FM97.5 / LIVE

ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!

მთავარიეკონომიკა 09.04.2013
რას მალავენ ახალციხეში ყასბები, ასპინძაში კი სასაკლაოსა და სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები; სად და რა პირობებში დაიკლა ბრუცელოზით დაავადებული 22 პირუტყვი და რატომ აღმოჩნდა ასპინძის სასაკლაოდან ოზურგეთის საბავშვო ბაღში ჩატანილი ხორცი საკვებად უვარგისი;

ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში 100 გამოკვლეული პირუტყვიდან 22-ს ბრუცელოზი ლაბორატორიულად დაუდგინდა. დადასტურებიდან მეხუთე დღეს, 26 მარტს, სოფლიდან 22-ვე ძროხა ყასბებმა წაიყვანეს, ახალციხისა და ასპინძის სასაკლაოზე დაკლეს და ხორცი სარეალიზაციოდ გაიტანეს.

მეორე დღეს, 27 მარტს, ტელეკომპანია ”იმედის” რვასაათიან საინფორმაციო გამოშვებაში, ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა, ტენდერში გამარჯვებული ზურაბ მელიქიძე ბაღში უვარგისი ხორცის შეტანაში დაადანაშაულეს. ასპინძაში რეგისტრირებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიძემ, რომელიც საბავშვო ბაღებთან ერთად ათობით დაწესებულებას ამარაგებს ხორცით, ბრალდება უარყო.

„მნიშვნელობა აქვს საიდან მოვიყვანე საქონელი სასაკლაოზე?! ხორცი შემოწმებულია. დამღალეს ჟურნალისტებმა. დაიწერება დასკვნა და დანარჩენი მერე ილაპარაკეთ”, - განაცხადა ზურაბ მელიქიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში და ტელეფონი გათიშა.

მადლიერი დაზარალებულები

ახალციხის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაავადება ბრუცელოზი, რომელიც ადამიანზეც გადადის, თითქმის ორი თვეა რაც გავრცელდა. 100-კომლიან სოფელში, სადაც 600-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ, ამ დრომდე მხოლოდ 22 დაავადებული ძროხა დაიკლა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლების დავალებით, ანში მისულმა ყასბებმა საქონელი გარეგნულად შეაფასეს და აწონვის გარეშე, ორ სულში ერთის საფასური გადაიხადეს. ანელების თქმით, 600 ლარზე მეტი არცერთ ძროხაში არ გადაუხდიათ. ამიტომ, ზოგს კილოგრამი ცოცხალი წონის გაყიდვა 1,50 ლარში მოუხდა, ზოგს კი 2-3 ლარი გამოუვიდა.

„სურსათის უვნებლობის სამსახურმა მოგვიყვანა მყიდველები. გვითხრეს, საქონელი ჩვენს თვალწინ უნდა დაიკლასო. თუ თქვენ ვინმეს უფრო მაღალ ფასში მიჰყიდით წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ დაკვლას ჩვენ მაინც უნდა დავესწროთ, რომ შიგნეული დავფლათ და დეზინფექცია გავუკეთოთო“, - ამბობს ნანა კაპანაძე, რომელმაც ყასბებს ოთხი სული საქონელი ჩააბარა, პირუტყვის სადგომიდან გამოყვანის შემდეგ კი ამავე სამსახურის წარმომადგენელმა ეს ადგილი სპეციალური სითხით დაამუშავა.

ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!თითო-თითო სული გაყიდეს იძულებით ლიანა და მედეა კაპანაძეებმაც. ამბობენ, რომ იზარალეს თუმცა, იმის გამო, რომ დაავადებული პირუტყვის სულ გადაგდება არ მოუხდათ და გარკვეული თანხა მაინც აიღეს, მადლობლები არიან. ორი სული წაიყვანეს ნახევარფასში თამაზ კაპანაძისგანაც, თუმცა, ჯერ მისთვის ფული არ მიუციათ. სოფელში ფიქრობენ, რომ დარჩენილ თანხას ალბათ მაშინ გადაუხდიან, როცა ყასბები ხორცის რეალიზაციას მორჩებიან.

ვის მიჰყიდეს საქონელი, ანელებმა არ იციან: „შალვა იყო ქურდაძე ერთი, ყველას სახელი და გვარი არ ვიცით“.

ყასბებს არც სოფლის რწმუნებული სოსო კაპანაძე იცნობს, თუმცა, იმაში რომ საქონელი ასპინძის სასაკლაოზე განსაკუთრებული მეთვალყურეობითა და ყველა ნორმის დაცვით დაიკლა, დარწმუნებულია.

რას მალავენ ასპინძის სასაკლაოში

ასპინძის სასაკლაოზე, შპს „მესხეთი პროდაქტში“, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის დაკვლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!მენეჯერის ალექსი ბერიძის განცხადებით, ბრუცელოზით დაავადებული სამი პირუტყვი სასაკლაოზე 17 და 22 იანვარს, სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ველიჯანაშვილმა დაკლა. მას თან ბრუცელოზზე ლაბორატორიიდან აღებული ექსპერტიზის დასკვნაც ჰქონდა. მას შემდეგ სასაკლაოზე ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი არ დაკლულა: „ბრუცელოზის შესახებ ლაბორატორიამ დასკვნა უნდა მოგვაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენ ვერ გავიგოთ არის თუ არა საქონელი დაავადებული. მართალია, ბრუცელოზი შინაგანი ორგანოების დათვალიერებითაც შეიძლება გამოვლიდნეს, მაგრამ, პირველ დღეებში, ხშირად, დაავადება მხოლოდ სისხლში ჩანს“.

ინავრის შემდეგ სასაკლაოზე ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი რომ არ დაუკლავთ, ყასაბი ლევან მარუაშვილიც გვიდასტურებს: „ექიმი ყოველთვის ესწრება დაკვლის პროცესს, მას არ უთქვამს, რომ რომელიმე მათგანი ბრუცელოზით დაავადებული იყო“.

„მესხეთი პროდაქტის“ ვეტექიმი მარინა ჩახნაშვილი აცხადებს, რომ მას ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოკუმენტი ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის შესახებ არ მიუღია: „დაავადების ნიშნები არც დაკვლის პროცესში გამოვლენილა. რაც შეეხება ოზურგეთში ჩატანილ ხორცს, ჩვენგან უვარგისი ხორცი, შავი ლაქებით, არ გასულა“.

სასაკლაოში „სამხრეთის კარიბჭის“ ინტერვიუს ჩაწერის პროცესს ესწრებოდა ჩახნაშვილის მეუღლე, ზურაბ შეშაბერიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტია ასპინძაში. იგი საუბარში ჩაერთო და აღნიშნა, რომ თუ სასაკლაოზე ბრუცელოზიანი საქონელი მოჰყავთ, მაშინ მისი კომპეტენციაა ექსპერტიზის პასუხი მოიტანოს და თანამშრომლები გააფრთხილოს დაავადების შესახებ, თუმცა ასეთ შემთხვევას მისი თქმით, ბოლო დროს ადგილი არ ჰქონია.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სპეციალისტის არტურ ხნკოიანის განცხადებით კი, ასპინძის სასაკლაოზე ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის გაგზავნისთანავე ტელეფონით სწორედ ზურაბ შეშაბერიძეს შეატყობინა და დაავალა ამის შესახებ „მესხეთი პროდაქტის“ თანამშრომლებიც გაეფრთხილებინა.

„22 სულიდან 9 აწყურში, შალვა ქურდაძემ დაკლა, როგორც მახსოვს, სამი სული ასპინძაში წაიყვანეს და დანარჩენი ახალციხეში, ტბასთან ახლოს, ჩემი თანდასწრებით დაიკლა“, - ამბობს ხნკოიანი.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა დაავადებული პირუტყვი სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტების თანდასწრებით დაიკლა, პირუტყვის შიგნეული დაიმარხა, იმ ადგილს კი, სადაც საქონელი დაკლეს, დეზინფექცია ჩაუტარდა და შესაბამისი აქტიც შედგა. ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!

მიუხედავად ხნკოიანის განცხადებისა, ასპინძაში მსგავსი რამ არ მომხდარა. დაკვლის პროცესს სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტი არ დასწრებია, არც განსაკუთრებული დეზინფექცია ჩატარებია სასაკლაოს და როგორც მენეჯერი ამბობს, არც აქტი შემდგარა.

„არ მახსოვს აქტს ხელს მეც ვაწერ თუ არა. რომ მცოდნოდა ბრუცელოზით იყო საქონელი დაავადებული, სხვაგვარად მოვიქცეოდი, ზურასაც დავუძახებდი შეშაბერიძეს, მაგრამ არ ვიცოდი“, - გვითხრა ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს სატელეფონო საუბარში მენეჯერმა ალექსი ბერიძემ და ახლა უკვე დაგვიდასტურა, რომ 26 მარტს ანიდან საქონელი კახაბერ პეტრიაშვილმა და ზურაბ მელიქიძემ დასაკლავად ნამდვილად ჩამოიყვანა.

ამჯერად „სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვას შეშაბერიძემაც სხვაგვარად უპასუხა. მან დაგვიდასტურა, რომ ახალციხიდან ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის გაგზავნისთანავე ინფორმირებული იყო: „მეც ვიცოდი და მარინამაც, რომ ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი იკვლებოდა“.

ანში ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი რომ იყიდა და ასპინძის სასაკლაოზე დაკლა, კახაბერ პეტრიაშვილმაც დაგვიდასტურა: „ასპინძის სასაკლაოზე იმიტომ მივიყვანე პირუტყვი, რომ გამერკვია დაავადებული იყო თუ არა, მითხრეს, რომ საქონელს არაფერი სჭირდა, მომცეს ფორმა 2 და ხორცი ბაზარზე გავყიდე“.

კახაბერისგან განსხვავებით, ანში ბრუცელოზით დაავადებული საქონლის ყიდვას კატეგორიულად უარყოფს ყასაბი შალვა ქურდაძე, რომელიც „ალფა მარკეტში“ ვაჭრობს: „ანში ბრუცელოზია გავრცელებული?! პირველად მესმის. მანდ ერთი თვის წინ ვიყიდე ერთი ძროხა, აწყურში დავკალი და ახალციხის „საკალბასეში“ ჩავაბარე. გამოკვლევა პირუტყვს არსად უტარდება და ვინ რა იცის, როდის სად რას შემოგაპარებენ?!“

ყასაბს გლეხის, მყიდველს ყასბის ეშინია

თუ ქურდაძეს გლეხების კეთილსინდისიერებაში ეპარება ეჭვი, შალვა გოგოლაძეს, რომელიც ახალციხის საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს, ყასბების ეშინია: „ხორცს საბავშვო ბაღებისთვის ბაზარში ვყიდულობ, ყოველთვის საბუთით ვამოწმებ ვარგისიანობას, მაგრამ არავინაა დაზღვეული, რა იცი როდის რას შემოგაპარებენ?!“

საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს კახაბერ პეტრიაშვილის მეუღლე ხათუნა პეტრიაშვილიც.

„ასპინძაში და ახალციხეში საკუთარი ფერმა გვაქვს, ჩვენი საქონელი ბრუცელოზით არასდროს დაავადებულა“, - ამბობს პეტრიაშვილი და ამატებს, რომ საქონელს ასპინძის სასაკლაოზე კლავენ.

სად არის საფრთხე

თუ გეგმის მიხედვით, სასაკლაოს დეზინფექცია კვირაში 2-3-ჯერ უტარდება, ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში ეს პროცედურა მაშინვე უნდა ჩატარდეს.

ბერიძის თქმით, რადგან სასაკლაოს ლაბორატორიიდან ექსპერტიზის დასკვნა არცერთ დასაკლავ პირუტყვზე არ მიუღია, შესაბამისად არც განსაკუთრებული პირობები დაუცვიათ: „ ცოცხალ ხორცს რომ შეეხები ბრუცელოზიანს, დეზინფექცია უნდა გაიკეთო ხელებზე, რომ არ გადაგედოს. შიგნეული კი, თუ არ გამოდგება, მაშინ ორმოში უნდა დამარხო“.

ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!დაიმარხა დაავადებული პირუტყვის შიგნეული თუ გაიყიდა, არავინ იცის, რაც შეეხება ხორცს, „აგრო-განვითარების ჯგუფის“ მთავარი ვეტერინარი, ექიმი-ფარმაცევტი მიხეილ ჭიჭაყუა იმედოვნებს, რომ ის სასაკლაოდან გამოტანისას სისხლისგან კარგად დაცლილი იქნებოდა, რადგან დაავადება ადამიანზე უშუალოდ უმ ხორცთან ურთიერთობით გადადის, მით უფრო საშიშია თუ ის მოხვდა პირის ღრუსთან, ან დაზიანებულ კანთან.

ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის დაკვლის შემდეგ კი, იმ ადგილის სათანადოდ დაუმუშავებლობის შემთხვევაში, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IAAD-ის ხელმძღვანელი, ვეტერინარი ამირან კოჩალიძე გვიხსნის, შესაძლოა დაავადების აღმძვრელი ტრანსპორტირებისას სხვა ჯანმრთელი ძროხის ხორცით სხვა ადგილზე მოხვდეს და იქ დაავადების კერა გაჩნდეს.

”ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი და მისი ნაწარმი საშიშია ადამინებისათვის, თუმცა ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის ხორცის საკვებად გამოყენება დასაშვებია, რადგან 60-70 გრადუსზე ზევით მისი აღმძვრელი იღუპება. საშიშია ჭყინტი ყველის ჭამა და ცხოველთან ურთიერთობა“, - ამბობს კოჩალიძე.

პირუტყვის გამოკვლევა გაგრძელდება

ანში ბრუცელოზით დაავადებული საქონლის გამოსაკვლევად 500 ლარი ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამოიყო და ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ვეტერინარულ ლაბორატორიას გადაერიცხა. ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის განცხადებით, ანში გამოკვლევა 600-ვე სულს ჩაუტარდება: „ფინანსურად არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ დაგვეხმარება. კვლევის ჩატარება კიდევ ორჯერ ან სამჯერ დაგვჭირდება“. ბაზარში ბრუცელოზიანი ხორცი გაიყიდა?!

იმედია, მეორე ეტაპზე, დაავადებული პირუტყვის დაკვლა სათანადო პირობების დაცვით მოხდება და გლეხებისგან იმ მიზეზით ნახევარფასში პირუტყვს აღარ იყიდიან, რომ ის ვეტერინარების თანდასწრებით უნდა დაიკლას. მით უფრო მაშინ, როცა თავადაც ისე დაკლავენ, როგორც ამას გლეხი საკუთარ ეზოში გააკეთებდა, შემდეგ გაყიდდა და სათანადო ღირებულებას მაინც მიიღებდა. რაც შეეხება ოზურგეთის საბავშვო ბაღში მიტანილი უვარგისი ხორცის საკითხს, ექსპერტიზა იკვლევს და პასუხი ცნობილი რამდენიმე დღეში იქნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე-ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
წინუბნის შემდეგ საქონელი ბრუცელოზით გურკელშიც დაავადდა
მეცხოველეობის ბაზარში თურქულით დაავადებული ძროხა გაიყიდა?
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა
ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
ვის მოუხდა თავის მართლება გამგეობის ტრადიციულ თათბირზე
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზი მძვინვარებს