FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალებს" - თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს

მთავარიპოლიტიკა 10.07.2013
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს, 9 ივლისს, მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება უნდა გახდეს.

ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალებს"  -  თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:

"საქართველოს პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს მოახერხა და დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს. ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე შეუდგა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. საარჩევნო სამზადისი დაიწყეს პოლიტიკურმა პარტიებმა და საპრეზიდენტო კანდიდატებმა.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილი - საქართველოში ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. სწორედ ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება და დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრება ქვეყანაში.

საქართველოში უნდა დასრულდეს ის სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც მმართველი გუნდი მთელ სახელისუფლებო რესურსს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვას. ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქალაქისა და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელისუფლებაა. ამიტომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად.

მივმართავ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულ და სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი, - ამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დავამტკიცოთ, რომ სამაგიეროს გადახდა არ არის ჩვენი პრინციპი. ჩვენი პრინციპებია თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ოპონენტის პატივისცემა. სხვა შემთხვევაში, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევე მოვექცევით, როგორც ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, კვლავ იმ მოჯადოებულ წრეზე სვლას გავაგრძელებთ, რომელსაცათწლეულებია თავი ვერ დავაღწიეთ და რის გამოც ქვეყანა წელში ვერა და ვერ გაიმართა.

მივმართავ ყოფილი მმართველი პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან იმ აღმაშფოთებელი დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე, რომლის ფორმაც და არსიც უკვე ყველასთვის აშკარაა, - გამოიყენეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი. თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს - ამგვარი აქტები საკუთარ სინდისთან და ღმერთთან პირისპირ დარჩენის დროს მოგვეთხოვება ყველას. შეეცადეთ ქართველ ხალხს გულწრფელად აუხსნათ, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს ქვეყანას სჭირდება. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, თუ როგორ გარდაუვლად იყრება წყალში ქვეყნისათვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ცხადდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენ მოგეცეთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. დანარჩენი – ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

მივმართავ პროკურატურისა და პოლიციის ორგანოებს, – მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში.
მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, - ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. ეს პროცესი იმასაც ნათლად დაგვანახებს, თუ რომელი ტელეკომპანია, გაზეთი თუ ჟურნალისტი ახერხებს სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლებული მედიის სიკეთეებით სარგებლობას და ვინ ამჯობინებს პროპაგანდის იარაღად დარჩენას.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, - დღეიდანვე რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და დროულად მოგვაწოდონ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები.

დარწმუნებული ვარ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს, ხოლო დამარცხებულებს ექნებათ სრული რწმენა იმისა, რომ პატიოსან ბრძოლაში დამარცხებითაც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში", - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

იხილეთ მიმართვის ვიდეო ვერსია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია
„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ ეყოლება
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს
დავით უსუფაშვილი: მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
NGO: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს