FM97.5 / LIVE

ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.01.2017
„ნაციონალური მოძრაობის“ 20 იანვრის ყრილობაზე წასასვლელად, სამცხე–ჯავახეთის ექვსი რაიონული ორგანიზაციიდან, მხოლოდ ერთი ემზადება;

ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში 20 იანვრის ყრილობისთვის დელეგატებს არ არჩევენ. მათი შერჩევა ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ამავე მუნიციპალიტეტში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრეროგატივაა. დელეგატების ოდენობა კი ბოლო არჩევნებზე კონკრეტულ მუნიციპალიტეტში პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვნებლის მიხედვით ისაზღვრება.

„არ წავალ ამ ყრილობაზე. პროტესტს იმაზე, რომ პარტია ორად გაიყო და ერთმანეთს მოღალატეებს უწოდებენ, ამით გამოვხატავ. ამიტომ არც ყრილობისთვის ვემზადებით“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

დემეტრაძე არ აკონკრეტებს რომელ მხარესაა ორად გაყოფილ პარტიაში, რომელშიც ერთ მხარეს სააკაშვილი–მელიას, მეორე მხარეს კი ბაქრაძე–რატიანის გუნდი დგას. თუმცა ისევე როგორც ბაქრაძე–რატიანის გუნდში, ისიც ყრილობის ჩატარების წესის არ არსებობას უსვამს ხაზს და ფიქრობს, რომ „მოცემულ ვითარებაში რაიმეზე შეთანხმების შანსი ნოლია“.

დემეტრაძესთან შედარებით, უფრო რადიკალური ფორმით გამოხატა პროტესტი ასპინძის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ბექაურმა. მან აღნიშნული პოზიცია დატოვა და ამბობს, რომ არ გამორიცხავს, პარტიაზეც უარი თქვას. აქედან გამომდინარე, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს, დელეგატების შერჩევა კი ყრილობისთვის სწორედ მისი პრეროგატივაა, 20 იანვრისთვის მზადება ასპინძის ორგანიზაციაში ფიზიკურად შეუძლებელია. ამას ისიც ერთვის, რომ ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ტარიელ ლონდარიძისთვის მელიას გუდნის პოზიცია, ყრილობის ჩატარების შესახებ, მიუღებელია.

„იმ ყრილობაზე ვერ ვიქნები, სადაც ხელის გადაგრეხვის და კუნთების თამაშის პრინციპია. სადაც ძალაა მთავარი იარაღი, იქ სიტყვას და გონს ადგილი არ აქვს“, – აცხადებს ლონდარიძე.

ასპინძისა და ახალციხის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ ადიგენშიც.

„ყრილობის ჩატარების წესები არ არის განსაზღვრული, ამიტომ არ ვემხრობი ამ საკითხს. არ ვაპირებ წასვლას და არც ორგანიზაციის სახელით წავა ვინმე. ცალკე წასვლა ნებისმიერს შეუძლია“, – ამბობს პარტიის ხელმძღვანელი სიმონ პარუნაშვილი.

დელეგატების შესარჩევად აქტიური მზადება რომ არც ჯავახეთში,– ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მიმდინარეობს, ამაზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი არსენ კარაპეტიანი საუბრობს: „ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ, პირადად ჩემი პოზიციაც იქით გადაიხრება, რომელ მხარესაც რეგიონის უმეტესობა იქნება“.

ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი მხოლოდ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციაა. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ქვათაძე ამბობს, რომ პარტიაში ყრილობისთვის ემზადებიან და სავარაუდო დელეგატების სიაც უკვე შედგენილი აქვთ. თუმცა, ამბობს, რომ პირადად მისთვის მისაღები ბაქრაძე–რატიანის გუნდის მიერ გადმოგზავნილი ყრილობის ჩატარების წესდება უფროა, ვიდრე მელიას მიერ გადმოგზავნილი: „მე ფარული კენჭისყრის წესი უფრო მომწონს, ვიდრე ღია. თუმცა რომელს აირჩევენ ორგანიზაციაში, ეს არ ვიცი“.

შეკითხვაზე, თუ ყრილობა იმ წესით ჩატარდება, რომელსაც მელიას გუნდი მიიჩნევს მართებულად, მაშინ პირადად თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და წავა თუ არა ყრილობაზე, გვპასუხობს, რომ ამას ჯერ საიდუმლოდ ტოვებს.

რაც შეეხება პარტიის ორად გაყოფას, ამას „ნაციონალები“პირადი ამბიციებით ხსნიან.

„ცალკეულ პირებს აწუხებთ ამბიციები და ამას აყოლებენ მერე პარტიულ ინტერესებსაც“, – აცხადებს ახალიცხესა და ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც ბაქრაძე–რატიანის გუნდს უჭერს მხარს.

მას მიაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ რეალობას მოწყვეტილია. ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად სააკაშვილს შეუძლია ვითარება ჩააცხროს, თუმცა როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ გეგმავს.

პარლამენტში ადიგენის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი კი წარმოუდგენლად მიიჩნევს ერთ ადამიანს ორ სხვადასხვა ქვეყანაში პარტია ჰქონდეს და ერთდროულად ორივეს თავმჯდომარეობა შეძლოს: „სააკაშვილმა უკრაინაში შექმნა თავისი პარტია. ერთი მაგალითი მაინც დამანახეთ მსოფლიოში, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთ ადამიანს ორი სხვადასხვა პარტია ჰქონდეს და ორივეს ხელძღვანელობდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია?!“

რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადგილის შენახვა რომ გახდა პრობლემა პარტიაში, ამაზე რეგიონში ნაციონალების უმრავლესობა თანხმდება.

„მიშა ლიდერია და ის უალტერნატივოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარე ის უნდა იყოს, ვინც საქართველოშია“, – აცხადებს სიმონ პარუნაშვილი.

ზურაბ ჩილინგარიშვილის თქმით, პარტიაში დაახლოებით სამ დღეში გაირკვევა შეძლებენ თუ არა რაიმე საერთო აზრზე შეთანხმებას: „თუ ეს ასე არ იქნება, დავტოვებთ პარტიას“.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, სერგო რატიანი და სხვები, მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს დაუპირისპირდნენ. განხეთქილების მიზეზი იყო ის, რომ სააკაშვილი არ ემხრობოდა არჩეული დეპუტატების პარლამენტში შესვლას, ასევე, მას არ სურდა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მათ კანდიდატებს მონაწილეობა მიეღოთ. ასევე უთანხმოების მიზეზია პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პარტიის ყრილობის ჩატარების წესი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ორგანიზაცია ენმ–ს ყრილობაზე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს
ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
‘ოცნება’ პარტიის თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს