FM97.5 / LIVE

რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2019
ცხოველთა ტკიპები, რომლებიც ყირიმ-კონგოს ვირუსის გადამტანები არიან, ზაფხულში აქტიურდებიან. ეს დაავადება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. სამცხე-ჯავახეთი კი, ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში

ცხელი ამინდები მინდორში ტკიპების გააქტიურებისთვის ხელსაყრელი პირობაა. მათ ნაწილს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში, ყირიმ-კონგოს ვირუსის გადატანა შეუძლია. ეს მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას არ ექვემდებარება და დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება.

„ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს ტკიპასთან დაკავშირებული დაავადება, ეს არის „ყირიმ-კონგოს ცხელება“, რომელიც, ხაშურიდან მოყოლებული, სამცხე-ჯავახეთისკენაა გავრცელებული“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

ამავე ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორ წელში, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ვირუსით ადამიანთა დაავადების რვა შემთხვევა დაფიქსირდა.

„2018 წელს იყო შვიდი შემთხვევა, 2019 წელს - ერთი. სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ენდემური რეგიონია ამ დაავადების გავრცელების მხრივ, თუმცა ბევრი შემთხვევა არ არის“, - განუმარტეს ცენტრში „სამხრეთის - კარიბჭეს“.

2019 წელს ერთი შემთხვევაა აღრიცხული ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც: „წელს აპრილში იყო ერთი შემთხვევა. ფატალურად არ დასრულებულა. იმკურნალა იმ ადამიანმა“, - განმარტავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვურუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. თავად ტკიპა, დაავადებული ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს, ინფიცირდება. თუ ვირუსის მატარებელმა ტკიპამ შემდეგ ადამიანს უკბინა, იგი სიცოცხლისათვის სავალალო შედეგებს იწვევს.

„პირუტყვს ტკიპა ხშირად მოჰყვება, მაგრამ თუ ასეთი ტკიპა თვითონ არ არის დაავადებული პიროპლაზმოზით, ვირუსს არ გადაიტანს. ეს პიროპლაზმოზი სისხლის დაავადებაა, რომელიც ცხოველებშია გავრცელებული. ტკიპების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ფერმერმა სადგომი დაასფუთაოს და დეზინფექცია ჩაუტაროს. არსებობს ვაქცინაც ტკიპების წინააღმდეგ“, - ამბობს ვეტერინარი მერაბ ნასყიდაშვილი.

ცხოველთა სადგომებში დეზინფექციას ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მათი ინფორმაციით, მარტში რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში – ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში ცხოველთა სადგომები სპეციალური პრეპარატით დამუშავდა.

„სამცხე-ჯავახეთში, სადაც შეიძლება კერა ენდემურად ჩაითვალოს, ჩავატარეთ სადგომების დამუშავება „ინსექტოაკარაციდით“. ადიგენი, ასპინძა, ახალციხე – ეს ის ადგილებია, სადაც რისკის მაღალი მაჩვენებელია“, - ამბობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარდა ცხოველთა სადგომებისა, ტკიპები ვრცელდება მინდვრებშიც.

ტკიპას სხეულიდან მოსაცილებლად საჭიროა პინცეტი და ხელთათმანი.

„აუცილებლად ხელთათმანი უნდა გქონდეს და პინცეტით უნდა მოვაშოროთ. კარგად უნდა მოედოს პინცეტის პირი ტკიპას და ფრთხილი მოძრაობით, მოტრიალებით უნდა ამოვიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები არ ჩარჩეს კანში. ტკიპას რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ, მით უკეთესია, რადგან ის, რაც უფრო დიდი ხანი რჩება კანზე, მით მეტი შანსია, დაავადდეს ადამიანი. უამრავი სახეობის ტკიპა არსებობს. აქედან შეიძლება, ზოგიერთი იყოს რაიმე დაავადების გადამტანი“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

ყირიმ-კონგოს ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას.

ადამიანებში დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შეცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, დიარეით.

ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ ნაწლავის ტრაქტი).

დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.

ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდგომ 1-9 დღეში (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება), ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში (ცხოველის დაკვლის დროს).

დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.

გასულ წლებში, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ვირუსის გავრცელებისა და ადამიანის დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა.

ეს ვირუსი პირველად 1944 წელს ყირიმში აღმოჩნდა. მოგვიანებით, მსგავსი დაავადება აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 30 წლის კაცი ყირიმ–კონგომ იმსხვერპლა
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ადიგენში 56 წლის კაცს ყირიმ-კონგოს დიაგნოზი დაუსვეს
ყირიმ - კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები
ექიმი გვირჩევს: ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება [ვიდეო]
ახალციხის სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში ყირიმ-კონგოთი დაავადებული ახალგაზრდა გამოჯანმრთელდა