FM97.5 / LIVE

‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2018
პარლამენტში შესული კანონპროექტის მიხედვით საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით გამოჩენა იკრძალება. პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა, მუსლიმი თემი და არასამთავრობოები კი აკრძალვას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

კანონპროექტის ავტორი, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21–ს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე საკუთარ ინიციატივას ასე ხსნის: „აქ რელიგიური ფაქტორი არაფერ შუაშია, უბრალოდ ის არის მიზეზი, რომ ნიქაბითა და ბურკით შემოსილი ადამიანის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია. როდესაც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზეა საუბარი, პირის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ყოველთვის“.

ზვიად ტომარაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის იდეას მხარს დაუჭერს, თუმცა მანამდე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პროექტში მცირე ცვლილებას თვითონვე გეგმავს: „პრინციპში, ჩადრში შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება, ამიტომ ამოვიღებთ და მხოლოდ ნიქაბისა და ბურკის აკრძალვას დავტოვებთ“.

კანონპროექტი, პარლამენტში ჯერ კომიტეტებშიც არ გასულა, თუმცა მისი ავტორის მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის იმედი აქვს „პატრიოტთა ალიანსიდან“ შესულ დეპუტატს ემზარ კვიციანს, რომელიც პარლამენტში კანონპროექტის ინიციატორია.

„მე დეპუტატი ვარ და ხშირად მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, ამიტომ მათი პირდაპირი მოთხოვნაა, რომ საჯარო სივრცეში უნდა აიკრძალოს ასე სიარული, ამასთან ერთად ევროპის არაერთ ქვეყანაში, მაგალითად ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში და ლიტვაში აკრძალულია“, – უთხრა ემზარ კვიციანმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

‘პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ’ – მუსლიმი ქალები ნიქაბისა და ბურკის აკრძალვაზე

მუსლიმი ქალები სამცხე-ჯავახეთში ძირითადად ჰიჯაბს ან თავსაფარს ატარებენ, ბურკით, ნიქაბით ან ჩადრით ადგილობრივები რეგიონის არცერთ სოფელში იმოსებიან. ამის მიუხედავად, საკუთარი უფლებების შეზღუდვად აღიქვამს კანონპროექტს ადიგენში სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმი მოქალაქეების ნაწილი. მათი თქმით, ნიქაბით, ბურკითა თუ ჩადრით სიარული რელიგიური საკითხია და მათ ამას ვერცერთი კანონი ვერ დაუშლის:„პარლამენტი არ უნდა წყვეტდეს, რას ჩავიცვამთ და დავიხურავთ. ეს არის მუსლიმების ტრადიციული და რელიგიური სამოსი და არ შეიძლება მსგავსი კანონების მიღება“.

თანასოფლელების მოსაზრებას ეთანხმება მოხის მკვიდრი ფატმან ბოლქვაძეც, მისთვის უსაფრთხოების არგუმენტი გასაგებია, თუმცა აკრძალვას მაინც არ ემხრობა:„თუ ადამიანს ასეთ სამოსში ვერ ხედავენ და იმის საფრთხე არსებობს, რომ ამ სამოსში ვინმემ იარაღი დამალოს, ეს გასაგებია, თუმცა რელიგიური სამოსია და არ აქვთ უფლება ვინმემ აგვიკრძალოს“.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ კანონპროექტი მუსლიმი ქალებისათვის შეურაცხმყოფელია:"იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაამტკიცებს, ეს ყურანისა და საქართველოს კონსტიტუციის ერთმანეთთად დაპირისპირებად ჩაითვლება. პარლამენტში საღად მოაზროვნე დეპუტატებიც არიან და ვიმედოვნებ, რომ ამ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. არავის არ აქვს უფლება ქალებს აუკრძალოს ნებისმიერი სამოსის ტარება და მითუმეტეს რელიგიურის“.

სამცხე–ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ დირექტორი, ცირა მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი კანონპროექტი მუსლიმი მოსახლეობის პირად სივრცეში შეჭრაა და ავტორებმა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვისას, არა სხვა ქვეყნის, არამედ საქართველოს მაგალითით უნდა იმსჯელონ: „მაგალითად, თუ საქართველოში იყო ფაქტი, რომ ასე შემოსილმა ადამიანებმა ტერაქტი მოაწყვეს, შესაძლებელია, მსგავსი პროექტების მიღებაზე ვიფიქროთ. ევროპის ქვეყნებს სხვა მოცემულობა ჰქონდათ, იქ სადაც მსგავსი აკრძალვებია, უამრავი ასეთი მიგრანტი ჰყავთ და შესაძლოა ტერაქტების შემთხვევებიც ჰქონიათ“.

კანონპროექტი დისკრიმინაციულად მიაჩნია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის თავმჯდომარესაც. გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ ჩადრის, ბურკის, ნიქაბის ან ნებისმიერი სხვა რელიგიური სამოსის ჩაცმა და სიმბოლიკის გამოყენება დაცულია რელიგიის თავისუფლებით, რომელიც აღიარებულია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ: „ამიტომ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური სამოსის ტარების შეზღუდვა ავტომატურად ნიშნავს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას".

გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადრის, ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვა გამართლებულია, თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვეტილება ქვეყნის კულტურული და ისტორიული ფონის, იმ მომენტისთვის არსებული რეალობისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით მიიღო. ამ კანონპროექტის შემთხვევაში კი სახელმწიფოს არ აქვს წონადი, ლეგიტიმური მიზანი, რაც რელიგიური სამოსის აკრძალვას გაამართლებს.

„მაგალითად, ევროსასამართლომ გამართლებულად მიიჩნია თურქეთში, უნივერსიტეტში ბურკის ტარების აკრძალვა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიზეზი იყო თურქეთში სეკულარიზმის შენების პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში თურქეთი ახალი გადასული იყო დემოკრატიულ მოწყობაზე, სახელმწიფომ განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტში ყველა აღმსარებლობის მიმდევარი სტუდენტის ინტერესების დაცვა. გამართლებულად ჩაითვალა მსგავსი შეზღუდვის დაწესება საფრანგეთშიც, სადაც მთავრობამ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და მისი შემოგარენის რეგიონული კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო ადამიანებს შორის კომუნიკაციისას ერთმანეთის სახის ყურება, რაც სპეციფიკურად დამახასიათებელი იყო მხოლოდ იმ რეგიონისთვის. საფრანგეთმა ასევე შეძლო და დაასაბუთა, რომ იმ პერიოდში არსებობდა ტერორიზმის მომეტებული საფრთხეები და სახელმწიფოსთვის აუცილებელი იყო ნებისმიერ მომენტში პირის იდენტიფიცირება“,– განმარტავს გიორგი მშვენიერაძე.

თუ კანონპროექტი 51 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში და სხვა საჯარო ადგილებში ნიქაბითა და ბურკით გამოჩენა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, თავდაპირველად 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სივრცეში, შესაძლოა, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალოს
თეონა ბერიძე: ‘თავსაბურავით სიარულის აკრძალვა მუსლიმი ქალის დისკრიმინაციაა’
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი რელიგიურ გრძნობებზე
TDI : სამინისტრო მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს
EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან
ომბუდსმენი: კანონპროექტი 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება
მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს