
ახალქალაქში ცნობილია შემთხვევა, როცა ადამიანი გაემგზავრა ბელგიაში, რადგან თირკმლის პრობლემები ქონდა და მუდმივი დიალიზი სჭირდებოდა. ახალქალაქში ასევე გავრცელებულია „ერევნული“ დაავადება, რომელიც თირკმლის უკმარისობის მსგავსია. ცნობილია „ერევნული“ დაავადებისგან გამოწვეული ლეტალური შედეგებიც.
სისხლის დიალიზი კეთდება „სისხლის თირკმელსგარე გაწმენდისთვის თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის დროს. ჰემოდიალიზის დროს მიმდინარეობს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების გამოდევნა, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევის ნორმალიზება“ (ვიკიპედია).
ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც დიალიზი მუდმივად სჭირდებათ. თირკმელი არის ორგანო, რომლის ფუნქციაც სისხლის ფილტრაციაა. დიალიზის პროცედურა კი თირკმლის მოვალეობას ითავსებს. სისხლი დიალიზატორში პლასტმასის სპეციალური მილით შედის, იწმინდება და უკან ესხმება პაციენტს.
ჰემოდიალიზის პროცედურა, როგორც წესი, კვირაში ერთხელ არის საჭირო. ყოველი პროცედურა 2.5 საათიდან 4.5 საათამდე გრძელდება.
ახალქალაქის მცხოვრები აბრამიანი დიალიზის გასაკეთებლად ყოველ კვირას სომხეთში, გიუმრიში მიდის. სიცოცხლის გასახანგრძლივებლად იგი იძულებულია იმგზავროს, სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში წავიდეს.
ახალქალაქის საავადმყოფოში დიალიზის აპარატის შეძენის იმედი აქვთ. საკითხი ერთი თვის განმავლობაში გაირკვევა.
„ასეთი აპარატები მხოლოდ დიდი ქალაქების საავადმყოფოებში აქვთ. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებულნი ვართ. არიან სპონსორები, რომლებსაც ჩვენთვის დიალიზის აპარატურის შეძენა უნდათ. სამი წლის წინ მოვილაპარაკეთ, აპარატურა ერევანში ჩაიტანეს. მაგრამ მას რემონტი სჭირდებოდა. როგორც გვითხრეს, აპარატურა მუშაობდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჩამოტანაზე უარი ვთქვი, რადგან ეს საკმაოდ მსხვილ თანხასთან იყო დაკავშირებული. მოლაპარაკებები კვლავ განვაახლეთ. როდესაც აპარატურას მოგვაწვდიან, ეს არ იქნება რთული პროცედურა, ერთ-ერთ ექიმს გადავამზადებთ და შემდეგ დიალიზსაც გავაკეთებთ“, - ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე თოროიანი.
მართალია, არ არსებობს კონკრეტული მონაცემები, მაგრამ ადამიანების რიცხვი, ვისაც დიალიზი ჭირდება, საკმაოდ დიდია.
„დიალიზი საკმაოდ ბევრს სჭირდება, მაგრამ მათ იციან, რომ დიალიზის აპარატი არ გვაქვს, ამიტომ არ მოგვმართავენ. 2–3 ადამიანი თავად გადავამისამართე ბორჯომში. არც აქ არის აპარატი და არც ახალციხეში. ბორჯომში არის სპონსორი, რომელსაც ავადმყოფების დახმარება შეუძლია. ეს აპარატურა საკმაოდ ძვირადღირებულია და მომსახურებაც ძვირი ჯდება. ერთი ავადმყოფისთვის ის დიდ ხარჯს მოითხოვს“, – ამბობს ალექსანდრე თოროიანი.
ავადმყოფებისთვის დიალიზის გაკეთება ძვირი ჯდება, თუმცა, ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ადგილზე მკურნალობა გაცილებით იაფი იქნება.
„იაფი დაუჯდებათ, რადგან გზისა და საცხოვრებლის ხარჯის გაწევა არ მოუწევთ. ადამიანებს, ვისაც 3–4 ხარისხის თირკმლის უკმარისობა აქვს ან თირკმლის გადანერგვას ელოდებიან, მაგრამ დონორი ჯერჯერობით არ არის, დიალიზი მუდმივად სჭირდებათ. ამიტომაც ისინი თბილისში, ბორჯომში ან სულაც ერევანში მიდიან, სახლს ქირაობენ. ეს კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს რაიონული საავადმყოფოს დირექტორი.
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის თქმით, საავადმყოფოში ბევრი აპარატურის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა, ელოდებიან რემონტს, რომელიც დაახლოებით ამ წლის ოქტომბერში დასრულდება. შემდეგ კი კომპანია, რომელმაც საავადმყოფო შეიძინა და რემონტიც დაგეგმა, სამკურნალო დაწესებულების ტექნიკურ აღჭურვასაც უზრუნველყოფს.
[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]