FM97.5 / LIVE

როგორ შეირჩა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები

მთავარიეკონომიკა 17.02.2016
რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია მთის ეროვნულმა საბჭომ სამცხე–ჯავახეთში ის დასახლებები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.

როგორ შეირჩა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები

იმ დასახლებების სია, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა, გასული, 2015 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდა. სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 222 დასახლებას მიენიჭა.

რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მაღალმთიანის სტატუსი ჯავახეთში – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ყველა დასახლებამ მიიღო. მესხეთში კი გარკვეული სოფლები და დაბები, ამ სიის მიღმა აღმოჩნდა. კერძოდ, დღევანდელი მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში მესხეთის მუნიციპალიტეტებიდან: ახალციხის 30, ადიგენის 33, ასპინძის 24 და ბორჯომის 17 დასახლებაა.

როგორ შეირჩა დასახლებები

მესხეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დასახლებები სტატუსს მიღმა დარჩნენ, არის შემთხვევები, როცა ორი მეზობელი სოფლიდან, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი ყოფთ, ერთს შეეხო კანონი, მეორეს კი არა. ასეთია მაგალითად სოფელი სხვილისი და ზემო სხვილისი ახალციხის მუნიციპალიტეტში, ან კიდევ, სოფლები უდე და არალი ადიგენში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ დასახლებები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს. სტატუსის მინიჭების დროს მნიშვნელოვანია დემოგრაფიული მდგომარეობა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება იმ დასახლებას, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა 25%-ზე მეტად შემცირებულია.

„2002 და 2014 წლის აღწერების მონაცემების შედარება აჩვენებს, რომ სოფლის მოსახლეობის შემცირების პროცესი განსაკუთრებით მკვეთრია მთიან რეგიონებში. ამ მიზნით ზღვის დონიდან 800-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა 10 და ნაკლებია, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, სხვა კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე“, – აცხადებენ სამინისტროში.

ხოლო დანარჩენ დასახლებებში, დემოგრაფიული მდგომარეობის კრიტიკულობის შესაფასებლად, აღწერებს შორის პერიოდში დასახლების მცხოვრებთა რაოდენობის კლების მაჩვენებლები შეადარეს: 25%-ზე მეტად შემცირება მდგომარეობის კრიტიკულობის მაჩვენებლად მიიჩნიეს.
სამინისტროს განმარტებით, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო კრიტერიუმია. უპირატესობა იმ დასახლებებს მიენიჭა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში.

მესამე კი პერიფერიულობის კრიტერიუმია. შეირჩა დასახლებები, სადაც საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობა გაუარესებულია. მაგალითად, ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი დრო დამოკიდებულია მისასვლელი გზების კატეგორიაზე, მათ ხარისხზე და მაღალმთიანობით გამოწვეულ სირთულეზე. შეირჩა დასახლებები, რომლებიც დაშორებულია (ზამთრის პირობებში კი ზოგჯერ მოწყვეტილია) ადმინისტრაციული ცენტრიდან.

მთის ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად მიიჩნია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ დასახლება ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ერთ კრიტერიუმს; ბ) თუ დასახლება ზღვის დონიდან 800-დან 1000 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ორ კრიტერიუმს.

„მაგალითად: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდე მდებარეობს ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე, ხოლო სოფელი არალი - 1140 მეტრზე. იმისთვის, რომ მათ მიენიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ერთი კრიტერიუმი მაინც უნდა დააკმაყოფილონ. რელიეფურად პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ორივეგან ცოტაა: 3 და 1 %, ასევე ორივე დასახლება ვერ აკმაყოფილებს პერიფერიულობის კრიტერიუმს. მოსახლეობის კლებამ 2002-2014 წლების აღწერებს შორის პერიოდში შეადგინა: არალში -28%, უდეში - 23%. 28%-ით კლება აკმაყოფილებს დემოგრაფიულ კრიტერიუმს, 23% კი დადგენილ მაჩვენებელზე ნაკლებია, ამიტომ არალი შევიდა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში, უდე კი არა“, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი წინუბანი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე, პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქ 34%-ია და, ასევე, ვერ აკმაყოფილებს პერიფერიულობის კრიტერიუმს, მაგრამ მოსახლეობის კლებამ შეადგინა 30%, ამიტომ დემოგრაფიული კრიტერიუმით ის შეყვანილია ნუსხაში. სოფელი გურკელი ასეთივე (1010 მ) სიმაღლეზეა, რელიეფურად პრობლემური სასოფლო-სამეურნეო-სავარგულების 35% აქვს და პერიფერიულობის კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ, წინუბნისგან განსხვავებით, აქ მოსახლეობის კლება არ ფიქსირდება და ამიტომ ის ვერც დემოგრაფიული კრიტერიუმით ვერ მოხვდა ნუსხაში.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა საბოლოო არ არის. მესხეთის მუნიციპალიტეტებმა დარჩენილი სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების თხოვნით, მონაცემები დამატებით გადააგზავნეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთის განვითარების საბჭომ თებერვალში უნდა იმსჯელოს. საბჭოს სიაში ცვლილებების შეტანა 1 აპრილამდე შეუძლია. 1 აპრილის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემები კი საბოლოო იქნება და ათი წლის განმავლობაში აღარ გადაიხედება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება
ასპინძის ორ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
სამცხე–ჯავახეთის დასახლებები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის ორი სოფელი მთის სტატუსს  მიიღებს
ადიგენის სოფლები, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა გაიზარდა, თუმცა სიაში სამცხე–ჯავახეთის სოფლები ვერ მოხვდა
სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 20–მა დასახლებამ მიიღო