FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის აპარატი რეგიონული ოფისების გაძლიერებას გეგმავს

მთავარისამართალი 06.03.2013
თითქმის სამი თვეა, რაც საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს. რა შეიცვალა ომბუდსმენის მუშაობაში, რა იგეგმება რეგიონულ ოფისებთან მიმართებით და როგორ აფასებს სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს – „სამხრეთის კარიბჭე“ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს პაატა ბელთაძეს ესუბრა.

- სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით სახალხო დამცველის აპარატს ოფისი მხოლოდ ახალქალაქში აქვს. როგორ გააგრძელებს მუშაობას საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობა რეგიონში?

რეგიონული ოფისის გაფართოებასა და გაძლიერებას ვგეგმავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო უფლებები, ინტეგრაცია – რეგიონებში უფრო ინტენსიურად უნდა ხორციელდებოდეს, რადგან ცენტრებში ისედაც ყველა უკეთ არის ინფორმირებული.

ამიტომაც ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ მატერიალური, არამედ ადამიანური რესურსებით გაფართოებასა და გაძლიერებას. ეს არ მოხდება ერთი ან ორი კვირის შემდეგ, მაგრამ მოხდება ძალიან მალე. ეს იქნება საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის და ჩვენი აპარატის უმთავრესი პრიორიტეტი.

- კონკრეტულად რა სამუშაოებს ჩაატარებს ახალქალაქის ოფისი?

ახლა სხვადასხვა პროგრამებზე ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ამიტომ მუშაობას ამ მიმართულებით ვაძლიერებთ.

ჩემი აზრით, გვექნება ასევე საგანმანათლებლო პროგრამებიც, არა მხოლოდ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. მათ უკეთ უნდა იცოდნენ ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებები.

- ბოლო ხანებში ბევრს საუბრობენ ჯავახეთში სეპარატისტულ განწყობაზე. რას ფიქრობს სახალხო დამცველის ოფისი ამ საკითხზე?

- პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯავახეთი ერთიანი ქართული ტერიტორიაა. რეგიონს და აქ მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს უნდა დავეხმაროთ, რათა მათ საზოგადოებაში ადაპტირება და ინტეგრირება უფრო კარგად მოახერხონ და ქვეყანაში განვითარებულ ყველა ცვლილებასა და პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ასევე საჭიროა აქ მცხოვრები ეთნიკური სომხების კულტურული იდენტობის შენარჩუნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.

- როგორ აფასებს ომბუცმენის ოფისი ამნისტიის მიმდინარე პროცესს?

ამნისტიას ომბუცმენის ოფისი და თავად სახალხო დამცველიც ძალიან დადებითად აფასებს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლიანობამ იზეიმა. ფაქტი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, შეიცვალა და ახლა აღარ არიან. ჩემი აზრით, ეს ისტორიული მომენტია.

- ვაჰაგნ ჩახალიანი ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდა. მას და მის ადვოკატებს სურთ, რომ ჩახალიანი პოლიტიკურ პატიმრად აღიარონ. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და რამდენად სწორი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება პოლიტპატიმართა სიიდან მისი ამოღების შესახებ?

კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, სიმართლე რომ გითხრათ, ამ გადაწყვეტილების შეფასება არ შემიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე პოლიტპატიმრის მდგომარეობა შევაფასოთ, მაგრამ ჩემი აზრით, გამონათქვამები, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ჩახალიანთან დაკავშირებით გამოიყენა, სწორი არ იყო.

- რა შეიცვალა ციხეებში სკანდალური კადრების ტელევიზიით ჩვენების შემდეგ?

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ციხეებში სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. ჩვენ ახლა ინტენსიურ მონიტორინგს ვატარებთ, საჩივრები არაადამიანური მოპყრობის შესახებ არ არის და მდგომარეობა ამ მიმართულებით შეიცვალა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მონიტორინგი არ უნდა გავაგრძელოთ. მონიტორინგს განვაგრძობთ, რათა XXI საუკუნის საქართველოში ასეთი ამბები არ ხდებოდეს.

- ახლა მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს. რამდენად შესაძლებელია, რომ ციხეებში ისევ იგივე სიტუაცია განმეორდეს?

ჩვენი აზრით, ასე არ მოხდება, რადგან მონიტორინგი კარგად მიმდინარეობს და ასეთი რამ არ განმეორდება. ეს ჩემი პირადი აზრია.

- სამი თვეა რაც ამ პოსტზე ახალი კადრი დაინიშნა. რა შეიცვალა ან შეიცვლება სახალხო დამცველის საქმიანობაში?

ომბუდსმენის საქმიანობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. მაგალითად, რაც უკვე გითხარით, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება რეგიონები და ამიტომ გაძლიერდება ჩვენი რეგიონული ოფისები.

ვაპირებთ საქართველოში ადამიანის უფლებების ერთიანი სტრატეგიის შექმნას. ამ კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ასევე, ვაპირებთ გენდერული თანასწორობის ცენტრის ცალკე შექმნას, რაც ადრე არ არსებობდა. პრიორიტეტი იქნება მდგომარეობა ციხეებში და ამ მიმართულებითაც ინტენსიურად ვიმუშავებთ.

ვმსჯელობთ ომბუდსმენის უფლებამოსილებების გაფართოების საკითხზე, რომ ეს ინსტიტუტი ადამიანის უფლებების დამცველ უფრო ეფექტურ მექანიზმად იქცეს.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მათი განხორციელება ჟურნალისტების, მედიის დახმარებით უნდა მოხდეს, რომლებიც არა მხოლოდ სკანდალური მასალებით უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, არამედ თანამშრომლობდნენ სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული გარემოს შექმნაშიც, სადაც ყოველი ადამიანი გამოიყენებს და განახორციელებს თავის კონსტიტუციურ უფლებებს.

- ხომ არ იგეგმება საკადრო ცვლილებები სახალხო დამცველის აპარატში?

ჩვენს ოფისში საკადრო ცვლილებები არ ხდება. ჯერ არც ერთი ადამიანი არ გაგვითავისუფლებია. მხოლოდ 2–3 პიროვნება გადავიდა სხვა სამსახურში საკუთარი სურვილით.

ძირითადად, ყველასთან ვთანამშრომლობთ და ერთი იდეისთვის მუშაობას განვაგრძობთ. მდგომარეობა ისეთია, რომ ჯერჯერობით არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ.

- როდის იქნება ომბუდსმენის პირველი ანგარიში?

პირველ ანგარიშს ომბუცმენი მარტის ბოლოს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება ომბუცმენის ანგარიში 2012 წლის პერიოდისთვის. ამ ანგარიშს ახლა ვამზადებთ.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
ცვლილებები სახალხო დამცველის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ოფისში
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
სახალხო დამცველის მობილური ჯგუფები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებს დააკვირდებიან
ლია მუხაშავრია: "მთავარია, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეჩერდეს"