FM97.5 / LIVE

სადაზღვევო მონოპოლია ბენეფიციარების უფლებებს არღვევს

მთავარისაზოგადოება 02.07.2012
რა მიზეზით ეთქვა უარი ხუთლარიან სისხლის ანალიზზე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს. არღვევს თუ არა, ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემა, ადამიანის უფლებას, თავად გააკეთოს არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის საკითხში

სადაზღვევო მონოპოლია ბენეფიციარების უფლებებს არღვევს

ახალციხეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარინა გელაშვილს, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში, ბავშვისთვის 5-ლარიანი სისხლის ანალიზის გაეკეთებაზე უარი უთხრეს.

- “18 წლის გოგონა მყავს. ფილტვების ანთება ჰქონდა. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ სუსტად იყო, გულიც წაუვიდა, შემეშინდა და უბნის ექიმს სისხლის ანალიზის გაკეთება ვთხოვე”, - გვიამბობს მარინა გელაშვილი, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, სადაზღვევო კომპანია “იმედი-ელ”-ის მომსახურებით სარგებლობს.

მისი თქმით, ანალიზი რომ გაეკეთებინა, უბნის ექიმმა მიმართვის დაწერაზე უარი სამჯერ, სხვადასხვა მიზეზით უთხრა: “ბოლოს გამომიცხადა, შენი შვილი უკვე კარგად არის, არაფრის გაკეთება აღარ სჭირდებაო”.

მარინა გელაშვილის შვილს რომ ფილტვების ანთება ჰქონდა, თერაპევტი ნინო ჩიტაძეც გვიდასტურებს: “გოგონას ვირუსული ინფექცია ჰქონდა., გართულებული ბრონქო-პლევმონიით. გავსინჯეთ, გავუკეთეთ ანალიზი, მივეცით დანიშნულება და ბინაზე მკურნალობდა. ვიზიტების რაოდენობა შეუზღუდავია, ამიტომ რამდენჯერმე მოვიდნენ, გოგონა უკვე გამოჯანმრთელებული იყო”.

ჩიტაძე ადასტურებს, რომ გელაშვილს გოგონასთვის ხუთლარიანი სისხლის ანალიზის გაკეთებაზე უარი უთხრა: “იმისთვის, რომ სისხლის ანალიზი გაეკეთებინა, რაიმე კონკრეტული ჩივილი უნდა ჰქონოდა. გელაშვილმა გვითხრა, რომ ანალიზის გაკეთება უბრალოდ, გადასამოწმებლად უნდოდა. ავუხსენი, რომ თუ ანალიზის გაკეთება გადასამოწმებლად უნდოდა, მაშინ ღირებულება თავად უნდა გადაეხადა”.

ჩიტაძის განმარტებითვე, თუ ექიმს საჭიროდ არ მიაჩნია დაზღვევის გამოყენება, ეს პაციენტის “კაპრიზით” ვერ მოხდება: “ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაიდლაინით და პროტოკოლით, რაც არის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია”.

გელაშვილი, ექიმის მიერ ანალიზზე უარის თქმის მიზეზს სადაზღვევო კომპანიაში შექმნილ პრობლემებსაც უკავშირებს: “ექიმები ამბობენ “იმედი ელი” გაკოტრდა და გვეუბნებიან, თუ ძალიან ცუდად არ არის პაციენტი, მიმართვა არ მისცეთო. ჩვენც 5-6 თვეა ხელფასები არ აგვიღია, იმიტომ რომ “იმედი ელი” ვეღარ გვიხდისო”.

სამცხე-ჯვახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის დავით ზარიძის განცხადებით, თუ “იმედი ელ”-ი რომელიმე სხვა კომპანიას უერთდება, გადახდის ვალდებულება ავტომატურად ახალ კომპანიაზე გადავა: “თუ ის არ აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, მაშინ ეს უკანონობაა”.

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ ინტერნეიშენალის” ახალციხის ფილიალში მისულებს დირექტორის კახა ბერიძის ნაცვლად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფო სიდამონიძე დაგვხვდა: “ბერიძემ გუშინ დატოვა თანამდებობა, მე ვერნაირ კომენტარს ვერ მოგცემთ, ამის შესახებ არანაირი მითითება არ მაქვს”.

რაც შეეხება საავადმყოფოში თვეების განმავლობაში ექიმების უხელფასოდ მუშაობას, ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი დავით მაისურაძე კატეგორიულად გამორიცხავს: “მაისამდე ყველა დავალიანება დაწესებულებას გასტუმრებული აქვს. სადაზღვევო კომპანიას თუ პრობლემები აქვს, ეს ადმინისტრაციის თავისტკივილია და არა თანამშრომლების”.

მაისურაძის განმარტებით, მომავალი თვის ხელფასებიც უკლებლივ გაიცემა, როგორც უმწეოების, ასევე სადაზღვევო კომპნიების, სახელმწიფო პროგრამებისა და შიდა პროგრამების ნაწილშიც.

სერვისით უკმაყოფილო გელაშვილი, სოციალურად დაუცველთა შეზღუდულ უფლებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის სადაზღვეო კომპანიის შერჩევის შესახებ არავის უკითხვას: “მოგვიტანეს “იმედი ელ”-ის დაზღვევა, სხვა კომპანიებზე გვითხრეს, ჩვენი დაფარვის ზონა არააო”.

ის, რომ ბორჯომს აქეთ სოციალურად დაუცველთა დიდი ნაწილი “იმედი ელ”-შია დაზღვეული დათო მაისურაძეც საუბრობს.

სადაზღვევო კომპანიის არჩევასთან დაკავშირებით კი სოციალური სააგენტო გვაცნობებს (¹04/38041), რომ “ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაცუვლეთა ბაზაში და მათთვის მინიჭებული ქულა არ აღემატება 70000-ს, სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებენ იმ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად “სამედიცინო რაიონში” გამოვლენილიან კონკურსში გამარჯვებულად”.

სააგენტოს მონაცემებით, ახალციხეში რეგისტრირებული 6 043 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, “იმედი ელ”-ში 5 793-ია დაზღვეული.

- “მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეგიონებში სადაზღვევო კომპანიები მონოპოლისტურადაა წარმოდგენილი. ეს ცუდია, როგორც მოსახლეობისთვის, რომ ვერ აირჩევს, სხვა სადაზღვევო კომპანიას, ასევე ცუდია საავადმყოფოებისა და მიმწოდებლებისთვისაც, რადგან არც მათ აქვთ საშუალება, ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა დამფინანსებლებთან. ეს კარგი არც თავად კომპანიებისთვისაა, არ ჰყავთ კონკურენტი, რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქრონ”, - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანია და ამატებს, რომ ასე მომსახურების ხარისხი მალე კიდევ უფრო გაუარესდება.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი ქვეყანაში მოშლილ ღირებულებათა სისტემაზე საუბრობს: “მთავარი სამიზნე სახელმწიფოსთვის არის არა ადამიანი, არამედ ფინანსები და ფული. ეს ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე მწვავედ ვლინდება”.

- “მაშინ როდესაც ადამიანს არ აქვს უფლება მივიდეს იმ ექიმთან ვისაც ენდობა, ეს არის ადამიანის უფლების დარღვევა, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის საკითხში. ჯანდაცვაში, სადაც ექიმი და პაცინეტი არიან უბრალო ფულის მომხვეჭნი და ჩამბარებელნი და არა მომრჩენი და მოსარჩენი, ბუნებრივია ვერ ვილაპარაკებთ რაიმე კანონზომიერებაზე. ეს არის ადამიანის წიანააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედება”, - აცხადებს ცისკარიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან
წინასაარჩევნოდ  გააქტიურებული დაზღვევის თემა

ანაზღაურება ზარალისთანავე - ალდაგის ახალი აგროდაზღვევა ®
ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 500,000 ლარს გამოყოფს ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციოდ