FM97.5 / LIVE

როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 22.09.2020
27 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი ის არქეოლოგია, რომლის ხელმძღვანელობითაც ერთი თვის წინ, ადიგენში, ადრებრინჯაოს ხანის მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ნაპოვნი მასალა უაღრესად მნიშვნელოვანი გამოდგა, თუმცა მისი „მიგნებისთვის“ არც შექებას ელოდება და არც ტაშს. უბრალოდ, უნდა, რომ ისტორია, რომელსაც მიწა ფარავს, არ დაიკარგოს.

როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

გიორგი ახალციხელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. პროფესიის არჩევა არ გასჭირვებია, რადგან არქეოლოგია რომ აინტერესებდა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მიხვდა.

ყველაფერი კი იმ ადგილს უკავშირდება, ახალციხეში „ამირანის გორის“ სახელით რომ იცნობენ: „მეათე კლასში ხელში ჩამივარდა პუბლიკაცია ახალციხის „ამირანის გორაზე“, რომელიც არის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და საბოლოოდ ეს გახდა ინსპირაცია ჩემთვის, რომ გავმხდარიყავი არქეოლოგი. პუბლიკაციაში დეტალურად იყო აღწერილი ამ ძეგლზე ჩატარებული გათხრების შედეგები, აღმოჩენილი მასალა და ა.შ. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქეოლოგიის მიმართულებით“.

სტუდენტის სტატუსით გააცნობიერა, რომ არქეოლოგია უფრო რთული დარგია, ვიდრე წარმოედგინა. იგრძნო იმედგაცრუებაც, თუმცა რეალობაშიც მალევე დაბრუნდა. დღეს ფიქრობს, რომ ეს პროფესია სათანადოდ დაფასებული არ არის.

„ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს არქეოლოგიის შესახებ. ჰგონიათ, რომ უბრალოდ თამაშია, თუმცა რეალურად საბოლოო პროდუქტის მიღება არის ძალიან დიდი შრომა. თუნდაც ისიც საკმარისია, რომ 30 გრადუს სიცხეში გიწევს მუშაობა, ყოველგვარი ჩრდილის გარეშე. ჯილდოს და ტაშს არავისგან ველოდებით, თუმცა ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული არის ის, რომ ეს დარგი საქართველოში მაინც დაუფასებელია“.

საავტორო აღმოჩენა - ნამოსახლარი „ირმის რქაზე“

არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობას ხშირად იღებს. ამიერიდან კი, მისი საავტორო უფლება გავრცელდება ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ არლისა და წარბასთუმნის მიმდებარედ აღმოჩენილ ნამოსახლარზე, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურით თარიღდება. კვლევის შედეგად გამოვლინდა ამ პერიოდის საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები, სამეურნეო ორმოები და არქეოლოგიური მასალა: სადგრის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, თიხის მცირე ზომის ფიგურები, ობსიდიანის, კაჟისა და ქალცედონისაგან დამზადებული ნამგლის ჩასართები და ისრის პირები. ეს აღმოჩენა კი ამ კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა ადიგენის მხარეში.



ახალგაზრდა არქეოლოგი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთი არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მხარეა, თუმცა ნაკლებად შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არქეოლოგიური სამუშაოები მე-20 საუკუნის ადრეული წლებიდან იწყება, გიორგი მიიჩნევს, რომ წარმოდგენა მაინც ზოგადია.

„აქ წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები. მოყოლებული ქვის ხანიდან, გვიან შუასაუკუნეებამდე. ბოლო წლებში არქეოლოგიური სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში უფრო გააქტიურდა. ყოველ წელს სიახლეებია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ორჭოსანის“ ნამოსახლარი, ჭობარეთი, „ზველის რაბათი“, „ირმის რქა“ - ბოლო თვეებში რაც ითხრებოდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა არქეოლოგების მხრიდან დაინტერესება არის, ჩვენს რეგიონში არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ამ დარგს“.

მიუხედავად ამისა, გიორგი წუხს, რომ ამ მხარეში ადგილობრივი არქეოლოგები არ მუშაობენ. მისი სურვილია რეგიონში დამოუკიდებელი არქეოლოგიური სკოლა ფუნქციონირებდეს.

შთაგონების წყარო - „ამირანის გორა“

გორა, რომელმაც მის მომავალ პროფესიაზე მოახდინა გავლენა, დღემდე მნიშვნელოვან ძეგლად რჩება, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე მთელი კავკასიისთვის. გიორგი ამბობს, რომ ეს არის ადგილი, რომელმაც ადრებრინჯაოს ხანის კულტურაზე გარკვეული წარმოდგენები შექმნა. აქ გათხრებით დადასტურდა, რომ 5 000 წლის წინ, ძვ. წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში აქ გორის ფერდზე ადამიანები ცხოვრობდნენ.



საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როცა ექსპედიციაში მუშაობაც ეკრძალებოდა, მუზეუმშიც და ფონდებშიც, ახალგაზრდა არქეოლოგმა გადაწყვიტა ის ადგილები ენახა, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვან არქეოლოგიურ მასალას ინახავდეს: „გამოვიყენე ეს პერიოდი, დამოუკიდებლად დავდიოდი და ძეგლებს ვნახულობდი. უამრავი ნამოსახლარი ვნახე, თუმცა ეს არ იყო სამეცნიერო დაზვერვა. ჩემი მიზანი იყო მენახა ისეთი ძეგლები, რომლებიც არ მქონდა ნანახი. ეს ძეგლები დავაფიქსირეთ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შევა“.

კითხვაზე, არის თუ არა არქეოლოგიის მიმართ სახელმწიფო ინტერესი და მხარდაჭერა, გიორგი ჩილინგარაშვილი გვპასუხობს: „სახელმწიფო ინტერესი არქეოლოგიის მიმართ იზრდება, თუმცა დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ ალბათ. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უცხოელი კოლეგებიც ხშირად საუბრობენ ამ თემაზე, რომ არქეოლოგია, რატომღაც დაუფასებელ დარგად რჩება. ფუფუნებაც არის ალბათ არქეოლოგია, თუმცა აღმოჩენებით თავს რომ ვიწონებთ, ჩვენც უნდა გავიღოთ რამე. ჩემი დამოკიდებულება ასეთია“.

[თაკო ფეიქრიშვილი, შაკო ალავიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული მრავალფენიანი ნამოსახლარი აღმოაჩინეს
სოფელ ზველში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ასპინძაში 'ზველის რაბათზე' არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე -  არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
აღმოჩენა აწყურში
აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან