
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება 2010 წლის დეკემბერში დაიხურა. ინფექციური განყოფილება არც ნინოწმინდისა და სპინძის მუნიციპალიტეტების საავადმყოფოებში არსებობს. ინფექციური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ადგილობრივები სამკურნალოდ სომხეთში ან თბილისში მიდიან, თუმცა ამის საშუალება ყველას არ აქვს.
ექიმი ინფექციონისტი ამალია ნაჰატაკიანი ინფექციურ განყოფილებაში მუშაობდა, ახლა კი სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმღებში მუშაობს. ხალხი მას ექიმ ინფექციონისტად იცნობს და საჭიროების შემთხვევაში სწორედ მიმღებში აკითხავენ.
”პირველად დახმარბას ვუწევ და შემდეგ სხვაგან ვაგზავნი. ახლახანს ერთ ავადმყოფს ცე ჰეპატიტი აღმოაჩნდა, ბორჯომში წასვლა შევთავაზე, მაგრამ საშუალება არ ჰქონდა და უარი თქვა. ის იძულებული იყო, სახლში ემკურნალა. მაგრამ ყველა ინფექციური ავადმყოფის სახლში მკურნალობა არ შეიძლება. ხშირად ერთი გადასხმის გამო ავადმყოფი იძულებულია სომხეთში წავიდეს“, – ამბობს ამალია ნაჰატაკიანი.
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის ალექსანდრე ტოროიანის თქმით, თუ დღეისთვის მუნიციპალიტეტში ინფექციური დაავადების ეპიდემია არ არის, ეს გარანტიას არ გვაძლევს, რომ არც არასდროს იქნება. ამ შემთხვევაში ეპიდემიასთან ბრძოლა ინფექციური განყოფილების გარეშე გართულდება.
„ჩვენ ეს საკითხი ახალ მფლობელებთანაც დავსვით. რასაკვირველია, ინფექციურ განყოფილებაზე საუბარიც არ არის, უბრალოდ გათვალისწინებულია კორპუსში კიდევ ერთი პალატის გახსნა, სადაც ასეთ პაციენტებს პირველად დახმარებას გაუწევენ. მართალია, ამით პრობლემა არ გვარდება, თუმცა ერთგვარ დახმარებად მაინც შეიძლება ჩაითვალოს. ის, რომ მუნიციპალიტეტს ინფექციური განყოფილება სჭირდება, უდაოა“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.
რაიონული საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ინფექციურ განყოფილებად სასწრაფო დახმარების ყოფილი შენობის გამოყენებაც შეიძლება, თუმცა, მოხერხდება თუ არა ეს, უცნობია, რადგან ახალი მფლობელები ინფექციური განყოფილების გახსნას არ გეგმავენ.
ინფექციური განყოფილების დახურვის მთავარი მიზეზი ის შენობა იყო, რომელიც შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. განყოფილების დახურვის საკითხი დღის წესრიგში ყოველწლიურად დგებოდა, რადგან როცა ლიცენზიისა და სერთიფიკატების ყოველწლიური შემოწმება მიმდინარეობდა, შენობის სტანდარტებთან შესაბამისობაც მოწმდებოდა.
ალექსანდრე ტოროიანის თქმით, მათ 2002 წელს სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ეს განყოფილება დროებით საავადმყოფოს შენობის ახლოს ხის კორპუსში განთავსებულიყო, ხოლო 2008–2009 წლებში უკვე ყველა დოკუმენტი ჰქონდათ, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ინფექციური განყოფილების კორპუსის მშენებლობა დაწყებულიყო.
„ჩვენ ვეუბნებოდით, რომ შენობის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა ჩვენს ძალებს აღემატებოდა, შენობის შიგნით კი ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული ყველა მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო. 2010 წელს ჩემმა შემცვლელებმა ეს ნაბიჯი რატომ გადადგეს, არ ვიცი. ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულება ინფექციური განყოფილების დახურვის შესახებ არ არსებობს, ასევე, ამ დრომდე არ არსებობს განყოფილების სამედიცინო პერსონალის გათავისუფლების ბრძანებები“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.
ინფექციურ განყოფილებაში ორი ექიმი ინფექციონისტი მუშაობდა. ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და უთხრეს, რომ ეს დროებითია. თუმცა, შემდეგ განყოფილება დაიკეტა. იმ პერიოდში განყოფილების დახურვას არავინ არავის აიძულებდა, თუმცა საავადმყოფო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო მნიშვნელოვანი თანხებით ჯარიმდებოდა.
ამალია ნაჰატაკიანის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს არარსებობით გამოწვეული პრობლემებით იგი ყოველთვის მიმართავდა ახალქალაქში ჩამოსულ მინისტრებს და ყველა მათგანისგან ერთიდაიგივე პასუხს იღებდა, რომ აუცილებლად გაიხსნება, რადგან დღევანდელი მოთხოვნებით ინფექციური განყოფილების საავადმყოფოს კორპუსიდან განცალკევება სავალდებულო აღარ არის. მან ამ თხოვნით რაიონული საავადმყოფოს ახალ მფლობელებსაც მიმართა, რომელთაც უპასუხეს, რომ განყოფილება არ იქნება, თუმცა შესაძლოა კაბინეტი მაინც გამოიყოს.
[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]