FM97.5 / LIVE

რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი

მთავარიეკონომიკა 21.05.2013
ქალაქის გარეუბნებში მომრავლებული ნარჩენების გროვა და ნაგავსაყრელი, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ვინ არის პასუხისმგებელი ქალაქისა და მისი შემოგარენის დასუფთავებაზე და სად მიაქვთ ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი
ნაგავსაყრელად ქცეული ქალაქის გარეუბნები

2012 წელს ახალციხეში დაწყებული ,,სამშენებლო ბუმი” ქალაქის სისუფთავეზეც აისახა. თითქმის ყველა მშენებლობასთან სამშენებლო ნარჩენები ყრია და მის გატანას ჯერ არავინ ცდილობს.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც სამშენებლო ნარჩენი გროვდებოდა, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. როცა ქალაქში ,,სამშენებლო ბუმი” დაიწყო, ახალციხის ციხიდან და სხვა ობიექტებიდან აქ ნარჩენები სატვირთო მანქანებით, დაჭაობებული ადგილის ამოსაშრობად მიჰქონდათ. მართალია, მალევე ამ ადგილას ნარჩენების გატანა აიკრძალა, მაგრამ უკვე დაგროვილ ნაგავს არავინ მიხედა და ტბის მიმდებარედ სამშენებლო მასალების ნარჩენები დღემდე ყრია.

ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია გამონაკლისი არ არის. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვები ქალაქის არაერთ ქუჩაზეა. ქალაქის იმ უბნებში, საიდანაც ნაგავმზიდი კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე მიდის, მოსახლეობას ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელები აქვს მოწყობილი. ბევრი კი სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახლომდებარე ღელეებში ან მდინარის პირას ყრის.

რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვარწმუნებენ, რომ ამ საკითხს უკვე აკონტროლებენ და მომავალში სამშენებლო ნარჩენებს ისეთ ადგილას გაიტანენ, სადაც ნიადაგების ამოვსება იქნება საჭირო.

,,სამშენებლო ნარჩენების გატანას სხვა მეთოდები სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ არსებული ნაგავსაყრელი ჩვენი საკუთრება არ არის და შესაძლოა სამშენებლო ნარჩენები იქ არც დაგვაყრევინონ. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯებირებთან, ან გზებთან მიმართებაში, სადაც შემავსებლის ფუნქცია ექნება”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ვინ ზრუნავს ქალაქის დასუფთავებაზე

ქალაქის ქუჩებიდან ნარჩენების გატანას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,კეთილმოწყობა” უზრუნველყოფს. აღნიშნულ კომპანიას მხოლოდ ცენტრალური ქუჩების დასუფთავება ევალება. ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული ნაგვის ურნები ყოველ დილას-საღამოს იცლება, ქალაქის დანარჩენ ქუჩებსა და გარეუბნებში კი ნაგვის მანქანა კვირაში ორჯერ მიდის.

ოლეგ სანდროშვილის თქმით, როცა ქალაქის დასუფთავებაზე ტენდერი გამოცხადდა, იგი საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო.

,,რომელი ქუჩები უნდა დაესუფთავებინათ იმ თანხაში, რა თანხაზეც ტენდერი გამოცხადდა, ჩემ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო ტენდერში ჩადებული. აქედან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა რთულია. სხვა ქუჩები რომ დაამატო, შესაბამისად, თანხა უნდა გაზარდო”, - განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.

გარემოსდამცველები: თვითმმართველობაც სცოდავს და მოსახლეობაც

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამყაროს” ხელმძღვანელის ნანა ზუბაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ქალაქის ქუჩები დასუფთავებული იყოს, პრობლემა მაინც არსებობს.

,,მარტო ცენტრალური ქუჩები საერთო სურათს არ ქმნის. ცენტრში ხუთი ნაგვის ურნის დადგმას, ჯობია ერთი ქალაქის გარეთ განათავსო. მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ მუნიციპალიტეტი არ სცოდავს. მოსახლეობის ცნობიერების დონეც საკმაოდ დაბალია. არც გამგებელი და არც გარემოს დაცვის მინისტრი არ მოვა და ნაგავს ურნაში არ ჩაგიყრის. ტურიზმს ვავითარებთ, მაგრამ შემოდიხარ თუ არა ქალაქში, ცელოფნები ფრიალებს და ნაგავსაყრელია”, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.

რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი

მისივე თქმით, უნდა არსებობდეს რაიმე სანქცია, რაც მოსახლეობას აიძულებს, გარემო არ დააბინძუროს: ,,ჯარიმები არსებობს, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს. ეს არ არის მარტო მუნიციპალიტეტის საქმე, რეგიონებში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები არ არსებობს, რომელიც ამას დაარეგულირებდა ან ყურადღებას მიაქცევდა”.

ადგილობრივ თვითმმართველობაში გვთანხმდებიან, რომ ტურისტული ცენტრის პრეტენზიის მქონე ქალაქში სისუფთავე დაცული უნდა იყოს. თუმცა, ამბობენ, რომ ეს რთული და შრომატევადი პროცესია.
ახალციხის ნაგავსაყრელი მდინარეს აბინძურებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი სოფელ ჭაჭარაქში მდებარეობს. სოფელი ახალციხიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებითაა.

ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ ეს ნაგავსაყრელი სტანდარტებს არ შეესაბამება. ტერიტორია, სადაც ყველანაირი ნარჩენი იყრება, მდინარის პირას და სახნავ-საძოვრებთანაა ახლოს.

,,ძალიან ელემენტარული სტანდარტული ნორმებიდან დავიწყებ: ნაგავსაყრელი შემოღობილი არაა, არც ერთ მეტრიანი თხრილია გაკეთებული, რაც ამ ტერიტორიაზე პირუტყვის არ გადინებას უზრუნველყოფს. ყველაზე აღმაშფოთებელი კი რაც არის, ნარჩენები გადადის ყანებზე, რომელსაც ამუშავებს მოსახლეობა. ყველაზე საშიში ისაა, რომ ნაგავსაყრელი მდინარესთან ძალიან ახლოსაა”, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.

საქართველოში ამჟამად მოქმედი თითქმის ყველა ნაგავსაყრელი საბჭოთა პერიოდშია მოწყობილი.

,,არ არის გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ზოგადად ეს დამახასიათებელი იყო მაშინდელი ნაგავსაყრელებისთვის. საქართველოში მხოლოდ შვიდ მუნიციპალიტეტშია კანონიერი ნაგავსაყრელი, დანარჩენ 69-ში საერთოდ არ არსებობს”, - ამბობს ნანა ზუბაშვილი.

ვის ეკუთვნის არსებული ნაგავსაყრელი

2012 წლის 16 მარტს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ნაგავსაყრელების მოწყობის უფლებამოსილება 2012 წლის 1 მაისიდან თვითმმართველ ერთეულებს ჩამოერთვა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცა.

,,2012 წლის აპრილის ბოლოს, სახელმწიფოს 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”. წესდების თანახმად, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ,,ნაგავსაყრელების მოწყობა, მათზე განთავსებული მყარი ნარჩენების გადამუშავება-უტილიზაცია და სხვა”, - განმარტავს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოკლევადიან პერსპექტივაში, აღნიშნული კომპანიის ფუნქციაა საქართველოში არსებული ნაგავსაყრელების მოწესრიგება და თანდათანობით კონსერვაცია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მათი უარყოფითი გავლენა ადამიანებსა და გარემოზე.

რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი

”ამგვარად, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება, გაუვნებლება და განთავსება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფუნქციაა. ნაგავსაყრელების მოწყობასა და ოპერირებას კი ცენტრალიზებულად შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ახორციელებს”, - ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

სამინისტროს სამოქმედო გეგმა

2013 წელს ნაგავსაყრელების მოსაწყობად სამინისტრო 12 მილიონ ლარს ხარჯავს. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს მასშტაბური პრობლემაა და პირველ ეტაპზე იმ ნაგავსაყრელების მოწესრიგებას ეცდებიან, რომლებიც რაღაც ფორმით უკვე არსებობს. იმ 9 ქალაქს შორის, სადაც ნაგავსაყრელები მოწესრიგდება, ერთ-ერთი ახალციხეა.

„რეგიონში თითო ნაგავსაყრელზე განხორციელდება შემოღობვითი სამუშაოები, დაცული რომ იყოს მინიმალური სტანდარტები მაინც, ამ სტანდარტებში არ ვგულისხმობთ ევროპულ სტანდარტებს. 12 მილიონი ლარი მხოლოდ რამდენიმე ნაგავსაყრელს ეყოფა, დიდ ქალაქებზეა საუბარი. დანარჩენ ქალაქებში იქნება მინიმალური სამუშაოები. ჩვენ ვმუშაობთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. ამით პრობლემას ვერ ვაგვარებთ, მაგრამ ცოტათი წინ წავიწევთ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
ქალაქის შემოსასვლელი ნაგავსაყრელად იქცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო