FM97.5 / LIVE

13-წლიანი სამეზობლო დავა

მთავარისამართალი 14.02.2014
13-წლიანი დავა მეზობლებს შორის ფართის გაყოფაზე და 20-მდე სასამართლო პროცესი; ბორჯომში, 9 აპრილის N38-ში მცხოვრები ორი ოჯახი წლებია ერთმანეთს სასამართლოთი უპირისპირდება, საქმე უკვე სააპელაციოშია.

13-წლიანი სამეზობლო დავა
9 აპრილის N38-ში მდებარე ორსართულიანი ბინა, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აშენდა. ბინა კომუნალური იყო და ქალაქის საბჭომ ის ოჯახები შეასახლა, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი არ ჰქონდათ. ამჟამად აღნიშნული ბინა ორ ოჯახს ბაქრაძეებსა და სარალიძეებს ეკუთვნის. მათი საბინაო დავა 13 წლის წინ დაიწყო, მეზობლები ფართს ვერ იყოფენ.

საქმე N1 - ბაქრაძისა და შენგელიას დავა

87 წლის გივი ბაქრაძე 9 აპრილის N38-ში, ოჯახთან ერთად, 1961 წლიდან ცხოვრობს. ბაქრაძე გვიამბობს, რომ 1964 წელს ამ ბინაში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. პირველ სართულზე - ლუბა პანდელოვა და თამარ შენგელია, მეორეზე - ბაქრაძეები და ვალენტინა თაბუნიძე.

13-წლიანი სამეზობლო დავა1985 წელს ლუბა პანდელოვა, რომელსაც 75 კვ.მ ფართი ეკავა, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მისი ოთახები კი იმავე სართულზე მცხოვრებმა შენგელიებმა შეიერთეს, რომლებიც მანამდე 18 კვ.მ ფართს ფლობდნენ.

თამარ შენგელიამ ქალაქის საბჭოს გაფართოების მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასთან საცხოვრებლად მისი დისშვილი ჯოტო სარალიძე გადავიდა და მისი დაოჯახების შემდეგ, კუთვნილ 18 კვადრატში ვეღარ ეტეოდნენ.

გივი ბაქრაძემ ჯოტო სარალიძის დეიდასთან საცხოვრებლად გადასვლა თავიდანვე გააპროტესტა. იგი ფიქრობდა, რომ სარალიძე უკანონოდ ჩაეწერა და ამიტომ საჩივრით პროკურატურას მიმართა.

„ქვაბისხეველი ჯოტო სარალიძე 15 წლის ასაკში გადმოვიდა დეიდასთან საცხოვრებლად და ჩაეწერა, როგორც მზრუნველი. მაგრამ, რადგან მისი დეიდა იყო ექთანი,არ სჭირდებოდა მზრუნველი, ამიტომ გავასაჩივრეთ. ამასობაში მან ცოლ-შვილიც ჩაიწერა. მაშინდელმა აღმასკომმა სესიაზე განიხილა და გააუქმა ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილება, დაავალეს გამოსახლება“, - იხსენებს გივი ბაქრაძე და ამატებს, რომ სარალიძემ საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ იგი მაინც დატოვეს ბინაში: „ხელმეორედ განიხილეს და ისე გააკეთეს, რომ ვითომ აქ გაიზარდა.სასამართლომ დატოვა ბინაში, მაგრამ აღმასკომის გადაწყვეტილებით, ბინა მაინც ჩამორთმეული აქვს“.

საქმე N1 - ბაქრაძისა და თაბუნიძის დავა

გივი ბაქრაძეს სამართლებრივი დავა მეორე სართულზე, მის მეზობლად მცხოვრებ ვალენტინა თაბუნიძესთანაც ჰქონდა.

13-წლიანი სამეზობლო დავაიგი ამბობს, რომ თაბუნიძის ადგილას, მანამდე, მის მეზობლად, მაისაკაია ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1983 წელს, თამარ თაბუნიძე შეასახლეს, რომელიც მისივე თქმით მანამდეც უკანონოდ, ჩაუწერავად ცხოვრობდა ამავე სახლის პირველ სართულზე.

„ჩვენი ბინა არაიზოლირებულია და გასასვლელი კარები ოთახებში გადის. რადგან მე რევიზორად ვმუშაობდი, ვიცოდი რა იყო იზოლირებული და არაიზოლირებული. სასამართლოს დასკვნაც მეჭირა, რომ იყო არაიზოლირებული, თუმცა თაბუნიძე მაინც შემომისახლეს. ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, მას რიგით 241-ეს უნდა მიეღო ბინა, მაგრამ საქმე ჩააწყო და ამიტომ შემომისახლეს“, -ამბობს ბაქრაძე.

თაბუნიძეს მეორე სართულის გარდა ერთი ოთახი პირველ სართულზეც ეკავა, რომელსაც სათავსოდ ხმარობდა. 12-წლიანი დავის შემდეგ, თაბუნიძეს ალტერნატიული ფართი სხვა შენობაში გამოუყვეს და ის ფართი, რასაც 9 აპრილის N38-ში ფლობდა, 1994 წელს გივი ბაქრაძეს გადასცეს.

2001 წლიდან გაგრძელებული ბაქრაძისა და სარალიძის დავა

13-წლიანი სამეზობლო დავა2001 წელს სასამართლოს ამჯერად ჯოტო სარალიძემ და მისმა დეიდამ თამარ შენგელიამ მიმართეს. ამჯერად ისინი ბაქრაძეს იმ ფართს ედავებოდნენ, რაც მას თაბუნიძესთან მოგებული დავის შემდეგ ერგო.

2007 წელს, თამარ შენგელაიას გარდაცვალების შემდეგ, სასამართლოში დავა ჯოტო სარალიძემ განაგრძო, რომელსაც ქონება ანდერძით გადაეცა.

„არ ვიცი როგორ მაგრამ, ნასყიდობის ფურცელში მის კუთვნილ ფართად ½ ჩაუწერიათ. უჩიოდნენ გამგეობასაც და კეთილმოწყობის კომბინატსაც, რომ ბაქრაძეს რომ მიეცით დაბლა ერთი ოთახი, ის ჩვენ გვეკუთნოდა და მაღლა ორი ოთახიც ჩვენი საკუთრებააო. მაშინ წილობრივად ბინები არ იყიდებოდა, ბინები იყიდებოდა ფართით. რაც მათ ეკუთვნოდათ მხოლოდ 18 კვ.მ იყო, დანარჩენი უკანონოდ მიისაკუთრეს. მე რომ პრივატიზაცია გავაკეთე, ხელშეკრულებით გადმომეცა ეს ბინები უფასოდ, იმისთვის კი გადაუხდევინებიათ 5265 ლარი“, - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძე იხსენებს, რომ პირველად სასამართლოში 2009 წელს დაიბარეს, მაშინ მოსამართლე ნელი ღონღაძე იყო. მაშინ მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, როგორც უსაფუძვლო და ხანდაზმული საქმე.

13-წლიანი სამეზობლო დავა„მას შემდეგ რამდენჯერმე იჩივლა კიდევ. დაიქირავა აუდიტი, შეადგინა ყალბი ნახაზები და წარმოადგინა, როგორც ახალი გარემოება. ამასობაში 13 წელი გავიდა და ჩვენი საქმე არაერთ სასამართლოში განიხილეს. ბოლოს კი სააპელაციო სასამართლოში უჩივლია და 11 თებერვალს ვარ დაბარებული. 85 წლის ვარ, იმდენი მანერვიულეს ორჯერ ინფარქტი გადავიტანე, 13 წელია სასამართლოდან სასამართლოში დავდივარ, ადვოკატიც ვერ ამიყვანია, ჩემს მაგივრად რომ იაროს. პენსიის მეტი შემოსავალი არ გვაქვს“, - ამბობს ბაქრაძე.

ჯოტო სარალიძე: ბაქრაძე უსაფუძვლოდ მადანაშაულებს

ჯოტო სარალიძე ამბობს, რომ დეიდასთან საცხოვრებლად 1951 წელს გადავიდა. ბორჯომში დაამთავრა სკოლაც და ტექნიკუმიც. აღნიშნულ სახლში მოიყვანა ცოლი და შეეძინა სამი შვილი. გაფართოებამდე დეიდასთან და ცოლ-შვილთან ერთად 18 კვ.მ ფართში ცხოვრობდნენ. მისი თქმით, მათი გაფართოება კანონიერი იყო და გივი ბაქრაძე მას უსაფძვლოდ ადანაშაულებდა.

„რადგან ძალიან პატარა ფართი გვეკავა, განცხადება გვქონდა შეტანილი და აღრიცხვაზე ვიყავით. გათავისუფლებული ბინა საქალაქო საბჭომ 1986 წელს, ორდერით გადმოგვცა. მე უკვე 1984 წელს ბინაში ჩაწერილი ვიყავი. ბაქრაძემ კი იჩივლა და ბრალი დაგვდო, რომ არ ვიყავი თამარ შენგელიას დისშვილი და უცხო კაცის, თანაც სხვა სქესის ჩაწერა არ შეიძლებოდა. ჩივილის შემდეგ, საქალაქო საბჭომ და კომუნალურ საწარმოთა კომბინატმა ყველანაირი დადგენილებები გააუქმეს და პროკურატურამ გამომიტანა გამოსახლება სხვა სადგომის მიუცემლად“, - იხსენებს ჯოტო სარალიძე და ამატებს, რომ საპასუხოდ მან სასამართლოში შეიტანა განცხადება და საბოლოოდ ბინაში დარჩენის ნებართვა მიიღო: „მაბრალებდნენ, რომ კარი შევამტვრიე და ისე დავიკავე ფართი. მოსამართლემ მოითხოვა ადგილზე დათვალიერება, 20 კაციანი კომისია გამოაგზავნეს, ყველანი დარწმუნდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავრჩენილიყავი“.

13-წლიანი სამეზობლო დავასარალიძე ბინის შესყიდვის ამბავსაც გვიამბობს. იგი ამბობს, რომ მან 1989 წელს სახლის ½ კანონიერად შეისყიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომუნალური ბინები, რომლის შენახვაც სახელმწიფოსთვის ძვირი იყო, მოსახლეობისთვის მიეყიდათ: „სახლი მთლიანად 10.430 მანეთად იყო შეფასებული და მე ერთი მეორედი გადავიხადე. სულაც არ მიმითითებია, რომ ოთახები მეორე სართულზე მოეცათ. გადაწყვეტილება ერთი მეორედის გაყიდვის შესახებ და ფართის ამგვარი განაწილების, მე კი არ მიმიღია, მიიღო რაიაღმასკომმა“.

როგორც სარალიძე განმარტავს, რადგან მეორე სართულზე ბაქრაძე ოჯახით ცხოვრობდა, გადაწყვიტა მის მიერ მეორე სართულზე შესყიდულ ოთახებზე უარი თქვა.

„ნამუსმა არ გამიჭრა, რომ მეორე სართულზე ავსულიყავი. მოვიყვანე კომისია, რაიაღმასკომის წარმომადგენლები, ქალაქის მერი, არქიტექტორი, ტექ-ბიუროს უფროსი და ვუთხარი არ მინდა ზემოთ-თქო. ერთ ოთახს ავიღებ-მეთქი. სახლმმართველმა დალუქა ოთახი“, - იხსენებს სარალიძე და ამბობს, რომ ამ პერიოდში, 1994 წელს, მას საცხოვრებლად ბორჯომიდან თბილისში წასვლა მოუხდა, რადგან მისი შვილს მკურნალობა და სპეციალური სასწავლებელი სჭირდებოდა, - „საბოლოოდ, ეს ერთი ოთახი მათ დაიკავეს და ახლა ზაფხულობით აქირავებენ. პერიოდულად ვახსენებდი, რომ ოთახი დაეცალათ, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე. ჩემს სიკეთეს ბოროტად იყენებს და ახლა ეზოს გაყოფაზე სასამართლოში მიჩივის. დავუთმე, მაგრამ ვერ დამინახეს, ახლა კი ვითხოვ ჩემს კუთვნილ ოთახებს მეორე სართულზე და პირველ სართულზე ერთ ოთახს. ამაში ფული მაქვს გადახდილი“.

დავა ეზოს გამო

მეზობლები ბინის გარდა სასამართლოში ეზოს გაყოფაზეც დავობენ. ეს საქმეც ამ დრომდე სასამართლოშია.

„სასამართლოში განცხადება შეიტანა ეზოს გამიჯვნაზე და მოითხოვა ორი მესამედი წილი, ფასადის მხრიდან. უარი უთხრეს. შემდეგ მიჩივლა კულტურის სამინისტროში, სახლის ფასადი დაანგრია და ეზოში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებსო. რადგან შენობაც და ეზოც კულტურის სამინისტროს უძრავ ძეგლთა ნუსხაშია, შემექმნა პრობლემები. სამინისტროდან მომწერეს, კულტურის ძეგლს შეეხეთ და თუ პირვანდელ სახეს არ აღადგენთ, დაჯარიმდებითო. შუშაბანდი იმიტომ მოვშალე, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა ეზოში მოსიარულეებს. კაპიტალურად აღვადგინე. რაც შეეხება ეზოს, იქ არაფერს არ ვაშენებდი“, - ამბობს სარალიძე.

13-წლიანი სამეზობლო დავა საწინააღმდეგოს გვიყვება გივი ბაქრაძე. იგი ამბობს, რომ ჯოტო სარალიძემ ეზოში გარდა იმისა, რომ მშენებლობას აწარმოებდა, დაჭრა ხეებიც: „ვიჩივლე და დაახლოებით ორი წლის წინ, საქმე სააღსრულებლო ბიუროში იყო გადაცემული. რატომ არ მოიყვანეს სისრულეში, არ ვიცი. გამგეობასაც მივწერე, ეს კაცი უნებართვო საქმიანობას აწარმეობს-მეთქი და იქ განმიმარტეს, რომ ეს ტერიტორია ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მას მიმართეთო. სამინისტროს 2013 წლის სექტემბერში მივმართე. ინსპექციის უფროსი ნიკოლოზ ანთიძე ჩამოვიდა. ეს იყო 28 ოქტემბერს. აზომა სურათები გადაუღო და მოწერა გაფრთხილება, რომ ეს არის ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთვნილება, გავალებთ დაუბრუნეთ პირვანდელ მდგომარეობასო. ამაზე რა პასუხია არ ვიცი, უკვე მესამე თვე გავიდა“.

ვითარების გარკვევა „სამხრეთის კარიბჭემ“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სცადა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მათთან არასწორად ვრეკავდით: „მსგავსი კითხვით თქვენს გარდა არავის მოუმართავს. არც იმ დაზარალებულ მოსახლეს და არც იმ მოსახლეს, რომელსაც შესაძლოა ქმედებების ჩადენა უნდოდეს საკუთარ სახლზე“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ჯოტო სარალიძის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა მან მოუცლელობა მოიმიზეზა, მოგვიანებით კი ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

როგორ განვითარდება მოვლენები და ვის გაამართლებს სასამართლო, ჯერ უცნობია. 2001 წლის შემდეგ 20-მდე სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესები თბილისში, ხაშურში, ბორჯომსა და ახალციხეში იმართებოდა. მორიგი პროცესი თბილისში, სააპელაციო სასამართლოში, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაიმართება.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაუსრულებელი საბინაო დავა ბორჯომში
20-წლიანი უშედეგო ბრძოლა ბინის დასაკანონებლად
‘ასპინძის მერსაც ვუჩივლებ და მოადგილესაც’ -  თეა ხარაიშვილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს
ხორავას ქუჩის საქმე – ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს
მეზობლების დავა  შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
ზაზა სარალიძე პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ლომჯარია – ‘სარალიძე იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ’