FM97.5 / LIVE

ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო

მთავარიეკონომიკა 21.05.2014
ბორჯომში, ძველი ნაგავსაყრელის ადგილას, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი მოეწყო. ახალი ნაგავსაყრელი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციას შეუწყობს ხელს.

ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის, ჰოლანდიისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ძველი ნაგავსაყრელის მოწესრიგება და იმავე ადგილზე ახლის მოწყობა, გასული, 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.

ჰოლანდიის მთავრობამ ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ერთი მილიონ ორასი ათასიანი გრანტი გამოყო. სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი მათვე გამოაცხადეს, რომელშიც ჰოლანდიურმა კომპანიამ „ამიკომ“ გაიმარჯვა.

აღნიშნული კომპანიის პარტნიორი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა. ადგილობრივ დონეზე კი პარტნიორობას არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მდგრადი განვითარების ცენტრი - „რიო“ უწევს.

კომპანია „ამიკომ“ ნაგავსაყრელზე გარკვეული სამუშაოები შეასრულა, რის შემდეგაც ჰოლანდიის მთავრობის ინიციატივითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ნაგავსაყრელზე სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანიებმაც შეასრულეს.
„ჰოლანდიის მთავრობამ გვთხოვა, რომ მათთვის წარგვედგინა რამდენიმე ქართული კომპანია, რომლებსაც კონკურსის წესით თვითონვე შეარჩევდნენ“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე.

ჰოლანდიურმა მთავრობამ, შიდა კონკურსის წესით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული კომპანია „გაზმშენი 5“ შეარჩია. აღნიშნულმა კომპანიამ ნაგავსაყრელზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები შეასრულა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი დღეს

ბორჯომის ნაგავსაყრელი დვირის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ქალაქიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. ნაგავსაყრელს 1,5 ჰექტარი უკავია. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, გაკეთებულია ნაჟონი წყლების შესაგროვებელი და შემკრები ორი აუზი და სადრენაჟო სიტემა.

700 კვადრატულ მეტრზე მოწყობილია ბასეინი, სადაც ჩადის ნარჩენებისგან გამოყოფილი შხამ-ქიმიკატი. ამის შემდეგ, უკვე გაფილტრული და გადამუშავებელი ჩაედინება მდინარე მტკვარში.

როგორც რევაზ კალაძე ამბობს, ნაგავსაყრელზე შესული ნარჩენები ყველა ნორმის დაცვით მუშავდება, შედეგად კი მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა, ცარიელ მინდორს მიიღებს.

„ნაგავსაყრელზე შესული ნარჩენები ერთ კონკრეტულ ადგილზე იყრება. როცა ეს ადგილი ივსება, ზევიდან იფარება მიწის გრუნტით, შემდეგ იტკეპნება და დანარჩენ ტერიტორიას უსწორდება. ამის შემდეგ შესული ნარჩენი სხვა ადგილზე იყრება და როცა ტერიტორია გაივსება, ნარჩენი ანალოგიურად მუშავდება“, - ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში შეძენილია დიდი ტვირთამწეობის მანქანა და 25–ტონიანი ბულდოზერი. აღნიშნული ტექნიკა ჰოლანდიის მთავრობამ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეტანა ბორჯომის მუნიციპალიტეტის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურს ევალება. აღნიშნულ სამსახურს შვიდი ნაგავმზიდი აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა შპს-ს, სუბსიდიის სახით, წელიწადში 470, 000 ლარს ურიცხავს.

„ბაკურიანში ყოველდღე 2 მანქანა მუშაობს, ნარჩენები იქვე ბაკურიანის ნაგავსაყრელზე იცლება. ბორჯომის მუნიციპალიტეტს კი 5 ნაგავმზიდი ემსახურება. ყოველდღე, დღის ბოლოს, პატარა კონტეინერები იცლება ერთ დიდი კონტეინერზე, რომელიც 25–ტონიანია და მიდის ბორჯომის ახალ ნაგავსაყრელზე“, - ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი მერაბ იობაშვილი.

ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო

ვის ბალანსზეა და ვინ უპატრონებს ახალ ნაგავსაყრელს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა. თუმცა, ამ ეტაპზე, კომპანია ნაგავსაყრელის სრულ კონტროლს ვერ ახდენს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარება, 2012 წელს შეიქმნა. კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, რომ აღნიშნული კომპანია ქვეყნის მაშტაბით არსებული ნაგავსაყრელების მოსაწყობად შეიქმნა. ამისთვის კი საჭირო იყო მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული ნაგავსაყრელები კომპანიის ბალანსზე გადასულიყო.

„ამ ეტაპზე ბორჯომის ნაგავსაყრელის მიწა ჩვენს ბალანსზეა. თუმცა, როცა ნაგავსაყრელის მოწყობაზე საქართველოსა და ჰოლანდიის მთავრობებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ მიმღები მხარე ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო, ამიტომ პროექტი ჯერ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა ჩაიბაროს და მერე ჩვენ გადმოგვეცემა. ეს პროცესი ერთ თვეში დასულდება“, - ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა უკვე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაზე გადავა. იგეგმება ნაგავსაყრელის მართვის გეგმის შემუშავება და კადრების გადამზადება.

„როდესაც ნაგავსაყრელზე ნარჩენები შედის, უნდა მოხდეს მათი სწორად განლაგება, რომელსაც უჯრედული განლაგება ჰქვია. ამ ყველაფრს გააკონტროლებს ჩვენი ოპერატორი. ამას ისევ ის პიროვნება შეასრულებს, რომელიც ახლა მუშაობს და კარგად იცის,როგორ უნდა გაკეთდეს“, - განმარტავს ჩიკვილაძე.

პროექტის თანახმად, ახალი ნაგავსაყრელი ბორჯომის მუნიციპალიტეტს 12 წლის განმავლობაში მოემსახურება. თუმცა, თუ მუნიციპალიტეტში ნარჩენების რეპარაცია ისევ განხორციელდება, მაშინ შესაძლებელია მომსახურება კიდევ გახანგრძლივდეს.

როგორი იყო ნაგავსაყრელი მოწყობამდე

ახალი ნაგავსაყრელის მოწყობამდე, ის ტერიტორია, სადაც დღეს თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელია, უმეტესად ცეცხლის ალში იყო გახვეული. ნარჩენებს ხშირად წვავდნენ. ახლომდებარე დასახლების მცხოვრებლები კი გამუდმებით ანტისანიტარიაზე, ქვეწარმავლების მომრავლებაზე, კვამლისა და ნამწვის სუნისგან შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩიოდნენ.

დანაგვიანებული სანაპირო ტურისტებზეც ახდენდა ზეგავლენას. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავდნენ, რომ ნაგავსაყრელის მოსაწყობად და შემოსაღობად საჭირო თანხები არ გააჩნდათ. ეკოლოგები კი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ნარჩენების დაწვისას ჰაერში გაფრქვეული კვამლი და მდინარის დაბინძურება საგანგაშო შედეგებს გამოიწვევდა.

ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო

ადგილობრივებს იმედი გაუჩნდათ, რომ ბორჯომში დასუფთავების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება

"ბორჯომისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ნაგავსაყრელის არ არსებობა იყო. ის რაც ადრე იყო, ანტისანიტარიის ბუდეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნაგავსაყრელს“, - ამბობს ადგილობრივი მელანო გოგოლაძე.

ასმათი ანთიძე ფიქრობს, რომ ახალი ნაგავსაყრელი ადგილობრივებს ბევრ პრობლემას მოუხსნის: „ის მდგომარეობა, რაც ადრე ნაგავსაყრელზე იყო, განსაკუთრებით ტურისტებისთვის იყო შესამჩნევი, ეს კი ჩვენს ქალაქს იმიჯს ულახავდა. როგორც იქნა, ბორჯომის დასუფთავების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ იმ ადგილზე სადაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელია, სამომავლოდ, შესაძლებელია, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა გაკეთდეს, რომელიც გაზსა და სითბოს იძლევა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ განხილვის საგანია.

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო
ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვის
აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომში
ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]