FM97.5 / LIVE

მედია ჯავახეთზე და შეფასებები რეგიონიდან

მთავარიპოლიტიკა 28.03.2014
ქართველ და სომეხ პოლიტიკოსთა განცხადებები და მედია სივრცეში გააქტიურებული თემა ჯავახეთში ვითარების დაძაბვის შესახებ; რატომ ახსენებენ ყირიმთან ერთად ჯავახეთს და რატომ საუბრობენ საქართველოში სეპარატიზმის საფრთხეზე;

მედია ჯავახეთზე და შეფასებები რეგიონიდან
ქართველი და სომეხი პოლიტიკოსების განცხადებები

ჯავახეთში ეროვნებით სომეხი მოქალაქეების მიერ მასიურად რუსული პასპორტების აღებისა და სამხრეთ საქართველოში სეპარატიზმის საშიშროების შესახებ ბოლო დღეებში არაერთი მედია გამოცემა წერდა. ამ თემაზე საუბარი სომხეთის პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკური პარტიის” წევრისა და მოძრაობა “ჯავახკის” თავმჯდომარის შირაკ ტოროსიანის განცხადებით დაიწყო.

მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთსა და ნატოს შორის ახალ კონფლიქტს წარმოშობს, რაც, თავის მხრივ, მოსკოვსა და თბილისს შორის ახალი დაძაბულობის მიზეზი იქნება და თურქული სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლობის შემთხვევაში პრობლემა აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში გადავა: „საქართველოს, ცხადია, თავისი მიზნები აქვს და შეუძლია ნატოს წევრი გახდეს. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში სომხური ეთნოსი არ მოითმენს თურქული არმიის ყოფნას იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ცხოვრობს”.

ტოროსიანის განცხადებას, ტელე იმედზე გადაცემა „პანორამაში“ გასული სიუჟეტი, შემდეგ კი ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები მოჰყვა.

“სხვადასხვა წყაროების მონაცემებიდან ირკვევა, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, უფრო ზუსტად ფუნქციონირებად საკონსულოსთან დგას ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რიგები. მათ ურიგებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს. ქართული სახელმწიფო 1993 წლის შემდეგ არ მდგარა ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც დღეს“, - განაცხადა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ჯავახეთში რომ ვითარება იძაბება, ამაზე პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველო გახლეჩვის წინაშე დგას: „სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქებს მასიურად ურიგებენ რუსულ პასპორტებს, ამასთან ერთად, იქ გააქტიურდნენ ისეთი სუბიექტები, ვინც ახალისებს და მხარს უჭერს სეპარატიზმს“.

რას ამბობენ ადგილობრივები

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პოლიტიკოსების განცხადებებისა, ადგილობრივების ნაწილმა, იმის შესახებ, რომ ეროვნებით სომეხ მოქალაქეებს რუსული პასპორტები ურიდგებათ და ამის გამო ჯავახეთში ვითარება იძაბება, არაფერი იციან.

„რა რუსული პასპორტები?! თქვენგან მესმის პირველად. ყოველდღე უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ჯერ ასეთი რამ არ მსმენია! ჯავახეთში სრული სიმშვიდეა“, - ამბობს ახალქალაქის მკვიდრი არმენ ფოლორჩიანი.

რეგიონში სეპარატიზმის საფრთხისა და რუსული პასპორტების დარიგების შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან“ გაიგო გარიკ პეტროსიანმაც: „პირველად მესმის, ვინ თქვა ეგ?! ჩვენთან ეგეთი არაფერი ხდება და არც არაფერი გაგვიგია“.

რეგიონში რომ სრული სიმშვიდეა, არანაირი სეპარატისტული განწყობა არ არსებობს და ამის შესახებ ადგილობრივების უმრავლესობამაც რომ არაფერი იცის, ამაზე ახალქალაქში მცხოვრები, ჟურნალისტი რიმა ღარიბიანიც საუბრობს. ღარიბიანს ამ თემაზე არაერთი მასალა აქვს მომზადებული: „ბევრმა აქ არც კი იცის, რომ ჯავახეთზე ასეთი მოსაზრებები ვრცელდება. ვინც იცის, იმისთვის ალბათ საწყენია, რომ ის მშვიდად ცხოვრობს და ამ დროს მის შესახებ ასეთ ხმებს ავრცელებენ“.

რატომ იღებენ რუსულ პასპორტებს?

ღარიბიანი ასევე გამორიცხავს რუსული პასპორტების დარიგების ალბათობასაც. მისი თქმით, შესაძლოა რუსული პასპორტები იმ ადამიანებმა მიიღონ, ვისი მამაც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ეს აქამდეც ასე ხდებოდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება და აქ ახალი არაფერია.

„ვისაც, მაგალითად, მამა ჰყავს რუსეთის მოქალაქე, რაღაც პროცედურებით მას შეუძლია პასპორტის მიღება. ეს აქამდეც ასე ხდებოდა, ახლაც ხდება და ალბათ მომავალშიც მოხდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჯავახეთის ეთნიკურ სომხებს პასპორტებს ურიგებენ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც რუსულ პასპორტს იღებენ, არის ის, რომ იქ მუშაობენ. მას შემდეგ რაც რუსეთმა სომხეთის მოქალაქეების რუსეთში ყოფნის ვადა სამ თვემდე შეამცირა, თავიდან იცილებენ ზედმეტ გართულებებს“, - ამბობს ღარიბიანი და ამატებს, რომ ახალი ამბავი არც ეს არის.

მისი თქმით, ამ ფაქტებით იმის მტკიცება, რომ ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეა, დიდი სისულელეა: „დარწმუნებული ვარ, ადგილობრივები ამ პროვოკაციას არ წამოეგებიან“.

ღარიბიანის მოსაზრებას ეთანხმება ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, რომელმაც ჯავახეთში პასპორტების დარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილობრივები გამოკითხა: „ჯავახეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს ახლობლები რუსეთში ჰყავს და მამაკაცების დიდი ნაწილიც სამუშაოდ სწორედ რუსეთში დადის, ვიზები ძვირი ჯდება, ამიტომ აქ პასპორტების ამბავი ახალი არ არის. მაგრამ ის, რომ თითქოს ჯავახეთში რუსეთი პასპორტებს მასიურად არიგებს, სიცრუეა“.

მამუკა არეშიძე: „პასპორტების აღებამ უფრო ინტენსიური სახე მიიღო“

ჯავახეთში ეროვნებით სომეხი მოქალაქეების მიერ რუსული პასპორტების აღების ამბავი, რომ ახალი არ არის, ამის შესახებ მესხიშვილისა და ადგილობრივების მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც. თუმცა, მათგან განსხვავებით, იგი ირწმუნება, რომ ბოლო დროს ამ პროცესმა უფრო აქტიური სახე მიიღო: „საკონსულოსთან მისულს 13 კაცი მხოლოდ ჯავახეთიდან დამხვდა. ვკითხე მათ, მართლა აპირებდნენ თუ არა რუსეთში საცხოვრებლად წასვლას, მიპასუხეს, ახლა არა, მაგრამ მერე რა იქნება არ ვიცითო“.

ჯავახეთში რომ სიმშვიდეა ამაზე ახალქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც საუბრობენ.

„რა რუსული პასპორტები?! ასეთი რამ არ ხდება, ან რატომ ავრცელებენ ხმებს სეპარატიზმზე, წარმოდგენა არ მაქვს“, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი.

სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ რეგიონში სიმშვიდეა და ვითარების დაძაბვას ხელოვნურად ცდილობენ.

ვითარებას რომ ხელოვნურად ძაბავენ, ამაზე ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ დირექტორი დალი აღდგომელაძეც საუბრობს: „ეს აგორებული ჭორია, მსგავსი არაფერი ხდება. სომხურ გარემოში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მსმენია“.

აღდგომელაძე ამბობს, რომ ბოლო დროს ჯავახეთში ჟურნალისტები სომხეთიდან ხშირად მიდიან: „დავინახე, რომ ეს ჟურნალისტები ერთ-ერთ ისეთ ადამიანს დაყვებოდნენ, რომელსაც ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელეწიფება“.

ვის აწყობს და ვის არა ჯავახეთში არეულობა

ჯავახეთში მცხოვრებ ერთ, ორ, ან მაქსიმუმ 10 ადამიანს, რომ სეპარატისტიული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს და მსგავსი ინფორმაციის გავრცელების სურვილიც აწუხებდეს, ამაში აღდგომელაძეს ახალციხის მკვიდრი, რობერტ მურადიონიც ეთანხმება. თუმცა იგი რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის რეალურ არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ვიღაცას ძალიან უნდა, რომ აქაც იგივე მოხდეს, რაც უკრაინაში, მაგრამ ეს დაუშვებელია. ახალციხის და ახალქალაქის სომხური საზოგადოება ასეთ რამეს არასდროს იზამს. სომხებმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ძალიან კარგად იციან, რომ ევროპული გზა საუკეთესო არჩევანია. ამ ქვეყნისადმი ერთგულება მათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც დაადასტურეს“, - აცხადებს მურადიანი.

არსამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის გია ანდღულაძისთვის ზღაპარია ის, რომ ჯავახეთში არის 100 ათასი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე იმას ოცნებობს როდის გამოეყოფა ჯავახეთი საქართველოს და მიუერთდება სომხეთს. მისთვის ასევე ზღაპარია ისიც, რომ რუსეთი არ ისურვებს საქართველოში კიდევ ერთი არეულობა მოაწყოს. სამაგიეროდ, იმაშია ღმრად დარწმუნებული, რომ რეგიონში ვითარების დაძაბვა მარტივი საკითხი არაა, რადგან სომხეთს საქართველოსთან ურთიერთობის გართულება ყველაზე ნაკლებად სურს, რუსეთი კი ჯავახეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ქვეყნის ანექსიას განახორციელებს, ეს კი ასე მარტივი საკითხი არაა.

„არეულობა ჯავახეთში პირველ რიგში სომხეთს არ აწყობს, რადგან მისთვის ერთადერთი სახმელეთო და საზღვაო გზა საქართველოზე გადის, მოსაზღვრე თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვს, - ამბობს ანდღულაძე და ამატებს - თუნდაც რუსული პასპორტები რომ დაარიგონ ჯავახეთში, მერე რა?! რუსეთი შემოვა აქ მათ დასაცავად? რუსეთისთვის ჯავახეთამდე მისასვლელი გზა საქართველოს გარდა არ არსებობს. ან ქვეყანას გახლეჩენ შუაზე, რაც ანექსიას ნიშნავს, ან არც არაფერი მოხდება“.

მამუკა არეშიძე კი ვარაუდობს, რომ თუ სამომავლოდ ეს რუსეთს დაჭირდება, იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ სათავისოდ გამოიყენებს: „ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ასრულებენ მესამე ძალის დაკვეთას, რომ ისინი შეიძლება ვიღაცამ სათავისოდ ისე გამოიყენონ, რომ ეს თავად ვერც კი გააცნობიერონ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამუკა არეშიძე: „საფრთხები იქმნება მოსახლეობის პრობლემებზე აპელირებით“
არის თუ არა ჯავახეთში სეპარატიზმი - შეფასებები ახალციხიდან [Video]
ლაშა ამირეჯიბი: შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში ვითარება დაიძაბოს
ჯავახეთის თემა ორი ლიდერის განცხადებებში

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
ფაშინიანის ვიზიტი ჯავახეთში დასრულდა [Photo]
შეჯიბრის ველად ქცეული ჯავახეთი