FM97.5 / LIVE

სადავო წყალი

მთავარიეკონომიკა 11.09.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ფერხდება; პროექტი, რომელიც დაწერამდე მოსახლეობასთან არ შეთანხმდა; რატომ არ აძლევს სოფელ ზანავის მოსახლეობა სოფელ ჩორჩანს წყალს

სადავო წყალი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასმელი წყლის ქსელის მოწყობა შეირჩა. სოფელმა სასმელი წყალი დაახლეობთ 2 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ზანავიდან უნდა მიიყვანოს. პროექტისთვის 7 470 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების 20 პროცენტი შესრულებულია, თუმცა, დაწყებული სამუშაოს დასრულება ვეღარ ხერხდება. ზანავის მოსახლეობა წყლის მიცემაზე უარს ამბობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი და სარწყავი წყლის საკმარისი მათთვისაც არაა, ამიტომ მეზობელი სოფლისთვის წყლის მიცემას არ აპირებენ. ასევე, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ჩორჩანის მოსახლეობა წყლის გაყვანას აპირებს ზანაველების 14 ოჯახს სამოსახლო ნაკვეთი აქვს.

„გვეუბნებიან, სანამ სახლებს ააშენებთ წყალს გავიყვანთ და როგორც კი ააშენებთ დაგიბრუნებთო. წაყვანილ წყალს ვინღა დაგვიბრუნებს?! გამოდის, რომ ძალით გვართმევენ. როცა პროექტს წერდნენ, მაშინ სოფელს რატომ არავინ არაფერი ჰკითხა?!“ - კითხულობს სოფელ ზანავის მკვიდრი ვანო იაკობიძე.

სოფელ ჩორჩნისთვის წყლის მიცემის წინააღმდეგია ზანავის მკვიდრი რომან კინწურაშვილიც: „სამოსახლო მეც მაქვს. სამი ძმა ვართ. ერთ-ერთი იქ უნდა დავსახლდეთ და წყალი რომ არ გვქონდეს, როგორ უნდა ვიარსებოთ?! მაშინ წყალი მილებით 14-ვე ოჯახისთვის გაანაწილონ და რაც დარჩება მერე ის წაიყვანონ, მაგრამ წყლის დებეტი ცოტაა და ჩორჩანს აღარ ეყოფა“.

სადაო წყლით სოფელ ჩორჩნის მოსახლეობა ამჟამადაც სარგებლობს. ზანაველები ამბობენ, რომ სოფელს ყანების მოსარწყავად წყალი არხის საშუალებით მიჰყავს და ამის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ მილებით გაყვანის უფლებას არ მისცემენ.
სოფელ ჩორჩნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ამბობს, რომ პრობლემა რომელიც ორ სოფელს შორის არის დიდი ხნის წინ დაიწყო.
„სოფელ ჩორჩანს ერთი წყარო უკვე მივეცით. ჩორჩნის რწმუნებულს ვუთხარი, რომ მოსახლეობა წყლის მიცემაზე თანახმა არ იქნებოდა, იმიტომ, რომ იქ არის სამოსახლოები, ასევე მოსახლეობა წყალს სარწყავად იყენებს. მოსახლეობის ნაწილი თანახმაა განამაწილებლები დადგეს მილზე და ისე წაიყვანოს წყალი ჩორჩნის მოსახლეობამ, ნაწილი კი არა. ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“, - ამბობს სოფელ ზანავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ შაინიძე და აქვე ამატებს, რომ პრობლემის გადაწყვეტა ორ სოფელ შორის სამინისტროში და ადგილობრივ თვითმართველობაში უნდა გადაწყდეს.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს სოფელ ჩორჩანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული აკაკი მაჭარაშვილი . იგი ამბობს, რომ ორი სოფლის მოსახლეობას შორის შეთანხმება მიღწეულია და პროექტის განხორციელებაც გრძელდება.

„წყლის ბასეინთან დგება გამანაწილებლები, შეთანხმების აქტი იწერება და ალბათ ხვალ გაფორმდება. ზანავის მოსახლეობა თანახმაა პირობაზე, როცა დასახლდება მოსახლეობა სამოსახლო ადგილებზე, ალბათ ეს იქნება 10- 15 წლის შემდეგ, წყალს ისვ უკან მივცემთ, მანამდე ჩორჩანი სხვა საშუალებას მონახავს, - ამბობს რწმუნებული და კითხვაზე შეთანხმდა თუ არა ზანავის მოსახლეობასთან პროექტი მანამდე ვიდრე დაიწერებოდა, გვპასუხობს - ზანავს რატომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს სახელმწიფოს წყალია. მაგ წყალს სარწყავად ჩორჩანიც იყენებს. რამდენიმე გამოჩნდა, რომელიც წინააღმდეგი იყო, თორემ მოსახლეობის უმეტესობა თანახმა იყო“.

სოფელ ჩორჩანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რწმუნებული ვარაუდობს, რომ სამუშაოების დროებით შეჩერებამ შესაძლოა მისი დასრულების ვადები რამდენიმე დღით გადაწიოს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფელ ჩორჩანში ვითარების გასარკვევად მივიდა.

ბალახაშვილის განმარტებით მოსახლეობასთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ადგილობრივებთან შეთანხმება კვლავ მიმდინარეობს:“პროექტის დაწყებისას წინააღმდეგ არავინ იყო, მაგრამ მერე შეიძლება აზრი შეეცვალათ, ამ წყალს ორივე სოფლის მოსახლეობა იყენებს და გამომდინარე აქედან პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. შეთანხმების მიხედვით წყალი ზაფხულში ორივე სოფელს უნდა გამოეყენებინა, ზამთარში კი ჩორჩნის მოსახლეობას, რადგან ჩორჩანს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ პროექტის განხორციელება გაგრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც კვლავ წინააღმდეგნი რჩებიან. იმედია მათთანაც შევძლებთ შეთანხმებას“.

ზანავში მცხოვრები მოსახლეობა ჩორჩანის მოსახლეობისთვის წყლის მიცემას არ აპირებს.

„იყვნენ გამგეობიდან მოსულები ,მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. გამგებლის მოვალეობის შემსულებელმა თქვა თავის სიტყვა ასე იქნებაო, თუ თვითონ წყვეტს და სოფელს არ ეკითხება , როგორც უნდა ისე გადაწყვიტოს. იმიტომ რომ ის მთავრობის სკამზე ზის და მე კი უბრალო კაცი ვარ და არც იმდენი განათლება მაქვს, რომ წინააღმდეგობა გავუწიო. თუ მაინც წაიყვანს წყალს მაშინ უმაღლეს ინსტანციას მივმართავთ“,-ამბობს ზანავის მკვიდრი ვანო იაკობიძე.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად

სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
აწყურის გარდა, წყლის მიწოდება ყველა სოფელს აღუდგა

‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]