FM97.5 / LIVE

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 16.09.2016
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო ტემპერატურა მატულობს. სამ ოლქში დასახლებული 28 კანდიდატიდან, უმეტესობა ამომრჩეველთან კარდაკარ დადის. ადგილობრივი თვითმმართველობა, სამინისტროები, ძალოვანი უწყება, ბიზნესი და შოუბიზნესი – ვინ საიდან მოდის საკანონმდებლო ორგანოში.

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან
მაჟორიტარობის კანდიდატები N44–ე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში

15 სექტემბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატის მანდატისთვის სამი დამოუკიდებელი და 25 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი იბრძვის. აქედან 27 მამაკაცია, 1 კი ქალი.

ყოფილი პარლამენტარები

სამცხე-ჯავახეთში დასახელებული 28 კანდიდატიდან, ხუთს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ენზელ მკოიანი, რომელიც კენჭს ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქში იყრის, 1999 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია, თუმცა, საზოგადოებას მისი საპარლამენტო აქტივობა არ ახსოვს. 2015 წლის პარლამენტის საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, მკოიანი საკანონმდებლო ორგანოში არცერთხელ სიტყვით არ გამოსულა.

2004-08 წლებში, მეექვსე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი, რომელიც ახლა მაჟორიტარობისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში იბრძვის. თუმცა არქივში არც მისი პარლამენტში მოღვაწეობის რომელიმე ეპიზოდია შემონახული.

2012 წელს არჩეული, მერვე მოწვევის პარლამენტარები არიან, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები: ვაჟა ჩიტაშვილი (ახალციხე–ადიგენის ოლქი) და ტარიელ ლონდარიძე (ბორჯომი–ასპინძის ოლქი). ორივე მათგანი პარლამენტში აქტიურობით გამოირჩეოდა. მაგალითად, ტარიელ ლონდარიძემ ტრიბუნასთან პირველივე გამოსვლა ხმაურით დაიწყო, – საკითხი კონსტიტუციურ ცვლილებებს უკავშირდებოდა.

ჩიტაშვილისა და ლონდარიძის მსგავსად, მერვე მოწვევის პარლამენტარია „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე. იგი ახლა მაჟორიტარობას ასპინძა-ბორჯომის სახელით აპირებს. ოთხი წლის განმავლობაში იგი პარლამენტში „ადამიანის უფლებათა დაცვის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და საზოგადოებას მისი არაერთი ხმაურიანი გამოსვლა ახსოვს, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა.

ვინ საიდან მოდის

პარლამენტის წევრი არ ყოფილა, თუმცა, ადიგენის მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ ხმაურიანი გამოსვლებით დაგვამახსოვრა თავი ახალციხე-ადიგენის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა და ახალციხის ყოფილმა მერმა გიორგი კოპაძემ. 2013 წელს იგი სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვის წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის სხვა კანდიდატებს, უმრავლესობა, წლების განმავლობაში, სხვადასხვა საჯარო სამსახურში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. ბევრი მათგანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რამდენიმე სამინისტროში და ძალოვან უწყებაში, არიან კანდიდატები ბიზნესიდან და შოუბიზნესიდანაც.

დამოუკიდებელი კანდიდატი ახალციხე–ადიგენში ნუგზარ პარუნაშვილი ჯერ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, შემდეგ კი გუბერნატორი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ახალციხის გამგებლის პოსტი ეკავა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს ამავე ოლქში ბესიკ ხითარიშვილს.

ბორჯომში გამგებლის მოადგილე იყო „ლეიბორისტების“ კანდიდატი ასპინძა-ბორჯომში გიორგი გიუაშვილი. „ჩვენი სახალხო პარტიის“ კანდიდატი ამავე ოლქში, ავთანდილ გონგლაძე კი 90–იან წლებში ბორჯომის მერი იყო.

საკრებულოს წევრები იყვნენ: „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ახალციხე–ადიგენში შალვა გოგოლაძე, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ბორჯომი–ასპინძაში კახა ბერიძე, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ნინოწმინდა-ახალქალაქში აშოტ საარიანი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი იყო ახალქალაქის საკრებულოში, ამავე პარტიის კანდიდატი არმენაკ ფოლორჩიანი.

2013-14 წლებში ბორჯომში, კულტურის სამსახურის უფროსი იყო „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსათვის“ კანდიდატი ბორჯომი–ასპინძაში მარინა გელაშვილი. ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი არტაშეს ფალანჯიანი კი წლების განმავლობაში, ახალქალაქში სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა.

2010 წლიდან ჯერ „ლეიბორისტებთან“, ახლა კი „მემარცხენე ალიანსში“ აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული ბორჯომი–ასპინძაში დეპუტატობის კანდიდატი გივი მჭედლიშვილი.

გარემოს დაცვის სამინისტროში წლებია სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს „ეროვნული ფორუმის“ დეპუტატობის კანდიდატი ასპინძა-ბორჯომში აკაკი ლეკიშვილი. დევნილთა სამინისტროში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი იყო „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ახალციხე-ადიგენში კობა გორგოძე. წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადსხვა პოზიციაზე მუშაობდა ახალციხე-ადიგენის ოლქში „ჩვენები-სახალხო პარტიის“ კანდიდატი ზურაბ პაქსაძე. ამავე პარტიიდან 2014 წლის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს წევრად იყრიდა კენჭს, თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს მანდატი ვერ მოიპოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინოწმინდა–ახალქალაქში არსენ კარაპეტიანმა პოლიტიკაში ძალოვანი უწყებიდან გადაინაცვლა. იგი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ნინოწმინდის რაიონული განყოფილების უფროსი იყო. ახალქალაქი-ნინოწმინდის განყოფილებაში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ამავე ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი რობერტ ჯაღასპანიანცი.

წლების განმავლობაში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული, ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ახალქალაქ-ნინოწმინდაში შაქრო აივაზიანი.

სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის მებრძოლი დანარჩენი 26 კანდიდატისგან განსხვავებით, საზოგადოება შოუ–ბიზნესიდან იცნობს ბორჯომი–ასპინძაში მაჟორიტარობისთვის მებრძოლ ზურა ხაჩიძეს, რომელიც ძალებს „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით ცდის.

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან
მაჟორიტარობის კანდიდატები N45–ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში

საარჩევნო ფინანსები

რა ფინანსებით არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში, კანდიდატებს ეს კითხვა არ სიამოვნებთ. ნაწილი ამბობს, რომ საარჩევნო შტაბის ქირა და სააგიტაციო მასალის ხარჯები ცენტრალური შტაბიდან ფინანსდება და თავად ბიუჯეტთან ხელი არ მიუწვდება. თუმცა არიან ისეთები, ვინც საარჩევნო პროცესებში საკუთარი სახსრებით ერთვება. მათ შორის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატები.

„წინასაარჩევნო კამპანიისათვის ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაკეთებ, არავინ მაფინანსებს“, - ამბობს ახალციხე-ადიგენის ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი.

ენთუზიაზმით და საკუთარი რესურსებით ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას „ლეიბორისტების“ კანდიდატი ბორჯომი–ასპინძის ოლქში გიორგი გიუაშვილი: „ჩემი, როგორც კანდიდატის ბიუჯეტი, არ არსებობს. მაგალითად, წინა არჩევნებზე, საკრებულოში რომ ვიყავი, საქორწილო ბაჯაღლო გავყიდე. ახლაც ერთ-ერთ ნივთს ვუტრიალებ და ალბათ იმასაც გავყიდი“.

საკუთარი სახსრებით, ქართულ და სომხურ ენაზე აპირებს საარჩევნო ბუკლეტების დაბეჭდვას „მემარცხენე ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი–ასპინძაში გივი მჭედლიშვილი: „ერთადერთი რასაც პარტია მიფინანსებს, ჩვენი ოფისია. დანარჩენს საკუთარი სახსრებით გავაკეთებთ“.

კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე

27 კანდიდატიდან უმეტესობა ერთხმად ამბობს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, რაც მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. ყველა მათგანს პრობლემის გადაჭრის მისებური ხედვა აქვს.

ახალციხე–ადიგენის ოლქი

„თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ხაჩიძე უმუშევრობის დაძლევის გზად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას მიიჩნევს. „უნდა გაიხსნას საზღვრები, მოსახლეობა იქ სამუშაოდ წავა და პრობლემაც მოგვარდება“, - ამბობს და ამატებს, რომ თუ პარლამენტში შევა, პირველ საკითხად სწორედ ამას დააყენებს.

უმუშევრობის დაძლევას 45.000 სამუშაო ადგილის შექმნით აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი. მისი თქმით, მეწარმეები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, რათა მეტი ფული დარჩეთ და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

გარდა ამისა, ჩიტაშვილი პრობლემად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, სასმელ და სარწყავ წყლებს ასახელებს: „იმისათვის, რომ საირიგაციო სისტემა მოვაწესრიგოთ, გეოგრაფიულად შესწავლილი მაქვს ტერიტორიები, რაღაცა მონახაზი უკვე არსებობს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“.

დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი. ეს, ის საკითხი იქნება, რასაც ხითარიშვილი პარლამენტში პირველ რიგში დააყენებს.

უმუშევრობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატის კობა გორგოძისთვისაც ნომერ პირველი პრობლემაა, თუმცა, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში პირველ საკითხად ჯანდაცვის თემას წამოწევს: „უნდა დარეგულირდეს მედიკამენტებზე ფასები და ჯანდაცვა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატისათვის, უმუშევრობასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სამართლიანობის აღდგენაა. ნიკოლოზ ინასარიძის თქმით, მის ოლქში პრობლემა კადრების შერჩევაა, რაც უსამართლობის განცდას ქმნის: „ვეცდებიამ საკითხებზე ვიზრუნო და საკადრო პოლიტიკაში არსებული ხარვეზები გამოვასწორო“.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა გოგოლაძე უმუშევრობასთან ერთად, ოლქში ეკოლოგიურ და შშმ პირებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რა რესურსიც ექნება, იმის მიხედვით იმოქმედებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი კოპაძეს, მისი ხედვები „სამხრეთის კარიბჭეს“ მკითხველისთვის უცნობი რჩება. ხელისუფლების კანდიდატი ამბობს, რომ ამომრჩეველს ჩვენს გარეშეც კარგად ეკონტაქტება და ჩვენთან ურთიერთობას არ აპირებს.

ასევე უცნობი რჩება პარტიის „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატის გოდერძი კუბლაშვილის მოსაზრებები. იგი ამბობს, რომ ხედვებს ბრიფინგებზე გააჟღერებს.

ახალციხე-ადიგენის ოლქში „ჩვენები-სახალხო პარტიის“ კანდიდატი ზურაბ პაქსაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში მთავარი პრობლემა დასაქმებაა, ამიტომ დეპუტატად აჩევის შემთხვევაში, მისი გუნდიც სამუშაო ადგილების შექმნას შეეცდება. გარდა ამისა პაქსაძე ეკონომიკის აყვავებას, ბიზნესსექტორის აღორძინებით გვპირდება.

ახალციხე-ადიგენის ოლქში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ნუგზარ პარუნაშვილი კი უსამართლობასთან ბრძოლას აპირებს. მისი თქმით, სასამართლო პოლიტიზირებულია და უსამართლობის მთავარი მიზეზიც ესაა: „სამართლიანობის აღდგენა, მართლმსაჯულების ორგანოების განვითარება და აპოლიტიკურ ორგანოებად ჩამოყალიბება, ამ საკითხს დავაყენებ პარლამენტში“.

ბორჯომი–ასპინძის ოლქი

მთავარ პრობლემად ასევე უმუშევრობას ასახელებს N45–ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის მებრძოლი ათივე კანდიდატი.

ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი კახა ბერიძე ამბობს, რომ უმუშევრობის პრობლემას გადასახადების შემცირების გზით მოაგვარებს. მათთვის ასევე პრიორიტეტული განათლების დონის გაზრდა იქნება. კახა ბერიძე პარლამენტში გასვლის შემთხვევაში პირველ საკითხად ასპინძასა და ბორჯომში სოციალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მაჟორიტარისა და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური კომუნიკაცია აწუხებს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ზურა ხაჩიძეს: „ამ სტერეოტიპებს დავამსხვრევ და ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი მოსახლისთვის ღია იქნება“.

იგი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პირველ საკითხად ბორჯომში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემას დააყენებს, რომელიც პლატოს ტერიტორიაზე ხის ჭრას ეხება.

მაჟორიტარისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე, ასევე ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს „ლეიბორისტული“ პარტიის კანდიდატი გიორგი გიუაშვილი.

„მე ვიქნები ხმა პარლამენტში და არა ყურმოჭრილი მონა“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ პირველ რიგში უკანონო ჭრების საკითხს წამოწევს.

მცირე საწარმოების განვითარებაში ხედავს დასაქმების პრობლემის მოგვარებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ამირან ტყეშელაშვილი. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი მისთვის მთავარი საკითხი უბლოკო სტატუსი იქნება.

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის შემოღებას აპირებს „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი აკაკი ლეკიშვილი. გარდა ამისა, იგი ფიქრობს, რომ ერთერთი პრიორიტეტი ფერმერული მეურნეობის წახალისება იქნება.

სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა სოფლებში გაზიფიცირება და უმუშევრობაა. პრობლემის მოგვარებას კი თითოეულ თემში პრიორიტეტების დასახვით, ეტაპობრივად აპირებს.

გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებაა პრიორიტეტული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ტარიელ ლონდარიძისთვისაც. მისი თქმით, ბორჯომში მოსახლეობის მერქნით მომარაგების პრობლემაც არსებობს: „მაგალითად ტაბაწყური, მაღალმთიანი სოფელია და უკვე საშეშე მერქანი სჭირდებათ, თუმცა, ამ დრომდე, არცერთ ოჯახს ბილეთი არ მისვლია სახლში“.

ოპონენტებისაგან განსხვავებით ყველაზე დიდ პრობლემად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მიაჩნია „მემარცხენე ალიანსის“ კანდიდატს გივი მჭედლიშვილს: „მაგალითად, ბორჯომი ტურისტული ზონაა და რას გავს აქაურობა. თუ მოვალ ხელისუფლებაში, ეს იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი“.

კონკრეტულ პრობლემებზე არ გვესაუბრება, რეგიონში ერთადერთი ქალი კანდიდატი მარინა გელაშვილი. თუმცა ირწმუნება, რომ საკუთარ საარჩევნო ოლქს კარგად იცნობს და აქ მცხოვრებთა პრობლემები მისთვის ცნობილია.

საკუთარ საარჩევნო ოლქში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აპირებს „ჩვენი სახალხო პარტიის“ კანდიდატი ავთანდილ გონგლაძე: „მეც ბიზნესმენი ვარ და მთელი ამ წლების განმავლობაში ტერორში ვიყავი ხელისუფლებისგან, ხან პურის ბიზნესი ჩამიგდეს და ხან რესტორანი დამიხურეს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, მათი დამოუკიდებლობისათვის“.

ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქი

რვა კანდიდატია N46–ე ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის არსენ კარაპეტიანის თქმით, უმუშევრობა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზეც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იზრუნებს. პრობლემის გადაჭრას იგი მეწარმეებისათვის გადსახადების შემცირებით გეგმავს. კარაპეტიანი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კრიმინალის ზრდასაც მიიჩნევს: „ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე. როცა ძალოვან სტრუქტურაში არიან უნიჭო ადამიანები, მაშინ გაჩერებულია ქვეყანა“.

დეპუტატობის კანდიდატად არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტული იქნება სოციალური სფერო და ჯანდაცვა ბლოკის „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატისთვის შაქრო აივაზიანისთვის.

სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობას გეგმავს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი არტაშეს ფალანჯიანი: „რეალურად, აქ დიდი პროექტები არ ხორციელდება. ვეცდები ეს საკითხი ყველა დონემდე მივიტანო“.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ ჯაღასპანიანცი, ყველაზე დიდ პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურასა და სოფლებში ამბულატორიების არარსებობას მიიჩნევს. პარლამენტში გასვლის შემთხვევაში, იგი სწორდ ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებს წამოწევს.

სარწყავი სისტემის არარსებობას ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს „ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი არმენაკ ფოლორჩიანი და ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის მოპოვების შემდეგ, იგი სწორედ ახალი სისტემის მშენებლობას დაიწყებს. გარდა ამისა, იგი ყველა სოფელში, ახალი ამბულატორიების მშენებლობას გეგმავს.

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან
მაჟორიტარობის კანდიდატები N46–ე ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში

დეპუტატის კომპეტენცია და წინასაარჩევნო დაპირებები

სამცხე–ჯავახეთის სამი ოლქის 27 მაჟორიტარიდან, უმეტესობა ამომრჩევლებთან კარდაკარ დადის, ჟურნალისტების გარეშე. როგორც ჩანს, კანდიდატებს ამომრჩეველთან შეხვედრა მედიის გარეშე ურჩევნიათ, რადგან არაერთი მცდელობის შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭემ“ შეხვედრების განრიგი ვერ მოიპოვა.

სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (სამხრეთის კარიბჭე 10 დღის განმავლობაში აგროვებდა კითხვებს მაჟორიტარებისთვის და რეგიონის 60 სოფელი მოვიარეთ. ს.კ.), ადგილობრივებთან საუბრისას ირკვევა, რომ კანდიდატები უმეტესწილად ჰპირდებიან ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა: გზის დაგება სოფელში; სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება; გაზიფიცირება; ინტერნეტიზაცია...
„ყოველ არჩევნებზე მოდიან, გვპირდებიან, გაზიფიცირებას წყლის გამოყვანას, სარწყავ წყალს, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ“, - ამბობს ადგილობრივი იაგო კურტანიძე.

„ჩემი სახლი ჩემს გარდაცვლილ ქმარზეა გაფორმებული, მინდა, რომ გადმოვიფორმო, მაგრამ ძვირი ჯდება. გია კოპაძე იყო მოსული გუშინ („ქართული ოცნების“ კანდიდატი), მითხრა, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში უფასო იქნება სახლის გადმოფორმებაო“, – გვეუბნება სოფელ ყულალისში მცხოვრები ერთი ქალი, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ.

„მე ესე მესმის, რომ თავად დეპუტატი გზას ვერ მომიასფალტებს და წყალს ვერ მომიყვანს, მაგრამ ხომ უნდა მისცეს ბიძგი ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს?! ჩვენი პრობლემები ხომ უნდა მიიტანოს მთავრობამდე“, - გვეუბნება მერი გაჩეჩილაძე, რომელიც სოფელ წნისში ცხოვრობს.

მერი გაჩეჩილაძე გამონაკლისია, რადგან ადგილობრივების დიდმა ნაწილმა დეპუტატების კომპეტენციების შესახებ არაფერი იცის . შესაბამისად, მათი კითხვები კანდიდატებისადმი ყოფით, სოციალურ პრობლემებს ვერ სცდება და დეპუტატების ამ ტიპის დაპირებებშიც პრობლემას ვერ ხედავს.

მათგან განსხვავებით, პრობლემას ხედავს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე: „დეპუტატი ვერ გასცემს იმ დაპირებებს, რომელიც ადგილობრივ დონეზე, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია გადაწყვიტოს. მან ზეგავლენა უნდა მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებზე, უნდა დააყენოს საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს, საკუთარი ამომრჩევლის კეთილდღეობას“.

რა ინიციატივებს დააყენებენ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რას შეცვლიან თავის ამომრჩევლისთვის, ამაზე ჯერ საუბარი ძალიან ნაადრევია. სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები 145 532 ამომრჩეველი 28 კანდიდატიდან 3–ს ზუსტად 22 დღეში აირჩევს.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]

1 ქალი და 27 მამაკაცი – მაჟორიტარები სამცხე–ჯავახეთიდან სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]