FM97.5 / LIVE

მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2018
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, არლელი ავგუსტ კაჭკაჭაშვილის შესახებ ოჯახმა 75 წლის განმავლობაში არაფერი იცოდა. "უგზო–უკვლოდ დაკარგული" ჯარისკაცის საფლავი და პირადი მონაცემები გერმანიაში აღმოაჩინეს.

მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს

ოფიციალური დოკუმენტებით ავგუსტი, არლელებისთვის კი აგვისტინე კაჭკაჭაშვილი მეორე მსოფლიო ომში 1941 წელს გაიწვიეს. მაშინ 31 წლის იყო. სახლში მეუღლე, მარო და რამდენიმე თვის ვაჟი დატოვა. უკან არ დაბრუნებულა. ოჯახს არც გარდაცვალების ცნობა მიუღია და არც მისი გადარჩენის დასტური. ამიტომ სხვების მსგავსად, აგვისტინეს სახელიც მათ რიცხვს შეუერთდა, ვინც "ომში უგზო–უკვლოდ დაიკარგა".

ომში წასვლიდან 77 წლის შემედეგ, აგვისტინეს საფლავი, პირადი მონაცემები და ფოტო, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ იპოვა. გერმანული ხელნაწერით შევსებულ ანკეტაზე ცხადად იკითხება, რომ 1910 წელს დაბადებული ავგუსტ (აგვისტინე) სტეფანეს ძე კაჭკაჭაშვილი, ადიგენის სოფელ არლიდან არის.

ამავე მონაცემებით, ომში წასვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1942 წლის 10 მაისს აგვისტინე ქერჩში ტყვედ ჩავარდა. 18–თვიანი ტყვეობა შტალაგის 8f (318) ბანაკში გაატარა, 1943 წლის 7 ოქტომბერს კი გარდაიცვალა. ოფიციალური დიაგნოზი ტუბერკულიოზია.

აგვისტინეს არალში ოჯახი არ დარჩა. ახლა მას მხოლოდ დისშვილები იხსენებენ.

როცა ომში გაიწვიეს, მისი პირველი დისშვილი, სიმონ აფრიამაშვილი ორი წლის იყო, ახლა 79 წლისაა. ბიძის სახე არ ახსოვს, მის შესახებ კი ამბები გადმოცემით, დედის მონაყოლიდან იცის. იხსენებს, რომ აგვისტინე ძლიერი და მაღალი კაცი ყოფილა. ოჯახი ელოდა, რომ ომის დასრულების შემდეგ ისიც სხვებივით უკან დაბრუნდებოდა, თუმცა უშედეგოდ.



წლების შემდეგ აღმოჩენილ ანკეტაში ჩანს, რომ პირად მონაცემებში აგვისტინეს ცოლის სახელიც მიუთითებია. გაყვითლებულ ფურცელზე გარკვევით იკითხება: მეუღლე – მარი, იგივე მარო.

ომის დასრულების შემდეგ, ქმრის დაბრუნებას მაროც ელოდა. როგორც არლელი მეზობლები ამბობენ, მას "ფრონტიდან მხოლოდ 2–3 წერილი მიუღია, მერე მიმოწერა შეწყდა".

ომმა მაროს ქმარიც წაართვა და ექვსი თვის ვაჟიც. აგვისტინეს კიდევ ერთი დისშვილი მირიან აფრიამაშვილი დედისგან მონაყოლს იხსენებს: "მაშინ ომი იყო, სოფელში შიმშილობა ჩამოვარდა. ბიძაჩემი აგვისტინე უკვე ომში ყოფილა წასული. მაროსთვის, მისი ცოლისთვის კი მამამისს მდინარიდან ნახევარი ტომარა თევზი ამოუტანია, საჭმელად. თევზს "საყმაწვილო" მოჰყვა და ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა".

აგვისტინე ომიდან აღარ დაბრუნდა, მარო მეზობელ სოფელში, უდეში გათხოვდა, მაგრამ შვილი არ შეეძინა. ისე გარდაიცვალა, რომ პირველი ქმრის შესახებ არაფერი გაუგია.

აგვისტინე კაჭკაჭაშვილს ერთი ძმა და ერთი და ჰყავდა. იმ ადგილზე, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ხის ფარდული დგას. ამავე ეზოში კი – მისი ძმის სახლი, თუმცა ძმის შვილები არალში არ ცხოვრობენ.

დის შვილი, მირიან აფრიამაშვილი სიამაყით იხსენებს, რომ დედა ომში წასულ ბიძას ამსგავსებდა: "დედა მეტყოდა ხოლმე – ზუსტად აგვისტინე ხარო. მაღალი კაცი ყოფილა ისიც, ჯან–ღონით სავსე. ჭიდაობა ჰყვარებია და სოფელში მაგისი მომრევი კაცი არ ყოფილა, იმ დროს".

77 წლის შემდეგ, დაკარგული არლელი მეომრის შესახებ ინფორმაციას, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მიაკვლია. მეგი სტემპენი, უკვე რვა თვეა დაკარგული ქართველი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

ამბობს, რომ ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გერმანიაში, ერთ–ერთ სასაფლაოზე საკუთარი ბაბუის საფლავის საძებნელად მისულმა, ბევრი ქართველი ჯარისკაცის სახელი ამოიკითხა: "ქართული სახელების მქონე საფლავებს რომ ვნახულობდი, სურვილი გამიჩნდა მათი ოჯახებიც გამეხარებინა. ახლა წიგნს ვწერ, სადაც მათ შესახებ იქნება საუბარი, მინდა ერთ–ერთ საერთო სასაფლაოს სტენდიც გავუკეთო" , – გვიყვება მეგი სტემპენი.

მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვესმისივე თქმით, გარდაცვლილი მეომრის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება, ოჯახის წევრების სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა, აგვისტინე კაჭკაჭაშვილის დისშვილები ამბობენ, რომ გადმოსვენება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული: "ახლა იმის საშუალება არ გვაქვს, რომ აქ გადმოვასვენოთ, მადლობა, რომ მის შესახებ გაგვაგებინეთ".

აგვისტინე კაჭკაჭაშვილი, გერმანიაში ქალაქ ცაითჰაინის საერთო სასაფლაოზე დაახლოებით 150 ქართველ ჯარისკაცთან ერთად განისვენებს.

მის მშობლიურ სოფელში, არალში კი დგას მემორიალური დაფა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაკარგული 71 ჯარისკაცის სახელი იკითხება. მათ შორისაა აგვისტინე კაჭკაჭაშვილიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ავგუსტ სტეფანეს ძე კაჭკაჭაშვილი ახლა უკვე – "ნაპოვნია".

მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს
აგვისტინე კაჭკაჭაშვილი


[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან
ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი
აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა
ოთარ დანელიამ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო [R]