
კომუნალური გადასახადებისგან სამთვიანი გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 1-ელ აპრილს ისაუბრა.
შეღავათი შეეხებათ იმ მცხოვრებლებს, რომლებიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.
რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი სს „ენერგო-პრო ჯორჯიაა“. იგი საქართველოს რეგიონების მასშტაბით 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1 კვტ/სთ ასე გამოიყურება:
- 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის - 14.2367 თეთრი;
- 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 18.2133 თეთრი.
შესაბამისად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლები, რომელთა დავალიანებაც თვის განმავლობაში, 36 ლარზე ნაკლებია, ელექტროენერგიის გადასახადს სამი თვე არ გადაიხდიან.
რაც შეეხება დედაქალაქში მცხოვრებ „თელასის“ აბონენტებს, მათთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი, 1 კვტ/სთ-თვის ასე განისაზღვრება:
- 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.5435 თეთრი;
- 101 კვტსთ–დან 301კვტსთ-ის ჩათვლით - 18.5555 თეთრი/კვტსთ;
შესაბამისად, შეღავათი შეეხებათ „თელასის“ იმ აბონენტებს, რომელთა გადასახადი ამ დრომდე 37 ლარზე ნაკლები იქნება.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადს, შპს "სოკარ ჯორჯია გაზს” / "საქორგგაზს", საქართელოს რეგიონების მასშტაბით განსხვავებული ტარიფები აქვს. გარდა ამისა, 2008 წლის 1 აგვისტომდე ჩართულ აბონენტებსა და მას შემდეგ დამატებული აბონენტებისთვის ტარიფი განსხვავდება.
მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში:
- სამომხმარებლო ტარიფი, 1 კუბ.მეტრზე, 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისთვის - 48.6 თეთრია;
- 2008 წლის 1 აგვისტოდან არსებული აბონენტებისთვის - 54.7 თეთრი;
გამოდის, რომ იმ აბონენტს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ და რომელთა ბუნებრივი აირის დავალიანება 109 ლარს არ გადააჭარბებს, სამი თვის განმავლობაში დავალიანებას სახელმწიფო დაუფარავს.
დედაქალაქში მცხოვრებლებისთვის, რომლებიც „თბილისი ენერჯის“ აბონენტები არიან ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 მ3 - ზე - 0.46137 თეთრია. თბილისში შეღავათი 92 ლარიან დანახარჯს შეეხება.
Reginfo.ge-ს
კითხვაზე - თუ ოჯახს ერთ თვეში 200 კვტ-ზე მეტი ელექტროენერგია აქვს მოხმარებული, მაგრამ ბუნებრივი აირი არ აჭარბებს 200 მ3-ს, მიიღებს თუ არა აბონენტი შეღავათს, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ ბუნებრივი აირის გადასახადი, ელექტროენერგიის ღირებულების სრულად გადახდა კი აბონენტს თვითონ მოუწევს.
მედია საშუალებასთან ასევე განმარტეს, რომ მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადახდა ხდება აპრილში და მთავრობის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს წინსწრებით, ავანსად გადახდილი გადასახადების კომპენსირებას.
შეღავათი ეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომელთა დანახარჯი არ სცდება 200 კვტ-ს დენის შემთხვევაში და 200 მ3 გაზის შემთხვევაში. თუ მომხმარებელმა ამაზე მეტი დახარჯა, მან გადასახადი სრულად თავად უნდა დაფაროს. მაგალითად, თუ აბონენტის დანახარჯი შეადგენს 250 კვტ. ელექტროენერგიას და 300 მ3- ბუნებრივ აირს, გადასახადის ნაწილის (200 კვტ/200მ3) კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდება.
შერავათების შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა: "ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]