FM97.5 / LIVE

სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 22.03.2019
ახალციხეში მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 11 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

18 მარტს მეექვსე კლასელი ბიჭი მესამე გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა. სკოლის ექიმთან ის აკანკალებული მიიყვანეს. „ვირუსული ვერაფერი შევამჩნიე, არც სიცხე ჰქონდა, უბრალოდ კანკალებდა, უცახცახებდა ნიკაპი, ხელები. ვუთხარი დამრიგებელს და სახლში გავუშვით“, – გვიყვება სკოლის ექიმი.

ბიჭი დედამ თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში წაიყვანა. ფსიქიატრის დასკვნის მიხედვით, რომელიც დედამ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადმოუგზავნა, მოზარდს რიგი პრობლემები დაუდგინდა, ეს ყველაფერი კი ნევროზულ ნიადაგზე განუვითარდა. ამავე სამედიცინო დოკუმენტშია გაწერილი მკურნალობის კურსიც.

„ბავშვი იმდენად შეშინებული და დასტრესილია, ექიმმა გასინჯვის დროს შუქი რომ აანთო, ტირილი დაიწყო. წამოვიღებ აქედან ამ სამედიცინო დოკუმენტებს და დირექტორს იმ მასწავლებლის მოხსნას მოვთხოვ, რომელმაც ჩემი შვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – ამბობს დედა.

რა მოხდა სკოლაში


ყველაფერი 31 იანვარს დაიწყო. ამ დღეს, მეექვსე კლასელი ბიჭი თანაკლასელთან შეკამათდა. ბიჭმა თანაკლასელს უთხრა, რომ თუ თავს არ დაანებებდა, პოლიციაში დარეკავდა და შეშინების მიზნით ტელეფონზე 911 აკრიფა. მოზარდი წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ამიტომ იცოდა, რომ უსაფრთხოებისთვის ამ ნომერზე უნდა დაერეკა. თანაკლასელმა ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა, თუმცა ზარი ამერიკის საელჩოში შევიდა. საელჩომ კი ის 112–ზე გადაამისამართა. პოლიციამ მეექვსე კლასელი ბიჭის ტელეფონზე მაშინვე გადმორეკა, თუმცა მოზარდმა უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა. ეს მოგვიანებით, სამართალდამცველებს მშობლებმაც დაუდასტურეს და ვითარება მალევე მოგვარდა.

თუმცა, ამავე დღეს, თითქმის იგივე პერიოდში, სკოლაში მერვე და მეცხრე კლასელებმაც იჩხუბეს. ამის შესახებ, პოლიციას მანდატურმა შეატყობინა და ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოკვლევაც დაიწყეს.

მეორე დღეს, პირველ თებერვალს, მეექვსე კლასელ ბიჭს პირველ გაკვეთილზე დააგვიანდა. საგნის მასწავლებელი მას დერეფანში შეხვდა და როგორც 11 წლის ბიჭის ბებია გვიყვება, მან ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა: „მერვე და მეცხრე კლასელებმა რომ იჩხუბეს, პოლიციაში შენ დარეკეო. ეს მასწავლებელი მეცხრე კლასელი ბიჭის ბებიაა და ამიტომ ბრაზობდა. არადა ჩემს შვილიშვილს პოლიციაში ნამდვილად არ დაურეკავს“.

11 წლის ბიჭს ბებია ზრდის, რადგან მშობლები საზღვარგარეთ მუშაობენ: „ბავშვი სახლში რომ განერვიულებული მოვიდა, მასწავლებელს დავურეკე, ვუთხარი სახატავი რვეული უნდა ეყიდა და ამის გამო შეაგვიანდა–მეთქი, მოვუბოდიშე და დავემშვიდობე, მაგრამ ვიდრე ის ტელეფონს გათიშავდა, მეც და ჩემს შვილიშვილსაც გვესმოდა, როგორ ლანძღავდა ის ბავშვს, მის დედას, მამას. ბიჭი ძალიან დაითრგუნა ამის გამო“.

როგორც ბებია გვიყვება, მასწავლებლის მხრიდან ბავშვის შეურაცხყოფა გაკვეთილებზე ამის მერეც გაგრძელდა, ამ ყველაფერს კი მოგვიანებით მოზარდის მიმართ თანაკლასელების ბულინგიც მოჰყვა: „მისი ორი კლასელი ბიჭი მუდმივად ეუბნებოდა შენ ჩაუშვი უფროსკლასელები პოლიციაშიო, დასდევდნენ, დასცინოდნენ და ბურთს ესროდნენ, ასე გვინდაო“.

მომდევნო დღეებში, ბიჭმა სკოლაში წასვლაზე უარი თქვა. ვითარების გასარკვევად კლასის დამრიგებელი მოზარდთან სახლში მივიდა: „სახეზე ხელები მიიდო და მითხრა, სკოლაში არ წამოვალო“.

ხუთ თებერვალს, სკოლის დირექტორის სახელზე ბებიამ განცხადება დაწერა და მომხდარი დაწვრილებით აღწერა. საქმის შესწავლა დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო. შედეგად, მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო, მას სახდელიც დაეკისრა. ამის შემდეგ, მან საკუთარი განცხადების საფუძველზე მეექვსე კლასი დატოვა, თუმცა, ირწმუნება, რომ ბიჭისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია: „ხშირად იგვიანებდა ხოლმე და შენიშვნებსაც ამის გამო ვაძლევდი. იმ დღესაც დილით დერეფანში შემხვდა. ვკითხე, რატომ იგვიანებ–თქო. მითრა, რატომ იტყუებით, თქვენც იგვიანებთო. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ვიცოდი, რომ წინა დღეებში ჩხუბი მოუვიდა კლასელებთან და პოლიციაში დარეკა, ხოდა ვუპასუხე, თუ ვიტყუები და თავის დაცვა გინდა, წადი პოლიციაში დარეკე–მეთქი. ამის შემდეგ, მე ამ ბავშვისთვის არაფერი მითქვამს და არც ერთ გაკვეთილზე მსგავს თემაზე არ მილაპარაკია“.

მას შემდეგ რაც მასწავლებელი მეექვსე კლასს ჩამოშორდა, ამავე კლასის ბავშვების მშობლებმა მის დასაბრუნებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. განცხადებას 15–დან 13 მშობელი აწერდა ხელს: „კარგი პედაგოგია და კლასიდან არ უნდა წასულიყო“, – გვითხრეს მათ.

ბებიის თქმით, კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც ბავშვი ძალიან დაისტრესა, სკოლის სასადილოში შემთხვევით მოსმენილი საუბარი იყო: „სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მშობლების ერთი ჯგუფი სასადილოში იჯდა და ხმამაღლა საუბრობდნენ, მასწავლებელს ისევ დავაბრუნებთო. ბავშვმა აკანკალებული ხმით დამირეკა, ის ისევ დაბრუნდებაო?!“

11 წლის ბიჭის თანაკლასელებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ მასწავლებელი მას ხშირად შენიშვნას, მართლაც დაგვაინების გამო აძლევდა: „მაგრამ ერთხელ კლასში პოლიციაში დარეკვაზეც უთხრა“.

პოლიცია და სოციალური სამსახური


მას შემდეგ რაც სკოლაში ბებიამ განცხადება დაწერა, დირექციამ ამის შესახებ გარდა დისციპლინური კომიტეტისა, სოციალურ სამსახურს და პოლიციასაც შეატყობინა.

„ბავშვის ფსიქო–ემოციური მდგომარეობა არ იყო გაწონასწორებული, ამიტომ საქმეში ჩავრთეთ ფსიქოლოგი და მან იმუშავა მოზარდთან“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი ელენე არბოლიშვილი.

ბავშვი ფსიქოლოგისა და ბებიის თანდასწრებით პოლიციაში უკვე დაიკითხა.

„წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უკვე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოიკითხნენ. ამ ეტაპზე რაიმე სახის დანაშაულებრივი ნიშნები გამოკვეთილი არაა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

11 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ ჯერ ბავშვის დიაგნოზის შესახებ დასკვნას სკოლაში წარადგენს, ამის შემდეგ კი სხვა უწყებებსაც აცნობებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
11 წლის ბიჭის საქმეზე მშობლებმა დამრიგებელს კლასი დაატოვებინეს
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ
შსს–მ 11 წლის ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობაზე ძიება დაიწყო
11 წლის ბიჭის შესაძლო ბულინგის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს