FM97.5 / LIVE

უკონტროლო გამონაბოლქვი [Photo]

მთავარიეკონომიკა 21.12.2012
ასფალტო-ბეტონის ქარხნები და მომწამვლელ გამონაბოლქვში გახვეული ქალაქი; რატომ არავინ აკონტროლებს დამაბინძურებელ საწარმოებს; რომელი ქარხანა მუშაობს უნებართვოდ და რატომ ხუჭავენ თვალს უკანონობაზე;

უკონტროლო გამონაბოლქვი [Photo]
”სამება 2000”

ოთხი დასახლება ყოველ დილით შავ-თეთრ ბურუსში ეხვევა


ახალციხე ყოველ დილით შავ-თეთრ ბურუსში ეხვევა. სამი ასფალტო-ბეტონის ქარხანა, რომელიც ქალაქიდან არც თუ ისე მოშორებით მუშაობს, დღის განმავლობაში ტონობით ასფალტსა და ბეტონს ამუშავებს. ”ასტორია”, ”მესხეთ ავტოგზა” და ”სამება 2000” წლებია ახალციხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებენ.
”ასტორია”

რეგიონში ქვა-ღორღისა და ასფალტო-ბეტონის ძირითადი მიმწოდებელი ”ასტორიაა”. სამშენებლო კომპანია საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე მუშაობს. მას ვალეში, მეორე შახტის ტერიტორიაზე დაახლოებით ორი ჰექტარი უკავია. აქ ერთდროულად სამი ქარხანა ფუნქციონირებს: ასფალტის, ბეტონის და ქვა-ღორღის. ზაფხულში, დღის განმავლობაში, ”ასტორია” 400 ტონა ბეტონს ამუშავებს, ჩვეულებრივ კი დღეში 300 ტონას უშვებს.

”მანქანები არ გვყოფნიდა და ვქირაობდით, ისეთი დატვირთული სამუშაო განრიგი გვქონდა. თვეში საშუალოდ 3-4 ათას კუბამეტრს ვუშვებდით”, - გვიხსნის ქარხანაში ცეხის უფროსი მალხაზ ნასყიდაშვილი.

ასფალტის დასამზადებლად ”ასტორია” მაზუთს იყენებს, ამიტომ, განსაკუთრებით დილის საათებში ქარხნიდან შავი კვამლი ამოდის და მიმდებარე დასახლებებს: ვალეს, სხვილისს, ივლიტასა და ახალციხეს ეფინება.

უკონტროლო გამონაბოლქვი [Photo]
”ასტორია”

”ზამთარში, როცა ცივა, ერთი საათის განმავლობაში შავი კვამლი გამოდის და მერე იწმინდება. ქარხანა ფილტრებზე მუშაობს და უშვებს იმ რაოდენობის კვამლს, რაც ნორმაში ჯდება”, - აცხადებს ”ასტორიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბუღალტერი ამირან გოზალიშვილი.

ქარხანაში გვიხსნიან, რომ საწარმოს ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს.

”2007 წლიდან, როგორც კი ეს ქარხანა დავდგით, ყველა დოკუმენტი გვაქვს”, - ამბობს გოზალიშვილი.

მართლაც, ”ასტორიას” 2007 წელს მიღებული აქვს ”გარემოზე ზემოქმედების შეფასება”. თუმცა, როგორც ნასყიდაშვილი ამბობს აქ ქარხანა 2004 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიას აქვს ”ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივების პროექტიც”, თუმცა, ის უფრო მოგვიანებით, 2009 წლიდან აქვს მიღებული.

”გაფრქვევების კონტროლს არ ვაწარმოებთ”, - აცხადებს გოზალიშვილი.

”მესხეთ ავტოგზა”


გაფრქვევების კონტროლს არც შპს ”მესხეთ ავტოგზა” აწარმოებს.

”გაზზე ვმუშაობთ და არ არის საჭირო. მანამდე მაზუთზე ვმუშაობდით”, - ამბობს ”მესხეთ ავტოგზის” ხელმძღვანელი თამაზ პეტაშვილი.

ქარხანა ახალციხეში, საბარგო სადგურზე 7 წელია მუშაობს, გაზი კი ქალაქში 2 წელია რაც შემოვიდა.

”ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებას გვიდებენ და ასფალტსა და ბეტონს ვაწვდით, წარმადობა 100 კუბამეტრამდე გვაქვს”, - გვიხსნის პეტაშვილი.

მისი თქმით, საწარმო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს: ”მაზუთზე რომ ვმუშაობდით, მაშინ პრობლემები ჩნდებოდა. კარგად წვა რომ არ ხდებოდა, შავი ბოლიც გამოდიოდა”.

უკონტროლო გამონაბოლქვი [Photo]
”მესხეთ ავტოგზა”

გოგა ხაჩიძის მინისტრობის პერიოდში გარემოს დაცვის სამინისტროდან ”მესხეთ ავტოგზას” არაერთი გაფრთხილება მიუღია.

”შენიშვნები მიგვიღია და შემდეგ გამოგვისწორებია, - ამბობს პეტაშვილი. თუმცა, გამოსწორება მხოლოდ საწარმოს დროებით შეჩერებაში გამოიხატებოდა - მცირე დოზით ვუშვებდით მაზუთს”.

”სამება 2000”


გაზზე მუშაობს ”სამება 2000-ც”. კომპანია მარნეულშია რეგისტრირებული და ახალცხიეში სამი წლის წინ გადმოიტანეს.

”კომპანია ”არალთან” ვთანამშრომლობთ, მისი ხელმძღვანელი ოთარ თათეშვილია, შეკვეთების დიდ ნაწილს სწორედ მისგან ვღებულობთ”, - გვიხსნის წარმოების მენეჯერი ბენო გველესიანი.

მისი თქმით, კომპანია გაფრქვევების კონტროლს ახორციელებს: ”მაგის გარეშე არ შეიძლება”, - ამბობს გველესიანი. თუმცა, ქარხანაში ჟურნალი, სადაც გაფრქვევების კონტროლი და აღრიცხვა მიმდინარეობს, არ აქვთ.

მასალების აღმრიცხველი ავთო თათეშვილი კი გვიხსნის, რომ გამონაბოლქვი, რომელსაც ქარხანა უშვებს, მხოლოდ ორთქლია.

”რადგან გაზზე ვმუშაობთ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა აღარ გვჭირდება”, - გვითხრეს ქარხანაში.

საეჭვოდ ”დაცული” კანონი


”გაზზე მუშაობა არაფერს ცვლის, ფუნქციონირებისათვის ნებართვა სჭირდება, - აცხადებს ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე - მთავარია საქმიანობის ტიპი - ასფალტო-ბეტონის წარმოებისთვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოპოვება. თუ არ აქვს, ესე იგი უკანონოა და შესაბამისად, უნდა დაისაჯოს”.

რაც შეეხება ”მესხეთ ავტოგზას”, გუჯარაიძე ამბობს, რომ მის შეთხვევაში სამინისტრო მხოლოდ გაფრთხილებებით არ უნდა შემოფარგლულიყო. ვითარებიდან გამომდინარე გუჯარაიძე ეჭვობს, რომ აღნიშნულ კომპანიებს ვიღაცა მფარველობს: ”გასაკვირია, რატომ აქვს ”ასტორიას” ზდგ ნორმატივები დამტკიცებული 2009-დან, 2007-შივე რატომ არ დაუმტკიცდა?”

ვის აქვს მუშაობის ნებართვა


გარემოს დაცვის სამინსიტროში ”სამხრეთის კარიბჭეს” განუმარტეს, რომ ,,ასტორიაზე“ ასფალტის წარმოებისთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა 2008 წლის 1 დეკემბერს გაიცა. ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივები შეთანხმებულია სამინისტროსთან 2009 წელის 25 დეკემბერიდან 2014 წლამდე. იმავე ვადითაა შეთანხმებული სამინისტროსთან ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშიც.

სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის 8 აპრილს გაიცა ნებართვა ”მესხეთ ავტოგზაზე” ასფალტის წარმოებისთვის. ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმატივები შეთანხმებულია სამინისტროსთან 2009 წელის 17 მარტიდან 2014 წლამდე. იმავე ვადითაა შეთანხმებული სამინისტროსთან ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშიც.
რაც შეეხება ”სამება 2000”-ს, მასზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაცემული არაა.

”შესაბამისად თუ საწარმო ამჟამად ფუნქცინირებს, იგი მუშაობს უნებართვოდ. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საწარმოს საქმიანობა ჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 791 მუხლით რომელიც ითვალისწინებს სახდელის დადებას 7000-დან-10000 ლარამდე”, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში.

დანაშაული, რომელიც რეაგირების გარეშე რჩება


გარემოს დაცვის სამინისტროს არცერთ საწარმოზე ამ დრომდე კონტროლი არ განუხორციელებია.
”სამება 2000” თუ უნებართვოდ მუშაობს ეს კანონდარღვევაა და კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია”, - აცხადებს გუჯარაიძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ საწარმოებზე კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს, წინაამდეგ შეთხვევაში, საწარმო რასაც უნდა, იმას დაწერს: ”შემოწმების ორი გზა არსებობს: ან მაკონტროლებელი ორგანო ამოწმებს, ან სერტიფიცირებული აუდიტორული კომპნია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მაკონტროლებელი მაინც ამოწმებს საწარმოებს, მაგრამ ნაკლები სიხშირით. ჩვენთან, საქართველოში, ეს მეორე სისტემა არ მუშაობს არ არსებობს ფიზიკურად. ანუ რჩება პირველი - მაკონტროლებლის მიერ შემოწმება”.

გუჯარაიძის განმარტებით, ინსპექცია ძალიან სუსტია და ის დამაბინძურებელ საწარმოებს პრაქტიკულად ვერ ამოწმებს. შარშან გატარებული რეფორმის შემდეგ კი უფრო მეტად დასუსტდა: ”რეფორმაში ვგულისხმობ ინსპექციის გადატანას ენერგეტიკის სამინისტროში. გარემოს დაცვის სამინისტროში დარჩა სულ 8-კაციანი დანაყოფი. მათ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უნდა უზრუნველყონ გარემოსდაცვითი კონტროლი, არადა რეალურად გარემოსდაცვით უწყებას არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ უზრუნველყოს გარემოსდაცვითი კონტროლი”.

შემოწმების, კონტროლის ძირითად საკითხებს არეგულურების ნებართვებისა და ლიცენზიების კანონი. კანონმდებლობით, შემოწმება შეიძლება მოხდეს შერჩევით და გეგმიურად, ასევე შეტყობინების საფუძველზე. საინტერესოა, რატომ ვერ მოხვდა ან შერჩევითი ან გეგმიური შემოწმების გრაფიკში ”ასტორია”, ”მესხეთ ავტოგზა” ან ”სამება 2000”?

ექიმი ინფექციონისტი ანაიდ ლოკიანი, რომელიც კლინიკა ”ჯანმრთელობის სახლში” მუშაობს, ამბობს რომ გამონაბოლქვი, რომელსაც მსგავსი ტიპის საწარმოები უშვებს, დიდი რაოდენობით მძიმე მეტალს შეიცავს: ”განსაკუთრებით, ღრუბლიანი ამინდში, ასეთი მავნე ნარჩენები დაბლა ილექება და ჩნდება ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებით კი რთულდება გულისა და ფილტვების დაავადებები. ჩნდება ქრონიკული ბრონქიტი ან, სიმსივნური წარმონაქმნები”.



[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
რომელი საწარმოები დაჯარიმდნენ ახალციხეში გარემოზე მიყენებული ზიანის გამო
ახალციხეში ბეტონის ქარხანა გაიხსნა [R]
მოსახლეობის 'დასამშვიდებლად' შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად