FM97.5 / LIVE

ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2018
პირველი სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა სკოლის ეზოში, ან საცეკვაო დარბაზშივე უხდებათ. დირექტორმა სკოლის მთავარი შესასვლელი კარი დაკეტა და რამდენიმე დღით მოსწავლეებს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებაც არ მისცა.

ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ
სამთვიანი ლოდინის შემდეგ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ პირველი საჯარო სკოლის სპორტდარბაზიდან საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლა. თუმცა, მას შემდეგ რაც „მესხეთს“ დარბაზი იჯარით გადაეცა, სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა მთავარი შესასვლელი კარი დაკეტა. მოცეკვავეები დარბაზში პირდაპირ, დერეფნის გავლის გარეშე, შენობის უკანა მხრიდან შედიან.

ოთახი, სადაც ცეკვის გაკვეთილები ტარდება საკონფერენციო დარბაზისთვისაა მოწყობილი და ამიტომ გასახდელი არ აქვს. ბავშვები თუ აქამდე სპორტდარბაზის გასახდელში იცვლიდნენ, ახლა ამის უფლება აღარ აქვთ. ამიტომ მათ გამოცვლა ეზოში, ან დარბაზშივე უხდებათ. მშობლებიც ბავშვებს გარეთ უცდიან.

„რამდენიმე დღეა რაც სპორტდარბაზიდან აქ გადმოვედით და ძალიან ვწვალობთ. ჯერ კიდევ ძალიან ცივა და ბავშვებს გარეთ ვხდით, მერე მათი ტანსაცმლით ხელში ეზოში ვიცდით გაკვეთილის დასრულებამდე. თუ საშუალებაა, დარბაზში შეგვყავს პატარები და იქვე ვუცვლით და ტანსაცმელსაც სკამებზე ვაწყობთ“, – ამბობს ერთ–ერთი მშობელი,რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ

პირველ საჯარო სკოლაში გასახდელი სპორტულ დარბაზთანაა, თუმცა როგორც ანსამბლის ხელძღვანელი ლევან ქიმერიძე გვიხსნის, დირექტორი მისი გამოყენების უფლებას მოცეკვავეებს არ აძლევს: „დირექტორმა გვითხრა, რომ იმ გასახდელში დამლაგებლების ოთახის, ან „ბუფეტის“ მოწყობას აპირებს. ამიტომ ჯერ–ჯერობით სხვა გზა არ გვაქვს, ვიდრე რაიმე ოთახს მოგვაქირავებს იმისთვის რომ ბავშვებმა გამოიცვალონ, ასე წვალება მოგვიწევს“.

ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, რომ სკოლას გასახდელი სჭირდება, თუმცა დროებით მისი გაუქმება მოუწევს. მიზეზი ისაა, რომ სკოლაში გამოცდების ეროვნული ცენტრი შედის და მას შესაბამისი სივრცე სჭრიდება: „დამლაგებლების ოთახი გამოცდების ეროვნულ ცენტრს დასჭირდება. გარდა ამისა, გამოცდების პერიოდში სკოლაში „ბუფეტი“ აუცილებლად უნდა გვქონდეს. ამიტომ გასახდელში დროებით ან „ბუფეტს“ და ან დამლაგებლების ოთახს მოვაწყობთ. სკოლაში სხვა ფართი რომ მქონდეს, ბუღალტერი საკუთარ კაბინეტში არ მეყოლებოდა“.

რაც შეეხება სკოლის ცენტრალური შესასვლელი კარის დაკეტვას გოგოლაური ამბობს, რომ ეს საიჯარო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რომელზეც ჯერ მხარეებს ხელი არ მოუწერიათ: „ჯერ ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა იქ წერია, რომ მეცადინეობებისას მოსწავლეები, სკოლის უკანა კარიდან შევლენ, რომელიც პირდაპირ საცეკვაო დარბაზს უკავშირდება“.

ქიმერიძის თქმით, მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა: „თუ დირექტორი რომელიმე ოთახს გასახდელისთვის მომაქირავებს, მზად ვარ რომ დარბაზთან ერთად ქირა იმაშიც გადავიხადო“.

ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ

გარდა გასახდელისა, მოცეკვავეებს სკოლაში საპირფარეშოთი სარგებლობაზეც პრობლემა შეექმნათ. დირექტორი მოსწავლეებს ტუალეტებში შესვლას უკრძალავდა. გოგოლაური ამბობს, რომ იგი ბავშვებს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას მისცემს, თუმცა მათ მშობლებს არა.

„კონკრეტულად ბავშვებთან პრეტენზია არ მქონდა, საპირფარეშოში მშობლები შედიოდნენ და ცუდ დღეში აგდებდნენ, იმედია დღეიდან ეს პრობლემა აღარ იქნება“, – ამბობს სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური და ამატებს, რომ მან ბავშვებს ტუალეტში შესვლის ნება უკვე მისცა.

აუქციონი, რომლის მეშვეობითაც ანსამბლმა „მესხეთმა“, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში საკონფერენციო დარბაზი იჯარით აიღო, ექვს მარტს დასრულდა. საიჯარო პირობების მიხედვით, ანსამბლი სკოლაში ერთი წლის განმავლობაში იცეკვებს და თვეში 300 ლარს გადიხდის, თუმცა ჯერ ხელშეკრულება ანსამბლსა და სკოლას შორის გაფორმებული არაა.

„ამას თავისი პროცედურები აქვს და დრო სჭირდება“, – ამბობს გოგოლაური.

ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ

ანსამბლი „მესხეთი“ ოთხი ათეული წელია პირველ სკოლასთან არსებობს. სკოლის შენობაში კი მისთვის დარბაზის გამოყოფის საკითხი 2016 წელს დადგა, როდესაც სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ვიდრე რემონტი დასრულდა, „მესხეთი“ ჯერ მესამე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში იყო, შემდეგ თეატრის შენობაში. თუმცა, აქაც სარემონტო სამუშაოების გამო გახდა იძულებული შენობა დაეტოვებინა. ამის შემდეგ კი მეცადინეობები რესტორან „ტყუპების“ ნაქირავებ დარბაზში მიმდინარეობდა.

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, პირველის საჯარო სკოლის გახსნის შემდეგ, „მესხეთი“ პირველი სკოლის სპორტდარბაზში მეცადინეობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა
ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს
პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება
პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან