ერთი კვირაა, ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები მაია დიასამნიძე წყალს ყოველდღე ყიდულობს. მისი თქმით, ონკანში მღვრიე წყალი მოდის და სასმელად არ გამოიყენება. იყო შემთხვევა, რომ წყალს მიწაც გამოყვა.
„წყალი გრაფიკულად გვაქვს და ახლა ონკანში არ არის, მაგრამ, როცა მოდის, იმდენად მღვრიეა, ვერ ვსვამთ. ბავშვები გვყავს სახლში, ამიტომ ყოველთვის ვყიდულობთ“, – გვიხსნის მაია დიასამნიძე და ჭიქით წყალს გვაჩვენებს, რომელიც ონკანიდან დილით აიღო.
„ამ წყალს ავადუღებ და დასალევად შევინახავ. ზოგჯერ ასეც ვაკეთებთ და უფროსები ამას ვსვამთ, რომ მაღაზიიდან წყალი მარტო ბავშვებისთვის ვიყიდო“, – ამბობს მაია.
დიასამნიძების ოჯახი ერთადერთი არ არის, ვისაც წყლის საყიდლად ფულის გადახდა უწევს. ადგილობრივების თქმით, თითქმის ერთი კვირაა ახალციხეში მღვრიე წყალი მოდის. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი უფრო დაბინძურდა.
„მხოლოდ სასმელად კი არა, ჭურჭლისა და სარეცხის დასარეცხადაც ვერ ვიყენებ, დილით ჭურჭლის დარეცხვას ვაპირებდი, ონკანი, რომ მოვუშვი ლამის ტალახი წამოვიდა, გავაგზავნე ჩემი შვილი და ვაყიდინე“, – ამბობს ზარზმელის ქუჩის მცხოვრები ლიზა გვარამაძე.
ადგილობრივმა ნონა ზუმბაძემ, ამ დღეებში, სასმელი წყალი კომპნიაში მიიტანა და შეამოწმებინა, თუმცა, უთხრეს, რომ სასმელად ვარგისია: „ორი დღის წინ, დილით სამსახურში წასავლელად ვემზადებოდი, შევამჩნიე, რომ ონკანში წყალს ქაღალდის ნაგლეჯები მოყვებოდა. ბავშვები მყავს სახლში და გადავწყვიტე, რომ კომპანიაში წამეღო და შემემოწმებინა. ესეც რომ არ იყოს, ყვითელი წყალი მოდის, მაინც ყიდვა მიწევს“.
ერთი კვირაა, ეს მღვრიე წყალიც შეფერხებით აქვთ კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი არ იციან, რადგან არც მათ მიუმართავთ წყალმომარაგების კომპანიისთვის და არც კომპანიიდან მისულა ვინმე.
„მუდმივი წყალი გვქონდა, ახლა ხან დილით მოდის მარტო, ხან შუადღეს, ისიც მღვრიე და დაბინძურებული, ქვიშის ნარჩენები მოყვება“, – გვეუბნება თორნიკე გიქოშვილი.
ადგილობრივების თქმით, მაღაზიაში სასმელი წყლის ყიდვა, ყოველდღიურად 5 ლარზე მეტი უჯდებათ. ეს ოჯახის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. მათივე განცხადებით, ეს წყლის დაბინძურების პირველი შემთხვევა არ არის.
„თოვლი რომ დნება, ყოველთვის ასეა. ვფიქრობ, მთელი დაბინძურებული წყალი სათავე ნაგებობის ავზებში ჩადის. ალბათ ამიტომ, ყოველთვის გაწმენდა და ფილტრების დამონტაჟება სჭირდება, ჩვენამდე სუფთად რომ მოვიდეს“, – გფიქრობს ლიზა გვარამაძე.
ადგილობრივები კიდევ ერთ გამოსავალზე საუბრობენ.
„სხვა დროსაც, წყალს რომ ვუშვებ, სუნი გამოდის, ამიტომ, უნდა დაიქლოროს, რომ ბაქტერიები მოკლას“, – გვეუბნება მაია დიასამნიძე.
„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ წყლის ამღვრევა გაზაფხულის სეზონს უკავშირდება. იმ ტერიტორიებზე, სადაც ღია სათავე ნაგებობებია, გამდნარი თოვლი ჩადის და წყალი ბინძურდება.
„რეაგირება უკვე მოვახდინეთ, სათავე ნაგებობები გადაკეტილია და იწმინდება. ეს არის მიზეზი, რომ ზოგ უბანში მუდმივი წყალი შევუწყვიტეთ და ‘გრაფიკით’ აქვთ“, – ამბობს „საქართველოს წაყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე.
მისივე განმარტებით, ყველა სათავე ნაგებობაზე ფილტრია დაყენებული და მათი გაწმენდა ნარჩენებით დაბინძურებაზე დამოკიდებული. რაც შეეხება დაქლორვას, ზაზა სიხარულიძე ამბობს, რომ როდესაც წმენდნენ, ქლორავენ კიდეც.
კითხვაზე, რატომაა ავზები ღია, სიხარულიძე გვპასუხობს: „ეს არის ღია სათავე ნაგებობა, ანუ წყალმიმღები სტანდარტული ტიპის, მხოლოდ ახალციხეში კი არა, ყველგან ასეა და ასე მარაგდება მოსახლეობა. ეს სათავე ნაგებობა უერთდება მდინარეს, თუმცა გვაქვს პატარა დახურული წყაროები, სადაც ფილტრები აქვს დაყენებული და სწორედ ამის მეშვეობით იწმინდება წყალი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, წყალი იმღვრევა მარტში ან აპრილში, როდესაც დიდი რაოდენობით თოვლი დნება და მდინარეს ერთდროულად მოაწვება, ფილტრები ვეღარ უმკლავდება წყლის რაოდენობას და მღვრიე წყალს ატარებს“.
ზაზა სიხარულიძე გვაიმედებს, რომ რამდენიმე დღეში წყალი გასუფთავდება: „ფილტრები უკვე იწმინდება, დავქლორავთ და პრობლემას რამდენიმე დღეში მოვაგვარებთ. არამგონია თვის ბოლომდე ახალციხელებს წყლის პრობლემა ჰქონდეთ. ქალაქ ახალციხეს მხოლოდ ერთი ურავლის სათავე ნაგებობა ამარაგებს და იმიტომ შეიქმნა მთელს ქლაქში პრობლემა“.
[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]