურაბიშვილის პარტიიდან იყრის; რატომ დასჯერდა უბნის მაჟორიტარის კანდიდატობას ოლეგ სანდროშვილი და რატომ ადანაშაულებს „ოცნების“ მერობის კანდიდატი მას საბოტაჟში; რა კავშირშია მომხდართან ახალციხის ყოფილი გამგებელი და რატომაა საიდუმლო ვინ არიან სანდროშვილის მტრები და მეგობრები;

'ოცნებიდან' მოსული საკრებულოს თავმჯდომარე 'ოცნებას' უპირისპირდება
რატომ დატოვა სანდროშვილმა კოალიცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დაინიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზიდან“ იყრის.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებული კოალიციის წარმომადგენელმა პარტია „კონსერვატორები“ დატოვა და ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, მას ამჯერად ქალაქის პირველი პირობა აღარ სურს. იგი კენჭს N37/01/03 უბანზე მაჟორიტარ დეპუტატად იყრის.

„ვცდილობ ჩემი გავიტანო, თუ ამას ვერ ვაკეთებ, მაშინ იქ უკვე ჩემი ადგილი აღარ არის“, - ასე ხსნის სანდროშვილი იმ მიზეზს, რის გამოც 7 წლის მერე პარტია „კონსერვატორები“ დატოვა.

სანდროშვილს „თავისი მაშინ არ გაატანინეს“, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად, 2012 წლის დეკემბერში ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა.

„ჩემგან იმას ითხოვდნენ, რაც არასწორად მიმაჩნდა, - ამბობს სანდროშვილი და ამატებს, - მაშინ კოალიციის იმ წევრებთან, რომლებსაც პარტიული თანამდებობები ეკავათ, რაღაც–რაღაცეებში ვერ შევთანხმდი. კოალიცია პირდაპირ ხომ არ იმოქმედებდა ჩემზე, ამიტომ იმ პარტიით უნდა ემოქმედათ, რომელშიც ვიყავი“.

მისი თქმით, ამის გამო „კონსერვატიული“ პარტიის წარმომადგენლებს იძულების წესით მასთან რაღაცეების გარკვევა მოუხდათ: „ამან გამოიწვია ჩემი პროტესტი და პარტიიდან წამოვედი. წელიწადნახევრის განმავლობაში უპარტიო ვიყავი“.

რა აიძულეს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერებმა სანდროშვილს, ამის გარკვევა „სამხრეთის კარიბჭემ“ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერთან ზვიად ძიძიგურთან სცადა, თუმცა ამაოდ. მან „სამხრეთის კარიბჭის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მისი თანაშემწე კი 4 დღის განმავლობაში „ძიძიგურის მოუცლელობის გამო ვერაფერში დაგვეხმარა“.

სანდროშვილი კი ირწმუნება , რომ ხითარიშვილის გამგებლად დანიშვნამდე, პარტიის ხელმძღვანელებთან არასდროს არანაირი უთანხმოება არ ჰქონია: „ეს პირველი შემთხვევა იყო. ხითარიშვილთანაც გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი ყოველთვის“.

რატომ ჰქონდათ უთანხმოება სანდროშვილსა და ყოფილ გამგებელს

სანდროშვილთან რომ კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, ამაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ხითარიშვილიც საუბრობს: „რა უთანხმოება უნდა ჰქონოდა სანდროშვილს მისი გუნდის წევრის გამგებლად დანიშვნის გამო ხელისუფლებასთან?! ან კიდევ თავის თავზე ბევრს რატომ იღებს?! საკრებულო ვისაც აირჩევდა, გამგებლად ის დაინიშნებოდა, მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ ის სხვების წინაშე იყო რაღაცით დავალებული, სხვებთან ჰქონდა რაღაც გასათვალისწინებელი და ახლა თავის გადარჩენის მიზნით ღობე-ყორეს ედება“.

ვინ იყვნენ „სხვები“, ხითარიშვილისთვის ნათელი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სანდროშვილის ანგარიშზე ჩარიცხული 123,000 ლარის საბანკო ამონაწერი ნახა.

'ოცნებიდან' მოსული საკრებულოს თავმჯდომარე 'ოცნებას' უპირისპირდება „4 წლის განმავლობაში მარეგულირებელი კომისია მას სოლიდურ თანხას უხდიდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილის მთავრობის დროს შეიძლებოდა ეს ვინმესთვის გარკევული სამსახურის გაწევის გარეშე გაეკეთებინათ “, - ამბობს ხითარიშვილი.
„სამხრეთის კარიბჭემ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოითხოვა, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

ხითარიშვილი კი ამბობს, რომ მაშინ, როცა სანდროშვილთან ამ თემაზე ილაპარაკა, მას აღნიშნული არ უარყვია: „მითხრა, რატომ გამიკეთე ესო“.

სანდროშვილს „ოცნების“ მერობის კანდიდატი საბოტაჟში ადანაშაულებს

„ნაციონალებთან“ გარიგებაში სანდროშვილს კოალიციის სხვა წარმომადგენლებიც ადანაშაულებდნენ. ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა მმართველ გუნდში განწყობა სანდროშვილის მიმართ არც მას მერე შეცვლილა.

'ოცნებიდან' მოსული საკრებულოს თავმჯდომარე 'ოცნებას' უპირისპირდება ამჯერად კი სანდროშვილს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ადანაშაულებს საბოტაჟში: „სამ მილიონზე მეტი თანხაა პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი, მაგრამ არ ხარჯავენ. არჩევნები მოდის და არ უნდათ გამოჩნდეს, რომ „ოცნების“ მთავრობა ქვეყანაში საქმეს აკეთებს“.

„მე ვაწყობ საბოტაჟს?! გამგებელი უსაფუძვლოდ გადააყენეს. მერე მე დამიწყეს დევნა თანამშრომლების დაჭერებით! გია კოპაძე ჭორაობს“, - აცხადებს სანდროშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკოსი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ,როგორ ხორციელდება ესა თუ ის პროექტი, ასეთ რაღაცას არ უნდა ამბობდეს: „ამ თანხით მუნიციპალიტეტში 6 პროექტი ხორციელდება, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ბაღები გავარემონტეთ. საინტერესოა კოპაძემ რა გააკეთა, როცა ქალაქის მერი იყო?!“

მტრები და მეგობრები

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან, 2012 წელს, მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოდნენ, არსად ჩანდნენ, ახლა კი „სავსე ორმოს“ შეესივნენ: „მე კი ხელისუფლებაში მყოფი ის პირები დამიპირისპირდნენ, ვისაც თვალში არ მოვდივარ იმიტომ, რომ ვარ დამოუკიდებელი და საქმეს ისე ვაკეთებ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“.

სანდროშვილს რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები უპირისპირდებოდნენ, ამის შესახებ მან ღიად მაშინ განაცხადა, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომლები დააკავეს. თუმცა, მათ ვინაობას იგი არც მაშინ ამჟღავნებდა და დაკონკრეტებისგან ახლაც თავს იკავებს.

ერთადერთი ადამიანი, ვისი სახელი და გვარიც ამ კონტექსტში გაჟღერდა, გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილია.

'ოცნებიდან' მოსული საკრებულოს თავმჯდომარე 'ოცნებას' უპირისპირდება კაჭკაჭაშვილი რომ სანდროშვილს უპირისპირდება, ამის შესახებ „ახალციხის ციხის“ დირექტორის თანაშემწემ ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა: „ავთოს ფირმა ერთ-ერთ ტენდერში მონაწილეობას ღებულობდა, მას კომისიამ ხარვეზების გამოსწორება სთხოვა, მაგრამ არ გაითვალისწინა. ავთომ სანდროშვილს ორი კაცი მიუგზავნა და შეუთვალა, რომ რაღაცეებზე თვალები დაეხუჭა, ეს სანდროშვილმა არ გააკეთა და ამის შემდეგ დაუპირისპირდა“.

მიუხედავად ამირეჯიბის განცხადებისა, არც სანდროშვილი და არც კაჭკაჭაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებენ.

„ვიცი ის ადამიანები, ვინც ჩემს წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ ყველაფრის თქმა არ შეიძლება, არ მინდა ვიღაცეებს პირადად დავუპირისპირდე“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ისევე, როგორც მტრების, სანდროშვილი მეგობრების ვინაობასაც ასაიდუმლოებს. მისი თქმით, მას „ოცნებაშიც“ და „ნაციონალებშიც“ ბევრი მეგობარი ჰყავს.

„ნაციონალებთან“ ძალიან ბევრი საუკეთესო მეგობარი მყავს, ისეთები, სიცოცხლესაც რომ ვანაცვალებ, მაგრამ მეგობრობა სხვა რამაა და პოლიტიკა სხვა, - ამბობს იგი და ამატებს, - ვერ ვიტყვი ვინ არიან ისინი, რადგან ახლა ამას სულ სხვანაირად გამოიყენებენ. ვიღაცეები სერიოზულად არიან დაინტერესებული, რომ სანდროშვილი პოლიტიკას ჩამოაშორონ, ვისაც დღეს პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია აქვს, ყველასთან შედარებით ძლიერი პოლიტიკოსი ვარ და იმიტომ“.

რატომ მაჟორიტარად და არა ქალაქის მერად, ან გამგებლად?

კითხვაზე, თუ ყველაზე ძლიერია, რატომ არ უწევს ღირსეულ კონკურენციას ქალაქის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს და რატომ არჩია კენჭის ყრა უბნის მაჟორიტარად, გვპასუხობს: „აღარ მაქვს საქმის კეთების სურვილი. დავიღალე პოლიტიკური სიბინძურით. მინდა, რომ მაგალითად გიორგი კოპაძე მოვიდეს სათავეში, ჯერ იმის თავი თუ აქვს, რომ გაიმარჯვოს და მერე მე დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, თვითონ რას გააკეთებს“.

სანდროშვილის თქმით, საკრებულოში მას მეტი კონტროლის მექანიზმი და ასევე იმის საშუალება ექნება, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიონ.

N37/01/03 უბანზე სანდროშვილს 4 კონკურენტი ჰყავს, თუმცა ფიქრობს, რომ მათ შორის ღირსეულ კონკურენციას „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე გაუწევს.

ვის აირჩევს ხალხი 15 ივნისის შემდეგ გაირკვევა, ახლა კი „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ ქუჩაში გამოკითხული 13 ამომრჩევლიდან ერთი აცხადებს, რომ სანდროშვილს უჭერს მხარს, 4 ამბობს, რომ მას ხმას არ მისცემს, დანარჩენები კი პოზიციას არ აფიქსირებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სანდროშვილი ოპოზიციაში ყოფნისას ხელფასს მარეგულირებელი კომისიიდან იღებდა
ოლეგ სანდროშვილი: „სახლში მივდივარ“
სანდროშვილის პასუხი ”ოცნების” წევრებს
პოლიტიკა კულტურის ნაცვლად
დაპირისპირება ”ოცნებაში” შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
ხმაური ახალციხის საკრებულოში
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა