FM97.5 / LIVE

ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ

მთავარისიახლე, სამართალი 28.02.2019
ახალციხეში, დიდიმამიშვილის პირველში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულიდან მეზობლებს ხშირად ჩხუბისა და კაცის ტირილის ხმა ესმით. აქ 82 წლის საწოლს მიჯაჭვული კაცი, ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ცხოვრობს.

ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ

ვლადიმერ გალუსტიანი ერთოთახიან ბინაში, პატარა სამზარეულოში ხის ტახტზე, რომელსაც ლეიბი არ აქვს, უკვე რამდენიმე თვეა წევს. ექვსი წლის წინ ინსულტი გადაიტანა და ბოლო პერიოდში ლოგინად ჩავარდა. ტახტის გვერდით სკამზე ლობიო, ერთი მოხარშული კარტოფილი და ორი კვერცხი უდევს. ოთახში ანტისანიტარიაა. საწოლთან ახლოს დევს ელექტრო გამათბობელი, თუმცა გამორთულია. აქ ისევე ცივა როგორც გარეთ, ამიტომ ლოგინში ქუდი ახურავს.

„ვეღარ დავდივარ, ფეხებში ძალა არ მაქვს, ვეღარაფერს ვაკეთებ, სიკვდილი ახლოსაა შვილო“, – უჭირს საუბარი გალუსტიანს.

მეზობლები გვიყვებიან, რომ რამდენიმე თვის წინ იგი ყავარჯნით გადაადგილდებოდა: „ბოლო თვეებია ერთსა და იმავე ზეწარში წევს და ვეღარ დგება“.

საწოლს მიჯაჭვულის ერთადერთი მომვლელი მისი ალკოჰოლდამოკიდებული შვილი გრიგოლ გალუსტიანია:„ყველაფრის გარეშე შემიძლია ცხოვრება, მაგრამ სასმელის გარეშე ვერ ვძლებ“.

გრიგოლი ამბობს, რომ მამას უვლის: „ტუალეტში მე გამყავს ხოლმე, მაგრამ ხშირად ეცემა. სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც ინვალიდი ვარ, კი ვალაგებ ხოლმე, მაგრამ რაცაა ესაა. 108 ლარს დახმარაბას ვიღებდი, მაგრამ ერთი წელია მომიხსნეს. რაც შემიძლია ვაკეთებ“.

გრიგოლს ძმაც ჰყავს. რობერტ გალუსტიანი ამავე კორპუსში, მეზობელ სადარბაზოში ცოლთან, მცირეწლოვან შვილებთან და სიდედრთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, იმის გამო რომ ყოველდღე არაფხიზელ მდგომარეობაშია და სახლში ჩხუბობს, პოლიციამ, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

„მას სიდედრთან, მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია აეკრძალა“, – გვითხრეს შსს–ში.

ამის შემდეგ რობერტი მეორე სადარბაზოში საცხოვრებლად მამასთან გადავიდა.

„ყოველდღე სვამდა, ბავშვებთან ერთად იგინებოდა, ყვიროდა და რამდენჯერმე გავაგდე. წლები ასე გრძელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მის მამას საჭმელს ვუმზადებდი და ვუგზავნიდი, თუმცა ბოლო ჩხუბის შემდეგ, რაც პოლიციაში ვუჩივლე და სახლში მოსვლა აუკრძალეს, აღარც მამამისს ვუგზავნი საჭმელს“, – გვიყვება რობერტ გალუსტიანის სიდედრი ანია ასათიანი.

მისი თქმით, მისი სიძე რობერტ გალუსტიანი მამის პენსიას თავად იღებს და ხარჯავს: „მეორე შვილიც ჰყავს, უმცროსი, ისიც ლოთია და ხანდახან მამას კიდეც სცემს ხოლმე“.

გალუსტიანების მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან ჩხუბისა და ხმაურის, ასევე მოხუცის ტირილის ხმა ხშირად გამოდის. თუმცა ამ დრომდე, არცერთ მათგანს და არც ანია ასათიანს ამის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს.

ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ

გრიგოლ გალუსტიანი მამაზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს: „არ ვცემ, როცა ეცემა ვაყენებ ხოლმე, თუ არ გჯერა ჰკითხე“.

უსწორდება თუ არა შვილი ფიზიკურად, ვლადიმერ გალუსტიანს გრიგოლის თანდასწრებთ ვკითხეთ, რაზეც მან გვიპასუხა, რომ არა.

რობერტ გალუსტიანთან შეხვედრა კი ვერ შევძელით. რამდენჯერმე მასთან სახლში მისულებს შინ არ დაგვხვდა. გრიგოლი ამბობს, რომ მისი ძმა მუშაობს, თუმცა სად არ იცის.

82 წლის ვლადიმერ გალუსტიანს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს.

„საკმაოდ მაღალი ქულა აქვს, რადგან სხვა სახლსაც ფლობს, ასევე, მაღალი გადასახადი მოსდის დენის და წყლის“, – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა მარიკა ათუნაშვილმა და დაგვპირდა, რომ გალუსტიანის მდგომარეობას შეისწავლიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი ამბობს, რომ ვლადიმერი მათი ბენეფიციარია და ეხმარებიან, თუმცა მისი ლოგინად ჩავარდნის შესახებ ჩვენგან შეიტყო: „სათნოების სახლიდან საჭმელს ყოველთვის ვუგზავნით. შვილმა მითხრა ფეხი სტკივა და ვერ მოდისო, ამიტომ საჭმელს მის შვილს, რობერტს ვატანდით. ლოგინად რომ იყო ჩავარდნილი, ამის შესახებ არ უთქვამთ, ახლა დავინტერესდებით".

ახალციხის მერიის სოციალურ განყოფილებაში ამბობენ, რომ 82 წლის ვლადიმერს გამოსაზამთრებლად შეშითაც დაეხმარნენ.

„შეშა ჩვენ არ გამოგვიყენებია, არ ვიცი სად წავიდა, ალბათ ჩემმა ძმამ წაიღო, პატარა შვილები ჰყავს“, – გვითხრა გრიგოლ გალუსტიანმა.

„გვითხრეს შეშა გვჭირდებაო და მივეცით, როცა მიუტანეს მეც იქ ვიყავი, მეზობელს ჩავაბარეთ, თუმცა სახლში არ ავსულვართ“, – ამბობს ახალციხის მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც სოციალურ სააგენტოს მოხუცის მდგომარეობის შესახებ რედაქციიდან ეცნობა, მათ შესაძლო ძალადობის ფაქტზე პოლიციას უნდა შეატყობინონ: „სხვა შემთხვევაში ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იქნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ამ დრომდე მათთან ვლადიმერ გალუსტიანის მიმართ შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს
‘შვილები მივლიან და არსად წავალ’– გალუსტიანი სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე
'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო
82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმეზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო
მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა – ფაქტს შსს იძიებს