FM97.5 / LIVE

‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2020
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. გარემოსდამცველები უწყების მიერ გაცემულ იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სამინისტრომ დადებითი პასუხი გასცა.

‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია

„მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.

ბრძანება N2-208 6 მარტს გაიცა.

„ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელებისათვის სხვადასხვა დონის საჯარო უწყებებმა ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა, რაც საფუძველს იძლევა, რომ უკვე ამ ეტაპზე, სასამართლოებში გასაჩივრდეს მინისტრის მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა, ადიგენის საკრებულოს მიერ მიღებული აბასთუმნის გენგეგმა და ასევე საჩივარი იქნას შეტანილი ბერნის კონვენციაში“, - აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.

რა საფრთხეს უქმნის ბუნებას აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ამის შესახებ ორგანიზაციამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
მათი ინფორმაციით, სამინისტრო ვალდებული იყო სკოპინგის ეტაპზევე მიეღო გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. მიუხადავად ამისა, მან თანხმობა გასცა და რამდენიმე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ესენია:

- აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა (ყველა ალტერნატივა) გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ეს ტერიტორია განკუთვნილია ბუნების დაცვისათვის და დაშვებულია მხოლოდ [...]- თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება… ხვნა-თესვა და მუდმივი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსებაც კი დაუშვებელია. საავტომობილო გზის მშენებლობა ვერანაირი კრიტერიუმით ვერ განიხილება ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებად, ეს კანონმდებლობის დარღვევაა.

- კანონმდებლობა კრძალავს დაცული ტერიტორიის შიგნით ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევას და სახის შეცვლას; ასევე, რაიმე მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურებას, რღვევას, დაზიანებას, შეშფოთებას. ნათელია, რომ დაგეგმილი საქმიანობა – აფეთქებების გამოყენებით მთისა და ტყის ეკოსისტემებში საავტომობილო გზის გაყვანა არის უკანონო.

- დაცული ტერიტორიის ფარგლებში იკრძალება ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა. პროექტის მიხედვით, აფეთქებები იწარმოებს მთელი იმ მონაკვეთის სიგრძეზე, რომელიც გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. მხოლოდ ეს კრიტიკული შეუსაბამობაც კი საკმარისი იყო, რომ სამინისტროს პროექტი შეეჩერებინა. თუმცა ნაცვლად ამისა, მან ასაფეთქებელი ნივთიერების მახასიათებლების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა დაავალა პროექტის განმახორციელებელს.

- კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა. ხელუხლებელ ეკოსისტემებში აფეთქებების მეშვეობით გზის გაყვანა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეიწირავს არაერთი იშვიათი სახეობის წარმომადგენელს და გააუარესებს მათ საბინადრო გარემოს.

- პროექტი საქართველოს კონსტიტუციასაც არღვევს, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უგულებელყო გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულება.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ისარგებლა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით, გამოსცა დადგენილება, რომელის მიხედვითაც დაუშვა, რომ პროექტებზე სკოპინგის დასკვნები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები საჯარო განხილვის გარეშე მიიღონ: „იმის ნაცვლად, რომ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობამ საზოგადოების მონაწილეობა შეზღუდა. ამით დაირღვა კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები, რომელთა შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია კონსტიტუციის 71-ე მუხლით“.

„მწვანე ალტერნატივაში“ მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის „ექსპერიმენტული“ პროექტისთვის მთავრობა გადაწყვეტილებებს უკანონოდ ერთიმეორეზე მიყოლებით იღებს, თუმცა ერთი, რაც მათ ხელს უშლის საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაა, რადგანაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი, სადაც შემოვლითი გზა უნდა გავიდეს, ბერნის კონვენციის ეგიდით შექმნილ „ზურმუხტის ქსელის" უბანთან ძალიან ახლოს არის. ამ ტერიტორიის დაცვა საქაფრთველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მას ნაკისრი აქვს როგორც ბერნის კონვენციით, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.

გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს, როგორც ბერნის კონვენციის მონაწილე ქვეყანასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატს, შესაძლოა პოლიტიკურ ფასად დაუჯდეს პროექტის განხორციელება.

„აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა იქნება დაახლოებით 9 მეტრი სიგანის სიგრძივი ინფრასტრუქტურა და მოითხოვს მის მთელს სიგრძეზე (10-15 კმ) ტყისა და მცენარეული საფარის განადგურებას – გაკაფვის, აფეთქებებისა და საექსკავაციო სამუშაოების გამოყენებით, რაც გამოიწვევს სხვადასხვა სახეობების, მათ შორის „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების საბინადრო გარემოს განადგურებას, დეგრადაციას და ფრაგმენტაციას“, - აცხადებენ ორგანზიაციაში.

‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია


ამავე თემაზე ნახეთ:

აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე
აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ
‘ აბასთუმნის გენგეგმის ასე დამტკიცების უფლება ადიგენის საკრებულოს არ ჰქონდა’ - ბუნების დამცველები
აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა
საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამინისტრომ ნებართვა გასცა
‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე