FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ‘ინტერგაზს’ უყურადღებობაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე 06.12.2016
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას ბუნებრივი აირი ისევ შეფერხებით მიეწოდება. ადგილობრივების განმარტებით, კომპანია „ინტერგაზი“ პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს.

თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ‘ინტერგაზს’ უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ორი კვირაა თამარაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირი პერიოდულად ითიშება. ადგილობრივების განმარტებით, გაზი ძირითადად ღამის საათებში არ აქვთ, დღის განმავლობაში კი დაბალი წნევით მიეწოდებათ, რაც გათბობისთვის საკმარისი არ არის.

„მოხსნიან, ნაწილს შეაკეთებენ, დროებით გაზი გვაქვს, მერე ისევ ფუჭდება. წყალი ჩადის თუ რა ემართება, არ ვიცი. ღუმელი დავდგით, ხომ არ გავიყინებით“, – ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნანა გელაშვილი.

ადგილობრივები კომპანია „ინტერგაზის“ წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ: „ცხელ ხაზზეც და ახალციხის გაზის კომპანიაშიც გვპირდებიან, ორშაბათს გამოვცვლით, ორშაბათს კი სხვა მიზეზს პოულობენ, ძალიან დავიღალეთ. ბავშვები გვყავს, ასეთ ძლიერ ყინვებში რით გავათბოთ, ყველას ხომ არ აქვს მომარაგებული შეშა“.

მათივე თქმით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ ბუნებრივ აირს ჰაერიც მოყვება:„190 ლარი გადავიხადეთ ამ თვეში, მაშინ როდესაც ნახევარი ჰაერია. რაში ვიხდით ფულს?! რამდენჯერ დავრეკოთ, დავიღალეთ. კვირა დღეს ოთხჯერ გაითიშა“.

კომპანია „ინტერგაზში“ განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ამ დროისთვის ბუნებრივი აირი შეფერხების გარეშე მიეწოდებათ. რამ გამოიწვია გაზის პერიოდულად გათიშვა, კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ.

„ნახევარი საათია რაც ჩაირთო. სხვადასხვა მიზეზებია ზამთარია, ცივა“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში „ინტერგაზის“ ხელმძღვანელმა ვასილ აბულაძემ.

რაც შეეხება გაზში ჰაერის არსებობას, აბულაძე კატეგორიულად უარყოფს: „როგორ გეკადრებათ, მილი ერთია, ერთი მოდის მთელს რესპუბლიკაში, ზოგს რა მოელანდება, ზოგს რა. ვინც ეგ გითხრათ, იმას კითხეთ მიზეზი“.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნოემბერშიც წერდა. მაშინ თამარაშვილის გარდა პრობლემა ივერიელის ქუჩის მცხოვრებლებსაც ქონდათ.

„გაზის მილი სითბოსა და სიცივეში კონდენსაციას განიცდის. შესაბამისად, შიგნით მთელი წლის განმავლობაში წვეთობით წყალი გროვდება, გაიყინა და ვცვლით რეგულატორებს“, –განაცხადა ვასილ აბულაძემ 22 ნოემბერს.