FM97.5 / LIVE

თავდაცვას ბინების გადმოცემაზე დასტური ჯერ არ გაუცია, წინასაარჩევნოდ კი ხალხს მათ პრივატიზებას დაჰპირდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 27.11.2018
ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ადგილობრივებს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების თვითმმართველობისთვის გადმოცემისა და პრივატიზების შესახებ დაპირება ისე მისცეს, რომ ჯერ სამინისტროს ამ საკითხზე წერილობით თანხმობა არ გაუცია. იურისტები ამომრჩევლის არაპირდაპირ მოსყიდვაზე საუბრობენ.

თავდაცვას ბინების გადმოცემაზე დასტური ჯერ არ გაუცია, წინასაარჩევნოდ კი ხალხს მათ პრივატიზებას დაჰპირდნენ

ჯარში 22 წელი იმსახურა და ამდენივე წელია ოროთახიანი ბინის პრივატიზებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ. ამბობს, რომ ახლა მთავრობისგან დაპირება მიიღო, თუმცა მაინც ეჭვობს: „ოთხი დღის წინ, შაბათს ქალაქის მერი და გუბერნატორი იყვნენ მოსულები, გვითხრეს, მაქსიმუმ ერთ თვეში ბინის გაფორმებას შეძლებთო. ყველა არჩევნებზე ასე გვპირდებიან და მერე აღარაფერს აკეთებენ“ – ამბობს ე.წ ხუთსართულიანებში მცხოვრები შუახნის ქალი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს.

ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა კოსტავას ქუჩაზე ე.წ. ხუთსართულაინების, ზარზმელის ქუჩაზე „თერთმეტბინიანების“ და რუსთაველის ქუჩზე მესაზღვრეების ყოფილი დასახლებები. აქ მცხოვრებლების ნაწილს ბინები პრივატიზებული აქვს, ნაწილს კი არა. იმისთვის, რომ ადგილობრივებმა იმ სახლების დასაკუთრება შეძლონ, სადაც ათეული წლებია ცხოვრობენ, შენობები თვითმმართველობის ბალანსზე უნდა გადავიდეს. ასევე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მერიის მიერ აქ მდებარე კორპუსების ფასადების, სადარბაზოებისა და სახურავების შეკეთება–რეაბილიტაცია.

„1992 წელს დაგვირიგდა ეს ბინები. მერე ვისაც ათი წელი ჰქონდა ნაცხოვრები აქ და ჯარშიც ასევე ათი წელი ჰქონდათ ნამუშევარი, უკანონებდნენ. მოგვიანებით ეს ყველაფერი გამკაცრდა და შეიცვალა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ეს საკითხი დადებითად მაინც ვერ გადაწყდა“, – გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.

ავარიული კორპუსების რეაბილიტაციასა და ბინების პრივატიზებას წლებია უშედეგოდ ელიან ზარზმელის ქუჩზე მცხოვრებლებიც.

„მე კი მაქვს ბინა დაკანონებული, მაგრამ ჩემ მეზობლებს ვიცი ტყუილად დაპირდნენ, თან უთხრეს დეკემბრის ბოლომდე, იანვრის შუა რიცხვებამდე გაგიფორმებთო. არ მჯერა, ვინც მოდის ყველა თავის ჯიბეზე და სკამზე ფიქრობს. წინასაარჩევნო დაპირება ყველას გადასარევი აქვს, მერე არაფერს აკეთებენ. ზაზა მელიქიძე, მერად დანიშვნამდე რომ გვპირდებოდა, ამ დასახლებას რომც არ ამირჩიონ მე გავაკეთებო, გადაიღეთ ფოტოები და ნახეთ კორპუსში რა მდგომარეობა გვაქვს, წყალი ჩამოდის, კედლები დაზიანებულია, მაგრამ გააკეთა ვინმემ?!“ – კითხულობს ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები კობა ჩაჩანიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება არ არის. ამ საკითხის მოგვარებაზე თვითმმართველობა რამდენიმე თვეა მუშაობს და აქტიურადაა ჩართული მხარის გუბერნატორიც.

„10 დღეზე მეტია გაგზავნილი გვაქვს წერილი. თავდაცვის სამინისტრომ გვითხრა, რომ აღნიშნული საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრიველი მოდგილე გურამ მელიქიძე და ამატებს, რომ ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით წერილი სამინისტროში მანამდეც არაერთხელ გაგზავნეს: „ბოლო წერილები აგვისტოსა და სექტემბერშიც გვაქვს გაგზავნილი“.

ბინების გადმოცემის საკითხის მოგვარებას წინასაარჩევნო დაპირებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პასუხი ბინების თვითმმართველობის ბალანსზე გადმოსვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ, ისიც დარწმუნებულია, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.

„მესამე თვეა რაც გუბერნატორი ვარ. საარჩევნო პერიოდი დაემთხვა და ამის გამო ხომ არ გავჩერდებოდი?! მითხრეს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ქალაქში და ამიტომ ჩავერთე ამ საკითხის მოგვარების პროცესში. მაქვს უშუალოდ კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროსთან. წერილი გაგზავნილი გვაქვს, პასუხს ველოდებით. შესაბამისი კომისია შეიქმება სამინისტროში და ის გასცემს ამ ნებართვას. ამაზე წინასწარ ზეპირი თანხმობა უკვე გვაქვს“, – ამბობს მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლი ირაკლი გურგენიძე ამბობს, რომ ბოლო წერილი აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში გუშინ, 26 ნოემბერს მიიღეს: „შემოვიდა წერილი ქონების ეროვნული სააგანტოდან ახალციხის მერიის თხოვნით. სურთ, ამ შენობების ბალანსიდან მოხსნას შემდგომი პრივატიზებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ წერილი გუშინ მოვიდა ჯერ ჩვენ პასუხი არ ვიცით, მომავალ კვირაში დაგვირეკეთ“.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიმდინარე წლის აგვისტოშიც მიიღეს: „მაშინ პასუხი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნვეყოფის სარდლობამ გასცა. მუნიციპალიტეტისგან მოვითხოვეთ შეეგროვებინათ დოკუმენტები და თავიდან მოემართათ იმისთვის, რომ შემდგომი პროცედურები გაგრძელებულიყო. რადგან ეს დოკუმენტები მოითხოვეს, ალბათ საკითხი დადებითად გადაწყდება, თუმცა ჯერ მერიიდან ამაზე პასუხი არ მიგვიღია“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ წერილობითი დასტურის გარეშე წინასაარჩევნოდ მსგავსი დაპირება არ უდნა გაეცათ: „ეს ირიბად ამომრჩევლის მოსყიდვაა და ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენებაა. აქ აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი თანხმობა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მათი ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას მალე დაიწყებს: "სამხედრო დასახლებებში ბინების ფასადების და სახურავების შეცვლისთვის პროექტები უკვე მომზადებულია და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება".

თავდაცვას ბინების გადმოცემაზე დასტური ჯერ არ გაუცია, წინასაარჩევნოდ კი ხალხს მათ პრივატიზებას დაჰპირდნენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘უჭირთ დოკუმენტების მოტანა, ეს აფერხებს პროცედურებს’– მერი სამხედრო ბინების პრივატიზებაზე
ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები თვითმმართველობას გადაეცემა
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ბინებს მცხოვრებლები დაიკანონებენ
ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა
ახალქალაქში ბინების პრივატიზაცია გაგრძელდა
წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა