FM97.5 / LIVE

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2018
მიტოვებული ისტორიული შენობები, სახეშეცვლილი სააგარაკე სახლები და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ნგრევის პირასაა. შენობების ისტორიები აბასთუმანში, რომლის აღდგენაზეც სახელმწიფო ოთხ მილიონამდე ლარს დახარჯავს.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ისტორიული შენობები


აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე, N56–ში მწვანე, ორსართულიანი შენობა დიდი შუშაბანდითა და რუსული არქიტექტურით, ათობით დამსვენებელს იტევდა. აქ რამდენიმე ათეული წლის წინ, სანატორიუმი ფუნქციონირებდა. მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული შენობა ახლა იმდენად ავარიულია, რომ შიგნით შესვლა სახიფათოა, ჩანგრეულია იატაკი, სახურავი, დაბზარულია კედლები.

„ამ ქუჩაზე ეს ყველაზე დიდი შენობაა. სანატორიუმის შემდეგ მანდ ტუბერკულიოზის საავადმყოფოს მეორე კურპუსი იყო და მამაკაცები ისვენებდნენ. 15 წელი მაინც იქნება, რაც ასე ცარიელია“, – გვიყვება აბასთუმანში მცხოვრები 81 წლის თინა ნათელაშვილი – „40 წელი "კურორტ სამმართველოში“ ვმუშაობდი, ყველა სახლის ისტორია ზეპირად ვიცი. მაშინ ყვაოდა აბასთუმანი, ახლა კიდევ ინგრევა“.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

„ცისარტყელას“ გვერდით, ჩამონგრეული ფანჯრებითა და დაბზარული კედლებით, კიდევ ერთი მიტოვებული შენობა დგას. აქ სახელმწიფო ბანკი ყოფილა განთავსებული და წლების განმავლობაში ათი სანატორიუმის დამსვენებლებს ემსახურებოდა. ახლა შენობას ბოძები აქვს შეყუდებული, კარს რკინის ბოქლომი ადევს. ჩამსხვრეული მინიდან კი შიგნით, იატაკზე დაყრილი დოკუმენტები და რკინის დიდი სეიფი ჩანს.

ყოფილ ბანკთან, რუსული არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი აივნებით, ასევე ავარიული, ორსართულიანი შენობა დგას. ახლა აქ მეორე სართულზე საცხოვრებელი ბინები, პირველზე კი ადიგენის მერის წარმომადგენლის კაბინეტია.

„ადრე, გაზაფხულზე, ამ შენობის უკანა მხარე ჩამოინგრა. მადლობა ღმერთს, სახლში არავინ იყო. მას შემდეგ ბინები დაკეტილი აქვთ. მხოლოდ ალიოშა აგაბაბოვი ჩანს–ხოლმე და ზამთრობით ისიც შვილთან მიდის“, – გვიყვება თინა ნათელაშვილი.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

აბასთუმანში, ამ შენობების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.



სააგარაკე სახლები


სწორედ იმ პერიოდში, მე-19–მე-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული აბასთუმანში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილიც. რუსთაველის ქუჩაზე კერძო სააგარაკე აივნიან სახლებს იმ დროის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის საუკუნის წინ ეს შენობები მდიდარ დამსვენებლებს ეკუთვნოდათ, ახლა ნაწილი კერძო საკუთრებაში, ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზეა. თუმცა, ძველი ისტორიული შენობების მსგავსად, ისინიც ნგრევის პირასაა, ზოგიერთი კი ისე ჩამოიშალა, რომ აღდგენაც შეუძლებელია.

რუსთაველის ქუჩაზე 18 ისტორიულ შენობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ტერიტორიები, სადაც ეს შენობები დგას, 84 ერთეულადაა დაყოფილი, აქედან ოთხი სახელმწიფოს, 80 კი კერძო საკუთრებაშია.

წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 3 715 305 ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივებმა ეს ამბავი უკვე იციან და ამბობენ, რომ ავარიულ სახლებს რეაბილიტაციამ „სულზე მოუსწრო“.

„წლებია ამ დღეს ველოდებით, ძალიან ცუდ დღეშია შენობები. შიგნიდან ვამაგრებთ, მაგრამ გარედან ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა 63 წლის კაცი ვარ და აქ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. მინდა, რომ გალამაზდეს დაბა, მერე მეტი ტურისტიც მოვა“, – ამბობს ზაურ სახელაშვილი, რომელიც რუსთაველის N66-ში, 130 წლის წინ აშენებულ სახლში ცხოვრობს.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
რუსთაველის N66


სახელაშვილების მსგავსად წლებია შენობის რეაბილიტაციას ელოდება, მათ მეზობლად მცხოვრები ექვსი ოჯახიც: „47 წელია აქ ვცხოვრობ. მტერსაც არ ვუსურვებ ჩვენ დღეში ყოფნას. სახლი ავარიულია და თან უკან კლდე ინგრევა, ქვები ცვივა ზემოდან, გვპირდებიან გაკეთებას და აღარ დაადგა საშველი. წასასვლელი რომ მქონდეს გავიქცეოდი“, – გვიყვება თინათინ ყვარელიანი.

რუსთაველის N68–ში, რომელშიც წლების წინ სასტუმრო იყო ცნობილი მხატვრები ისვენებდნენ, ახლა ნაწილი ბიბლიოთეკას უკავია, ნაწილი კი ხუთი ოჯახის საკუთრებაა: „ძველად ამ სახლში რუსი მხატვარი მიხაილ ნესტეროვიც ცხოვრობდა, მან მოხატა აბასთუმნის ეკლესია“, – გვიყვებიან ადგილობრივები.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
რუსთაველის N68


რუსთაველის N94–ში, პირველ სართულზე, წლების წინ პოლიკლინიკა იყო, მეორე სართულზე კი ექიმები ცხოვრობდნენ. დღეს შენობა რვა ოჯახის საკუთრებაა. ფასადს ძველი იერსახე ისევ შერჩენილი აქვს, უკანა ნაწილი კი ავარიულია.

„უკანა მხარეს ისეთი მდგომარეობაა, რომ შეიძლება ვინმე დაშავდეს. სახლში მეორე სართულიდან მტვერი ჩამომდიოდა და ცელოფანი ავაკარი. რეაბილიტაცია დროული კი არა დაგვიანებულიცაა“, – ამბობს რუსთაველის N94–ში ელზა დალაქიშვილი.

ადგილობრივების ნაწილმა, ვიდრე აბასთუმნის ისტორიული სახლების რეაბილიტაციის საკითხი გადაწყდებოდა, ავარიულ შენობებს ფასადები შეუცვალა. მაგალითად, რუსთაველის N96-ში ახლა კაფე „ოჯახური“ და სასტუმროა განთავსებული: „თუ ძველ იერსახეს აღუდგენენ გაგვიხარდება. რაღაც ნაწილი უნდა მოანგრიონ, მაგრამ ამაზე პრობლემა არ გვექნება“, – აცხადებს მესაკუთრე.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
კაფე "ოჯახური"


აბასთუმნის რეაბილიტაცია იწყება


აბასთუმანში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია 20 აპრილიდან დაიწყება, მოსამზადებელი სამუშაოები კი უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ერისიმედმა“ და შპს „კამარომ“ გაიმარჯვა. შენობების რეაბილიტაციისთვის 3 715 305 ლარია განსაზღვრული. სამუშაოები 18 თვეში დასრულდება.

აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
აფთიაქის შენობა


სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ძველი დაზიანებული სახურავების, ხის სახურავების და კონსტრუქციების, კარებებისა და ფანჯრების, დაზიანებული იატაკების, აივნების ჭერის და კიბეების დემონტაჟს. რეაბილიტაციის შედეგად სახლები გადაიხურება თუნუქის ახალი სახურავებით, ხოლო მოჩუქურთმებული ხის აივნების დაზიანებულ ნაწილებს მსგავსი დეტალებით ჩაანაცვლებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარებსაც, ტროტუარები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა ღამის განათება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული საკუთრების მოვლა პატრონობის თაობაზე მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.

[ავტორი: თინათინ ზაზაძე
ვიდეო: ოთარ აწყურელი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]
აბასთუმნის ისტორიული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ [Photos]
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
აბასთუმანში შენობების დემონტაჟისას მორჩენილ მასალას მოსახლეობას გადასცემენ
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის გამო 20 ოჯახია გასახლებული