FM97.5 / LIVE

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2019
აქაურობამ დროს გაუძლო, აქაურებმა - ვერა. ამ ადგილს ჭაჭკარი ჰქვია და ცხრა საუკუნის წინ, აქ დაწურული ღვინით თურმე ვარძიის მთელი ციხე-ქალაქი მარაგდებოდა. სოფელმა ძველი იერსახე თითქმის უცვლელად შეინარჩუნა, თუმცა უნიკალური მესხური სოფელი ახლა მიტოვებულია, აქ ოთხი ადამიანი ცხოვრობს.

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]

როგორც კი დიდებულ ვარძიას ზურგიდან მოექცევი, უკვე სხვა სამყაროში ხარ. ჭაჭკარი დროში გამოგზაურებს.

სოფლის ერთ პატარა უბანში ერთად შეგიძლია ნახო მიწა-ბანიანი სახლები, კლდეში ნაკვეთი მესხური დარბაზები, ტერასული ტიპის ვენახები და გამოქვაბულში მოწყობილი საწნახელები. ყველაფერი ათობით საუკუნეს ითვლის, თანამედროვეობის ხელი კი ჯერ არ შეხებია.

‘ჭაჭის კარის’ ამბავი


ვარძიის ჩრდილში ჭაჭკარი არ ჩანს, არ ჩანს პირდაპირი მნიშვნელობითაც. ის ვარძიის კლდის უკანა ფერდზეა გაშენებული. კომპლექსიდან სულ ორი კილომეტრი აშორებს. გზა დანგრეული და ოკრო–ბოკროა, თუმცა მას ძველ მესხეთში მიჰყავხარ. აქაურობას ბევრი არ იცნობს, მაგრამ საუკუნეების წინ ეს პატარა სოფელი დიდებული ვარძიის ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა.

ამბობენ, რომ სოფელსა და ვარძიას საიდუმლო გვირაბი აკავშირებდათ, რომლის მეშვეობითაც, ციხე-ქალაქი ღვინითა და პროდუქტით მარაგდებოდა. ჭაჭკარში მოწეული ყურძენი სოფელშივე, კლდეში ნაკვეთ საწნახელებში იწურებოდა, შემდეგ კი ღვინით სავსე ტიკები, სახედრებით ვარძიაში გაჰქონდათ და იქაურ ქვევრებში ასხამდნენ.

ამ გადმოცემის დასტურად, ისტორიკოსები ჭაჭკარში არსებულ, დღემდე შემორჩენილ 50-მდე საწნახელსა და ტერიტორიაზე გავრცელებულ, უკვე გაველურებულ შვიდამდე მესხური სახეობის ვაზს ასახელებენ, მათგან ერთი „ცხენის ძუძუ თეთრი“ დაახლოებით 400 წელს ითვლის.

სწორედ ღვინოს უკავშირდება სოფლის სახელიც. „ღვინოს წურავდნენ და ვარძიაში მიჰქონდათ, ჭაჭას კი აქ ტოვებდნენ, ამიტომ დაერქვა სოფელს ჭაჭკარი ანუ ჭაჭის კარი“, – განმარტავენ ისტორიკოსები.

ისტორიული ცნობების მიხედვით, სოფელში ყველაზე მეტი მოსახლე XI-XII საუკუნეებში ჰყავდა, მაშინ, როცა ვარძია საერო და სასულიერო პირებისათვის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.



აქაურები


ჭაჭკარს მდინარე მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს: გაღმა და გამოღმა. დღეს ორივე მხარე დაცლილია.

ისტორიკოსების განმარტებით, წლების წინ, ჭაჭკარელებმა სააგარაკედ მახლობელი სოფლის, გოგაშენის ტერიტორია დაიკავეს. იმის გამო, რომ ჭაჭკარი მიუდგომელ ადგილზე იყო, ადგილობრივები თანდათანობით გოგაშენში გადასახლდნენ, სააგარაკე, სავენახე და საბაღე ტერიტორია კი უკვე ჭაჭკარი გახდა, სადაც მოსახლეობა ძირითადად სამეურნეო სამუშაოებისთვის ჩადიოდა.

„60-იან წლებში გაღმა ჭაჭკარში დაახლოებით 10-15 ოჯახი ცხოვრობდა, გამოღმა ჭაჭკარში კი ხუთი-ექვსი მოსახლე. საბჭოთა პერიოდში, ურბანიზაციის პრობლემებიდან გამომდინარე, ბევრი ქალაქში წავიდა. აქ ამჟამად ორი ოჯახია, რომელიც ზამთარშიც აქ რჩება“, - ამბობს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი.

მარტო დარჩენილები


ოთარ კოჟორიძე 18 წლის იყო, როცა მშობლები გოგაშენიდან მამა-პაპისეულ სოფელში, ჭაჭკარში ჩამოვიდნენ. ახლა 64 წლისაა და მეუღლესთან ერთად გამოღმა ჭაჭკარს სახლობს. იხსენებს, რომ 70-იან წლებში, როცა ჭაჭკარში დაბრუნდა, კლდეში ნაკვეთი დარბაზები და საწნახელები უკეთეს მდგომარეობაში იყო, თუმცა მოსახლეობა მათ ღირებულებას ვერ ხვდებოდა.

„ჩემთვის ეს გარემო ჩვეულებრივი, ბუნებრივია. ვინც აქ სახლის აშენება შეძლო, საწნახელებსა და გამოქვაბულებს ცხვრისა და საქონლის სადგომებად იყენებდა. ადრე ბევრი იყო ხალხი, მეზობლები ცხოვრობდნენ. ახლა ორი კომლი დავრჩით. დანარჩენები ზაფხულობით მოდიან მარტო“.



უმეზობლობას უჩივის ოთარის ცოლი, ნაირა გოდორაძეც. იგი ახალქალაქის სოფელ კოთელიიდანაა. ჭაჭკარში 1983 წელს გათხოვდა: „36 წელია აქ ვარ. რომ გამოვთხოვდი, მაშინ უხუცესები ცხოვრობდნენ სოფელში. ბაღს უვლიდნენ და ხეხილი მოჰყავდათ, მერე ვირით გადაჰქონდათ ხოლმე მეორე სოფლამდე. ახლა მიყრუებულები ვართ, ზოგჯერ ტურისტები მოდიან და ვერთობი“.

ოთარი და ნაირა ჭაჭკარში 70-იან წლებში აშენებულ სახლში ცხოვრობენ. სახლის წინ პატარა ეზო და ბოსტანი აქვთ. დღის განმავლობაში საქმე არ ელევათ, ხან საქონელს უვლიან, ხან ბაღში დადიან. ყველაზე დიდი პრობლემა კი სოფელში მათთვის უგზოობაა. უკვე წლებია ვარძიიდან ჭაჭკარამდე ორ კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. “გზა არ გვაქვს და ეს მაწუხებს. პროდუქტს ხელით და ზურგით ვზიდავთ. ადრე სახედარი მყავდა, ახლა ისიც აღარ მყავს. ძალიან დანგრეულია გზა. დაბალი მანქანით ვერ ამოხვალ“, - ამბობს ოთარ კოჟორიძე.



ტურისტული პოტენციალი


ვარძია-ჭაჭკარის დანგრეული გზის მიუხედავად, ჭაჭკარს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. კოჟორიძეები ამბობენ, რომ სოფელში მოსულ დამთვალიერებლებს კლდეში ნაკვეთი საცხოვრისები განსაკუთრებით მოსწონთ. ინტერესდებიან საწნახელებით, XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ტაძრით, რომელიც ნახევრად კლდეშია შესმული და ნათენაძეების 400 წლიანი, უძველესი ვაზით. „აქ არის მსოფლიოში ყველაზე ძველი ვაზი, „ცხენის ძუძუ თეთრი“, რომელიც ჩვენი ოჯახისგან, პირდაპირ მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ჩვენი წინაპრების დარგული იყო და ჯერ კიდევ მსხმოიარეა, ამდენი ხნის შემდეგ“, - გვიყვება მეღვინე გიორგი ნათენაძე.

გიორგი გვიხსნის, რომ სოფელში ვაზის ექვსი მესხური სახეობა გვხვდება: ცხენის ძუძუ, მესხური მწვანე, კაპნის ყურძენი, მესხური შავი, შავი ასპინძურა და ხარისთვალა.ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]

სოფელში მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ხედავს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი: „აქ მიწური ჯავახურ-მესხური საცხოვრისებია. ნაწილი კლდეში გამოქვაბულია, ნაწილი კი მიშენებულია ქვებით. თანაც რამდენიმე იარუსად არის განლაგებული. თუ დროზე არ მივეშველებით ჩამოინგრევა. „მერცხლურ გადახურვას“ რომ ვეძახით, იგივე ფორმის მესხური დარბაზი აქ კლდეშია გამოსახული. ეს ერთ-ერთი უნიკალური დარბაზია, რომელიც ამ კუთხეშია შემორჩენილი და შეიძლება ესეც დაგვეკარგოს. არა მხოლოდ ტურიზმის კუთხით უნდა ვიფიქროთ, არამედ ხალხი უნდა დავაბრუნოთ მამა-პაპისეულ კერაზე“.

რა იგეგმება ჭაჭკარის გასაცოცხლებლად


2015 წლის დეკემბერში, სოფელ ჭაჭკარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სოფლის რეაბილიტაციის შესახებ საუბარი კი მთავრობაში 2016 წლის ივნისში დაიწყეს.

უძველესი სოფლის აღდგენაზე საჯაროდ მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. იმავე პერიოდში იგი ჭაჭკარშიც იმყოფებოდა.

სოფლის რევიტალიზაციის (გაცოცხლების) პროექტზე 2016 წლიდან მუშაობს მეღვინე გიორგი ნათენაძე. ამბობს, რომ მისი გვარი სწორედ ჭაჭკარიდან მოდის. „მე მქონდა ჩემი ასოციაცია, „თი ბი სი ფონდთან“, მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა სოფლის აღდგენაზე“.

2017 წელს, USAID საქართველოს პროექტ “ზრდას” მხარდაჭერით გიორგი ნათენაძემ „ჭაჭკარის განვითარების ფონდი“ ჩამოაყალიბა: ეს ფონდი ძირითად მენეჯმენტს გაუწევს სოფლის აღდგენას და ზოგად მენეჯმენტს მარკეტინგული მიმართულებით, პაკეტების შექმნას, გაპიარებას, ტურისტების მოზიდვას, მოყვანას, შეთავაზებას, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული შრომა“.

პროექტის მიხედვით, ჭაჭკარის რევიტალიზაცია ითვალისწინებს:

- სოფელში არსებული ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ათვისებას ყველა პროდუქტის შეთავაზებით, ამ სფეროს თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ღამისთევისა და განთავსების ადგილები, საკვები ობიექტ(ებ)ის არსებობა, მცირე ზომის ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა;

- მესხური სამზარეულოს და ღვინის შეთავაზებას, რაც უნიკალური გამოცდილებაა ადგილობრივი ტურისტებისთვისაც კი;


- კულტურული და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რაც დამატებითი ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი წყარო გახდება. ჭაჭკარში შესაძლოა ჩატარდეს და რეგულარული სახე მიეცეს მესხური ღვინის, მესხური სამზარეულოს, ხალხური რეწვის და სხვა ფესტივალებსა თუ სანახაობებს;

- ტურისტული ატრაქციონების შექმნას, რის შესაძლებლობასაც სოფლის რელიეფი იძლევა. ამის მაგალითად გამოდგება კლდის ბილიკები, რომლებიც სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამავე პროექტის მიხედვით, ჩართული მხარეები არიან: ჭაჭკარის განვითარების ფონდი, თიბისი ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული სახლი”, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და USAID საქართველოს პროექტი “ზრდა”.

„ჭაჭკარის განვითარების ფონდის“ პრეზიდენტი, გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სოფლის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშობენ. „შარშან გამოცხადდა გეგმაზე კონკურსი, მოიგო ერთ-ერთმა ორგნიზაციამ, რომელიც პროეტის შემუშავებაზე მუშაობს. წელს დაასრულებს და ჩააბარებს „მუნიციპალური განვითარების ფონდს“. რის შემდეგაც, დავიწყებთ ზრუნვას, რომ თანხები მოვიძიოთ“.



სოფელ ჭაჭკარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაზე „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ ტენდერი 2018 წლის 20 აპრილს 253 333 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია „ამხანაგობა 21“, რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, „ქართული სახლის“ მფლობელები არიან: ნანა მეფარიშვილი, გიორგი აბულაძე და მამუკა ხაზარაძე.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ჭაჭკარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა ბოლო ეტაპზეა და ჯერ არ დასრულებულა.

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]გამოღმა ჭაჭკარი

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]მიწა-ბანიანი სახლი

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]კლდეში ნაკვეთი საწნახელი

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]დარბაზის ტიპის საცხოვრებელი

ჭაჭკარი – სოფელი, რომელშიც დრო გაჩერდა [ფოტო/ვიდეო]წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
უძველესი სოფელი - ჭაჭკარი [ფოტო]
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
მესხური ტრადიციების აღსადგენად მემორანდუმი გაფორმდა
400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
ადიგენში სასულიერო პირის მიწაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მესხური ვაზი დარგეს