FM97.5 / LIVE

დარღვეული დუმილი

მთავარისამართალი 08.11.2012
სამართლიანობის აღდგენის იმედით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკიდან გათავისულფებული თანამშრომლები დარღვეული უფლებების შესახებ ალაპარაკდნენ; თანამდებობის პირებს მეხსიერება ”ღალატობთ”. რა მოხდა რეალურად - პირადი დაპირისპირება თუ ბრძანება ზემოდან

დარღვეული დუმილი
ახალციხის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები იმის შესახებ საუბრობენ, რაზეც არჩევნებამდე დუმილს ამჯობინებდნენ. ახალციხის ბიბლიოთეკის მენეჯერი ზაირია კაპანაძე და საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი ქეთევან მელიქიძე ბიბლიოთეკაში 1979-1978 წლიდან მუშაობდნენ, თუმცა მათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახური გასული წლის პირველ აგვისტოს დაატოვებინეს.

კაპანაძესაც და მოდებაძესაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ააიპ ”ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორმა ბელა მოდებაძემ შეატყობინა.

”მითხრა ბიბლიოთეკაში შემცირებებია, გიშვებენ და მიხედე შენ საქმესო. უსიტყვოდ გამოვედი. იმ წუთში შევედი გამგებელთან, მთელი ტანით ვცახცახებდი, ვკითხე რატომ მათავისუფლებდნენ, მაგრამ თავი დახარა და არაფერი მიპასუხა”, - იხსენებს კაპანაძე.

უკვე ყოფილი მენეჯერი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გელა დემეტრაძეს ბიბლიოთეკაში დაბალ თანამდებობაზე გადასვლას სთხოვდა: ”იქნებ ისეთ ადგილზე გადამიყვანოთ, 200 ლარი რომ მაინც მქონდეს ხელფასი, ობლებს რა ვაჭამო-მეთქი. ჩემი მეუღლე ომის მონაწილეა, ამიტომ მე და ჩემ შვილებს სტატუსი გვაქვს ომში მონაწილის და ვუთხარი, ახლა რომ ის ცოცხალი ყოფილიყო, მე ვესროდი ტყვიას, რადგან ის იმ საქართველოსთვის იბრძოდა, სადაც მისი შვილები ვერ შეჭამდნენ, შუქს ვერ აანთებდნენ და ვერ გათბებოდნენ. ისე გამოვედი კაბინეტიდან, რომ ხმა ვერ ამოიღო, ვერაფერი მითხრა”.

კაპანაძესთან და მელიქიძესთან ერთად კიდევ ერთი თანამშრომელი გულო მერაბიშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მას საპენსიო ასაკი უწევდა. რაც შეეხება მელიქიძეს, კითხვაზე თუ რატომ უშვებდნენ სამსახურიდან ასეთი პასუხი მიიღო: ” შენ გაქვს”.

”რა მქონდა არ ვიცი. თუმცა, გავჩუმდი, მაშინ ქმარი ცოცხალი მყავდა და შემეშინდა არ დაეჭირათ”, - ამბობს მელიქიძე, რომელიც ჯერ ცენტრალური საბავშვო ბიბლიოთეკის გამგედ, 2007 წლიდან კი ახალციხის ბიბლიოთეკაში საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

ვინ ვისი კადრია


ყველაფერი უფრო ადრე, ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია მოხდა, ცენტრალური ბიბლიოთეკის 42 ფილიალიდან ყველა გაუქმდა. სოფლის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი საჯარო სკოლებს გადაეცათ, ქალაქში მოქმედი ბიბლიოთეკები ცენტრალურ ბიბლიოთეკას შეუერთდა. ფუნქციონირება მხოლოდ ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ გააგრძელა, თუმცა სხვა სტატუსითა და მხოლოდ რვა თანამშრომლით.

აღდგენის შემდეგ ცენტრალური ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტს პირდაპირ აღარ დაუქვემდებარეს. შეიქმნა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ”ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება” და ერთ-ერთ დაწესებულებას სწორედ ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა წარმოადგენდა, მაგრამ ახლა უკვე იგი ცენტრალურ ბიბლიოთეკად აღარ იწოდებოდა.

”სახელი დაუმახინჯეს, უბრალოდ ახალციხის ბიბლიოთეკა დაწერეს. სხვა ყველა ქალაქში ბიბლიოთეკები ცენტრალურ ბიბლიოთეკებად დატოვეს და კვლავ ჩვეულებრივ გამგეობებს დაუქვემდებარეს”, - აცხადებს კაპანაძე.

მისი თქმით, ასეთი რამ მხოლოდ ახალციხეში მოხდა. შექმნეს გაერთიანება, რომელშიც გარდა კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკისა, სხვას არაფერს აერთიანებდნენ: ”გაერთიანება თუ იყო, იქ უნდა შესულიყო ბევრი დაწესებულება. მე ჩამომართვეს ბრძანებების დაწერის ფუნქცია, სახელი გამიპრანჭეს, დირექტორის ნაცვლად მენეჯერი მიწოდეს და ახლად შექმნილი გაერთინების დირექტორს დაგვაქვემდებარეს”.

ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ გაერთიანების დირექტორი ბელა მოდებაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის კადრია. მოდებაძე მეხუთე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორიც ჟენია მერაბიშვილი გახლავთ, მუსიკის მასწავლებელია. მოდებაძეს სამუსიკო სასწავლებელთან ერთად დამთავრებული აქვს ფილოლოგიის ფაკულტეტიც.

მოგვიანებით, კაპანაძის გათავიუსფლების შემდეგ, მის ადგილზე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თინათინ კაპანაძე დაინიშნა. ზაირა კაპანაძისა და ქეთევან მელიქიძის განცხადებით, ბიბლიოთეკის მენეჯერად სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის მინდია დევნოსაძის კადრი დანიშნეს.

რაც შეეხება ბელა მოდებაძეს, კაპანაძე ამბობს, რომ მასაც და გამგეობაში კულტურის სამსახურის უფროსს იური ზარიძესაც ერთი და იგივე ფუნქციები ჰქონდათ: ”ზარიძეს მხოლოდ ბუღალტერია ჩამოართვეს. გაერთიანება კი იმისთვის შექმნეს, რომ იქ ჟენიას კადრი დაენიშნათ”.

პირადი დაპირისპირება


გაერთიანების დირექტორსა და ბიბლიოთეკის მენეჯერს შორის ურთიერთობა პირველივე დღეებიდან დაიძაბა: ”ვიცოდი ჩემი საქმე და მინდოდა რომ ის ისე მეკეთებინა, როგორც მანამდე ვაკეთებდი, მაგრამ ბელა ყველანაირად ხელს მიშლიდა, თანხას არ ანაწილებდა ნორმალურად. ხშირად მაძალებდნენ ისეთი ჟურნალ-გაზეთების გამოწერას, რომლებზეც მოთხოვნა არ იყო. ასევე, ღიზიანდებოდა, როცა მის გარეშე შევდიოდი გამგებელთან რიგი საკითხების გასარკვევად. არ მოსწონდა, როცა თბილისიდან მე მეძახდნენ შეხვედრებზე. უფროსობა სურდა”.

ზაირა კაპანაძემ გრანტით ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხე მოაწყო, ამის შემდეგ მან ბიბლიოთეკაში ტელეფონის დადგმა და ინტერენეტის შეყვანა მოითხოვა: ”21-ე საუკუნეა და ეს ყველაფერი ბიბლიოთეკას სჭირდებოდა. ასევე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ბიბლიოთეკას კვლავ ცენტრალური ბიბლიოთეკა დარქმეოდა”.

კაპანაძისგან განსხვავებით, მელიქიძეს არც ბელასთან და არც სხვა ხელმძღვანელ პირებთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.

”ხშირად მეუბნებოდა ბელა: ნახე შენ რა გიქნა, მაგრამ ქეთინო არასდროს ყოფილა ბელას წინააღმდეგი. ის რატომ გაათავისუფლეს, ვერ გეტყვით”, - ამბობს კაპანაძე.

”ბოლო წვეთი”


გათავისულფების შესახებ ბოლო გაფრთხილება ზაირა კაპანაძემ გასული წლის აპრილში ”სამხრეთის კარიბჭეში” დაბეჭდილი სტატიის (”მოულოდნელი გადაბარგება”) შემდეგ მიიღო. სტატია 20 აპრილის წვიმიან დილას ბიბლიოთეკის ყოფილ შენობასთან წიგნების გადასაზიდად მისული ნაგავმზიდების შესახებ იყო. შენობა, რომელშიც მაშინ ცენტრალური ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, ინვესტორმა შეიძინა და იქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ამიტომ, ბიბლიოთეკა წიგნებისგან უნდა დაცლილიყო. კაპანაძემ გამოსარეცხ და ნახევრად სველ ნაგავმზიდებზე წიგნების გადაზიდვა გააპროტესტა. მან წიგნების გადასაზიდად მოსული მანქანების ფოტოები ”სამხრეთის კარიბჭესთან” ერთად გადაიღო.

”ამ სტატიას დიდი ამბები მოყვა, ზარიძემ მითხრა, რაც გააკეთე, შენ წისქვილზე ცუდად დაასხამს წყალსო”, - იხსენებს კაპანაძე.

შენობის დაცლის შემდეგ, ფაქტობრივად, ბიბლიოთეკა აღარ მუშაობდა. დროებით თოჯინების თეატრის შენობას თავშეფარებულები, მხოლოდ გაცემული წიგნების უკან დაბრუნებაზე მუშაობდნენ. ამის მერე კი ორ თვეში, სამსახური დაატოვებინეს.

გათავისუფლების საფუძვლად კაპანაძეს შრომის წიგნაკში ჩაუწერეს: ”მუხლი 37, პუნქტი ”ბ” და აღნიშნულს ხელს ბელა მოდებაძე აწერს.

”რას ნიშნავს მუხლი 37? რისი მუხლი შრომის კოდექსის? უამრავი კანონი არსებობს, არ უნდა მიუთითონ?! თუმცა, მე ეს მაინც დამიწერეს, ქეთინოსთვის საფუძველი გათავისუფლების შესახებ, არც კი ჩაუწერიათ”, - გვითხრა კაპანაძემ.

რა ახსოვთ და რა არა გამგეობაში?


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სპორტისა და ძეგლთადაცვის უფროსს იური ზარიძეს ზაირა კაპანაძის გათავისულფების მიზეზი არ ახსოვს: ”არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ კანონი დაცულია. ხელშეკრუელბის ვადის გასვლა უწერია საფუძვლად? რაც იმ მუხლში უწერია, ის არის მიზეზი მისი გათავისუფლების. ვნახოთ ეს ბრძანება, შემდეგ ჩავიხედოთ შრომის კოდექსში და თუ დაირღვა რაღაცა, გავარკვიოთ”.

რაც შეეხება კულტურის დაწესებულებათა გაერთაინებაში შემავალ დაწესებულებებს, მათი ჩამონათვალი ზარიძის განმარტებით ასე გამოიყურება: კულტურის სახლები აწყურში, სხვილისში, ვალესა და ახალციხეში; ბიბლიოთეკები ახალციხეში, რაბათში, აწყურსა და ვალეში. თუმცა, ეს უკანასკნლნი, ზარიძის განმარტებითვე, კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მიზერული თანხებით შედარებით გვიან გარემონტდა და აღდგა.

ზარიძე იმას, რომ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ბელა მოდებაძის სახლში დარეგისტრირდა, გვიდასტურებს: ”მაშინ გაერთიანება ჩამოვაყალიბეთ სასწრაფო წესით, ამ დროისთვის კულტურის სამინისტროსდან არ იყო გადმოცემული კულტურის სახლის შენობა გამგეობის ბალანსზე. იურიდიული მისამართი არ ჰქონდა კულტურის სახლს. მაშინ ასე დარეგისტრირება კანონით დასაშვები იყო”.

ზარიძე ვერც იმას იხსენებს, რა უთხრა კაპანაძეს ”სამხრეთის კარიბჭეში” დაბეჭდილი სტატიის შემდეგ. თუმცა იმას რომ მაშინ ზაირა კაპანაძის ნთქვამი არცერთ ხელისუფლებას არ მოეწონებოდა, ახლაც ღიად აცხადებს: ”როდესაც ადამიანს ”უზიხარ კრიჭაში”, მერე ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება, თორემ იქ ნაგვის მანქანები წიგნების გადასაზიდად არ მიუყვანიათ. ზაირას მაშინ რაღაცა საწინააღმდეგო უნდოდა რომ ეთქვა, თორემ წიგნები დახურული მაქანით გადაზიდეს და თუ ვინმეს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ წიგნები შეედო იმ მანქანებზე, ეს არაადამიანობაა”.

იმ ფაქტს, რომ ტომრებში ჩალაგებული წიგნების ნაგავმზიდებზე შეწყობა სცადეს, ”სამხრეთის კარიბჭე” თავად შეესწრო. თუმცა, ეს მაშინ კაპანაძემ მუშებს არ დაანება, ტომრები კვლავ უკან შემოიტანეს.

კაპანაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის გარკვევას ”სამხრეთის კარიბჭე” მუნიციპალიტეტის გამგებელთანაც ეცადა, თუმცა უშედეგოდ. დემეტრაძემ ვერც ჩვენთან შესახვედრად და ვერც სატელეფონო ზარებზე საპასუხოდ, ვერ მოიცალა.

”ვერ გიპასუხებთ”


კაპანაძისა და მელიქიძის გათავისუფლების მიზეზზე არც ბელა კაპანაძე საუბრობს: ”მაგაზე ვერ გიპასუხებთ”.

მოდებაძე არც იმას გვეუბნება, თავად მიიღო მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, თუ ეს ზევიდან უბრძანეს.

”ვერ გეტყვით ვერაფერს, ეგ გაარკვიოს იქ, სადაც უნდა. თავად ყველაფერი კარგად იცის, - აცხადებს მოდებაძე და ამატებს, - არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. ეს ამბავი არ არის ორი დღის, ეს გრძელდება ჩემი დანიშვნის დღიდან. შეიძლება მუდმივად შეურაცხყოფას გაყენებდნენ, რომ
შენ არაფერი იცი?! მეუბნებოდა, შენი ასაკის ხელა სტაჟი მაქვსო. ვცემ პატივს მის სტაჟს, მის გამოცდილებასაც, მაგრამ. მოითხოვდა სიტუაცია ისე, რომ მოვედი უფროსად, შეიქმნა სამსახური, როგორც სხვებმა, ისეც მე,დავწერე განცხადება და ამიყვანეს. ვცდილობდი გავრკვეულიყავი ყველაფერში, ახლა ჩემი საქმე ხუთიანზე მაქვს აწყობილი, მაგრამ, ოდესღაც თავადაც ხომ იყო გამოუცდელი?!”

რაც შეეხება ყოფილი თანამშრომლების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი ჟენია მერაბიშვილის კადრია, მოდებაძე კატეგორიულად უარყოფს: ”ჟენიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ეგონა რომ რადგან იქ ვმუშოაბდი ჟენიას კადრი ვიყავი, მაგრამ, ეს ცილისწამებაა. რაც შეეხება თინიკო კაპანაძეს, ჩემთვის არავის უთქვამს, ის მინდიას კადრია და დანიშნეო”.

მივა თუ არა საქმე სასამართლომდე


კაპანაძე და მალიქიძე იმის გარკვევას, თუ რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, სასამართლოში შეეცდებიან.

”აქამდე ხმის ამოღებას რა აზრი ჰქონდა?! სპეციალური განათლებაც გვქონდა და სტაჟიც, იმას ვერავინ იტყვის სასმახურს თავი ვერ გაართვეს და იმიტომ გავათავისუფლეთო. თუ ახალი სახეები სჭირდებოდათ ბიბლიოთეკაში, ეთქვათ და მოსულ ახალგაზრდებს მივეხმარებოდით, ვასწავლიდით. მაგრამ მიზეზი გამოშვების აგვიხსნა ვინმემ?!” - კითხულობს მელიქიძე.

ადვოკატის მზია გიორგაძის განცხადებით, კაპანაძესა და მალიქიძეს სასამართლოში საჩივრის შეტანის ვადა ამოწურული აქვთ. მათ ეს გათავისუფლებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ. რაც შეეხება გათავისულფების საფუძველს - მუხლი 37 პუნქტი ”ბ”, ასე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება იმაზე, თუ რომელ კანონს ეკუთვნის ეს.

”თავის დროზე რომ გაესაჩივრებინათ, შემდეგ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ. მათ განცხადებით უნდა მიმართონ დღევანდელ ხელისუფლებას და ამ საკითხის ისინი გადასინჯავენ”, - ამბობს გიორგაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკის ყოფილი მენეჯერი მოქმედ მენეჯრს პროკურატურაში უჩივის
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის საქმის განხილვა დასრულდა