FM97.5 / LIVE

მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 23.04.2019
მათი წინაპრები საქართველოში დაახლოებით ორი საუკუნის წინ ჩამოვიდნენ. დღემდე არც ენა შემორჩათ და არც ტრადიცია. იციან მხოლოდ აქა-იქ ყურმოკრული ისტორია და აქვთ იდენტობის უტყუარი ნიშანი - პოლონური გვარი.

მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში დაახლოებით ორმოცი პოლონური წარმოშობის ოჯახი ცხოვრობს. მათ წინაპრებს საქართველოში დასახლება ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში დაუწყიათ, თუმცა აქ წამოსვლის მიზეზი და ისტორია უმრავლესობამ თითქმის არ იცის.

ინგა კალინოვსკაია


76 წლის ინგა კალინოვსკაია ახალციხეში ცხოვრობს. ამბობს, რომ გვარის გარდა პოლონური არაფერი შემორჩა.

ინგას მამა ადრე გარდაეცვალა, ამიტომ მისი ოჯახის შესახებ ბევრი არაფერი იცის. უფრო კარგად ახსოვს დედის მხარე და მათი ისტორია.

„მამა პოლონელი იყო, თუმცა მისი რომელი თაობა წამოვიდა პოლონეთიდან არ ვიცი. მამის ოჯახი თბილისში ცხოვრობდა. პოლონეთიდან იყო დედაჩემიც. მისი ბაბუა წამოვიდა საქართველოში. რაბათში მსახურობდა და სოფო ფეიქაროვი მოიყვანა ცოლად და აქვე დარჩა“.

ინგას დიდი ბაბუა და ბებია ახალციხის სოფელ ურაველში დასახლდნენ. ამავე მამულში ცხოვრებდნენ მათი ვაჟები, სტანისლავი და ფენიქსი.



მამისგან მიღებული სარწმუნოების შესანარჩუნებლად, სტანისლავი ეროვნებით სომეხ, აღმსარებლობით კი კათოლიკე ქალზე დაქორწინდა. მათ ექვსი შვილი ეყოლათ. მათგან ერთ-ერთი ინგა კალინოვსკაიას დედა - ნინა პანიატოვსკი იყო.

„დედაჩემი ნინა პანიატოვსკი იყო, მამა - ალექსეი კალინოვსკი. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომის დროს საწვავს ატარებდა ხაშურიდან ახალქალაქამდე. ამ ტერიტორიაზე, სადღაც შეხვედა დედაჩემს და დაქორწინდნენ. რვა წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. მე და ჩემს სამ დას დედა გვზრდიდა, ამ სახლში, სადაც ახლა მე ვცხოვრობ“.

დიდი ბაბუის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინგამ ბევრი არაფერი იცის. იხსენებს, რომ მის ბავშვობაში ამაზე არავინ ლაპარაკობდა. საბჭოთა პერიოდში კი მათ წარმომავლობაზე საუბარი აკრძალული იყო. სწორედ ამას უკავშირებს იმას, რომ დღეს მათი წინაპრების ისტორია არც მან და არც ახალციხეში მცხოვრებმა სხვა პოლონურმა ოჯახებმა იციან.

მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

„ჯერ მეორე მსოფლიო ომის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო ამაზე ლაპარაკი. არც მამაჩემი, არც ჩემი ბიძები ომში არ წაუყვანიათ იმიტომ რომ პოლონელები იყვნენ. ისტორიულად რუსეთსა და პოლონეთს ჰქონდათ პრობლემა ერთმანეთთან და ალბათ ამიტომაც. როცა ბიძაჩემი გარდაიცვალა და სახლს ვალაგებდით, რაღაცა დამალული ფოტოები ვნახეთ. მერე გავიგეთ რომ ეს ყველაფერი აკრძალული იყო“, - იხსენებს ინგა.

მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

ინგამ ახალციხეში რუსული სკოლა დაამთავრა, 41 წლის განმავლობაში კი სამხედრო სამსახურში მბეჭდავად მუშაობდა. პოლონეთში არასდროს ყოფილა და არც იქაური ნათესავების შესახებ სმენია. უკვე რამდენიმე წელია ქარგავს. მისი კედლებიდან, ძირითადად სლავური გარეგნობის ქალები იმზირებიან. საპატიო ადგილი უკავია პოლონელი რომის პაპის იოანე პავლე მეორის სურათსაც.

შუშანა თათოშვილი - სტანჩიკოვი


მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

სტანჩიკოვი ერთადერთი პოლონური გვარია, რომელთა წარმომადგენლებიც ადიგენში, სოფელ უდეში მცხოვრობენ. ადრე სტანჩიკოვსკები იყვნენ, საბჭოთა პერიოდში კი გვარი შეამოკლეს და სტანჩიკოვები გახდნენ.

უდეში მცხოვრები სტანჩიკოვების ოჯახის უხუცესი წევრი, 24 აპრილს 100 წლის ხდება.

19 წლისა იყო რომ სტეფანე სტანჩიკოვზე დაქორწინდა. საქმრო ნანახი არ ჰყავდა. გათხოვების შემდეგ გაიგო ქმრის ოჯახის პოლონური წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ბევრი არ ახსოვს.

იხსენებს, რომ საქართველოში მისი მამამთილის მამა სამ მეგობართან ერთად ჩამოსულა, შემდეგ კი მათთვის სამცხე-ჯავახეთში მამულები მიუციათ. მამამთილის მამამ ქართველი ცოლი შეირთო, რაბათელი ქალი. ოჯახის ისტორიის შესახებ, მხოლოდ ეს ახსოვს.

შუშანამ ქმართან ერთად მხოლოდ სამი წელი იცხოვრა. 1941 წელს სტეფანე სტანჩიკოვი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, იქიდან კი ვეღარ დაბრუნდა. შუშანას ორი შვილი დარჩა. 1939 წელს, როცა პირველი შვილი ნოდარი გაუჩნდა, „დაბადების მოწმობაში ეროვნება ვერ ჩაუწერეს“.



ლალი პანიატოვსკი


პოლონური წარმოშიბის კიდევ ერთ ახალციხელ ოჯახს სამეფო გვარი აქვს. ისინი პანიატოვსკები არიან, თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ბევრი არც მათ იციან.

ლალი პანიატოვსკი ინგა კალინოვსკაიას ბიძაშვილია. შესაბამისად, დიდი ბაბუა, რომლიც საქართველოში წამოვიდა, მათთვის საერთოა.

წინაპრის შესახებ მცირე ისტორია ლალიმ საკუთარი ძმისგან შეიტყო. ამბობს, რომ მისმა დიდმა ბაბუამ სამშობლო დაახლოებით 1830-1836 წლებში დატოვა. „პასკევიჩის ჯარს წამოყვა, თურქეთთან რომ ომი გვქონდა იმაში მიიღო მონაწილეობა. მერე აღარ გაუშვეს თუ თვითონ მოინდომა დარჩენა არ ვიცი. ურაველში მისცეს მამულები, ცოლიც შეირთო და აქ დარჩა. მეც ურაველში დავიბადე და გავიზარდე“.

მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

ლალი ამბობს, რომ აქაურ პოლონელებს მხოლოდ გვარი შემორჩათ, მშობლიური ტრადიციებიც და ენაც მათთვის უცხოა. სწორედ ამიტომ მისმა ძმამ გადაწყვიტა საკუთარი წინაპრებისა და გვარის შესახებ ინფორმაცია მოეძიებინა.

პანიატოვსკებმა გადმოცემით იციან, რომ მათი გვარი სამეფო წარმომავლობისაა. პოლონეთის უკანასკნელი მონარქი სწორედ სტანისლავ მეორე პონიატოვსკი იყო, რომელიც 1764-1795 წლებში მეფობდა. „ოჯახის ახლობლები, რომლებიც ისტორიაში კარგად ერკვეოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ დიდებულების გვარი გვქონდა და ამიტომ „ხელის გულზე“ სატარებელი ხალხი ვიყავით“.



ალექსანდრე პანიატოვსკი


ლალი ახლა ძმისშვილთან ერთად ბებია-ბაბუის დატოვებულ სახლში ცხოვრობს. მისი ძმისშვილი, ალექსანდრეც პანიატოვსკია. არც მამიდა და არც ძმისშვილი პოლონეთში არასდროს ყოფილან. რამდენჯერმე ალექსანდრეს წასვლის სურვილი ჰქონდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა. ახლა სამი შვილი ჰყავს, სამივეს სამეფო გვარი აქვს. იმის გამო, რომ საქართველოში მისი გვარი უცხოდ ჟღერდა, ალექსანდრეს პრობლემა არასდროს შეჰქმნია. თავს ქართველად გრძნობს, თუმცა ამბობს, რომ გვარის შეცვლის სურვილი არასდროს ჰქონია.



ზიგმუნდ ზილბერშტეინი


როდის ჩამოვიდნენ ზილბერშტეინები საქართველოში, ეს გვარის წარმომადგენლებისთვის უცნობია, მაგრამ იციან, რომ ეროვნებით პოლონელები არიან. ახლა ახალციხეში ამ გვარის ორი ოჯახი ცხოვრობს: ზიგმუნდის და მისი ძმის.

პოლონეთიდან ზიგმუნდ ზილბერშტეინის დიდი ბაბუა წამოვიდა, ახლა კი პოლონეთთან კავშირი მის შვილებს აქვთ. სხვა პოლონელების მსგავსად, ზიგმუნდიც ამბობს, რომ პოლონეთის საელჩო საქართველოში მცხოვრებ პოლონელებს ხშირად ეხმარება, სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ ზიგმუნდის შვილმა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურუის საფეხური უფასოდ პოლონეთში გაიარა.



„სამხრეთ საქართველოს პოლონელთა კავშირი“


პანიატოვსკი, კალინოვსკი, კაპერსკი, ბედნიარსკი, კალინოვსკაია, მასკალსკი, ზილბერშტეინი, სტანჩიკოვი - ამ და სხვა პოლონური გვარების ოჯახები დღეს „სამხრეთ საქართველოს პოლონელთა კავშირიში“ ერთიანდებიან. მისი თავმჯდომარე გურამ კაპერსკი ამბობს, რომ კავშირი 1988 წლიდან შეიქმნა და ამჯამად მასში 35 პოლონური წარმოშობის ოჯახი ერთიანდება. ისინი ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში ცხოვრობენ.
კავშირის წევრებს პოლონეთის საელჩოსგან აქტიური მხარდაჭერა აქვთ. ისინი სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული. მცირეწლოვნებისთვის პოლონური ენის უფასო კურსი იყო გახსნილი, მოზრდილებს კი პოლონეთში სწავლა უფინანსდებათ. სადღესასწაულოდ ოჯახები საელჩოსგან საჩუქრებსა და სიმბოლურ დახმარებას იღებენ.

პოლონური დასახლებები საქართველოში


ისტორიული წყაროების მიხედვით, პოლონური დასახლებები საქართველოში მეთვრამეტე საუკუნიდან ჩნდება. ამ პროცესმა უფრო ინტენსიური სახე მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო, მას შემდეგ, რაც პოლონეთი და საქართველო რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ.
პოლონელთა საქართველოში ჩამოსვლის მიზეზები ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური ან მისიონერული მიზნები, ზოგჯერ სამხედრო ვალდებულებანი, ზოგჯერაც კომერციული ინტერესები თუ უკეთესი საცხოვრისის ძიება იყო.

• პოლონელების პირველი ტალღა აქ 1794 წელს ჩამოვიდა;

• შემდეგ იყო 1812 წელი, როცა ნაპოლეონის არმიაში მყოფი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ;

• 1830 წელი, როცა პოლონეთი აჯანყებულებმა დატოვეს;

• მეცხრამეტე საუკუნის 40-50-იანი წლები, პოლონელების ახალი ტალღა ჩამოვიდა.

• მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლები, როცა პოლონელების ინტერესს საქართველოში მუშაობა წარმოადგენდა.

საქართველოში მცხოვრებ პოლონელებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან. პოლონელები საქართველოში მეტ-ნაკლებად კომპაქტურად ურბანულ ცენტრებში - თბილისში, ქუთაისში, ახალციხესა და სოხუმში ცხოვრობდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე - ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს
პოლონური გამოცდილება „სამხრეთის კარიბჭეში“
პოლონური გამოცდილება „სამხრეთის კარიბჭეში“
პოლონური ფონდი რეგიონულ მედიასაშუალებებს დააჯილდოებს
‘მე მიმიღეს’